"ზუსტად კოკოითის რეზიდენციის წინ, მარცხნიდან ოსი მამაკაცებით სავსე მანქანა ამოგვიდგა და ნელა გამოგვყვა... გულდასმით გვაკვირდებოდნენ" - როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ჟურნალისტები ცხინვალის ცენტრში - ფოტოამბავი - კვირის პალიტრა

"ზუსტად კოკოითის რეზიდენციის წინ, მარცხნიდან ოსი მამაკაცებით სავსე მანქანა ამოგვიდგა და ნელა გამოგვყვა... გულდასმით გვაკვირდებოდნენ" - როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ჟურნალისტები ცხინვალის ცენტრში - ფოტოამბავი

ამ რუბრიკით ორ ფოტოს ვაქვეყნებ, ორივე 2004 წლის 10 მაისს, დაახლოებით, ნახევარი საათის ინტერვალით სამაჩაბლოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ანუ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არის გადაღებული.

იმხანად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველ არხზე, საყმაწვილო რედაქციაში რედაქტორად და გადაცემების ავტორად ვმუშაობდი, პარალელურად კი, რედაქციის სახელით, მე და ჩემი კოლეგა რუსუდან ვარძიაშვილი მომღერალ გია ნაცვლიშვილთან და ფესტივალის ადმინისტრატორ ნატო ჭოტაშვილთან ერთად ბავშვთა ქართული სიმღერის ფესტივალის - "გაზაფხულის ზარებისთვის" ვემზადებოდით, ამჯერად - უკვე მერვედ.

პირველ ტურში ნიჭიერი ბავშვების აღმოსაჩენად და შესარჩევად თავად დავდიოდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მოსმენებს ყოველთვის გორით ვიწყებდით. იმ წელსაც წინასწარ დავუკავშირდით გორში ჩვენს კარგ ნაცნობს, შიდაქართლის ადმინისტრაციის კულტურის სამსახურში და მოგვიბოდიშა, 10 მაისს ვერაფრით დაგხვდებით, სოფელ თამარაშენში შიდაქართლის საბავშვო დელფიადა ტარდება და იქ მივდივართო. უცებ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ, ჩვენც წავეყვანეთ, - იქაურ ბავშვებსაც გამოვიყვანთ ფესტივალზე-თქო. ძალიან იუარა, სახიფათოაო, მაგრამ არ მოვეშვით. რაღას იზამდა, - ჩამოდით გორში და აქ გადავწყვიტოთ, რამეს მოგიხერხებთო. ეს რომ ჩვენმა მთავარმა რედაქტორმა ჯულიეტა ლომთაძემ გაიგო, - მარტო ვერ გაგიშვებთ, რამე არ შეგემთხვეთ, მეც უნდა წამოვიდეო (იმხანად უკვე საკმაოდ დაძაბული იყო ქართულ-ოსური ურთიერთობა).

მოკლედ, გავემგზავრეთ მე, რუსუდანი, გია, ნატო და ჯულიეტა.

შიდაქართლის გუბერნიაში დიდი ბჭობა გაიმართა, როგორ არ სცადეს, გადაეფიქრებინათ ჩვენთვის თამარაშენში წასვლა, მაგრამ არაფერმა გაჭრა და... დაგვყაბულდნენ. გიას მანქანა გორში დაატოვებინეს. დიდი ლიახვის ხეობაში ორი მანქანით წავედით: ქალები წარმოშობით ცხინვალელ პოლიციის თანამშრომელ ნუგზართან ჩაგვსვეს, გია კი ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაჰყვა. ერგნეთს რომ გავცდით, ნუგზარმა გვკითხა, ცხინვალით წავიდეთ თუ შემოვლითი გზითო? ოთხივემ უყოყმანოდ ვითხოვეთ ცხინვალით წასვლა. ბავშვობის შემდეგ ცხინვალი თვალით არ მენახა და, ფაქტობრივად, კარგად არც მახსოვდა. აბა, ამ შანსს როგორ გავუშვებდით ხელიდან?! ერგნეთი მშვიდობიანად გავიარეთ. ცხინვალის შესასვლელთან, ორივე მხარეს გადამწვარი სახლები მოსჩანდა. ნუგზარმა მარცხნივ ოსების მიერ დამწვარი თავისი სახლიც დაგვანახვა. ქალაქში რომ შევედით და ცენტრს მივუახლოვდით, მარცხენა მხარეს, იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის - კოკოითის რეზიდენციის სიახლოვეს, ეკლესია შევნიშნეთ.

ეს აღმოჩნდა კავთის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის უძველესი სამშენებლო ფენა, თურმე, VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნებოდა. მორიდებით ვთხოვეთ ნუგზარს, შეიძლება ეკლესიასთან ფოტო გადავიღოთ-თქო? ვგრძნობდით, რომ მაინც ნერვიულობდა, მაგრამ უარიც ვერ გვითხრა. სასწრაფოდ გადავხტით მანქანიდან და ეკლესიის წინ დავდექით. ქუჩაში ადგილობრივი ოსები მიმოდიოდნენ და ინტერესით შემოგვყურებდნენ. აშკარად აჟიტირებულები ვიყავით და სიფრთხილეც დაგვავიწყდა. ის-ის იყო, ჩვენს მეგზურს ფოტო უნდა გადაეღო, რომ უცებ საკმაოდ ხმამაღლა დავუძახეთ, ნუგზარ, თქვენც მოდით, ერთად გადავიღოთ ფოტო, ჩვენ კი, გადაღებისას ერთმანეთს შევენაცვლებით-თქო. თავიდან იუარა, მაგრამ შევატყვეთ, მაინც გაუხარდა და დაგვყაბულდა, თუმცა დაძაბულობა ეტყობოდა.

1-julieta-lomtaze-nugzari-nato-chotashvili-da-irma-xarshilazecxinvali-10052004-1694438871..jpg
ჯულიეტა ლომთაძე, ნუგზარი, ნატო ჭოტაშვილი და ირმა ხარშილაძე. ცხინვალი. 10.05.2004.

პირველი სწორედ ეს ფოტოა, წმინდა გიორგის ეკლესიასთან. მე ის ვარიანტი შემომრჩა, სადაც თავად ვიყავი. მერე სწრაფად ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით თუ არა, ზუსტად კოკოითის რეზიდენციის წინ, მარცხნიდან ოსი მამაკაცებით სავსე მანქანა ამოგვიდგა და ნელა გამოგვყვა. კუშტი მამაკაცები გულდასმით გვაკვირდებოდნენ, მაგრამ შუშის მიღმა ბევრს ვერაფერს არჩევდნენ. ცოტათი დავიძაბეთ, მაგრამ ნუგზარმა მაშინვე ფანჯარა ჩამოსწია და მამაკაცებს მისალმების ნიშნად ხელი აუწია. იქიდან თავი დაუქნიეს და სწრაფად გაგვცილდნენ. ნუგზარმა აგვიხსნა, კოკოითის დაცვა იყო, ცხინვალელები არიან, კარგად მიცნობენ და იმიტომ არ გაგვაჩერესო. ასე, მშვიდობით გავიარეთ ცხინვალი და... უცებ ნუგზარმა გვკითხა, გინდათ, ჯავაშიც ავიდეთო? ამჯერადაც უყოყმანოდ დავთანხმდით.

მეორე ფოტო ჯავის სამმხრივი სამშვიდობო ძალების საკონტროლო პუნქტის სიახლოვესაა გადაღებული, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხვის ბოლოს, ძველ პატარა ხიდზე.

2-nato-chotashvili-irma-xarshilaze-julieta-lomtaze-da-nugzari-javis-xidze-10052004-1694438945..jpg
ნატო ჭოტაშვილი, ირმა ხარშილაძე, ჯულიეტა ლომთაძე და ნუგზარი. კეხვის ბოლოს, ხიდზე. 10.05.2004.

მახსოვს, სამშვიდობოებთან ცოტა ხნით გავჩერდით, გავესაუბრეთ, შემდეგ გზა განვაგრძეთ (სამწუხაროდ, სტატიის წერისას სოფლების სახელწოდებები ვერ გავიხსენე, მაგრამ ჩვენმა მკითხველმა კომენტარით დამიზუსტა და მეც ჩავასწორე) და მივადექით სოფელ კეხვის ბოლოს, ლიახვზე გადებულ ძველ პატარა ხიდს. გარშემო ისეთი სილამაზე მოჩანდა, თანაც უკან, ლიახვზე აგებული კეხვის პატარა კაშხალი, ხომ, კიდევ უფრო ალამაზებდა მწვანე გარემოს, ზღაპრული ხედი იყო, ვერ მოვითმინეთ და ნუგზარს ვთხოვეთ, ხიდზეც გადავიღოთ ფოტო-თქო. აშკარად სამმხრივი სამშვიდობო ძალების იმედი გვქონდა, რადგან მათ შორის ამერიკელებიც იყვნენ. კარგიო, დაგვყაბულდა ჩვენი "შტურმანი" და სასწრაფოდ გავმწკრივდით ხიდზე. ფოტო კვლავ ჩანაცვლების პრინციპით გადავიღეთ, აბა, მაშინ სელფებს ვერ ვიღებდით! ნუგზარს წამოსცდა, ამ ხიდს იქით ულამაზესი ეკლესია არისო. ამის თქმა და თვალისდახამხამებაში გავვარდით იმ მიმართულებით. აქ კი გაგიჟდა ნუგზარი და გამოგვეკიდა, ზემოთ არ ახვიდეთ, მტრულად განწყობილი ოსები ცხოვრობენ და სახიფათოაო (ახლახან კვლავ მკითხველის კომენტარით გავიგე, რომ ხიდს იქითა სოფელს ქემერტი ჰქვია). ასე რომ, ის ეკლესია მხოლოდ სანატრელად დაგვრჩა. ნუგზარმაც აგვაჩქარა, გველოდებიანო და ასე გამოვემშვიდობეთ იქაურობას. თამარაშენიც ქურთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა და დელფიადასაც დავესწარით. შესანიშნავი გოგონა აღმოვაჩინეთ - თინათინ ჭულუხაძე, რომელიც იმ წელს ჩვენი ფესტივალის გამარჯვებულიც გახდა (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თიკო ოჯახიანად დევნილად იქცა და თბილისში ჩამოვიდა. აქ კი სატელევიზიო ფესტივალებით და კონცერტებით სრულიად საქართველომ კიდევ უფრო კარგად გაიცნო). დაუვიწყარი იყო რამდენიმე უვაჟკაცეს ლიახვის ხეობელთან და გორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სახელდახელო წვეულება სოფელ ქურთის რესტორანში. ყველანი ვუმღეროდით საქართველოს, სიყვარულს და თავისუფლებას. გულიან სიმღერებში ისე დაბინდდა, ვერც გავიგეთ. მასპინძლები ვერ გვეტყოდნენ, წადითო, არადა იგრძნობოდა, რომ დაიძაბნენ - ცხადია, ჩვენი უსაფრთხოების გამო. როგორც ჩანს, იქ ყოფნა სახიფათო ხდებოდა, რადგან შეიძლებოდა, ნასვამი ოსები შემოსულიყვნენ და შელაპარაკება მომხდარიყო (თუ უარესი არა), თანაც დაღამებულზე მოგვიწევდა გორისკენ მგზავრობა. ამიტომ გიამ იაქტიურა და ჩვენც აგვაჩქარა - წამოვდექით და აცრემლებულები დავემშვიდობეთ მასპინძლებს. ცხადია, ერგნეთამდე გამოგვაცილეს, იქ კი ჩვენი გზები გაიყო. ჩვენი ლიახვის ხეობაში სტუმრობიდან ძალიან მალე იმჟამინდელმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა სცადა ცხინვალის რეგიონში შესვლა, მაგრამ არ შეუშვეს.

ძალიან მწყდება გული, რომ საოცრად კარგი ადამიანის - ნუგზარის გვარი აღარ მახსოვს და არც ის ვიცი, ომის შემდეგ სად არის და როგორ არის (იმავე მკითხველის კომენტარით მივხვდი, რომ ნუგზარი ცოცხალია - მთავარი ესაა!), არ ვიცი, ის გულიანი ლიახველები როგორ არიან... 2008 წლის ომმა ყველაფერი თავდაყირა დაგვიყენა და დიდი უბედურება დაგვიტრიალა. იმედი მაქვს, მოვა ის დროც, იმ ადგილებს უშიშრად რომ მოვივლით!

(სპეციალურად საიტისთვის)