ქართველი ექიმის ტუნისური ვოიაჟი - კვირის პალიტრა

ქართველი ექიმის ტუნისური ვოიაჟი

ქართველების პროფესიონალიზმი უცხო ქვეყნებში ძვირად ფასობს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ექიმ მალხაზ კაცაშვილთან, რომელმაც უცხოეთში წარმატებულ კარიერას სამშობლოში დაბრუნება არჩია:

1994 წელს გავემგზავრე. ექიმებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არჩევდნენ. ფრანგული ენა კარგად ვიცოდი და ჩემი საქმის პროფესიონალიც ვიყავი. ქალაქ ქიბილში გამანაწილეს, იქიდან 29 კილომეტრში საჰარის უდაბნო იწყება.

იმ პერიოდში თბილისში, ნევროლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, უცბად დამკრა თავში, რომ არსადაც არ უნდა გავფრენილიყავი, წამოვხტი, ჩანთას დავავლე ხელი და გააჩერეთ თვითმფრინავი, ჩავდივარ-მეთქი, დავიღრიალე. მგზავრებმა ისე შემომხედეს, სახეზე ეწერათ, გიჟიაო. ამ დროს თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა. მაშინ მტკიცედ გადავწყვიტე, მოსკოვის აეროპორტიდან თბილისში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მითხრეს - თუ არ მოგეწონება, ვინ დაგიშლის უკან დაბრუნებასო. ტუნისში სექტემბრის ბოლოს ჩავფრინდი და 15 წლით დავრჩი...

საზიარო ყავა

როგორც კი გაიგეს, ქალაქში ექიმი ჩამოფრინდაო, იმავე დღეს მომაკითხეს. მთელი განყოფილება შემოვიდა ჩემს გასაცნობად. ერთი ჭიქა ყავა ედგათ და მაგიდის ირგვლივ ისხდნენ. იქნებოდა 10-12 კაცი. ყავა ჩემკენ მოსწიეს, მიირთვითო. მეც მოვიყუდე. არ დამავიწყდება მათი გაოგნებული სახეები. რა ჰქენით, ექიმო, სულ დალიეთო? ახლა მე გავოცდი, რა იყო, ერთ ჭიქა ყავა დავლიე, ხარი ხომ არ შემიჭამია-მეთქი. რას ამბობთ, ეს ყავა მთელი დღის სამყოფი იყოო. მერე გავიგე, თურმე მოადუღებენ ერთ ჭიქა ყავას და რიგრიგობით წრუპავს მთელი განყოფილება.

აითქბირი

ტუნისში ახალ წელს აითქბირი ჰქვია. ყველა ოჯახი ცხვარს კლავს. იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობდი, ექვსშვილიანზე ნაკლები ოჯახი არ შემხვედრია. 12 და 15 შვილიც ჰყავთ. დიდი ოჯახები ხორცს იშვიათად ჭამენ. ამიტომ აითქბირი სწორედაც რომ  დღესასწაულია. სხვათა შორის, უმეტესობა ცხვარს განვადებით  ყიდულობს. შედარებით შეძლებული ოჯახები კარგა მოზრდილ ნაჭერს ჩამოჭრიან ცხვარს და ხელმოკლე ოჯახს უგზავნიან. სწორედ ამ დღესასწაულზე ვჭამე პირველად ცხვრის თავი. ტუნისში ის დელიკატესია. ცხვრის თავს რეცხავენ, ფოლგაში ახვევენ და კუშაში ამზადებენ. კუშა წინასწარ ამოთხრილი ორმოა, სადაც ნაკვერჩხალი იყრება. შიგ დებენ ცხვრის თავს და ზემოდან ისევ მიწას აყრიან. 40 წუთის შემდეგ შუაზე აპობენ და სუფრასთან მიაქვთ. ისე ტუნისელების მთავარი საკვები კუსკუსია - დაღერღილი ხორბლის კერძი. ცხარე კერძები უყვართ, მაგრამ თითქმის ყველა კერძი ერთმანეთს ჰგავს, როგორც შევატყვე, ერთნაირ სანელებლებს ხმარობენ. ჩვენი საზომით იქაურ ახალ წელს ნაკლებად ჰქვია დღესასწაული, სუყველა თავის ოჯახშია შეკეტილი და ჭამს.

მოკითხვა შევარდნაძეს

ტუნისში მაღალი დონის სასტუმროებია, პალმები, ზღვა... ყველა ქალაქი საკურორტო ზონაა. ოჯახის სიმძიმე ქალზე გადადის, 10-12-სულიანი ოჯახის მოვლა-პატრონობა არ არის იოლი. მამაკაცები მთელ დღეს ყავას სვამენ, თრიაქს ეწევიან, დომინოსა და კარტს თამაშობენ. ტუნისში სულ რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი, ერთმა ქვიშაში გაგორებულმა კაცმა მკითხა, სადაური ხარო? ჯორჯიან-მეთქი, თან ვფიქრობდი, ახლა მომიწევს ისტორიული ფაქტების მოშველიება, ამას რომ გავაგებინო, სად არის ჯორჯია-მეთქი. შევარდნაძე როგორ არისო, კარგი ძმაკაცივით მოიკითხა. ისე, ტუნისელებს პოლიტიკა სულ არ აინტერესებთ, საკუთარიც კი. პოლიციურ ქვეყანაში ძალიან დაშინებულია ხალხი. ერთხელ ქალაქს  პრეზიდენტი ეწვია და ხალხი გარეთ არ გამოსულა. იძულებულები გახდნენ, ძალით გამოეყვანათ მოსახლეობა, ხელში ალმები დააჭერინეს, თან გააფრთხილეს, კარგად უნდა აქნიოთო.

"სახიფათო" სცენები

გავიდა დრო  და საშინელი ნოსტალგია დამეწყო. იმავე პროექტით  სომეხი ექიმი  ჩამოვიდა და ერთმანეთი მოვძებნეთ, თორემ ძალიან გაგვიჭირდებოდა. ტელევიზორსაც ვერ უყურებ კაცი. თუ კადრში კაცი და ქალი მიუახლოვდებოდა ერთმანეთს, ტელევიზია მაშინვე ითიშებოდა და მხოლოდ მას შემდეგ ირთვებოდა, რაც "სახიფათო" სცენა დასრულდებოდა. ეს მაშინ, როცა ყველა ქალაქში ოფიციალური საროსკიპო იყო.

სიყვარულმა თავისი ქნა...

გამოხდა ხანი და არაბი გოგონა შემიყვარდა. ჩემი პრაქტიკანტი იყო. კარგა ხანს ვერ ვამხელდი ამ ამბავს, ის მაჰმადიანია, მე ქრისტიანი ვიყავი. მაგრამ სიყვარულმა თავისი ქნა და დავქორწინდით. სიდედრს ძალიან უნდოდა ქორწილი არაბული წესით გადაგვეხადა, მაგრამ სასტიკ უარზე დავდექი! ტუნისში ქორწილი ოთხდღიანია. სტუმრები სამი დღე ქალის ოჯახში ილხენენ, მერე სასიძოს ესტუმრებიან. პირველ დღეს მხოლოდ ჩაის სვამენ, მეორე დღეს მუსიკას უსმენენ, მესამე დღეს წყალსა და ნამცხვარს შეექცევიან. მეოთხე დღეს ქალს შესვამენ აქლემზე, თავზე გალიას ჩამოაცვამენ და მიიყვანენ ქმრის ოჯახში. ქალები ცალკე ცეკვავენ, კაცები - ცალკე. აი, ეს არის ქორწილი.

2003 წელს დავქორწინდით, 2005 წელს სოფი შეგვეძინა. 2010 წელს საქართველოში დავბრუნდი და მეუღლეც ჩამოვიყვანე, მაგრამ ვერ შეეგუა ჩვენს ტრადიციებს და უკან დაბრუნდა. მესმის მისი. ნოსტალგია ვერაგი რამ არის, იმდენად მენატრებოდა საქართველო, მახსოვს, ტელევიზორში ქართველთან ინტერვიუს რომ წავაწყდი, გულამოსკვნილი ვტიროდი. ჩემს პერსონალსაც კი ქართული სახელები დავარქვი: უფროს ექთან იუსეფს - სოსოია, მეორე ექთანს - თინიკო, დათუნაც მყავდა, მაგრამ მაინც ვერ ვაჯობე ნოსტალგიას.

(სპეციალურად საიტისთვის)