ნაფტალინმოყრილი საახალწლო პროგრამა - კვირის პალიტრა

ნაფტალინმოყრილი საახალწლო პროგრამა

პირველი შოკი, რომელიც საახალწლო პროგრამის ყურებისას მივიღე, ათი-თორმეტი წლის წინ გაკეთებული „ჯადოსნური ღამე“ იყო. თუ არ ვცდები, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს მედიასივრცეში, როცა რაღაც დაიდგა და თან საინტერესოდ. საინტერესოდ იმიტომ, რომ საბჭოური ეთერი, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი საბჭოური, ინერციით გრძელდებოდა და ამ გადაცემამ რაღაცა ცვლილება შემოიტანა ეთერშიც და ჩვენს ცხოვრებაშიც. კიდევ იმიტომ, რომ „ჯადოსნური ღამე“ ქართული და, შესაბამისად, უფრო ახლობელი იყო.

მას შემდეგ 10-12 წელი გავიდა. როგორც წესი, დროის სვლასთან ერთად, ყველაფერი პროგრესირებს, თუმცა ჩვენ პროგრესის არაფერი გვეტყობა. საახალწლო პროგრამა, რომელზეც ერთი თვით ადრე ხმაურობენ და სასწაულებს გვპირდებიან, იუმორინას ჰგავს: ყოველ წელს ერთი და იგივეა და უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე... ვიდრე.. რა სამწუხაროა, რომ შესადარებელიც არაფერი მაქვს, თუმცა რეიტინგები სწორედ ალტერნატივის არქონაზე მიუთითებს.

საახალწლო პროგრამა საინტერესო იმითაც უნდა იყოს, რომ საზოგადოებას სიახლეები შესთავაზოს. არა, მე მესმის, ბათუმში, პიაცას მოედანზე (იტალიური სიტყვა „პიაცას“ ასეთ განსაზღვრებას ცენტრალურ არხებზე მომუშავე ჟურნალისტების ლექსიკონში ხშირად შევხვდებით) თვით ხულიო იგლესიასი რომ მღერის, ამაზე დიდი მოვლენა არ არსებობს, მაგრამ ძალიან გავოცდი, როცა თბილისში, აღმაშენებელზე მიმდინარე კონცერტის რამდენიმე ნაწყვეტი ვნახე. კარგი დეკორაცია, საგულდაგულოდ შეკერილი კოსტუმები და ნაფტალინიდან ამოღებული მომღერლები, რომლებიც, უაზრო ქორეგრაფიის თანხლებით, არც მეტი, არც ნაკლები... თავიანთ პირველ ჰიტების რემიქსებს მღეროდნენ!..

ჩემი აზრით, ძველის ახლებური ინტერპრეტაცია, ადამიანებმა ერთგვარი შემოქმედებითი კრიზისის დასაფარად გამოიგონეს. როცა არ გინდა, პოპულარობა დაკარგო, ჩვეულებრივად თავხედობ. თავხედობ და თან იცი, რომ პირველ ვარიანტზე შეჩვევის გამო თუ მეტისმეტი სიყვარულით, გარკვეული პერიოდი ხალხი ამასაც აიტაცებს.

მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე მოექცნენ საახალწლო კონცერტის ორგანიზატორები საზოგადოებას. მოატყუეს. მოატყუეს ისე, რომ არც მასა დარჩა უკმაყოფილო და თვითონაც ნაკლები ინტელექტუალური შრომა დაატყდათ თავს. არადა, დეკორაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გვარიანი თანხა უნდა დახარჯულიყო და შეიძლებოდა, საინტერესო საახალწლო პროგრამაც გაეკეთებინათ.

სატელევიზიო ეთერზე..

ეთერში უკვე რამდენიმე წელია, საახალწლო პროგრამა არ გადის.  ადრე ბედის ირონიას მაინც უშვებდნენ ისტერიულად, ახლა კი, საყოველთაო რუსოფობიის გამო, მასაც გამოუცხადეს პროტესტი და მხოლოდ უდიპლომო სასიძოზე, თოვლზე ამოსული ყვავილებისა თუ უბერებელი „იუმორინას“ ამარა დავრჩით.

ტელევიზორის შემხედვარემ, წელს განსაკუთრებით ვიგრძენი, რომ მედიასა და საზოგადოებას შორის გაჩენილი უფსკრული იმხელა გახდა, როგორც არასდროს. მესმის, რომ ხულიოს, ან ქართველი მომღერლების კონცერტის ტრანსლირებით ეთერი უფრო ადვილი ამოსავსებია და გამოთქმა, რომ მედია ხალხის სამსახურში უნდა იყოს, ისეთივე სიაბანდია, როგორც ხელისუფლების ყოფნა ხალხის სამსახურში, მაგრამ ზოგიერთ ქვეყნებში ისინი საზოგადოებას ილუზიას მაინც უქმნიან, რომ მისი პრობლემები მიაქვთ მავანთა ყურამდე. ჩვენთან მედიას არ აინტერესებს საზოგადოების არც დამოკიდებულება და არც ინტერესი, რადგან ამ ორს შორის ინტერაქციის ნაცვლად, კონკრეტული, დაინტერესებული ჯგუფების დავალებების შესრულება გამხდარა არსებობისათვის გადამწყვეტი. ამ პროცესს ყველაზე თვალნათლივ სწორედ საახალწლო პროგრამების არსებობა, უფრო სწორად, მათი არარსებობა აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს უაზრო ფაციფუცი, კონცერტები, პერფორმანსები, ნაფტალინმოყრილი ვარსკვლავები, საცოდავად ცდილობს გვაჩვენოს, რომ რაღაც კეთდება და წინ მივიწევთ, სინამდვილეში ერთ ადგილს ვტკეპნით. ახალი წლის ღამის შემდეგ ვფიქრობ, რომ ქართულმა ესტრადამ თორმეტწლიანი ციკლი დაასრულა და იმავე წრეზე წავიდა. მე მაინც გილოცავთ 2012-ს, მაგრამ არ ვიცი, მოსალოცია თუ არა, რადგან მაიას კალენდრის მიხედვითაც და მის გარეშეც, მაინც ყველანი დავიხოცებით.