„კანდიდატის სტატუსის მოპოვებას დამსახურება სჭირდება“, არის ავტომატური "არა", ხოლო „ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, როცა სამი თვეა დარჩენილი, ეს უკვე კატასტროფაა" - კვირის პალიტრა

„კანდიდატის სტატუსის მოპოვებას დამსახურება სჭირდება“, არის ავტომატური "არა", ხოლო „ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, როცა სამი თვეა დარჩენილი, ეს უკვე კატასტროფაა"

ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყოლოდა, ბორელის ვიზიტამდე ან ამ ვიზიტის დროს, საუბარი, რომ კანდიდატის სტატუსს დამსახურება უნდა, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერია თქმით, საზოგადოების პასუხისმგებლობაა ხელისუფლების შეცვლა და ყველა პარტნიორისთვის თქმა, რომ ქვეყანა მალე მზად იქნება ევროპულ ცივილიზაციაში დასაბრუნებლად.

„საქართველოსთვის თქმა, რომ დამსახურება სჭირდება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, ავტომატური არაა და ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, როცა სამი თვეა გასაკეთებელი, ეს ხომ უკვე კატასტროფაა? ჩვენ ხომ ამ რეჟიმმა უკვე ჩამოგვარჩინა ყველა პროცესს, მაშინ, როცა მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ხელისუფლების შეცვლა და ყველა ჩვენი პარტნიორისთვის თქმა, რომ ჩვენ მალე ვიქნებით მზად, რომ დავბრუნდეთ ევროპული ცივილიზაციის წიაღში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შეფასებისას შეიძლება ითქვას, რომ დასავლური სამყარო უკვე რეალურად იხილავს გაფართოების საკითხს იმ სივრცისკენ, სადაც ჩვენც ვართ.

„მე არ დამჭირდება სპეკულირება იმაზე, მე რას ვფიქრობ, ბორელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე ამბობს ყველაფერს, რომ ამ მომენტისთვის, რასაც ჰქვია ქვეყნის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, შედეგი მიღწეული არ არის. ის შედეგი, რაც საჭიროა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის. თუკი რამე უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს ამ ვიზიტის შეფასებისას არის ის, რომ დაგვიანებით, მაგრამ ახლა თავისუფალი სამყარო, ევროპა, დასავლური სამყარო მთლიანად ევროკავშირის და ნატო-ს სახით ძლივს, უკვე რეალურად იხილავს გაფართოების საკითხს იმ სივრცისკენ, სადაც ჩვენც ვართ, ოღონდ ამას ჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ეს ამოცანა აქვს რეალურად და სერიოზულად, დღეს ჩვენ ასეთი ხელისუფლება არ გვყავს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც გიგა ბოკერიამ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცეს ეს ვერ გვიშველის, თუ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც გარკვეულ კითხვებს აჩენს ევროპულ კურსთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ იმ მდგომარეობაში ვიქნებით, როცა არ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც კითხვებს არ ტოვებს, კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ეგ ვერ გვიშველის იმიტომ, რომ კანდიდატობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ოღონდ მაინც ინსტრუმენტი, ხოლო ამოცანა არის წევრობა და შინაარსობრივად დაბრუნება ევროპულ წიაღში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"