"შეიძლება ვიღაცამ მითხრას, პატრიოტი როგორ ხარ, თუ საქართველოში არ ცხოვრობ და ინდოელი ქმარი გყავსო? დიახ, პატრიოტი ვარ - ჯერ ჩემი ქვეყანა და მერე სხვა" - როგორ შექმნა ქართველმა მხატვარმა გერმანიაში ქართულ-ინდური ოჯახი - კვირის პალიტრა

"შეიძლება ვიღაცამ მითხრას, პატრიოტი როგორ ხარ, თუ საქართველოში არ ცხოვრობ და ინდოელი ქმარი გყავსო? დიახ, პატრიოტი ვარ - ჯერ ჩემი ქვეყანა და მერე სხვა" - როგორ შექმნა ქართველმა მხატვარმა გერმანიაში ქართულ-ინდური ოჯახი

მე და ჩემი რესპონდენტი ერთ დღეს, 27 თებერვალს ვართ დაბადებული, ჰოროსკოპით თევზებია. ეს კი უკვე იმას "ნიშნავს" და განსაზღვრავს, რომ ხელოვნება, პედაგოგიკა მისი მოწოდებაა. ასეც არის: მისი პირველადი პროფესია მხატვრობაა. თბილისში ჯერ სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში - ტექსტილის დიზაინის განხრით. შემდეგ საშუალება მიეცა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში გამგზავრებულიყო და ბერლინის აკადემიაში თანამედროვე ტექსტილის მიმართულების განხრით კურსი გაევლო. მალევე ბერლინიდან შტუტგარტის უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ შეხვდა ადამიანს, რომელთანაც ორიოდე წლის წინ ოჯახი შექმნა და დღეს ის შტუტგარტის ერთ-ერთი ბაღში აღმზრდელი პედაგოგია.

თეა ჭყონია:

- გერმანიაში 2013 წლის ზაფხულში ჩამოვედი. ბერლინში სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავდი. თან სტიპენდიაც დამიმთავრდა და ვეღარც მოვახერხებდი დარჩენას, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა შტუტგარტში გადასვლა შემომთავაზეს. ვიფიქრე, ცოტა ხნით დავრჩები, სამსახურს ვიშოვი და თან ენას ვისწავლი-მეთქი. სამსახურს დიდხანს ვეძებდი. ვინაიდან ენა არ ვიცოდი, ეს დიდი ბარიერი აღმოჩნდა. ახლა ყველას ვურჩევ, საზღვარგარეთ რა მიზნითაც უნდა დაგეგმონ გამგზავრება, მანამდე აუცილებლად ისწავლონ ენა. 2015-2016 წლიდან გერმანული ენის შესწავლის ინტენსიურ კურსს გავდიოდი. პარალელურად ორ სამსახურში დავსაქმდი, ტანსაცმელების მაღაზიასა და წიგნების ქარხანაში. 2015 წლის მაისში, ენის კურსებზე ჩემი ახლანდელი მეუღლე სატიაკამ ბარუა გავიცანი. თუ მანამდე საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაშინ უკვე გეგმები შემეცვალა. ჩემი მეგობარი ვალდორფის პედაგოგიკას სწავლობდა. სწავლების მეთოდოლოგიით, არსითა და სისტემით მეც დავინტერესდი. ჩავაბარე, მაგისტრატურა გავიარე და დღეს ვალდორფის ხელოვნებისა და ხატვის უფროსი მასწავლებელი ვარ - შემიძლია აბიტურიენტების ასაკის მოსწავლეების მომზადება, 8-დან-13 კლასის ჩათვლით. ამ ეტაპზე ვმუშაობ და ვსწავლობ - ამჯერად პატარების, 0-6 წლამდე ვალდორფის პედაგოგიკის განხრით ვიმაღლებ კვალიფიკაციას და აღებული მაქვს ერთწლიანი კურსი, როგორიცაა ხელის ჟესტებით თამაში, რაც კომუნიკაციას როგორც ვერბალურად, ისე ხელების დახმარებით ითვალისწინებს.

- დღესდღეობით სად მუშაობთ?

- სწავლამ დიდი ხნის განმავლობაში მომიწია. გერმანიაში პედაგოგიკის შესწავლა არ არის მარტივი და თან, ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. სწავლის პერიოდში სკოლაში ბევრი პრაქტიკა მქონდა და ვფიქრობდი, რომ მუშაობას რომელიმე სკოლაში დავიწყებდი, მაგრამ საამისო მოტივაცია მას შემდეგ დავკარგე, რაც სწავლის დასრულების შემდეგ, ვალდორფის ერთ-ერთ ბაღში მოვხვდი. დღემდე ბავშვებთან ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მომწონს. არადა, ბავშვობიდან დედას პროტესტით ვეუბნებოდი, მასწავლებელი არასდროს ვიქნები-მეთქი. თურმე მართალი ყოფილა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს! ჩემი საქმე რომ ძალიან მომწონს. ალბათ მიზეზი ისიც არის, რომ მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, ეს დიდ ბედნერებას მანიჭებს. ვფიქრობ, ის სირთულეები, რაც გამოვიარე, ღირდა იმისთვის, სადაც ახლა ვარ. პატარებთან, ჩემს 25 ბავშვთან ვმუშაობ და ვარ ძალიან ბედნიერი (იღიმის). შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ პოზიტიური ენერგია მაქვს და ბავშვებიც ასეთივე ენერგიას გადმომცემენ, რაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმყვება. ძალიან ვავსებთ ერთმანეთს.

- ორიოდ სიტყვით, ისიც ვთქვათ, როგორია ყოველდღიურობა და სამუშაო განრიგი?

- ვალდორფის პედაგოგიკა ძალიან სპეციფიკურია. თუ ჩვენთან კონკრეტულ საათებში უფროსი უზის და ასწავლის, აქ ბავშვს ყოველდღიურად შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს ოთახში არსებულ სტენდთან, აიღოს სახატავი საშუალებები, ფანქრები, ფურცლები და თავისი ფანტაზიით ხატოს. თუ ბავშვი მოვა და თავის ნახატზე მკითხავს, ლამაზიაო? ტექნიკურ მხარეს კი არ ვუფასებ, არამედ ვეუბნები, რომ ლამაზი ფერები გამოუყენებია.

გვაქვს სხვადასხვა ღონისძიება, რომელსაც ფესტივალებს ვეძახით. აქ არ იგულისხმება ბავშვების ნახატების გამოფენა ან რამე მსგავსი. ფესტივალის მსვლელობისას სხვადასხვა თამაშში უნდა ჩაერთო ბავშვებთან ერთად, მოდიან მშობლები, იშლება ა-ლა-ფურშეტი და ა.შ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ბავშვი სკოლამდე ასაკში რომელიმე წრეზე ატარო. უმჯობესია, თავად განვითარდეს და უკვე მერე გამოავლინოს იმ რომელიმე კონკრეტული სფეროს თუ სფეროებისადმი ინტერესი. ბაღში სრული განაკვეთით ვმუშაობ, 3-დან 7 წლამდე ბავშვებთან. დღეები ყოველთვის დატვირთულია, დავდივართ ტყეში, რომელიც ბაღის გარშემოა და იქაც სხვადასხვა თამაშით ვართ დაკავებული.

- ჩვენთან და არა მხოლოდ, ბავშვების ტექნიკასთან ურთიერთობა დიდი პრობლემაა, ბაღში პატარებს ტელეფონის გამოყენების საშუალება თუ აქვთ?

- არა. ჩვენი ბავშვები მობილურებით არ სარგებლობენ. და საერთოდ, აქ 3 და 7 წლის ბავშვს ტელეფონები არ აქვთ. ბაღში რომ მივდივარ, მობილურს ჩანთაში ვტოვებ. ტელეფონები სერიოზული პრობლემაა და სამწუხაროდ, ის ბავშვის განვითარებას ძალიან აფერხებს.

india-2-1694285004.jpg

- ხატვას თუ ახერხებთ, თუ გრჩებათ საამისო დრო?

- დიახ, მე და ჩემს მეუღლეს შტუტგარტში 3-ოთახიანი ბინა გვაქვს, რომლის კედლებზე, ჩემს ნამუშევრებთან ერთად, საქართველოს დროშაც მაქვს გამოფენილი. ბინის ერთ ნაწილში მოწყობილია ჩემი პატარა სივრცე-სახელოსნო, სადაც ახლა ვმუშაობ თემაზე "ავტოპორტრეტი" და მინდა ამ სერიით საქართველოში გამოფენა მოვაწყო.

- უნდა ვისაუბროთ თქვენს მეუღლეზეც, მის ოჯახსა და ქორწილზეც, რომელიც ინდოეთში ტრადიციულ სამოსში გქონდათ...

- როგორც აღვნიშნე, სატიაკამ ბარუა გერმანული ენის კურსებზე გავიცანი. პროფესიით ინჟინერია. ჯერ ინდოეთში მუშაობდა პროფესიით, ახლა შტუტგარტში. ისიც თევზებია, ორივე 1985 წელს ვართ დაბადებული, ის 24 თებერვალს, მე კი - 27-ში. 2015 წლის აგვისტოდან ოფიციალური შეყვარებულები ვიყავით, ხოლო 2021 წლის 26 დეკემბერს ქორწილი ინდოეთში გვქონდა. გვინდოდა ჩვენი ქორწილი გრანდიოზული ყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და ჩვენც აღარ გადავდეთ. ქორწილში სატუს მეგობრები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემები - არა. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩამოვიდნენ დედაჩემი და ჩემი ძმა... სატუ დედისერთაა. ისევე, როგორც მე, მასაც ძალიან ახლო, ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მშობლებთან. მისი მშობლები ახლა პენსიაზე არიან, მანამდე დედამთილი პედაგოგად მუშაობდა, ხოლო მამამთილი ბანკის მმართველი იყო. მორწმუნეები არიან, ხშირად ლოცულობენ და ტაძარშიც დადიან. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლე ძალიან ტრადიციულია და ყველა წესს იცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქორწილი გარკვეულწილად მოქცეული იყო ინდურ ტრადიციულ ჩარჩოებში. ჩემი მეუღლე ასამიდანაა, სადაც აბრეშუმი და ჩაი იწარმოება. მე აბრეშუმზე ვხატავ და 2015 წლის ზამთარში ინდოეთში პირველად რომ გავფრინდით, პატარა სოფლების სახელოსნოებში ვიყავით, სადაც აბრეშუმს აწარმოებენ და საკუთარი თვალით ვნახე დამუშავების პროცესი. ჩვენ ქალის ტრადიციულ ინდურ სამოსს "სარის" ვეძახით, მაგრამ ყველა სამოსს ასე არ ჰქვია. ქორწილში მეცვა ტრადიციული კაბა, ასამის აბრეშუმის, რომელსაც მეხელა სადორ ჰქვია. საქორწილო სამოსისთვის ზომები ავიღეთ და ინდოეთში ჩემს დედამთილს გავუგზავნეთ, რომელმაც აარჩია ქსოვილები, მანვე დაამზადებინა ჩემთვის ორი კოსტიუმი, თეთრი და წითელი, მათზე ყველა დეტალი ხელით არის დამუშავებული. დილას ვიყავით ტაძარში, სადაც ჯვრისწერის რიტუალი ჩატარდა. იმ დროს მეცვა თეთრი ორნამენტებიანი სამოსი, ხოლო საღამოს - წითელი. წესით, ტაძარში პატარძალი მამამის მიჰყავს, მაგრამ ვინაიდან მამაჩემი გარდაცვლილია, ეს მისია ძმამ იკისრა. ოჯახის წევრებისა და რამდენიმე სტუმრის თვალწინ, თეთრ ტაძარში, ფეხშიშველი ვისხედით ცეცხლის გარშემო და ეს სცენა ძალიან ლამაზი იყო. საღამოს, ჩვენ მიერ დაქირავებულ დიდ სასტუმროში, ინტერიერი ბევრი ყვავილით იყო გაწყობილი. იქ უკვე 200-მდე სტუმარი მოვიდა, მაგრამ რეგულაციების მიხედვით, საღამოს 10-მდე გვქონდა თავშეყრის უფლება და მერე დავიშალეთ. მანამდეც, ქორწილამდე, კარანტინში ყოფნა 7 დღე მოგვიხდა. ზუსტად მე-7 დღეს იყო ჩვენი ქორწილი, რომლის ყველა დეტალის ორგანიზება, მოსაწვევების დარიგება, სტუმრების მოწვევა თუ სხვა, ჩემს დედამთილ-მამამთილს მოუხდათ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ კარანტინიდან პირდაპირ ქორწილში მოვხვდით. ამავე მიზეზით, ხელების მოხატვა, კურკუმით სახის დაბანა და სხვა რიტუალებიც შინ ჩატარდა, თორემ წესით, ქორწილი 3 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. მეჯვარეები არ გვყოლია, ვინაიდან ხელმოწერის ცერემონია არ გვქონდა. საღამოს, ქორწილში მე და ჩემი მეუღლე ვისხედით დიდ, ლამაზ ტახტზე, მოდიოდნენ სხვადასხვაფერ სამოსში ჩაცმული სტუმრები, გვილოცავდნენ და საჩუქრებს გვართმევდნენ. თავი ინდოელი პრინცესა მეგონა (იცინის).

indi-1694284928.jpg

- ჰო, ისეთი განცდა იქნებოდა, თითქოს დედოფალს ძღვნით ეახლნენ...

- ზუსტად. ასეთივე განცდა ინდოეთში პირველივე ჩასვლისას მქონდა, ყველა მოდიოდა და ჩემთან ფოტოს, ვიდეოს იღებდა. თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, თავს დედოფლად გაგრძნობინებენ... ქორწილის შემდეგ კი, მე, ჩემი მეუღლე, დედაჩემი, ძმა და დედამთილ- მამამთილი სპილოების საფარში წავედით, იქ რამდენიმე დღე დავყავით. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვფრინდით. სატუს ჩვენი ქვეყანა დავათვალიერებინეთ. მას ძალიან უყვარს ქართველები და ამბობს, თბილი, ყურადღებიანი ხალხიაო. წარმოშობით ფოთიდან ვარ. მეუღლეს რამდენიმე ადგილი რომ დავათვალიერებინე, გამოფრენამდე 2 დღით ადრე კორონავირუსი დაგვიდასტურდა. ახლა კარანტინის გავლამ უკვე საქართველოში მოგვიწია. იმ პერიოდში ოჯახის წევრები, მეზობლები, მეგობრები რომ საკვებით გვაკითხავდნენ და გვიტოვებდნენ, ამგვარი ყურადღებით ჩემი მეუღლე გაოცებული იყო. ამბობდა, ასეთი დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი ინდოეთში უწინ იყო, მაგრამ დღეს აღარ ხდებაო.

- საქართველოს დათვალიერება მოახერხეთ?

- სატუს საქართველოში ბევრი ადგილი აქვს ნანახი: კახეთი, მარტვილი, ქუთაისი, ბათუმი... ქართული კერძებიდან ჩაქაფული და ლობიანი ყველაზე მეტად მოსწონს. ფოთი უყვარს და ამბობს, რომ ფოთელია. საქართველოს მუდმივად ახსენებს. ქართული სიტყვები ესმის და ცდილობს, მეტი აითვისოს. ახლა დაბადების დღის მილოცვის ტექსტიც ისწავლა და ჩემებს ქართულად ულოცავს. წელსაც ვაპირებდით ჩამოსვლას, ისევ ფოთში რომ ჩამოვსულიყავით და მისთვის ფოთელი დაეძახათ, მაგრამ სატუს სამსახურის გამო ვერ მოვახერხეთ. მიხარია, რომ ჩემს მეუღლეს ასე უყვარს საქართველო.

- ფაქტია დამკვიდრდით და დარჩით გერმანიაში, ხომ ასეა?

- სამწუხაროდ...

- რატომ "სამწუხაროდ?" საყვარელ საქმეს აკეთებთ, ცოლიც და ქმარიც რეალიზებული ხართ... რაზე გტკივათ გული? ესეც მითხარით და დიალოგი ამით დავასრულოთ.

- (ამ დროს თეა ატირდა და საუბრის გაგრძელება მცირე პაუზის შემდეგ შევძელით. - ავტ). საქართველო ძალიან მენატრება, ეს სასწაული გრძნობაა. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს, რასაც ვაკეთებ, ვხატავ, მაქვს გამოფენებიც, ოჯახი, მეგობრები და ჩემი მშობლიური გარემო სულ სხვა რამაა. სხვაგან რაც უნდა კარგად და რეალიზებული იყო, შენს ქვეყანას ვერაფერი შეგიცვლის. სატუ ისედაც ხშირად აღნიშნავს ჩემს ენერგიულობას, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოში სულ სხვანაირი, საოცარი ჩიტი და პეპელა ვარ. საბედნიეროდ, ჩვენთან, როგორც დედაჩემი, ისე ჩემი მეუღლის მშობლებიც ხშირად ჩამოდიან. ახლახან ისინი სამი თვით იყვნენ. სულ საქართველოზე ვლაპარაკობ, იქ მომხდარ სხვადასხვა მოვლენას ინტენსიურად ვადევნებ თვალს და თუ რამე ცუდი ხდება, ღამეებიც არ მძინავს; ქართულ სიმღერებს რომ ვუსმენ, მეტირება. ჩემმა დედამთილმა ეს ყველაფერი რომ ნახა, სატუს ჰკითხა, - თეა მართლა ასეთი პატრიოტიაო? მის ნაცვლად მე ვუპასუხე, - კი, დიახ, პატრიოტი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი, ჯერ ჩემი ქვეყანა და მერე სხვა-მეთქი... შეიძლება ვიღაცამ მითხრას, პატრიოტი როგორ ხარ, თუ საქართველოში არ ცხოვრობ და ინდოელი ქმარი გყავსო? მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ვარ. მგონია, ჩემი ქვეყანა საოცრებაა! არასოდეს დავივიწყებ, საიდან ვარ და საქართველო ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"