რატომ აღარ არის გოჭი საახალწლო სუფრის მშვენება - კვირის პალიტრა

რატომ აღარ არის გოჭი საახალწლო სუფრის მშვენება

საახალწლო სუფრაზე რატომღაც სულ გოგია უიშვილი მახსენდება: გურიის ერთ-ერთ უღარიბეს გლეხს, რომ დასცლოდა, საახალწლოდ, დღევანდელ საშუალოსტატისტიკურ ქართველზე, უკეთესი სუფრა ექნებოდა.

გოჭი, საცივი, შემწვარი და მოხარშული ქათამი, ბაჟე, ტოლმა და რა ვიცი კიდევ სხვა ბევრი, რასაც, ასაკის გამო, არ მოვსწრებივარ, ოდითგანვე ქართული საახალწლო სუფრის მშვენება გახლავთ. გადმოცემით ვიცი, რომ წინასაახალწლოდ ბაზრობებზე განსაკუთრებული წყვეტა კომუნისტების ავადსახსენებელ პერიოდში ყოფილა. გოჭის, მსუქანი ინდაურისა და ჩაკუპატებული ქათმების დასატაცებლად, რიგი დილიდანვე იმართებოდა და შერცხვენილი იყო ოჯახი, რომლის საახალწლო სუფრაზეც ბავშვობა და სიცოცხლეწართმეული, პირში წითელ ბოლოკგაჩრილი, მადისაღმძვრელად დაბრაწული გოჭი, სუფრის საპატიო ადგილას არ ექნებოდა წამოჭიმული.

ადამიანს გონება მუდმივად ცდილობს ცუდის და იმ ცუდთან დაკაშირებული საგნების დავიწყებას. ასე დაგვემართა ჩვენც, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძველი, დიქტატურული გადმონაშთის აღმოსაფხვრელად და (განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში) დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროსთან ინტეგრირების სურვილით აღტკინებულებმა, უარი ვთქვით ტრადიციულ საახალწლო სუფრაზე და მივეძალეთ მანამდე გოიმობად და საყოველთაო სირცხვილად, ასევე, გაკილვის საგნად მიჩნეულ უწყინარ საკვებს, სახელად - მაიონეზს.

მაიონეზი - დღეს უკვე, არ მეგულება ოჯახი, რომლის საახალწლო სუფრაზე სალათი „ვინეგრეტი“ არ დევს. მაიონეზით ვაგემებთ ბრინჯს, სოკოს, სოიოს, ხორცს, თევზს და ა.შ. არც არის გასაკვირი: ეს თხევადი, კრემისფერი სითხე, არც ძვირი ღირს და ჩვენს კულინარიულ ფანტაზიასაც მეტ გაქანებას აძლევს, ვიდრე პირში ბოლოკგაჩრილი საბრალო გოჭი, ან ყოველგვარ კრეატივს მოკლებული, ნიგვზის წვენში ჩაწყობილი გაპუტული ინდაური. დიახ, მეგობრებო: მაიონეზი ჩვენს შემოქმედებითობას ფრთების გაშლის საშუალებას აძლევს და თანაც, ეს ევროპული პრაგმატიზმია.

პრაგმატიზმი ვახსენეთ და, არ უნდა დაგვავიწყდეს ჭორად გაგონილი: წელს კაკლის კარგი მოსავალი კი მოვიდა, მაგრამ ადრინდელთან შედარებით, გაორმაგებულია ფასებიო. თუმცა ეს არ არის მთავარი: ქართველების დიდი ნაწილი გოზინაყს თვლით აკეთებს და თავს იმით იმშვიდებს, რომ ევროპელები სუფრაზე მხოლოდ იმდენს დებენ, რამდენსაც საჭმელად მოერევიან.

საახალწლოდ ერთ-ერთი და უმთავრესი „ატრიბუტი“, მეკვლე გახლავთ. მისი დაპატიჟების ტრადიცია ადრე „კუჩხი ბედნიერის“ სცენარს ჰგავდა, ახლა კი ნაცნობს, მეგობარს, ახლობელს, ნათესავსა თუ ყვავი ჩხიკვის მამიდას, ევროპული ყაიდის მიხედვით, ცალყბად შესთავაზებენ ხოლმე ამ საპატიო სტატუსს და თან ამატებენ: მაიონეზის მეტი არაფერი გვაქვს, ხომ იცი, მარხვაა და ასეთ დიდ ღვაწლში ხორცს თმენა მართებს, მაგის დედაცო.

ექიმები ამტკიცებენ, რომ მშიერი ადამიანი ნაჭამზე გაცილებით პროდუქტიულია და, რადგან დასავლეთში სუფრაზე ყველაფერი ზუსტად საჭიროების მიხედვით აქვთ, მათ წარმატების საიდუმლოც ამაში მდგომარეობს.

„იყავით მშივრები და თავზე ხელაღებულებიო,“ გვიქადაგა გაზეთ „მთელი მსოფლიოს“ რედაქციამ. მართალია, მაიონეზი არ გაშიმშილებს, სამაგიეროდ, ბევრის ჭამა გულს რევს. ამიტომ,ახლა წავალ, „ვინეგრეტს“ დავამთავრებ და მოვალ მალე მე.

P.S. სხვათაშორის, უშიშროების ასი წლის წინანდელი  არქივების გახსნის შემდეგ, კულუარებიდან ამბავმა გამოჟონა: გოგია უიშვილს, საახალწლო ხორაგი მეფის „ეკუციამ“კი არა, კომუნისტებმა წაართვესო.