"ბებია-ბაბუასთან იყო ბავშვი, ყველაფერი წამებში დატრიალდა, მდინარე ენგურში ჩავარდა" - რას ჰყვება 3 წლის ბავშვის დაღუპვაზე ოჯახის ახლობელი?
3 წლის ანდრია ყიფშიძე, რომელიც გუშინ მდინარე ენგურში ჩავარდა, სამწუხაროდ, ბათუმში, კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მცირეწლოვნის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მას თავი ჰქონდა დაზიანებული. უბედური შემთხვევა ანაკლიაში გუშინ, 6 სექტემბერს მოხდა. ყველაფერი წამებში დატრიალდა, ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა. წყლიდან მალე ამოიყვანეს, პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, გული გაჩერებული ჰქონდა და ამუშავებაც მოხერხდა, სასწრაფოდ კლინიკაშიც გადაიყვანეს, მერე იქიდან ბათუმში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ვეღარ იხსნეს მისი სიცოცხლე.
"ჩვენი საყვარელი პატარა ანდრია ბებიასთან და ბაბუასთან იყო წასული. იქ მათი ეზოს უკან ჩაედინება თურმე ენგური, როგორც მითხრეს, ეზო შემოღობილი არ ყოფილა. ეზოში თამაშობდა ბავშვი და წყალშია ჩავარდნილი. უცებ ამოუყვანიათ, გაუწევიათ დახმარება, მერე საავადმყოფოში გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. გარდაიცვალა ბავშვი.
საცოდაობა ტრიალებს, ლამის გავგიჟდე. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. დაჯერებაც არ მინდა ამ ამბის. არ ვიცი, როგორ უნდა ვანუგეშო, რა ვუთხრა მის მშობლებს. საწყალი დედა, მონიკა ელოდებოდა, როდის ეტყოდნენ ბავშვი უკეთესად არისო და უცებ ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. ეს იმხელა შოკი იყო დედისთვის, რომ მოულოდნელად ამბის გაგებისთანავე კომაში ჩავარდა, ის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს და ახლაც იქაა.
როგორ უნდა გაუძლოს ამ ტკივილს, როგორ დაჰფოფინებდა თავის პატარებს. ორი შვილი ჰყავთ, უფროსი გოგონაა და თვალებციმციმა პატარა ანდრია აღარ გვყავს. წამებში ამხელა უბედურება დატრიალდა, განადგურებლები ვართ. სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრი. საცოდაობაა, გავნადგურდი", - ამბობს ახლობელი.
პატარა ბიჭი მარტვილის სოფელ სალხინოდან იყო, ბათუმიდან სახლში გადაასვენებენ ანდრიას. გლოვობს მთელი სოფელი, სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით:`
"რით განუგეშო ჩემო გოგო, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, არ მჯერა და არც მინდა დავიჯერო ეს ამბავი. გასკდა გული, რატომ ღმერთო, რატომ? დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს";
"ნუთუ მხოლოდ ეს იყო შენი სიცოცხლე პატარა ანგელოზო, ასეთ პატარა ასაკში გაფრინდი ზეცაში. რით ვანუგეშოთ შენი მშობლები, შენი ოჯახი?
როგორ გაამწარე ყველა, ანდრია, პატარა ბიჭო. დედას გადმოხედე და დაიკოს დაუტოვე, შენ უფალთან არაფერი გაგიჭირდება. დედა გაკვდება, კომიდან გამოსვლის იმედს არ იძლევიან. ვინ რით ვანუგეშოთ, არ ვიცით, მშვიდობით ანგელოზო მშვიდობით", - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლი ბავშვის ოჯახის ახლობლები.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ანდრიას ოჯახს ამ დიდი ტრაგედიის გამო. ძალიან ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა ოჯახს...
(სპეციალურად საიტისთვის)