"არც ერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს?" - პირველი კომენტარები ესპანეთის ნაკრებთან ისტორიული მარცხის შემდეგ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0:4 დათმო. მამარდაშვილის კარში პირველი გოლი 22 - ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა, 27-ე წუთზე ავტოგოლი კვირკველიამ მიითვალა, 38 წუთზე ქართველების კარი დანი ოლმომ დალაშქრა, მე-40 წუთზე კი ისევ - მორატამ.
საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით დავმარცხდით.
საბოლოო ანგარიში 1:7 დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, ასეთი დიდი ანგარიშით საქართველოს ნაკრები ისტორიის განმავლობაში არ დამარცხებულა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:
"ძალიან ვწუხვარ გულშემატკივრის წინაშე, რომ ასეთი დიდი შედეგით წავაგეთ. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პერფორმანსი იყო, რაც მითამაშია ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა ესპანეთის ნაკრებთან შეიძლება წააგო, მაგრამ ასეთი დიდი სხვაობა არ მგონია, რომ უნდა ყოფილიყო. ხასიათი ვერ გამოვავლინეთ და შემდეგ თამაშში მინდა ვნახო ის ფეხბბურთელები, ვინც ითამაშებენ ისე, რომ უფრო მეტი ხასიათი გამოავლინონ. არც ერთი არ ვიმსახურებდით ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს. რა აზრი აქვს ბოდიშს? გული მწყდება რომ ასეთი ცუდი თამაში ვაჩვენეთ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ბოდიში მოიხადა:
"უპირველესად, დარწმუნებული ვარ, იცით, რომ თქვენს კითხვებს ყოველთვის ვპასუხობ. მაგრამ დღეს ისეთი კატასტროფული ანგარიშით წავაგეთ, 300 კითხვაზე პასუხიც არ იქნება საკმარისი...
პირველ რიგში, ბოდიში ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს, რომელიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდა, დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებდნენ...
შეიძლება ითქვას, დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც უბურთოდ, არც ტექნიკაში, არც კონტრშეტევაზე... თამაში ყველა დონეზე ჩავაგდეთ. უახლოეს პერიოდში დაველაპარაკები მოთამაშეებს, გავარჩევთ, რაც დღეს მოხდა. ვიმეორებ - კატასტროფული თამაში იყო, ეს ეხება როგორც მოთამაშებს და მეხება მეც...
ჩვენ პატიოსნად უნდა დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და უნდა შევთანხმდეთ, რა დონეზე ვართ ახლა და რა დონეზე უნდა ვიყოთ მომავალ წელს ერთა ლიგის ფლეი-ოფისთის, იმაზეც, თუ რა მოლოდინები გამაჩნია ნორვეგიასთან მატჩისთვის...
ცუდი და კარგი თამაში ფეხბურთის ნაწილია. მაგრამ ასეთი ჩავარდნა დაუშვებელია, დღეს ჩავთვალე, რომ გასახდელში ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა... ბოდიში, რომ დღეს ვერ გიპასუხებთ კითხვებზე, სალაპარაკო კი ბევრია... კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს! ყველა ერთად ვიმუშავებთ, რომ შემდეგ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ".