სინატრას "ჩირი" - მომავალ წელს სოხუმში! - კვირის პალიტრა

სინატრას "ჩირი" - მომავალ წელს სოხუმში!

ახლა სამი იანვარია და ჯერ კიდევ საახალწლო ატრიბუტიკა ჭარბობს ირგვლივ: ჩურჩხელები, ხურმის ჩირი და კანფეტები სუფრებზე და ჩვენი შტერი მომღერლები - ტელევიზორში...

მაგრამ ნელ-ნელა ვფხიზლდები და ვაცნობიერებ, რომ, როგორც ერთ ცნობილ ბეჭედზე ეწერა, - "ესეც ჩაივლის" და დავრჩებით ანუ ცხოვრებას განვაგრძობთ ზუსტად იქ, სადაც ბოლო წლებია, ვცხოვრობთ (ინტერნეტში შეგიძლიათ "დაგუგლოთ" და იპოვოთ ვიღაც ტიპის დუნდულებზე დახატული რუკა, რომელზეც საქართველო ერთობ "უხერხულ" ადგილზეა მოხვედრილი. რედაქციამ არაეთიკურად ჩათვალა ამ სურათის გამოქვეყნება).

თუმცა უკეთესობა იქნება - უფრო ფართოდ გავიღიმებთ პრეზიდენტის ნაჩუქარი კბილებით და მომავალ წელს სოხუმში შევხვდებით; უფრო სწორად - ამ სიტყვებით: "მომავალ წელს - სოხუმში", შევხვდებით აწი ყოველ ახალ წელს (ოღონდ ისევ რუკაზე მითითებულ ადგილზე)...

მესმის - არ არის ლამაზი ყველაფერზე ქილიკი და მაიმუნობა, მაგრამ ასი, ათასი პროცენტით რომ ვიცი, პრეზიდენტის ინიციატივის მიზეზის შესახებ (საყოველთაო "დაკბილიანების" პროგრამას ვგულისხმობ), არ ვთქვა?!

მაშ, ასე: დეკემბერში რომ მიშამ ტურნე მოაწყო მთელ საქართველოში, ხომ გახსოვთ? მადლიერი მოსახლეობა, როგორც ყოველთვის, ხვდებოდა მას, ხელს ართმევდა, ხოლო განსაკუთრებით იღბლიანები და ბედნიერები კოცნასაც ახერხებდნენ!

ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ერთი-ორმა, არც მთლად ესთეტიკურად და არც მთლად ჰიგიენურად რომ ჩაატარა ეს აქტი (ანუ კოცნა), რადგან პრეზიდენტის დაცვა აჩქარებდა და თან უკბილობაც არ უწყობდა ხელს იმ საწყალ ხალს, რომ სასიამოვნო ამბორით გამოეხატათ აღფრთოვანება, ამ ჩვენმა "იდეების გენერატორმა" იქვე, ბათუმშივე "გამოაცხო" ახალი ინიციატივა: "არც ერთი უკბილო ბებერი საქართველოში!"

ახლა, "ბიჭები" იმუშავებენ ამ საქმეზე, რადგან სამი ვარიანტია: 1. მომავალ შეხვედრებზე აღარ გააკარონ ასეთი ადამიანები პრეზიდენტს (ეს ძნელი იქნება, რადგან დამხვედრ-ტაშისმკვრელ-მკოცნელთა ძირითადი ნაწილი ესენი არიან); 2. მართლა გაუკეთონ 200-300 მოხუცს კბილები და ყველა შეხვედრაზე ისინი ატარონ (ეს შესაძლოა, ძვირი დაჯდეს, რადგან პრეზიდენტი იმდენს მოგზაურობს, 300 მოხუცის მასთან ერთად ტარება, თანაც ისე, რომ მან ამის შესახებ ვერ შეიტყოს, ძალიან ძვირი დაჯდება); 3. ყველაზე იაფი, ადვილი და უკეთესი, მართლა ყველასთვის კბილების "ჩაწიკწიკებაა", მაგრამ აქ სამომავლოდ შეიძლება შეიქმნას პრობლემა: ამ პროგრამას "ღიმილიანი საქართველო" ჰქვია და ჯანმრთელ და ლამაზ ღიმილს რა სჯობს, მაგრამ ხალხი ხომ იცით, როგორი უმადურია, ბატონო პრეზიდენტო? შეიძლება, ზოგიერთმა ისიც თქვას, - ეს კბილები რომ ჩამისვი, მხოლოდ ღიმილი რას მარგია ან რა მაცინებს?! კბილებს სხვა ფუნქციაც აქვს და ახლა მხოლოდ უშაქრო ჩაიში ჩამბალი პური აღარ დამაკმაყოფილებსო!

ჰოდა, დარჩებით "გაღიმებულები"...

უმადურებსა და ჩვენს მომღერლებზე გამახსენდა - თბილისურ კონცერტს ვუყურე და ძალიან ვიხალისე: მიხარია, რომ ჩვენს შოუბიზნესს ასეთი ცვლა ეზრდება (ისე, მართლა რა ეშველებათ), მაგრამ აი, ხულიო იგლესიასის ყურება-მოსმენისას კი ნამდვილად ვერ ვიხალისე...

საერთოდ, ასე არ შეიძლება: თანამემამულე მოხუცებს კბილები ჩაუსვა და თან გადაჰყვე და იმას, რადგან უცხოელია, უნდა დასცინო?! რაც იმ ღამეს ბათუმში ხდებოდა, მისი ჩამომყვანების მხრიდან იმ საწყალი მოხუცის მიმართ, იყო ნამდვილი გამოვლინება გერონტოფობიისა (მოხუცების ზიზღს ნიშნავს ზოგადად და არა მხოლოდ გერონტისა), ხოლო ესპანეთის მთავრობის ადგილზე, ელჩს გავიწვევდი პროტესტის ნიშნად!

იდგა სცენაზე ხულიო იგლესიასის "ჩირი" (რომელიც ბებიაჩემის ქალიშვილობისას კარგი მომღერალი იყო, ხოლო მის დაბადებამდე - მადრიდის "რეალის" მეკარე), თუმცა იდგა კი არა, ყანყალებდა და კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა, როდესაც სოფო ნიჟარაძემ გაუღიმა და მიუმღერა...

რამე რომ მოსვლოდა მაგ კაცს, რას აპირებდით?.. აბა, თქვენ იცით, მომავალ ახალ წელს ფრენკ სინატრა ჩამოიყვანეთ!.. უჰ, მოკვდა? ჰოო... ცუდია... ისე, მერე რა - მაინც ჩამოიყვანეთ!

P.S. ამასობაში კი პარლამენტმა მართლა კარგი და საჭირო შესწორება შეიტანა ერთ-ერთ კანონში და ამიერიდან, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროებს, ასევე, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურებს უფლება აქვთ, მოსამართლის ნებართვის გარეშე მოგვისმინონ და ჩვენს ელექტრონულ მიმოწერაშიც იქექონ (თითქოს აქამდე, რომელიმე მოსამართლე უარის თქმას უბედავდა)!

ასე რომ, ფრთხილად იყავით და იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად: როდესაც შეყვარებულს დაურეკავთ, ასე მიესალმეთ:

- მომავალ წელს - სოხუმში! როგორ ხარ, ძვირფასო?

პროვოკატორი

ჟურნალი "გზა"