"საბჭოთა პერიოდში ბევრი სკოლა ჭალაში, მდინარის პირას იყო აგებული და არავინ ფიქრობდა, მომავალში, მის კალაპოტში რა მოხდებოდა... ყველა სოფელშია მცირე თუ დიდი რისკის შემცველი ადგილი"
"...ჩვენ მყინვარებს ვსწავლობდით, ჩვენი მასალები საჯაროა... ჩვენი კომპეტენცია ამ საკითხში მნიშვნელოვანი უნდა იყოს პრესისთვის, საზოგადოებისთვის, ყველასთვის... ამ დროს, ქართულ ტელეარხებზე ზოგიერთი სპეციალისტი არავის გახსენებია, მხოლოდ უცხოური არხები ინტერესდებიან...", - გულისტკივილით აღნიშნავს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი - გიორგი დვალაშვილი.
გიორგი დვალაშვილი გურიასა და შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
- პირველ რიგში, მინდა, გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. ასეთი ტრაგედიები მსოფლიოში ბევრი არ ხდება, მაგრამ უახლოეს მომავალში რომ მოიმატებს, ეს სამწუხარო რეალობაა... ის, რაც გურიაში მოხდა, კატასტროფული ხასიათის წყალმოვარდნა იყო და არა - სეზონური წყალდიდობა... დავიწყოთ იქიდან, მოსალოდნელი იყო, თუ - არა... ეს შეიძლება ორნაირად გავიგოთ: პირველ რიგში, ამინდის წინასწარი პროგნოზი დღეს ძალიან მარტივია. 21-ე საუკუნეში ზუსტად ვიცით, ღრუბლები სად, რა, როგორი სიხშირით მიდის, როგორი შეიძლება იყოს ნალექი - წვიმის, თოვლის სახით... თუმცა პროგნოზში შეიძლება წვიმა იყოს 20 მილიმეტრის ფარგლებში და 10 მოვიდეს ან - პირიქით... თუ რა სიხშირით მოვა, ზუსტი პროგნოზისთვის სპეციალური რადარული მოწყობილობაა საჭირო... ბევრად უფრო ადვილია წვიმის პროგნოზირება, ვიდრე - თოვლის, ზვავის, გლაციალური ღვარცოფის, რაც შოვში მოხდა... ერთია, პროგნოზი შეიძლება იყოს უზუსტესი, მაგრამ მეორეა, როგორ მოხდება პროგნოზზე საზოგადოებრივი რეაგირება.
ანუ შოვში და გურიაში მომხდარი სულ სხვადასხვა რამეა, ერთმანეთს ვერ შევადარებთ...
ნალექების რაოდენობა 30-40 წლის წინაც იყო იმ ადგილებში, სადაც ხალხმა სახლები აიშენა, დასახლებები შეიქმნა... მაშინაც შემოდგომის და გაზაფხულის წვიმები ინტენსიური, საშიში იყო, მაგრამ მაშინდელთან შედარებით სეზონური წვიმების რაოდენობა მომატებულია.
თუ მაშინ ადამიანმა სახლი აიშენა, გარკვეული ინფრასტრუქტურა შექმნა, ეს წვიმები ხელს არ უშლიდა, მდინარესაც ადვილად აკავებდა და არაფერი იტბორებოდა... ახლა კი ნალექების რაოდენობამ იმატა, მარტივად რომ შევადაროთ - ათლიტრიან ჭურჭელში 12 ლიტრ წყალს თუ ჩავასხამთ, ის ორი ლიტრი ხომ გადმოიღვრება? შესაბამისად, ეს ზედმეტი გადმოღვრილი წყალი საშიშროების მომტანი გახდა... ჯამში, რამდენიმე მდინარიდან გადმოღვრილი ზედმეტი წყალი, რომელიც კალაპოტში ვეღარ დაიტია, წყალმოვარდნის რისკის შემცველი გახდა.
ამას ემატება ნაშალი მასალა, რაც ხეობებში დაგროვდა, იქ ამოსული ხეები, ბევრ სოფელში, ჯერ კიდევ არსებული ნაგავსაყრელები და ასე შემდეგ... ისევ პირობითად თუ შევადარებთ, ვთქვათ, ნაცვლად ორი ლიტრი ზედმეტი წყლისა, უკვე, დაახლოებით, შვიდი ლიტრი ზედმეტი წყალი გამოდის... ზედმეტი წყალი იქ წავიდა, სადაც სადინარი ნახა, ამ შემთხვევაში - ასფალტირებული გზა, ჭალაში მდებარე სკოლის ეზოები... სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში ბევრი სკოლა ჭალაში, მდინარის პირას იყო აგებული და არავინ ფიქრობდა, მომავალში, მდინარის კალაპოტში რა მოხდებოდა...
- რა არის საუკეთესო პრევენცია?
- სამწუხაროდ, რისკის შემცველი პროცესები მომავალშიც გაგრძელდება, რაც კლიმატის ცვლილებასთან უდავოდ კავშირშია... გადაუდებელი პრევენციაა საჭირო, რაც სპეციალისტების რეკომენდაციებით შესაძლებელია... საქართველოში დღეისათვის 3840 სოფელია, ყველგან გარკვეული, მცირე თუ დიდი რისკის შემცველი ადგილია. ყველა მოვლენაზე ვიღაცისკენ ვიშვერთ ხელს. ვერც ერთი უწყება თუ მოსახლეობა, მარტო ვერ გაუმკლავდება სტიქიებს, უნდა მოხდეს საზოგადოების ინტენსიური ჩართულობა!
სამწუხაროდ, არ ინტერესდებიან, ამა თუ იმ სოფელში რატომ არის ხევში ნაგავსაყრელი, ქვა-ღორღი, მდინარის კალაპოტში ახალი მცენარეები? აგრეთვე, წლების მანძილზე დაგროვილი ინერტული მასალაც, რომელიც მდინარეში წყლის მასის გატარებას ხელს უშლის და ნაკადი მდინარის ჭალებს კატასტროფულად აზიანებს...
ახლა გურიაში მოხდა ეს წყალმოვარდნა, მანამდე, შოვში, სამი თვის წინ სამეგრელოში, კიდევ სხვაგან მოხდება და ამისთვის დღეიდანვე მზად უნდა ვიყოთ... ნალექის რაოდენობა სეზონურად მომატებულია და მომავალშიც კიდევ მოიმატებს...
ყველა სოფელს თუ არა, თემს მაინც უნდა ჰყავდეს თითო სპეციალისტი, რომელიც, რეალურად შეაფასებს დასახლებული პუნქტების მდგრადობას, თუმცა საქართველოში რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რამდენიმე ათასი სპეციალისტი გვყავდეს, ამისთვის საჭიროა გეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის დარგების უფრო მეტად მხარდაჭერა, სახელმწიფოს მიერ, პროგრამების დაფინანსება, რათა ამ მიმართულებით სტუდენტებმა შესაბამისი, კვალიფიცირებული განათლება მიიღონ...
სტიქიური პროცესები უფრო მეტად იმატებს კლიმატის ცვლილების ფონზე, დრო არ ითმენს...
ექსპედიციების დროს, სადაც ვართ ხოლმე, სოფელსა თუ თემებში, ვაკვირდებით, დასახლებებისთვის გამოყოფილი სოფლის პროგრამის თანხები რაში იხარჯება, სამწუხაროდ, იშვიათია, მოსახლეობამ თავის საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით გამოყოფილი თანხები განკარგოს.
ჩვენი აზრით, საჭიროა, სოფლებისთვის, მარტო ლამპიონებისთვის, რიტუალების შენობების საძირკვლისთვის კი არ დაიხარჯოს თანხები, არამედ, მაქსიმალურად მოხდეს თემებისთვის საშიში, სტიქიური ადგილებისთვის პრევენციული ზომების მიღება...
ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, რადგან აუცილებელია, საზოგადოებამ მოახდინოს სტიქიური პროცესების რისკის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ვისწავლოთ ბუნებასთან ადაპტირებულად თანაცხოვრება!
ის, რაც შოვში მოხდა, ამ კურორტისთვის სამმაგი ტრაგედიაა. ჯერ ერთი, ამდენი ადამიანი შეეწირა, მეორეც, სამწუხარო ფაქტია, რომ შოვი, როგორც უნიკალური კურორტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მესამეც ის, რომ შოვის ეს ტრაგედია მეხსიერებაში ძალიან დიდხანს გასტანს.
შოვის აღდგენა, რეაბილიტაცია თუ უნდა მოხდეს, ისე ვეღარ მოხდება, როგორიც სამ აგვისტომდე იყო...
- თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელი იყო ადამიანების გადარჩენა?
- ბუნებრივია, დღეს ყველას ეგ კითხვა აქვს... როცა ასეთი კატასტროფები ხდება და ჩვენ ვიცით, შეიძლება სადმე მოხდეს (რადგან წარსულში მომხდარა, ათი ათასი თუ ათი წლის წინ), ასეთი დროს, გამოსავალი აუცილებლად უნდა არსებობდეს...
მაგალითად, 60 წლის წინ ასეთი მოვლენების პროგნოზირება ძნელი იყო, რადგან მაშინ ტექნოლოგია არ გვქონდა. ძველი მეთოდით უნდა გვცოდნოდა, რომ მოხდებოდა, წყალი ამღვრევას თუ დაიწყებდა ან მასის შეცვლას, რეაგირება შემდეგ მოგვეხდინა...
პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ კონკრეტულად მდინარე ბუბისწყლის აუზში კი არა, ყველა ასეთ საშიშ ადგილზე მდებარე მდინარეებზე ყურადღება უფრო მეტად გამახვილდეს. პროგნოზირების გარეშე ადამიანების ევაკუაციას ვერ მოახდენ, რადგან ევაკუაციას შეიძლება უფრო უარესი შედეგი მოჰყვეს, ვიდრე პროცესს...
ასეთი მოვლენების შემთხვევაში, როდესაც სადღაც, ხეობაში თუნდაც ერთი პროცენტი არსებობს, რაღაც საშიში ბუნებრივი პროცესი განვითარდეს, წინამზაობა უნდა იყოს... ჩვენ არ გვაქვს ხელთ ზუსტი მასალები და ვერ ვიტყვით, რომ ეს მდინარე წინა დღეს იტბორებოდა, ივსებოდა თუ არა, შემდეგ ხეობაში გამოინგრა და ასე მოხდა... ამის თქმა დოკუმენტის გარეშე, ეს იგივეა, რაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემების დროს არასწორი დიაგნოზი დაუსვა.
ვინმე ერთი თვითმხილველიც თუ არის, რომელმაც ნახა, რომ მდინარეში წყალი აღარ მოდიოდა და მან ამის შესახებ არავის უთხრა, ეს ძალიან ცუდია.
უფრო მეტად ცუდია, თუ ვინმეს უთხრა და რეაგირება არ მოჰყვა...
მეორე საკითხია, წარმოვიდგინოთ მდინარე, რომელსაც ისეთი ნაკადი აქვს, რომ ერთ საათში რამდენიმე ასეული ტონა წყალი ხეობაში ფიქსირდება. დავუშვათ, რომ ეს მდინარე შეტბორილიყო, რამდენიმე საათით დაგუბებულიყო და სხვა ყველაფერთან ერთად წამოსულიყო, მაშინ მხოლოდ კურორტის ტერიტორიას კი არ დაფარავდა, სოფელ გლოლასაც მთლიანად გადაუვლიდა...
ასე რომ, ეს დასაზუსტებელი საკითხია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ახლა იმაზე დავის დრო არ არის, თუ რა მოხდა! პროცესი დაფიქსირდა და ამ პროცესის დიაგნოზის დაფიქსირება ჭირისუფალს არაფერს შეუმსუბუქებს...
- ამ სეზონზე საფრთხე ისევ არსებობს?
- ზაფხულსა და შემოდგომაზე იგივე მოვლენები შეიძლება რომელიმე ადგილას კვლავ განვითარდეს. შემდეგ შესაბამისმა სტრუქტურებმა, მუნიციპალიტეტებმა, საჯარო და კერძო მოხელეებმა უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი მდინარეების ხეობებში, ასეთი მოვლენებისთვის მუდმივად მზად ვიყოთ...
თუნდაც ერთმა ადამიანმა დადასტურებულად რომ თქვას, მდინარეში წყალი აღარ მოდისო, მაშინვე მყისიერი რეაგირება უნდა იყოს.
ამ პროცესებმა ერთ სავალალო დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ცნობიერების შესახებ ვერც ერთმა სტიქიურმა მოვლენამ საქართველოში საზოგადოებას ვერაფერი ასწავლა... ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობიერების ამაღლება, ცოდნაა აუცილებელი.
წყალი რომ შეწყდა ეს რომ კარგის მომასწავებელი არ იყო, ამაზე უნდა ყოფილიყო ყურადღება მაქსიმალურად გამახვილებული!
"ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო", მაგრამ უკვე რამდენჯერ გადაბრუნდა ურემი, რამდენი დღე გავიდა... საქართველოში, ისეთი ხეობები, რომლებიც მყინვართანაა დაკავშირებული, ცხელი ზაფხულის პერიოდში რისკის შემცველია. ამიტომაც, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, ვიდრე ეს დღეს ხდება...
(სპეციალურად საიტისთვის)