"ბავშვი ხელოვნური კომითაა გათიშული, რადგან ძლიერი ტკივილები აქვს. მას მამა ზრდის და ისე ცუდად არის, რომ ვეღარ მეტყველებს..." - პიროტექნიკით დაზიანებულ 10 წლის ლერის სასწრაფოდ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ხელვაჩაურში უბედური შემთხვევა მოხდა. 10 წლის ლერი შაინიძემ ქუჩაში გადაგდებული ფეიერვერკი იპოვა, მისი ანთება სცადა, ამ დროს ხელში აუფეთქდა და ბავშვმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, ცალი თვალი დაკარგა, აქვს ყბა-სახის მოტეხილობები. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გუშინ თბილისში, რეანიმობილით გადმოიყვანეს. ექიმები ელოდებოდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას, რომ პატარა ბიჭისთვის გადაუდებელი ოპერაციები ჩაეტარებინათ.
ამ წუთებში მას ურთულესი ოპერაცია უტარდება, ექიმები ყველაფერს აკეთებენ პატარა ბიჭის გადასარჩენად.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონდი იალქნის" წარმომადგენელმა - თიკო აბაშიძემ გაახმაურა გუშინ ეს ფაქტი და საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან ოჯახს ფინანსური საშუალება არ აქვს და დახმარება სჭირდება. თიკო მაქსიმალურად ჩართულია საქმეში, ოჯახს გვერდში უდგას და ეკონტაქტება ექიმებსაც. სწორედ მან გვიამბო დეტალები.
თიკო აბაშიძე:
_ ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, 1-ლ საათზე დაიწყო ქირურგიული ოპერაცია. როგორც ექიმებმა მითხრეს, 8 საათზე მეტხანს გაგრძელდება. ორი სხვადასხვა სახის ოპერაცია ტარდება, ერთდროულად. დილით ორივე ქირურგთან მქონდა კომუნიკაცია, ბავშვმა ცალი თვალი დაკარგა და ახლა ოპერაცია მიდის მეორე თვალის შესანარჩუნებლად, ასევე, აქვს ყბა-სახის მოტეხილობები და ქირურგიც უტარებს ოპერაციას.
ამ უმძიმეს ამბავში ერთადერთი დადებითი ის არის, რომ თავი დაზიანებული არ აქვს და ნეიროქირურგიული ჩარევები არ დასჭირდა.
ეს მძიმე ფაქტი ხელვაჩაურში მოხდა, ბავშვი სახლთან ახლოს თამაშობდა მეზობლის ბავშვებთან ერთად. როგორც ამბობენ, დიდი ფეიერვერკი იპოვა, გადაგდებული ყოფილა. ვიღაცას უყიდია, ვერ აუნთია და ქუჩაში გადაუგდია. ვიღაც ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ბავშვებმა ნახეს. მეზობლის ბავშვებმა უთხრეს, თურმე, შეიძლება აინთოსო, ამ თამაშის დროს გაჰკრა ასანთი და აუფეთქდა ხელში. ეს ტრაგედია ბავშვების თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ, ცალი თვალის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. გუშინ ამბობდნენ, რომ 70% არის შანსი, მეორე თვალი რომ შეუნარჩუნდესო, ყველა სპეციალისტი იყო ჩართული, სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა შეაფასეს მდგომარეობა და ახლა ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მეორე თვალზე მაინც შენარჩუნდეს მხედველობა. ასევე, ყბა-სახის არეში მოტეხილობები აქვს და ქირურგიული ჩარევა ამ მიმართულებითაც ხდება.
იმედი გვაქვს, პატარა როგორმე გაუძლებს ამას და გადარჩება. ხელოვნურადაა გათიშული, რადგან ძლიერი ტკივილები აქვს.
ფაქტი გუშინწინ, ღამით მოხდა და გუშინ დილიდან რეანომობილით გადმოიყვანეს თბილისში. თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ძალიან დაბალი იყო, ამიტომ ოპერაცია ვერ დაიწყეს, სანამ არ გაუმჯობესდა მდგომარეობა. მერე, ნელ-ნელა დასტაბილურდა და ამის შემდეგ დაიწყო ოპერაცია. კლინიკაში შეყვანის დროს უმძიმესი იყო...
ბავშვი სოციალურ დახმარებას იღებს, ოჯახის წევრები - არა, მხოლოდ ბავშვები და ახლა ამ ოჯახს საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება. მას მამა ზრდის, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, ისე ცუდად არის, რომ ვეღარ მეტყველებს.
მართლა ყველაფერს აკეთებენ ექიმები.
ფეიერვერკი ვინ დააგდო ქუჩაში, ის არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. სამწუხაროდ, ყოველ წელს პიროტექნიკით ბევრი ბავშვი შავდება, ახლა ლერი გახდა მსხვერპლი.
ჩვენ თავიდანვე ჩავერთეთ, ჩავრთეთ ყველა უწყება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა საკითხი იყოს დროულად მოგვარებული.
ამ წუთას ყველანი გადარჩენისთვის ვიბრძვით და ვლოცულობთ მისი კარგად ყოფნისთვის. ლერი ძლიერი ბიჭია, ამასაც გაუძლებს.
ამ ოჯახისთვის ახლა ერთი ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვედო ანგარიშის ნომერი. გუშინ დავდეთ ანგარიშის ნომერი და 2 საათში 600 ლარი შეგროვდა, რომელიც ოჯახს გაეგზავნა. ვისაც აქვს შესაძლებლობა, შეუძლია თანხა ჩარიცხოს ამ ანგარიშებზე. ასე, ყველამ ერთად ვიბრძოლოთ მის გადასარჩენად.
ერთი ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს.
#სიკეთე #მხარდაჭერა
დანიშნულებაში მიუთითეთ #
საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან
09 01 200 128
ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან ფეიფალით
([https://paypal.me/IMotskobili
მიმღები:ააიპ იალქანი
ს/კ 445473014
საქართველოს ბანკი
GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი
GE12TB7990736080100007
დოლარის ანგარიში
GE94TB7990736180100002
დანიშნულებაში მიუთითეთ #ლერი
(სპეციალურად საიტისთვის)