რაზე ისაუბრეს ოპოზიციამ და ჯოზეფ ბორელმა? - ხატია დეკანოიძის განმარტება - კვირის პალიტრა

რაზე ისაუბრეს ოპოზიციამ და ჯოზეფ ბორელმა? - ხატია დეკანოიძის განმარტება

რთული შეხვედრა იყო, გაკეთდა მკვეთრი განმარტება, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს ვალდებულებები, იყო ხაზგასმა, რომ იმპიჩმენტზე გზავნილი დასავლეთში არ ეხმარება სიტუაციას, რომელშიც არის საქართველო,- ამის შესახებ ევროოპტიმისტების დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბორელმა დააფიქსირა, რომ ევროკავშირის და საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს სრულ თანხვედრაში; ასევე „უმრავლესობის წევრებს დაუფარავად უთხრა, რომ რუსული პროპაგანდაა, თითქოს ევროკავშირს საქართველოში ომი სურს“.

„იყო რთული შეხვედრა, ვინაიდან დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების საკითხი და არა მხოლოდ. ოპოზიციის და პირადად ჩემი პოზიცია იყო (რაც ძალიან გვაწუხებს, საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტს, ვინც პროევროპელია), რომ დღევანდელი ხელისუფლება დაბრკოლებას უქმნის ჩვენთვის სტატუსის მინიჭებას. ასევე ის, რომ ევროკავშირის და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს. ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის და საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს სრულ თანხვედრაში; ასევე ის, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდა ვინმეს საქართველოში და ამაში წვლილი შეაქვს ევროკავშირს, როგორც საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა გვეუბნება, არის სუფთა რუსული პროპაგანდა და მან ღიად და დაუფარავად უპასუხა ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს რეკომენდაციები, მათ შორის, დეოლიგარქიზაციაზე სისტემური მიდგომის, საარჩევნო კოდექსის, საერთო სასამართლოების კანონმდებლობის და დეპოლარიზაციის მიმართულებით. ამ ნაწილში ხაზი გაესვა ინკლუზიურობას, ანუ ჩართულობას სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომელიც როგორც იცით, ხელისუფლებამ პრაქტიკულად ყველა შეხვედრიდან გამოაგდო. გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან იყო მეტ-ნაკლებად ხისტი პოზიცია, დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ პოზიცია, რომ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას ეკუთვნოდა სტატუსი და შარშან რატომ არ იყო მოცემული, ესაა საყვედური, რომელსაც ეუბნებიან ხოლმე ევროკავშირს ზოგადად უმრავლესობის წარმომადგენლები. ამაზე იყო ძალიან მკვეთრი განმარტება, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს ვალდებულებები და ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ასევე ბორელის მხრიდან ხაზგასმული იყო ის, რომ სექტემბრის ბოლოს შეჯამდება რეკომენდაციები და გამოქვეყნდება ოქტომბერში. დრო არის ძალიან ცოტა. იმპიჩმენტზე ასევე ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა ბორელს, კონკრეტული იყო მისი დამოკიდებულება, რომ ევროკავშირს სურს საქართველო იხილოს ევროკავშირში, პოლიტიკურად სურს, რომ მიანიჭოს სტატუსი, რომ მათ იციან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების განწყობა, მაგრამ ამისთვის არის დავალებები შესასრულებელი, რომელიც არა ევროკავშირს, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება. იმპიჩმენტზე ის გზავნილები, რომელიც არის ანტიდასავლურო და მათ შორის, იმპიჩმენტზე იყო ხაზგასმა, რომ ეს გზავნილი, დასავლეთში არ ეხმარება სიტუაციას რომელშიც არის საქართველო, იგულისხმა სტატუსის მინიჭება. ეს არის გზავნილი, რომელიც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში”, - განაცხადა დეკანოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"