"ოქროს გალიის" ტყვე ქალები - კვირის პალიტრა

"ოქროს გალიის" ტყვე ქალები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალება უკვე შევიდა გასული წლის მასშტაბური მოვლენების ნუსხაში. "დიდი ბელადის" დაკრძალვის, უფრო სწორად კი მავზოლეუმში დასვენების, ცერემონიალი ფხენიანში ორ დღეს გაგრძელდა. ქვეყნის ლიდერს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა, ხალხი 13 დღე გლოვობდა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ წელს ზეიმობდა, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა კიმ ჩენ ირს დასტიროდა.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის 70 წლის ლიდერი გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზად „გონებრივი და ფიზიკური გადაღლა“ დასახელდა. ბოლო წლებში კიმ ჩენ ირს დიაბეტი და გული აწუხებდა, მაგრამ უარს მაინც ვერ ამბობდა სიგარებსა და საყვარელ კონიაკზე.

კიმ ჩენ ირმა ხელისუფლება მამის, კორეის სახალხო-დემოკრატიული რეპუბლიკის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა. ისევე, როგორც ახლა ხელისუფლების სადავეები მისი ვაჟის ხელში გადავა.

კიმ ჩენ ირის პირადი ცხოვრება მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, თუმცა რამდენიმე ამბავმა მისი სისუსტისა თუ გატაცების შესახებ მის სიცოცხლეშივე გამოჟონა. მაგალითად, "დიდ ბელადს" შემწვარი ვირის ხორცი უყვარდა და ვერცხლის ჩხირებით მიირთმევდა, უყვარდა მულტფილმის გმირი დაფი დაკი და ამ სასაცილო შავი იხვის მულტფილმების კოლექცია ჰქონდა, სულ მუდამ პლატფორმიანი ფეხსაცმელი ეცვა, რის წყალობითაც 10 სანტიმეტრით უფრო მაღალი ხდებოდა და კიდევ, ელიზაბეტ ტეილორი მოსწონდა.

სხვათა შორის, კიმ ჩენ ირის ერთ-ერთი პირველი სატრფო მსახიობი იყო. "დიდი ბელადის" სასიყვარული ისტორიები აქამდე ტაბუდადებული იყო, მაგრამ ახლა ბევრ რამეს მოეფინა ნათელი. კორეელი ყოფილი მოცეკვავე კიმ იონ სუნი მხოლოდ ახლა ალაპარაკდა, - თურმე 1967 წელს მის საუკეთესო მეგობარს რომანი ჰქონდა ჯერ კიდევ "ტახტის მემკვიდრე" კიმ ჩენ ირთან. ახალგაზრდა მსახიობი ქალი აწ გარდაცვლილმა ლიდერმა ერთ-ერთი წარმოდგენის შემდეგ გაიცნო, მოიხიბლა და შეუყვარდა კიდეც. სუნგ ჰიუ რიმი იმ დროს გათხოვილი იყო, მაგრამ დიდი გავლენის მქონე შეყვარებულ მამაკაცს წინ რა დაუდგებოდა. კიმ ჩენ ირი საგულდაგულოდ მალავდა მამისგან ამ რომანს, მიუხედავად იმისა, რომ მას და მსახიობ ქალს ვაჟიც კი შეეძინათ. ბაბუას შვილიშვილის არსებობასაც კი უმალავდენენ. საბოლოოდ ეს რომანი ახალგაზრდა ქალისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. როდესაც კიმ ჩენ ირი ხელისუფლებაში მოვიდა, გარემოცვამ მისთვის "შავი ლაქების" ჩამორეცხვა გადაწყვიტა. საიდუმლო პოლიციამ სუნგ რიმის მეგობრები და ნათესავები დააკავეს, რადგან ფრთხილობდნენ ამ სასიყვარულო ურთიერთობის დეტალები არ გაემჟღავნებინათ. ქალს კი ოჯახის წევრებთან ერთად დეპორტირებულთა ბანაკში უკრეს თავი, სადაც გარდაეცვალა მშობლები, ქმარი და შვილი. მან მოგვიანებით საბჭოთა კავშირს შეაფარა თავი, სადაც 2002 წელს გარდაიცვალა.

კიმ ჩენ ირის ერთადერთი ოფიციალური ცოლი იყო გენერლის ქალიშვილი კიმ იონ სუკი, რომელმაც მას ვაჟი გაუჩინა. ხანგრძლივი რომანი კიმ ჩენ ირს ოთხ ქალთან ჰქონდა, რომელთაგან 3 შვილი შეეძინა. ქალებს კიმ ჩენ ირი ძველი კორეული დინასტიების ყაიდაზე ეპყრობოდა, - დახურულ კარს მიღმა, ქმრის მბრძანებლობის ქვეშ ამყოფებდა. თვითმხილველების აზრით, ყველაზე ცუდი დღე მაინც სუნ ხიო რიმს დაადგა.

ამბობენ, რომ დიქტატორ კიმ ჩენ ირს მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი ქალი უყვარდა, მისი მემკვიდრის კიმ ჩენ ინის დედა, რომელთანაც მრავალი წელი იცხოვრა. 2004 წელს კო იონ ჰი პარიზში სიმსივნისგან გარდაიცვალა.

ბოლო ხანგრძლივი რომანი კიმ ჩენ ირს პიანისტ კიმ ოკისთან ჰქონდა, რომელიც 1980 წლიდან მისი პირადი მდივანი იყო. მას შემდეგ, რაც "დიდ ბელადს" ინსულტი დაემართა, კი ოკი მისი მომვლელიც გახდა და ისეთი გავლენა მოიპოვა ხელისუფლებაში, რომ მის წინამორბედებს არც კი დაესიზმრებოდათ. ამბობენ, რომ მან კიმ ჩენ ირს ქალიშვილი გაუჩინა. უცნობია, ჰყავს თუ არა ცხოვრების მეგზური ჩრდილოეთ კორეის ახალ ლიდერს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ჩრდილოკორეელი ლიდერების სიყვარული წყევლა უფროა, ვიდრე სიხარული.

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა (სპეციალურად საიტისთვის)