"სიბერე აუცილებლად ჩემს სამშობლოში უნდა გავატარო! აქ ქართველს ვერ ნახავთ, საქართველოში დაბრუნება რომ არ სურდეს, მაგრამ... " - კვირის პალიტრა

"სიბერე აუცილებლად ჩემს სამშობლოში უნდა გავატარო! აქ ქართველს ვერ ნახავთ, საქართველოში დაბრუნება რომ არ სურდეს, მაგრამ... "

ცნობილი ქართველი მოდელი, უმშვენიერესი - თიკო ნატროშვილი მეშვიდე წელია, გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს... ამბობს, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში წუთიც არ ყოფილა თავის სამშობლოზე ფიქრის გარეშე... იგი გერმანიაში მცხოვრები მხცოვანი ადამიანების ბედნიერ ცხოვრებაზე გვიამბობს და გული ძალიან სტკივა, რომ საქართველოში სრულიად საპირისპირო სურათს ხედავს...

- გერმანიაში ჩვენი ოჯახის მეგობარია ერთი ქალბატონი, რომელთანაც ამას წინათ სტუმრად გახლდით... მას 40 წელია, სახლში საუნა აქვს, კვირაში სამჯერ სარგებლობს და იმდენად არაჩვეულებრივი სახის კანი აქვს, როდესაც მითხრა, 82 წლის გავხდიო, გავოგნდი... შემატყო, რომ ძალიან გაკვირვებული ვიყავი და მითხრა, ჩემი და წელს ასი წლის ხდებაო, კიდევ უფრო გაკვირვებული სახით რომ შემეხედა...

საერთოდ, გერმანელები, ასაკში რომ შედიან, თავს განსაკუთრებულად უვლიან... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდები ფორმაში უფრო ნაკლებად არიან, სწრაფი კვების ობიექტებში იკვებებიან, ველოსიპედით გადაადგილდებიან და უამრავ საქმეში ჩაკარგულებს, თავის მოსავლელად დრო აღარ რჩებათ...

ასაკში შესულები კი - საუკეთესო ავტომობილებით დადიან, კაფეებს, რესტორნებს სტუმრობენ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ და ცხოვრებით ტკბებიან... სულ ვნატრობ, ჩემს ქვეყანაში ჰქონდეთ ასაკოვნებს ასეთი ბედნიერი, მშვიდი და ღირსეული სიბერე...

მე რომ ქალბატონზე გიამბეთ, იგი დღემდე მუშაობს და საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური აქვს. ის და მისი შვილი კომპანიას სათავეში უდგანან, რა თქმა უნდა, ძლიერი თანამშრომლები ჰყავთ, მაგრამ ამ ქალბატონმა ჩემს საქმეებს ბოლომდე ვერავის ვანდობო და თავად მუდმივად ლუქსემბურგის გზაზეა... თავად მიდის, საქმეებს აგვარებს და უკან ბრუნდება.... ამას წინათ ერთმანეთი ვერ ვნახეთ საკმაო პერიოდი და როცა მოვიკითხე, რატომ არ ჩანდა, ბაღს ვაწესრიგებო... მე მოხუცების მიმართ მუდამ მოწიწება, პატივისცემა მაქვს და შევთავაზე, დაგეხმარებით-მეთქი... უარი მითხრა, ეს ჩემი ჰობია და ყველაფერი მარტომ უნდა გავაკეთოო...

ასეთ ქალბატონებს აქ ძალიან ხშირად შეხვდებით და ამით იმის თქმა მინდა, რამდენად საუკეთესო ცხოვრების ხარისხით ცხოვრობენ... სტრესს ძალიან ერიდებიან, ამას მაქსიმალურად ცდილობენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში...

ჩვენთან კი სრულიად საპირისპიროდაა ყველაფერი და უმეტესობა იმაზეც კი ნერვიულობს, წამლის, საკვების ფული თუ ექნება და გადასახადებს როგორ გადაიხდის... ამ სტრესით ადამიანს ნერვული სისტემა ეშლება, რის შედეგადაც ჯანმრთელობა ძალიან ერყევა... ამიტომაც, 60 წლის ასაკშიც კი დაბერებულია ზოგი ადამიანი, ცხოვრების ხალისი დაკარგული აქვს... ძალიან გული მტკივა და განვიცდი, რასაც საქართველოში ვხედავ. რატომ არ შეიძლება, ჩვენთანაც ისე იყვნენ ადამიანები, თუნდაც მცირედით მიმსგავსებულად?! იმდენ ნეგატიურ რამეს ვხედავ და მესმის, ძალიან დათრგუნული ვარ... ღმერთმა არ ქნას, ჯანმრთელობის პრობლემები ვინმეს შეექმნას, დაზღვევა ჩვენთან ნორმალურად არ ფუნქციონირებს და ათასი დაბრკოლებაა...

- უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობთ, სოლიდური ასაკის შემდეგაც გერმანიაში ისურვებდით დარჩენას?

- მეშვიდე წელია, გერმანიაში ვცხოვრობ, მაგრამ ამ შვიდი წლის განმავლობაში ფიქრები არ შემცვლია, წუთი არ არის საქართველოზე არ ვფიქრობდე... მუდამ ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს და განსაკუთრებით, როცა სიტუაცია დაიძაბება, ვნატრობ, ნეტავ, ახლა ჩემს ქვეყანაში ვიყო-მეთქი... სოლიდური ასაკის შემდეგ საქართველოში მინდა ყოფნა, სიბერე აუცილებლად ჩემს სამშობლოში უნდა გავატარო! მიუხედავად გერმანიის ასეთი პირობებისა, ვერ წარმომიდგენია, ამ ქვეყანაში დავბერდე...

ჩემი შვილის - მათეს სიტყვებს დავეთანხმები, რომ აქ თავს სტუმრად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სტაბილური გარემო გვაქვს შექმნილი და ამ მომენტისთვის ვერაფერზე დავიწუწუნებ... ადრე საფრანგეთში ერთ ქართველს შევხვდი და დღემდე მისი სიტყვები გამომყვა... ჩვენ აქ არაფერი გვიჭირს, მაგრამ აქ ერთ ქართველს ვერ ნახავ, ვისაც საქართველოში დაბრუნება არ უნდოდესო... მართლაც ასეა! ჩემს ირგვლივაც ყველა ქართველი ასე ამბობს...

მე კონკრეტული მიზეზი მაქვს, თუ რის გამოც ვარ დღეს გერმანიაში, არიან ადამიანები, რომლებიც ცუდ ეკონომიკურ პირობებს გამოექცნენ, ზოგი სასწავლებლად არის, მაგრამ დაბრუნება ყველას გვინდა... უბრალოდ, ხშირად ისმის, კი დავბრუნდებით, მაგრამ ამ წუთას იქ რა გავაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთო... ვისაც პატარა შვილები ჰყავს დატოვებული, აქედან პირობებს უქმნიდ, მაგრამ რომ ჩამოვიდნენ, შეიძლება მალევე მშიერ ბავშვს სახლში ვეღარაფერი მიუტანონ. ამიტომაც ცდილობენ, ბევრი მუშაობით რაღაც გარკვეული დოვლათი შექმნან, შემდეგ რომ თავიანთ ქვეყანაში იცხოვრონ და სიბერეში აქაური სტაბილური მდგომარეობა თუნდაც დაკარგონ...

ჩემი შვილები რომ წამოიზრდებიან, სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ, მერე უკვე თავისუფალი ვიქნები. ჩემი ვალი იმ მხრივ მოხდილი მექნება, რომ რაღაც ეტაპამდე მივედით და აქ მერე ისედაც ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ამიტომაც, მე ჩემი სიბერე საქართველოში წარმომიდგენია.

ქართველები ასეთები ვართ, სხვის აყვავებულ ქვეყანაში ყოფნას, ჩვენს სამშობლოში ყოფნა გვირჩევნია, სადაც არ უნდა ვიყოთ!

(სპეციალურად საიტისთვის)