მიზეზი, რამაც შესაძლოა სომხეთ - აზერბაიჯანის ახალი ომი გამოიწვიოს - კვირის პალიტრა

მიზეზი, რამაც შესაძლოა სომხეთ - აზერბაიჯანის ახალი ომი გამოიწვიოს

დღეს ყარაბაღში, რომელიც სამი ათეულ წელზე მეტია შეიარაღებული კონფლიქტის ზონას წარმოადგენს, „პრეზიდენტს“ ირჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ „თვითაღიარებული ყარაბაღი“, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი, გაეროს არცერთ წევრ ქვეყანას, მათ შორის არც თვით სომხეთს არ უღიარებია...

ამიტომაც ყარაბაღში „პრეზიდენტს“ აირჩევენ თუ „მეფეს“ დასვამენ ტახტზე, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ეს ფაქტი შეიძლება საუკეთესო საბაბად გამოიყენოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომ განაახლოს სამი წლის წინ შეჩერებული წარმატებული საბრძოლო მოქმედებები, რომ საბოლოოდ დაამყაროს თავისი დე ფაქტო იურისდიქცია მთელს ყარაბაღზე და ერთხელ და საუდამოდ მოუკლას სომხებს, ყარაბაღის სახით „მეორე სომხეთის“ შექმნის ისტორიული ოცნება...

ბოლო დღეებში ვრცელდება ბევრი ვიდეოკადრი, რომლებზეც ასახულია აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკების, შეჯავშნული მანქანებისა და საარტილერიო დანადგარების ყარაბაღის მისადგომებთან გადასროლის პროცესი.

სხვათაშორის, აზერბაიჯანულ ტექნიკაზე დახატულია ლათინური ასოები, დაახლოებით ისე, როგორც 2022 წლის 24 თებერვლამდე ამას აკეთებდა რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრის წინ, რაც შეიძლება ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც იყოს სომეხი სამხედროების მიმართ...

ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის კონცეტრირება არა მარტო ყარაბაღის, არამედე სომხეთის საზღვრის გაყოლებითაც მიმდინარეობს, რაც აღძრავს ეჭვს, რომ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებები არა მარტო ყარაბაღში გაიმართება, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც, რაც ამ ორ, ჩვენს მეზობელ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხეზეც მიუთითებს...

4 სექტემბრის ჩემს ბლოგში - „საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ვის ჰყავს ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარი სამხრეთ კავკასიაში?!“ მკითხველს შევთავაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის დღეისათვის არსებული შედარებითი, მიახლოებული ბალანსი, რომელიც პირწმინდად აზერბაიჯანის დიდ უპირატესობაზე მეტყველებს.

შესაბამისად, სომხეთ-აზერბაიჯანის დიდი ომის დაწყების შემთხვევაში,რაც ძალზე მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში,ბაქო თავიდანვე დიდ უპირატესობას შეიძენს თურქეთის გვერდში დადგომისა და რუსეთის სომხეთისგან დისტანცირების ფონზე, თუმცა ღიად რჩება ირანის სომხეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა (ყველაფერ ამაზე იხილეთ ანალიტიკური მასალა „კვირის პალიტრის“ 11 სექტემბრის ნომერში, რუბრიკაში „სამხედრო საქმე“, თუკი მანამდეც არ გაჩაღდა ეს ომი).

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ირანის არმიის მიერ სამხედრო ტექნიკის სომხეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილების შესახებ-თეირანის მიერ ერევნისთვის ღია სამხედრო დახმარების აღმოჩენა გამორიცხული ნამდვილად არ არის,რაც უცილობლად უბიძგებს თურქეთს ჯარები შეიყვანოს აზერბაიჯანის ნახიჩევანში...

მოკლედ, სიტუაცია ჩვენს სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის ბოლო, 2020 წლის სექტემბერ-ნომბრის ომიდან სამი წლის თავზე, უკიდურესად იძაბება და თუკი რამე დაიწყო, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბებს მიიღებს...

თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სომხეთს გვერდში იგივე ირანი თავისი არმიით ამოუდგება, რადგან ერთი-ერთზე ბრძოლაში, სომხები მწარედ დამარცხდებიან აზერბაიჯანელებთან...

რუსეთ-სომხეთს შორის არსებული კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულება ითვალისწინებს სომხეთის სამხედრო ძალით დახმარებას, თუკი უცხო ქვეყნის არმია სომხეთის ტერიტორიაზე გადავიდა, მაგრამ წავა კი ამაზე ის პუტინი, რომელიც აღარც მალავს ფაშინიანის ხელისუფლების სასწრაფო შეცვლის სურვილს, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ფაშინიანი მეუღლეს ჰუმანიტარული ტვირთით კიევში ოფიციალურად აგზავნის, ხოლო სომხეთის პოლიგონზე კი ამერიკელ სამხედროებს იწვევს ერთობლივი სწავლების გასამართად?

ბოლო ინფორმაციების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დღეს ერთმანეთის მიყოლებით სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან, რათა მაკრონსა და შოლცს ფაქტობრივად ეშუამდგომლა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან მისი სასწრაფო პირისპირი შეხვედრის ორგანიზებაში...

ფაშინიანს ნამდვილად სურს ყველანაირად აიცილოს ახალი ომი აზერბაიჯანთან და ბევრ დათმობაზეც წამსვლელია, თვით ყარაბაღის აზერბაიჯანის სახელმწიფოში ცნობის ჩათვლით, მაგრამ მოსკოვის მიერ მართული ყარაბაღელი სომხები ფაშინიანის ხელისუფლებას ფაქტობრივად აღარ ემოჩილებიან, უფრო მეტიც, სწორედ „ყარაბაღის კლანის“ - ქოჩარიანისა და სარგსიანის დუეტის გამოყენებით პუტინი ეცდება დასავლეთისკენ გადახრილი ფაშინიანის ხელისუფლების დამხობას ერევანში სამხედრო ამბოხის ორგანიზებით...