"ეს მდინარე ბოლოს 1979 წელს გაილია და მაშინ მთლიანად დაიტბორა მოსახლეობა" - რა ვითარებაა წალენჯიხაში, სადაც მდინარე მაგანაზე წყლის ნაკადი შემცირდა?
უხვმა ნალექმა გურიის გარდა საქართველოს სხვა კუთხეებშიც შექმნა პრობლემა, ამიტომ მოსახლეობა ძალიან ღელავს. გუშინ განგაში წალენჯიხაშიც ატყდა და მოქალაქეებმა დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობის ინფორმაციით, მდინარე მაგანაზე წყლის ნაკადი ეს დღეებია საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ ეჭვობენ, რომ შესაძლოა, აღნიშნულ ხეობაში წყალი იყოს დაგუბებული.
ცხელ ხაზზე შესულ შეტყობინებას მყისიერად მოჰყვა რეაგირება. სიტუაციის გასაცნობად ადგილზე ჩავიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მასთან ერთად იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსი და წალენჯიხის მერთან ერთად ისინი ხეობაში წავიდნენ. გუშინ მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება ნისლის და წვიმის გამო ვეღარ მოხერხდა. სპეციალისტები ჩაერთვნენ საქმეში და ახლა გამოდარებას ელოდებიან.
წალენჯიხის მერიამ გუშინ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ურჩია ღამე სახლებში არ გაეთიათ და როგორც შევიტყვეთ, დაახლოებით 15 ოჯახი წუხელ ნათესავებს აფარებდა თავს.
წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია:
- მაგანას მდინარე და მაგანას ხეობა არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში. ეს მდინარე ბოლოს 1979 წელს გაილია და მაშინ მთლიანად დაიტბორა მოსახლეობა. ამიტომ დღეს ფრთხილობს ხალხი, რომ იგივე ან განმეორდეს. ორი დღის წინ მოსახლეობამ და ჩვენ შევატყვეთ, რომ მდინარე გაილია, ამიტომ გადავწყვიტეთ გავარკვიოთ ამის მიზეზი. მით უფრო გუშინ მთელი დღე იყო წვიმა, მაგრამ მდინარემ იმ რაოდენობით არ მოიმატა, რასაც სხვა დროს იმატებდა და რასაც მიჩვეულები ვართ. ამიტომ ახლა მიდის შესწავლა. სამხარეოდან ჩამოვიდნენ გუბერნატორი და ასევე სხვა წარმომადგენლები, ჩამოვიდნენ გეოლოგებიც, დრონი ჩამოიტანეს, რომ ხეობა დაეთვალიერებინათ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან მაღალი ნალექია, წვიმდა და იქაურობა ნისლით იყო დაფარული.
ხეობაში, სიღრმეში, ვერ მოხდა დრონის შეშვება. ახლა ველოდებით გამოდარებას, რომ მოხდეს ვერტმფრენით ხეობის დათვალიერება. ახლაც ხეობაში იმყოფება გუბერნატორი, გეოლოგიური სამსახური, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და აუცილებლად მიგვაჩნია ვერტმფრენით დათვალიერდეს ხეობა სიღრმეში, რომ გაირკვეს, რატომ გაილია მდინარე. მხცოვანი ადამიანები ამბობენ, რომ ასეთი მცირე ნაკადი არასოდეს ახსოვთ. მით უფრო შოვის ტრაგედიის შემდეგ და გურიის სტიქიის შემდეგ მოსახლეობა შიშობს, ამიტომ გაიცა რეკომენდაცია, რომ მდინარის მიმდებარედ ვინც ცხოვრობს გახიზნულიყვნენ სახლებიდან ღამე, რადგან მაღალი ნალექიანობა იყო გამოცხადებული.
- მეწყერსაშიში ზონები არის იმ ტერიტორიაზე?
- მეწყერსაშიშ ზონებზე ასე ვერ იტყვი, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა. მითუმეტეს გვაქვს მაგალითები. რომ მიექციათ ყურადღება ვერეს ხეობისთვის, როცა ვერე გაილია, შოვში რომ მიექციათ ყურადღება, შეიძლება ეს უბედურება არ მომხდარიყო. ბუნება გელაპარაკება და შენ უნდა გაიგო რას გეუბნება. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მინიმალური საფრთხე თუ არის, მაინც სჯობს პრევენციას მივმართოთ. ამ მომენტში ნალექი შემცირდა, მაგრამ ჯერ არ გადაუღია და ჯერ ისევ ნისლია.
ზურაბ სამუშია, ადგილობრივი:
- ახლაც აქ ვდგავარ მაგანას ხიდთან და ვაკვირდები. გადაუღებლად წვიმს, მაგრამ ცვლილება არაფერი არ არის. მდინარე არ არის ადიდებული, ცოტათი მოიმატა ამ წვიმების დროს. ცოტა მომატება აფიქრებს მოსახლეობას, რომ შეიძლება იყოს დაგუბებები უფრო ქვემოთა შენაკადებისგან. თუმცა ჯერ დარწმუნებით რაიმეს თქმა არ შეიძლება. ველოდებით გამოდარებას. აქ მონიტორინგზე არიან მოსულები გარემოს დაცვის თანამშრომლები. ველოდებით გამოდარებას და შემდეგ ვერტმფრენი მოფრინდება და მოხდება ხეობის დეტალური დათვალიერება. აქამდე სულ წვიმდა, დიდი ნისლი იყო ხეობაში.
ამ ხეობის სათავე არის ტობავარჩხილის მიმდებარედ. ერთი შენაკადი ტობავარჩხილიდან გამოდის, ხოლო ძირითადი შენაკადი იქ ცოტა მოშორებით არის. იქ მწყემსები არიან, მათთან გუშინ წინ წავიდნენ, რადგან უწევთ ახლა ლოკაციის შეცვლა მწყემსებს, იქიდან არ არის კომინიკაციის საშუალება, მაგრამ თუ იქ, ზემოთ, დაგუბება იქნებოდა, ისინი აუცილებლად დაბრუნდებოდნენ უკან, გზას ვერ გააგრძელებდნენ. მათგან ჯერ ინფორმაცია არ მიგვიღია, ეს გვაფიქრებინებს რომ ზემოთ არ არის დაგუბება.
მდინარეზე დაგუბება რომ ყოფილიყო, იქ ვერ გადავიდოდნენ. ამიტომ ჩვენ უფრო ვვარაუდობთ, რომ უფრო დაბლა არის ასეთი ადგილი "ქუა უჩას" ეძახიან და შესაძლოა იმ მიდამოებში იყოს დაგუბებული. არც ის არის გამორიცხული გვალვების გამოც იყოს შემცირებული მდინარის ნაკადი, შესაძლოა არ იყო დიდი წვიმები მთაში. ახლა დღეს ცოტათი ადიდებული და ამღვრეულია ჯვარში მდინარე. ჯვარში დიდი წვიმაა, სხვა მდინარეები და ღელეები ადიდდა.
- მეწყერსაშიში ადგილებია იმ ტერიტორიაზე, რომ ჩაეხერგა?
- არის მეწყერსაშიში ადგილები და ამიტომ ითხოვს მოსახლეობა იმ ადგილების დათვალიერებას. მიუწვდომელი ადგილებია, იქ ფეხით ვერ მიხვალ, ამიტომ ვერტმფრენით უნდა დათვალიერდეს. 1979 წელს იყო შემთხვევა, როცა სვანეთის გზა გაკეთდა დიდი წყალდიდობა იყო. ხალხი გამოიყვანს ვერტმფერენებით სამშვიდობოს. აქ ერთი ქუჩაა ძირითადად, რომელიც მდინარის ძალიან ძველ კალაპოტშია. მაშინაც ის ადგილები დაიტბორა. 15 ოჯახი დაიტბორა მაშინ და ამიტომ ვფრთხილობთ ახლაც. წუხელ უმრავლესობა ნათესავებთან გადავიდა. პირდაპირ დარტყმის ქვეშ არის 15 ოჯახი.
- მდინარის ძველი კალაპოტის ადგილზე სახლებია?
- ეს არის ძალიან ძველი. მაგანას ხიდი 90 წლის წინ არის აშენებული, უფრო ადრე დაახლოებით 100 წლის წინ კალაპოტი იქითკენ ყოფილა, სადაც ახლა მოსახლეობა ცხოვრობს. მერე აუშენეს დიდი კალაპოტიც, წყალშემკრები აუზი საკმაოდ დიდია, მაგრამ მოსახლეობას სხვა დროს არ დამუქრებია. 1979 წლის ფაქტის მიზეზიც ცნობილია. მაშინაც სვანეთის ახალ გზას აკეთებდნენ და საგზაო სამუშაოების დროს ჩამოიქცა ფერდობი, იმან ჩახერგა მდინარე და ის იყო მიზეზი. მერე ნაპირსამაგრი სამუშაოები გაკეთდა, ენგურის ხიდის დროს არის გაკეთებული. ძალიან მაღალი კედელი, 3 მეტრის სიმაღლის, ეს წლები ჩამონატანს საკმაოდ აქვს შევსებული და საჭიროა ამის გაწმენდაც, მაგრამ ახლაც 2 მეტრის სიმაღლის კედლები მაინც არის.
- "ქუა უჩა" ახსენეთ, იმ ადგილას მეწყერის საშიშროება ხომ არ არის, რამ შეიძლება ჩახერგოს იქ?
- ჯვარიდან 8 კილომეტრის დაშორებით არის ეს ადგილი, მაღალი ადგილია "ქუა უჩას" ეახიან. იქ ვიწრო კალაპოტია. ვერ გაივლი ამ ადგილს. ფერდოები არის საკმაოდ. წითელმიწიანი ნიადაგია და როცა ადიდდება ხოლმე, მდინარე ფერს იცვლის და წითელ ფერს იღებს. ვვარაუდობთ, რომ ალბათ იქ იქნება დაგუბება. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ რადგან დიდი გვალვები იყო, სიმცირის მიზეზი შეიძლება ეს იყოს. 70 წლის ვარ და სხვებიც ამბობენ, რომ ასეთი პატარა ეს მდინარე არ გვახსოვს. პრევენცია საჭიროა.
მე პირადად დავრეკე 112-ში და მყისიერი რეაგირება მოყვა. ამ დრომდე აქ არიან სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეოს ხელმძღვანელობა. როგორც ადგილობრივი ხელისუგლება, ასევე გუბერნატორი, გუბერნატორის მოადგილე. ამ დილით 7 საათზე უკვე აქ იყვნენ მესტიიდან ჩამოსული გარემოს დაცვის თანამშრომლები და ყველა ელოდება გამოდარებას. ვნახოთ რას ნახავენ დათვალიერების შედეგად.
(სპეციალურად საიტისთვის)