"ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები - უკრაინაში მშვიდობის დამყარება რუსეთთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელია" - კვირის პალიტრა

"ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები - უკრაინაში მშვიდობის დამყარება რუსეთთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელია"

"უკრაინის მიღება ნატოში და ევროკავშირში რუსეთთან ომის დამთავრებამდე ვერ მიგვიყვანს", - ამბობს საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ფრანგული ტელეარხის France 5-ის შოუ C à vous-ის სტუდიაში ექვს სექტემბერს, სადაც იგი მრავალ საკითხზე სალაპარაკოდ, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის ომის პრობლემატიკაზე სასაუბროდ მიიწვიეს.

საუბრის ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნებულია "იუთუბში" სათაურით „ომი უკრაინაში: ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები // "მშვიდობის დამყარება რუსეთთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელია". ექს-პრეზიდენტს ესაუბრებიან შოუს წამყვანი ან-ელისაბედ ლემუანი, აგრეთვე ექსპერტები და ჟურნალისტები პატრიკ კოენი, პიერ ლესკიური, ორელი კასი, ლორენ სენეშალი და სხვები.

ნიკოლა სარკოზიმ სტუდიაში შოუს მონაწილეებს და ტელემაყურებლებს წარუდგინა თავისი ახალი წიგნი სახელწოდებით „ბრძოლის დრო“, რომელშიც მის მიერ ელისეის სასახლეში (პრეზიდენტის რეზიდენციაში) გატარებული წლებია განხილული.

68 წლის ექს-პრეზიდენტს კითხვები დაუსვეს მისი მმართველობის პერიოდის ზოგიერთ სკანდალურ მომენტზე, მაგალითად, კორუფციასთან, უკანონო სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით და 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების თაობაზე, რომელიც, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ლიბიის იმდროინდელმა ლიდერმა მუამარ კადაფიმ განახორციელა. როგორც ნიკოლა სარკოზი ამბობს, იგი უსაფუძვლო ბრალდებების საკითხს ბოლომდე მიჰყვება და თავის პატიოსან ღირსებასა და რეპუტაციას აღიდგენს: "მე ბოლომდე წავალ... თვით ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოშიც".

მართალია, ნიკოლა სარკოზი სამომავლოდ პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი პიროვნების წამოყენებას არ აპირებს, მაგრამ იგი ფრანგული პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილად რჩება: "მე მიყვარს ჩემი საფრანგეთი, ჩემი თანამემამულეები და მინდა, რომ ფრანგებსაც ვუყვარდე... პოლიტიკიდან არსად არ მივდივარ, თქვენთან ვრჩები", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ომს, ნიკოლა სარკოზიმ ამ საკითხზე საკმაოდ ფართოდ ილაპარაკა. გთავაზობთ საუბრის მოკლე შინაარსს:

"ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კერძოდ ნატოში და ევროკავშირში უკრაინის მიღებით რუსეთთან ომი არ დასრულდება. უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში გამოიწვევს აშშ-ის გავლენის გაძლიერებას ევროპულ ორგანიზაციაში - იმდენად, რამდენადაც უკრაინა სერიოზულად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აშშ ბატონობს სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებზეც. ამასთან, აუცილებელია, რომ არ შეწყდეს მცდელობა მშვიდობის მიღწევისათვის. ამ ომით მოგებულნი რჩებიან ვაშინგტონი და პეკინი", - ამბობს ნიკოლა სარკოზი.

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ფრანგ ჟურნალისტებს და ტელემაყურებლებს შეახსენა, რომ საომარმა მოქმედებებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია, დაღუპულებისა და დაჭრილების უმრავლესობა უკრაინელები არიან.

"როცა ჩვენ, ფრანგები, უკრაინის ომს სენ-ჟერმენის ბულვარიდან ვუყურებთ, ყველა მაგრები და გაბედულები ვართ, ჩვენს მიერ კიევისადმი გაწეული დახმარებით კი უკრაინელებს დასაღუპავად ვწირავთ", - აცხადებს ექს-პრეზიდენტი.

ნიკოლა სარკოზის აზრით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მშვიდობის განმტკიცებას ხელს ვერ შეუწყობს. უმჯობესი იქნება, თუ ქვეყანა ნეიტრალური დარჩება და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით (ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის) მომგებიანად ისარგებლებს.

ექს-პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება რუსეთთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელია. საფრანგეთი უკრაინის მხარეზე უნდა იყოს, მაგრამ პარიზს თავისი განსაკუთრებული გზა უნდა ჰქონდეს, რომელიც აშშ-ზე სწორებას გამორიცხავს. ომი მომგებიანია ვაშინგტონისა და პეკინისათვის: პირველი სულ უფრო მეტ იარაღს, ენერგორესურსებს და მარცვლეულს ჰყიდის, მეორე კი, რუსეთთან ერთად, BRICS-ის წევრების მობილიზებას ახდენს და თავის ამბიციებს იკმაყოფილებს.

ამრიგად, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თავდაპირველი განზრახვა, რომ მოსკოვთან დიალოგი შეენარჩუნებინა, სავსებით სწორი იყო: "ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ომს მოწოდებებით „მეტი იარაღი! მეტი სიკვდილი! მეტი წინაღმდეგობა! აუცილებლად უნდა მოვძებნოთ გზა ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით", - აცხადებს ნიკოლა სარკოზი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო