ვაჟა ლორთქიფანიძე: "ივანიშვილს რუსული ფული უკვე აღარა აქვს. რაც ჰქონდა, სააკაშვილის ხელისუფლებას დაახარჯა" - კვირის პალიტრა

ვაჟა ლორთქიფანიძე: "ივანიშვილს რუსული ფული უკვე აღარა აქვს. რაც ჰქონდა, სააკაშვილის ხელისუფლებას დაახარჯა"

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრ ვაჟა ლორთქიფანიძის საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე გამოჩენის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ ის აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. შევეცადეთ, გაგვერკვია, თუკი ეს სიმართლეა, რა არის მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი და მიზანი.

- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკი აუცილებლად არც მიმაჩნია, მაგრამ მოკლედ მაინც გეტყვით, რომ ჩემი გამოჩენა იმ პრეზენტაციაზე ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრინციპები და მიზნები მაინტერესებდა. მიმიწვიეს და მეც მივედი. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას, იმ პრინციპებს, რაც მან გააცხადა. თუმცა ჩემი ფილარმონიაში მისვლა არ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ მომავალს. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ორგანიზაცია "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", რომლის თავმჯდომარეც გახლავართ. რა ტაქტიკას აირჩევს "კავშირი", ჩვენი გადასაწყვეტია. ის ჟივილ-ხივილი, რაც ფილარმონიაში ჩემს, და არა მარტო ჩემს, გამოჩენას მოჰყვა, მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების აგრერიგად ნაქები "პიარნიჭიერება" გვარიანად დაიღალა.

- "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" ახსენეთ, არადა, 2004 წლიდან ეს "კავშირი" პოლიტიკურად ძალიან პასიურობდა.

- გეთანხმებით. 2004 წლამდე ჩვენი პარტია მართლაც წარმოდგენილი იყო პარლამენტში, გვქონდა ფრაქცია, ვხელმძღვანელობდით ორ კომიტეტს, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო ჩვენი სამოქმედო ტაქტიკა შეიცვალა, თუმცა "კავშირს" არსებობა არ შეუწყვეტია.

- როგორც მახსოვს, სააკაშვილის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი სხვადასხვა დროს თქვენი "კავშირის" წევრი იყო.

- სწორად გახსოვთ. ჩვენი "კავშირის" წევრები იყვნენ: გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, კახა ლომაია, დავით გამყრელიძე... ამაში განსაკუთრებული არც არაფერია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტია შეიძლება სწორედ თქვენს "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს" დაეფუძნოს.

- ეს მცდარი ინფორმაციაა. ის ხმაური, რაც "ქართული ოცნების" დაფუძნებას მოაყოლეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათზე დაქვემდებარებულმა ჟურნალისტებმა, აჩვენებს, რომ არსებითი საკითხებიდან ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მეორეხარისხოვანზე გადატანას. დააკვირდით: ხელისუფლების წარმომადგენლები ივანიშვილის პრინციპების შინაარსზე კი არ ლაპარაკობენ, მის მოსაზრებებს კი არ აკრიტიკებენ, არამედ უაზრო ბრალდებებს აყენებენ და ცდილობენ, ადამიანებს თავი ამართლებინონ. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ამ ბრალდებებს არავინ არ უნდა უპასუხოს და ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

გაუთავებელი ლაპარაკი ივანიშვილის რუსულ ფულზე უკვე სასაცილოა. ვამბობ ხოლმე: ივანიშვილს რუსული ფული უკვე აღარა აქვს. რაც ჰქონდა, სააკაშვილის ხელისუფლებას დაახარჯა-მეთქი. ახლა კი ფრანგულ ფულს ხარჯავს. რამდენი ილაპარაკეს სხვის რეტროგრადობაზე. შეიძლება ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილად განიხილო? ერთი ამბავი ატეხეს, შევარდნაძის ხელისუფლების ძველი სახეებიო!

ისე, დღევანდელ ხელისუფლებას უნდა შევახსენო, რომ მე "მოქალაქეთა კავშირიდან" 2000 წელს წამოვედი და მათი უმრავლესობა კი მაშინდელ პოლიტიკურ ელიტაში საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებად და მინისტრებად დავტოვე. მოკლედ, ეს ხალხი 17-18 წელიწადია, ხელისუფლებაშია. ჰოდა, თუ ძველი სახეების ნახვა მოუნდებათ, ერთმანეთს გადახედონ

რაც შეეხება ოპოზიციას: ბიძინა ივანიშვილის პიროვნებაში ყველაზე მეტად კაცთმოყვარეობა და გულმოწყალეობა მომწონს და სწორედ ამას ეფუძნება მისი პოლიტიკური პრინციპები. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ რაც შეიძლება ფართო პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს და მიაღწიონ დიდ საზოგადოებრივ ერთობას. მესმის, რომ დრო ცოტაა, ამიტომაც საჭიროა გაბედული და აქტიური ნაბიჯების გადადგმა.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)