ქართული "კერძო არმიები" - რით ჰგავდნენ და განსხვავდებოდნენ ქართული "საძმოები" პრიგოჟინის "ვაგნერისგან"
ომებში რეგულარულ არმიებთან ერთად ყოველთვის მონაწილეობენ, როგორც მოხალისე ისე დაქირავებული მებრძოლები...
ასე მოხდა აფხაზეთის ომის დროს და ასე ხდება დღესაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დროს, მაგრამ რამდენად უპრიანი იქნება, ვთქვათ აფხაზეთის ომში მონაწილე ქართველი საძმოებისა თუ რეგიონალური ნახევრადოფიციალური "ბატალიონების" შედარება უკრაინაში უკრაინელების მხარეს მებრძოლ უცხოელ მოხალისეებთან ან სულაც რუსი ოკუპანტების "ვაგნერელებთან" და სხვა რუსულ კერძო სამხედრო კომპანიების წევრებთან?
შევეცდები შედარებას, დასკვნა კი თავად მკითხველმა გააკეთოს,რადგან ეს ძალიან რთული თემაა, ბევრი სუბიექტური "წყალქვეშა ქვა" დევს და ბევრი შეიძლება უკმაყოფილოც დარჩეს...
კანონიერება
ყველა ქვეყნის კანონი როდი რთავს ნებას ქვეყანაში კერძო სამხედრო კომპანიებისა თუ შეირაღებული მოხალისეების არსებობას, ბევრგან ისინი იდევნებიან, რადგან უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდების ქვეშ ხვდებიან...
წესით ეს ბედი ელოდა პრიგოჟინის "ვაგნერსაც", რადგან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით აკრძალულია შეირაღებული ჯგუფის ფუნქციონირება, თუკი ის სტრუქტურულად არ შედის რუსეთის რომელიმე ძალოვან სტრუქტურაში-თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში, „ეფ-ეს-ბე“-ში და ა.შ.
მიუხედავად ამისა, პრიგოჟინის „ვაგნერი“ დაუბრკოლებლად მოქმედებდა ათ წელზე მეტი, ჯერ სირიასა და აფრიკის ქვეყნებში, შემდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაშიც მას ფარული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამხედრო და რაც მთავარია, ფინანსური დახმარება ჰქონდა რუსეთის სახელმწიფოსგან, პირველ რიგში კი პრეზიდენტ პუტინისგან, რადგან პრიგოჟინის "ვაგნერი" ისეთ საიდუმლო და საჩოთირო სპეცდავალებებს ასრულებდა კრემლის პირდაპირი დაკვეთით(მათ შორის რუსი საგამომძიებლო ჟურნალისტების მკვლელობა აფრიკაში), რომელსაც პუტინი შოიგუს რეგულარული არმიის დანაყოფებს ვერ დაავალებდა.
რომ არა პრიგოჟინ-შოიგუს სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება და პრიგოჟინის "ვაგნერის" მიერ სამხედრო ამბოხის მოწყობის მცდელობა, პუტინი „ვაგნერს“ შეინარჩუნებდა...
როგორ ყალიბდებოდნენ ქართული საძმოები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საბრძოლველად და რამდენად იყო ეს იმ დროს მოქმედ კანონმდელობასთან "შეთანხმებაში"?
1988-90-იან წლებში, როდესაც საქართველოში პარტიების ჩამოყალიბების ბუმი დაიწყო და ისინი სოკოებივით მრავლდებოდნენ(ბევრი მათგანი სწორედ საბჭოთა "კა-გეგ-ბე"-ს შექმნილიც კი გახლდათ), ზოგიერთმა მათგანმა პარტიული საბრძოლო ჯგუფების ჩამოყალიბებაც დაიწყო ცხინვალის რეგიონში, ქვემო ქართლსა თუ აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის უფლებების ძალის გამოყენებით დაცვის მოტივით.
ეს ჯგუფები თავიდან პაპების მიერ პირველი და მეორე მსოფლიოს ომების დროს მოპოვებული და მიწაში ჩაფლული რევოლვერებითა და შაშხანებით იარაღდებოდნენ, შემდეგ "გაჩარხეს" გზები საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა სამხედრო ნაწილების ოფიცრებთან და უკვე მათგან ყიდულობდნენ „კალაშნიკოვებს“, ზოგჯერ ამ ნაწილზე თავდასხმის იმიტაციის ქვეშაც...
რა თქმა უნდა, საბჭოთა საქართველოს მაშინდელი კანონების თანახმად,ყველა ეს შეიარაღებული პირი განიხილებოდა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე ცეცხლსასროლი იარაღის არაკანონიერი შეძენის შენახვის,ტარებისა და ასევე არაკანონიერი შეიარაღებული ჯგუფის შექმნის ბრალდებით.
თუმცა, ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე სულ ღაფავდა, ეს კანონები აღარ მუშაობდნენ და პირიქით...საბჭოთა სპეცსამსახურები იქით უწყობდნენ ხელს, რომ რაც შეიძლება მეტი შეიარაღებული დაჯგუფება გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში, რათა მათ ერთმანეთი „დაეჭამათ“, რადგან „კედელზე ჩამოკიდებული თოფიც როდესაღაც გაისვრის“...
დაქვემდებარება
პარტიულ საბრძოლო ჯგუფებს ქართულ რეალობაში მალევე დაემატა წმინდა გასამხედროებული რაზმები, იგივე "მხედრიონის", "თეთრი არწივის", "შავნაბადას", "იმედის" და ა.შ სახით, რომლებიც რეალურად მხოლოდ თავიანთ ლიდერებს თუ ექვემდებარებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თანდათანობით ოფიციალური სტატუსიც მიიღეს მაშველების თუ ეროვნული გვარდიის სახით.
რუსეთის "ვაგნერი",რომელსაც ოფიციალური სტატუსი საერთოდ არ მიუღია, ბოლომდე დარჩა მხოლოდ თავისი პოლიტიკური ლიდერის პრიგოჟინისა და სამხედრო მეთაურის უტკინის ერთგული და მათი ლიკვიდაციის შემდეგ „ვაგნერი“ აქტობრივად დაშლილია.
საბრძოლო მომზადების დონე
"ვაგნერის" პირველი ნაკადი,რომელმაც აქტიური მოქმედება 2015 წლიდან სირიაში დაიწყო, გამოირჩეოდა მაღალი საბრძოლო მომზადების დონით, რადგან "ვაგნერის" მთავარ ბირთვს წარმოდგენდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების ის პროფესიონალი კადრის ოფიცრები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვეს ან გამოაგდეს რუსეთის არმიიდან და მათ მიეცათ საშუალება სამხედრო ბიუროკრატიის გარეშე უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოევლინათ თავიანთი ცოდნა სამხედრო საქმეში.
თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ფრონტზე "ვაგნერმა" მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკლისი განიცადა და ბახმუტის აღების მოტივით პრიგოჟინმა ციხეებიდან მასობრივად დაიწყო პატიმრების შეგროვება, რა თქმა უნდა დაეცა "ვაგნერელთა" საბრძოლო მომზადების დონე და მათი დიდი ნაწილი უბრალო "საზარბაზნე ხორცად" გადაიქცა...
აფხაზეთის ომში არ გვაკლდა თბილისი უბნების მიხედვით შექმნილი საძმოების შეიარაღებული რაზმები და რეგიონებისა და ქალაქების სახელის მატარებელი "ბატალიონები"(სიტყვა ბატალიონს ბრჭყალებში იმიტომ ვწერ, რომ მოტომსროლელი ბატალიონის საშტატო რაოდენობა 500 კაცამდე მაინცაა, მაშინ როდესაც აფხაზეთის ომში ქართული "ბატალიონების" მეთაურებს პოზიციაზე ერთდროულად 60-80 კაცი თუ გაჰყავდათ), რომელთა საბრძოლო მომზადების დონე ძალიან დაბალ დონეზე იმყოფებოდა.
ამას თავის ობიექტური ახსნა ჰქონდა, რადგან კადრის ოფიცრების დიდ სიმცირეს განვიცდიდით და არც იმის დრო იყო, რომ ახლად ჩამოყალიბებულ "ბატალიონს" ჯერ პოლიგონზე გაევლო არანაკლებ ნახევარწლიანი საბრძოლო მომზადების კურსი - ამიტომაც პოზიციბზე ხშირად ხვდებოდნენ საქართველოსთვის გულანთებული, მაგრამ ბრძოლისთვის სრულიად მოუმზადებელი ახალგაზრდები და ტრაგიკული შედეგიც სამწუხაროდ არ იგვიანებდა...
დისციპლინა
რეგულარული არმიები გამოირჩევიან დისციპლინით, რაც აუცილებელია მოთხოვნაა შეიარაღებული ადამიანების ჯგუფების სამართავად, თუმცა მოხალისეები და კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები ამ მხრივ ყოველთვის სანიმუშოები არ ყოფილან...
თუმცა, პრიგოჟინის ვაგნერი“ ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა, სადაც დისციპლინას...უროს საშუალებით ამყარებდნენ, ამ სიტყვების სრული გაგებით-ვინც მკაცრ მოთხოვნებს არღვევდა „ვაგნერელების“ რიგებში, მას თავს სწორედ უროთი უჩეჩქავდნენ...
მაგრამ,მას შემდეგ რაც "ვაგნერის" რიგებში პრიგოჟინმა სასწრაფოდ (პუტინისთვის ბახმუტის დაპყრობაზე მიცემული პირობის როგორმე შესასრულებლად) 50 ათასამდე პატიმარი შეჰყარა, ამის შემდეგ იქ დისციპლინის დაცვისთვის უროები აღარ ჰყოფნიდათ, სამაგიეროდ უკანდახეულებისთვის ტყვიამფრქვევების გადამღობ ცეცხლსაც აღარ იშურებდნენ...
ქართული საძმოებისა და "ბატალიონების" რიგებში სამხედრო დისციპლინა ძალზე მოიკოჭლებდა, სამხედრო სუბორდინაციას არ იცავდნენ, თუნდაც იმიტომ,რომ მათი წევრები დაწყებული მეთაურებიდან, ძირითადად არ იყვნენ კადრის ოფიცრები და რაც თვითონ არ იცოდნენ,ხელქვეითებს როგორ ასწავლიდნენ...
1994 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ,საქართველოს თავდაცვის მინისტრად ვარდიკო ნადიბაიძე დაინიშნა, რომელიც არ მალავდა საბჭოთა სამხედრო სკოლის მიმდევრობას და რაოდენ დიდი კრიტიკაც არ დაატყდა მას თავს, მოახერხა ომგამოვლილი მებრძოლების ყაზარმებში შეყვანა და მათთვის წვერის გაპარსვის ჩვევის გაღრმავება...
ანაზღაურება
ოფიციალური ანაზღაურება აფხაზეთის ომში მონაწილე ქართული საძმოების მებრძოლებისთვის ფაქტობრივად არ არსებობდა, ხოლო ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში გაწევრიანებული "ბატალიონების" პირადი შემადგენლობის ხელფასი მიზერულზე-მიზერული გახლდათ.
რაღა დასამალია და ზოგიერთი იარაღიანისთვის აფახაზეთის ომი და სამეგრელოში სამოქალაქო დაპირისპირება გახდა ხელის მოთბობის საშუალება, რაც მოროდიორობაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაყაჩაღებაშიც კი გადადიოდა...
რუსული „ვაგნერის“ ანაზღაურება პირიქით თავიდანვე ძალზე გამორჩეული გახლდათ თვით რუსეთის რეგულარული არმიის ოფიცრების ხელფასთან მიმართებაშიც, რის გამოც პრიგოჟინს თავიდან ბევრმა პროფესიონალმა სამხედრომ სწორედ ფინანსური დაინტერესების გამო მიაკითხა.
პრიგოჟინის "ვაგნერისთვის" მილიარდებს რუსეთის სახელმწიფო ხაზინა ფარული მუხლებით გამოყოფდა, რაც პრეზიდენტმა პუტინმა პრიგოჟინის მხრიდან შეიარაღებული უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ აღიარა, თუმცა მანამდე კრემლი დაფინანსებას კი არა, "ვაგნერის" საერთოდ არსებობასაც კი კატეგორიულად უარყოფდა.
სამხედრო ამბოხები
სამხედრო ამბოხებების რაოდენობით ქართულმა საძმოებმა და "ბატალიონებმა" პრიგოჟინის "ვაგნერს" მრავალჯერ "გადაუხურეს".
ის, რაც სცადა პრიგოჟინმა და ბოლომდე ვერ შესძლო-ქვეყნის დედაქალაქში შესვლა და წყობის სამხედრო გზით შეცვლა(თუკი ეს მართლაც ჰქონდა ჩაფიქრებული), ქართულმა საძმოებმა ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ წარმატებით განახორციელეს, როდესაც თბილისის ომის დროს შეიარაღებული ძალის გამოყენებით ჩამოაგდეს, მართალია ბევრი შეცდომადაშვებული, მაგრამ ლეგიტიმურად არჩეული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, რაც შემდგომ სამოქალაქო ომში გადაიზარდა...
ქართულ სამხედრო ფორმირებებს, მათ შორის უკვე რეგულარულ არმიაში, არც შემდგომ მოჰკლებიათ სამხედრო ამბოხებების წამოწყების სურვილი, იქნებოდა ეს 1998 წელს სენაკის სამხედროე ნაწილში ელიავას მიერ ქალაქის ქუჩებში გამოყვანილი ტანკების სახით, თუ მუხროვანის პირველი და მეორე სამხედრო დაუმორჩილობები ან ისნის მეტროსთან სამხედრო ნაწილში შეზარხოშებული ვეტერანების "დაშოშმინება"...
მართალია, ამ სამხედრო ამბოხებების უკან ძირითადად სპეცსამსახურებები იდგნენ(არა მარტო რუსული, ქართულიც) და სამხედროების მოსამსახურეების ნაწილი მათ მიერ იქნა პროვოცირებული, მაგრამ ისიც სამწუხარო ფაქტია, რომ სამხედრო დაუმორჩილობების რიცხვის მიხედვით ქართული არმია მსოფლიოში ერთ-ერთი „ლიდერია“...
ქართული კანონმდებლობა არც ეხლა უშვებს კერძო სამხედრო კომპანიების შექმნას, რომელთა წევრებს ცეცხლსასროლი იარაღის ან მითუმეტეს საბრძოლო ტექნიკის შეძენა-ქონა-გამოყენების უფლება ექნებათ, იმ კერძო დაცვის კომპანიებში კი, რომლებიც ოფიციალურად ფუნქციონირებენ, არ აქვთ უფლება ცეცხლსასროლი იარაღის სამსახურებრივი მიზნებით გამოყენების, მიუხედავად იმისა, რომ მათი წევრების უმეტესობა მაიორის ან უფრო მაღალი სამხედრო და სპეციალური წოდებითაა თადარიგში გასული და კანონით უფლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა.
მეორე მხრივ საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვდა სამხედრო საქმის მცოდნე თადარიგის ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალების მთელი „არმია“, რომელთა ზურგს უკან ერაყსა და ავრანეთში არაერთი როტაციაა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, აღარ სურთ ახალი კონტრაქტების გაფორმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
მათმა ნაწილმა გამოსავალი უკრაინაში წასვლით და იქაურ „უცხოურ ლეგიონში“ გაწევრიანებაში ნახა და ეხლა უკრაინელების გვერდიგვერდ იბრძვიან, ნაწილსაც არ სურს უკრაინის ფრონტზე ბრძოლა, თუმცა უარს არ იტყოდა რომელიმე კერძო ქართულ სამხედრო კომპანიაში მუშაობაზე, რაც სხვა ქვეყნებში ობიექტების დაცვით შემოიფარგლებოდა, თუმცა როგორც ზემოთ აღნიშნე, ქართული კანონმდებლობა კრძალავს კერძო სამხედრო კომპანიების შექმნას, არადა სამხედრო ცოდნამიღებული, მაგრამ უმუშევრად დარჩენილი კადრების სიმრავლე, ცოტა სახიფათოა ნებისმიერი ქვეყნისთვის...