რა საიდუმლოებები წაიღო იმ ქვეყნად შევარდნაძემ?! - CIA-ს აგენტის მკვლელობა და მთავრობის სკანდალური სხდომა, რომელზეც მკვლელი დასახელდა - კვირის პალიტრა

რა საიდუმლოებები წაიღო იმ ქვეყნად შევარდნაძემ?! - CIA-ს აგენტის მკვლელობა და მთავრობის სკანდალური სხდომა, რომელზეც მკვლელი დასახელდა

ხანგრძლივმა პოლიტიკურმა კარიერამ ედუარდ შევარდნაძე მუდმივ უნდობლობას და ეჭვს მიაჩვია. იყო კიდევ ერთი, "პარტიულ ტერარიუმში" შეძენილი თვისება: კონსპირაცია და სიმართლის დამალვა. ეს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, ბოლოს კი უამრავი, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ ქვეყნად წაიღო. ამიტომაც, ახლა ხშირად სიმართლის დადგენა გვიჭირს იმ პერიოდის მოვლენების ანალიზის დროს. ედუარდ შევარდნაძეს მემუარებში ( "ფიქრი წარსულსა და მომავალზე") ლენინი თორმეტჯერ, სტალინი ოცდათხუთმეტჯერ, ხოლო ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია . . . .მხოლოდ თითოჯერ ჰყავს მოხსენიებული. სამწუხაროდ ამ, თითქმის ხუთასგვერდიან წიგნში, შევარდნაძემ "ოსტატურად" აუარა გვერდი 1992–2003 წლებში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ან მხოლოდ ოფიციალური ვერსია გაიმეორა. ეს თუნდაც მასზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხება. შევარდნაძეზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა: 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი (МИ-24) სახიფათო მანევრებით ცდილობდა იმ სამოქალაქო ვერტმფრენის (МИ-8) ჩამოგდებას, რომლითაც შევარდნაძე და სხვა ოფიციალური პირები სოხუმში ბრუნდებოდნენ. ქართველი პილოტების წყალობით ავიაკატასტროფა აცილებული იქნა.

eduard-1694117708.jpg

1992 წლის 3 ოქტომბერის რეისი, რომელიც შესაძლოა საბედისწერო ყოფილიყო

მეორე თავდასხმა–ტერაქტი 1995 წლის 29 აგვისტოს განხორციელდა. "იმელის" შენობის (სადაც მაშინ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი მუშაობდა) ეზოში გაჩერებული დანაღმული "ნივა" აფეთქდა და შევარდნაძემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მესამე თავდასხმა–ტერაქტი 1998 წლის 9 თებერვალს ორთაჭალაში, 300 არაგველების ძეგლთან მოუწყვეს. საბედნიეროდ, შევარდნაძე კვლავ უვნებელი გადარჩა. პირველი შემთხვევის გარდა, როდესაც შევარდნაძის დაცვას მომხდარზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო, მეორე და მესამე ტერაქტები უშუალოდ დაცვის პასუხისმგებლობა იყო. აქ ძირითადი თემიდან მცირე გადახვევა დაგვჭირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი რგოლის – უშიშროების სისტემის ფაქტიური არარსებობა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყველა იმ უბედურებისა, რაც 1991 წლიდან დღემდე საქართველოს თავს დასტყდომია. ედუარდ შევარდნაძეს საქართველოში დაბრუნებისას არა მარტო "სამხედრო ხუნტა–საბჭო" დახვდა იოსელიანი–კიტოვანი–სიგუას შემადგენლობით, არამედ მთლიანად მოშლილი სახელმწიფო–ადმინისტრაციული სისტემა. საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრო სრულ კოლაფსში იმყოფებოდა: 1992 წლის დასაწყისამდე ის სტრუქტურულად და ფინანსურად საკავშირო კა–გე–ბეზე იყო დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი საქართველოში ჯაბა იოსელიანის "მხედრიონისა" და თენგიზ კიტოვანის "ეროვნული გვარდიის" ოთხწლიანი ანარქიის პერიოდი დაიწყო. შესაძლოა ვცდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ პერიოდში საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს პირადი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი გაურკველობაში იმყოფებოდა: ერთბაშად დაეცა ერთ დროს ელიტური კლანის პრესტიჟი და გავლენა, მათი უკვე არავის არ ეშინოდა – პირიქით: კა–გე–ბეშნიკებს უხდებოდათ თავისგადარჩენისთვის ბრძოლა. იყო კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე რთული პრობლემა: საქართველოს უშიშროების მაშინდელმა თანამშრომლებმა თავად არ იცოდნენ, ვისი დავალებები უნდა შეესრულებინათ. ამ პირობებში შევარდნაძის უსაფრთხოების დაცვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. უშიშროების სამინისტროს (შემდეგ: საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახური) სტრუქტურაში არსებული სამთავრობო დაცვის სამმართველო (რომელსაც უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს პირველი პირის – ედუარდ შევარდნაძის სადღეღამისო დაცვის ორგანიზება და კონტროლი), მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ შეძლებდა ამ ფუნქციების ეფექტიან შესრულებას. მთავარი საფრთხე მოსკოვიდან მოდიოდა. რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოში დიდი დასაყრდენი ჰყავდათ, უპირველესად პოლიტიკურ პარტიებში, სპეცსამსახურებსა და სხვა ძალოვან უწყებებში. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა რუდუნებით ზრდიდნენ ისინი კომკავშირული ასაკიდან მომავალ "გავლენის აგენტებს", ოპერთანამშრომლებს და რეზიდენტებს, რამდენი დრო, ენერგია და ფულია დახარჯული მათზე, მათ პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერაზე, ბიზნეს წარმატებებზე. ამიტომ საქართველოში კვლავ ძალზე ძლიერი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის/რუსეთის, სპეცსამსახურების (კა-გე-ბე და გე-ერ-უ) პოზიციები. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები მათი აგენტურით ოყო გადავსებული. საქმე იქამდე იყო მისული, რომ ისინი უკვე, მოსკოვის ("ცენტრის") დავალებით, ერთმანეთის საიმედოობას აკონტროლებდნენ. ამავე დროს იყო ძალზე მძაფრი ფარული დაპირისპირება რუსეთის საგარეო დაზვერვის, სამხედრო დაზვერვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეფ-ეს-ბეს ქართველ აგენტებს შორის. ყველა ცდილობდა კრემლისთვის კონკურენტზე მეტად მოეწონებინა თავი და საქართველოში უფრო მაღალი პოსტი "დაეთრია". ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებისთანავე აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა "შევის" უშიშროების თანამედროვე სისტემის შექმნაში, რადგანაც იმ პერიოდში "თეთრი მელა" ყველაზე პროდასავლურ ლიდერად ითვლებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელს პოლიტიკურ სივრცეში.

ამერიკელების დახმარება ითვალისწინებდა: სპეცდანიშნულების რაზმის "ომეგა" ამერიკაში გაწვრთნას; აშშ–ის სპეცსამსახურების გამოცდილი თანამშრომლების საქართველოში გამოგზავნას; ოპერატიული ტექნიკის მოწოდებას და სხვ. ამ გეგმის ფარგლებში 1993 წლის ივნისში აშშ–ის საელჩოს დიპლომატის რანგში საქართველოში ჩამოვიდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) თანამშრომელი ფრედ ვუდროფი, რომელმაც სწრაფადვე დაამყარა კონტაქტები ქართველ კოლეგებთან. განსაკუთრებით ხშირად ვუდროფი საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსს ელდარ გოგოლაძეს ხვდებოდა. ვუდროფისთვის საქართველოში მივლინება დაწინაურება იყო: ის დაინიშნა ოპერატიული დირექტორატის კასპიის დეპარტამენტის საქართველოს სექტორის ("სადგურის”" უფროსად. აშშ-ის საელჩოში კი პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლად ირიცხებოდა. ცსს-ში მოქმედი წესის თანახმად, ოპერატიული თანამშრომელი 60 წლის შესრულების შემდეგ აუცილებლად უნდა გავიდეს თადარიგში. ფრედი ჯერ 46 წლის იყო და წარმატებული კარიერა წინ ჰქონდა. ვუდროფი საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა: რუსი იმპერიალისტებისა და აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ ომს, ადგილობრივი ფინანსური წურბელების მიერ ორგანიზებული და ჭიაკოკონასავით გაჩაღებული ინფლაცია, კუპონის კატასტროფული გაუფასურება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დაემატა. ქვეყანაში შეიარაღებული ბანდები დათარეშობდნენ და საქართველო ქაოსს მოეცვა.

fred-1694117788.jpg
ფრედ ვუდროფი

1993 წლის 8 აგვისტოს ფრედ ვუდროფი მოკლეს. გამოძიების ოფიციალური ვერსია, რომელიც დღესაც ძალაშია, ამგვარია: ნატახტართან ბრმა ტყვიით შემთხვევითი მკვლელობა. 2023 წლის 8 აგვისტოს 30 წელი შესრულდა ვუდროფის მკვლელობიდან. ეს ფაქტი დღემდე ბოლომდე გამოუძიებელი მკვლელობების გრძელი ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია. შეიძლება ითქვას, რომ რაც დრო გადის, უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ ვუდროფის მკვლელობა არ იყო რიგითი შემთხვევა, ის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგანაც საქართველოს ტერიტორია მაშინ პირველად გახდა ორი ზესახელმწიფოს სპეცსამსახურების ფარული დაპირისპირების ასპარეზი. საქართველოში ძალზე სერიოზული და მრავალმხრივი მიზნებით ჩამოსული მაღალი რანგის ოპერატიული თანამშრომლის ვუდროფის ბრმა ტყვიით შემთხვევითი მკვლელობა, თავიდანვე დაუჯერებელი ჩანდა. ეს ტრაგედია ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოს მთავარი სენსაცია იყო: ამერიკის და ევროპის მასმედიაში დაწვრილებით შუქდებოდა მკვლელობის დეტალები. მთავარი სკანდალური გარემოება, რომელიც მეორე დღესვე ცნობილი გახდა, იყო ის, რომ ამერიკელი დიპლომატი სინამდვილეში ცსს გამოცდილი თანამშრომელი აღმოჩნდა, ხოლო მკვლელობა საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსის ელდარ გოგოლაძის მანქანაში მოხდა. სწორედ ამ ორი გარემოების გამო, ვერსია რომლის მიხედვითაც, ამერიკელი მზვერავი მთვრალი ჯარისკაცის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა, სერიოზულ ეჭვს იწვევდა.

eduardiiiiiiiiiiiiiiiii-1694117924.jpg
მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე კავსაძე, თეიმურაზ სტეპანოვი, ედუარდ შევარდნაძე და ზაზა მაზმიშვილი (მათ შორის სავარაუდოდ ელდარ გოგოლაძე)

ფრედ ვუდროფის მკვლელობის მოტივებისა და შესაძლო შემსრულებლების შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი ისაა საინტერესო, თუ როგორ აისახა ეს ტრაგიკული ფაქტი შევარდნაძის უსაფრთხოების დაცვაზე. ცნობილია, რომ ვუდროფის მკვლელობიდან სულ მალე შევარდნაძემ საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსი ელდარ გოგოლაძე თანამდებობიდან გადააყენა . თუმცა არ გასულა დიდი დრო, რომ გოგოლაძე კვლავ აღადგინეს პოსტზე. უცნაური ისაა, რომ წლების შემდეგ სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ირაკლი ბათიაშვილი ამტკიცებდნენ, რომ გოგოლაძე ძველ თანამდებობაზე მათ არ აღუდგენიათ. უფრო მეტიც, ამერიკელი ადვოკატი მაიკლ ფულარა, რომელიც თითქმის ოცი წელი აწარმოებდა დამოუკიდებელ გამოძიებას, ამტკიცებს, რომ გოგოლაძე რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი იყო. წაიკითხეთ 2018 წელს გამოცემული მისი წიგნი: "ჯაშუში, რომელიც მიატოვეს" და ამაში თავად დარწმუნდებით.

1-1694117998.jpg

წლების შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი ერთ–ერთ ინტერვიუში აცხადებდა: "რაც შეეხება გამოძიების გაგრძელებას, ეს მე ძირფესვიანად ვეღარ მოვასწარი – საამისო ბერკეტები აღარ გამაჩნდა. თუმცა, ვერავინ აგვიკრძალავდა ოპერატიულ მუშაობას. ჩვენ ამას დამოუკიდებლად ვაკეთებდით, ვმუშაობდით ვერსიაზე, რომლის თანახმადაც, ეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობა იყო. ამ მიმართულებით ოპერატიული სამუშაოების ხელმძღვანელობა დავავალე ჩემს მაშინდელ მოადგილეს შოთა კვირაიას და ის ძალიან საინტერესო კონდიციამდე მივიდა". 1996 წლის 19 ივლისს საქართველოს მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელიც სამართალდამცავი და ადმინისტრაციული ორგანოების ექვსი თვის სამიანობის განხილვას ეძღვნებოდა. ამ სტრიქონების ავტორს საშუალება ჰქონდა ამ სხდომას დასწრებოდა და კარგად ახსოვს, კვირაიას სენსაციური და დღეს მივიწყებული გამოსვლა. თავიდან სხდომა, როგორც ყოველთვის, უინტერესოდ მიმდინარეობდა, სანამ ტრიბუნაზე საქართველოს მაშინდელი უშიშროების მინისტრი შოთა კვირაია არ ავიდა. მან პირველად და თანაც ოფიციალურად დაადანაშაულა იგორ გიორგაძე და რუსეთის სპეცსამსახურები ვუდროფის მკვლელობაში. მანამდე არც ერთ ძალოვან მინისტრს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია რუსეთის სპეცსამსახურები და "რეაქციული ძალები" საქართველოს წინააღმდეგ სადაზვერვო-აგენტურულ საქმიანობაში.

კვირაიას განცხადებით ვუდროფის მკვლელობის და შევარდნაძეზე პირველი ტერაქტის ორგანიზატორი "უცხო სპეცსამსახურების აგენტი" იგორ გიორგაძე იყო. უშიშროების მაშინდელმა მინისტრმა საჯაროდ ეს სპეცსამსახური არ გაშიფრა, თუმცა ქვეყანა კი პირდაპირ დაასახელა და მისი პრეზიდენტი "გააფრთხილა" კიდეც. ციტატა კვირაიას გამოსვლიდან: "ახლა, ალბათ, დადგა ჟამი, რუსეთის სპეცსამსახურები გაერკვნენ, თუ ვინ უმალავს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს იგორ გიორგაძეს, რა ძალები აფინანსებენ მას, ვინ დგას მის უკან. არ არის გამორიცხული, რომ ამ ბნელმა რეაქციულმა ძალებმა თვით რუსეთის პრეზიდენტზე მიიტანონ იერიში". კვირაიას გამოსვლას შუბლშეჭმუხნილი "დიდი ბაბუ"- ედუარდ შევარდნაძე ყურადღებით უსმენდა და შიგადაშიგ მოწონების ნიშნად თავს უკანტურებდა. მინისტრის მოხსენების დიდი ნაწილი საქართველოში მის მიერ გამოვლენილ უცხო ქვეყნის აგენტებს მიეძღვნა. კაცმა არ იცის, ვინ იყო მართლა აგენტი და ვინ კვირაიას პირადი მტერი. მოხსენების წაკითხვისას კარგა ხანი გაურკვეველი რჩებოდა, თუ რუსეთის რომელი სპეცსამსახურის აგენტი იყო მაშინ უკვე "მოუხელთებელი იგორი". კვირაიამ ყველაზე დიდი სიურპრიზი, კარგი დრამატურგივით, მოხსენების ბოლოსთვის შემოინახა, ციტატა მისი გამოსვლიდან: "დიდ იმედებს ვამყარებთ აგრეთვე ჩვენს რუს კოლეგებზე, ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, ბატონებთან ანატოლი კოვალიოვთან და ვიაჩესლავ ტრუბნიკოვთან, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან – ბატონ ანატოლი კულიკოვთან”. თუ ყველა კვირაიას მეგობარი იყო, მაშინ მტერი ვიღა იყო და ვის ემსახურებოდა გიორგაძე? რუსეთის “პაჟარნიკების” აგენტი ხომ არ იყო? გასაოცარი იყო კვირაიას ტაქტიკა - რუსეთის ყველა სპეცსამსახური ჩამოთვალა ერთის გარდა და, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გე-რე-უ) არ დაასახელა. ვერ მიხვდებოდით თუ?

(მეორე ნაწილის დასასრული)