"მადლობა ამხანაგ სტალინს - ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის!" - როგორ დაარსდა ფიზკულტურელთა პარადები და საბჭოთა ცირკი?
ჩანს, პირველი საბჭოთა საცირკო წარმოდგენა თბილისში 1938 წელს გამართულა. 85 წლის წინ. მაგრამ ამ ფაქტს საინტერესო საფუძველი ჰქონია. განსხვავებულ ამბებს მივაგენი მწერალ დათო ჩიხლაძის ჩანაწერებში, - თუ რამ განაპირობა საბჭოთა ცირკის დაარსება და მცირე ამონარიდებს თქვენც გაგაცნობთ, ვიდრე ჩვენი ცირკად ქცეული პოლიტიკური ცხოვრება კვლავ გადაფარავს ჩვენს ყოველდღიურობას.
მწერალი ფიზკულტურელთა პარადებს, ეპოქის ულამაზეს და ესთეტიურ სიმბოლოდ მოიხსენიებს, რომლის იდეაც იოსებ სტალინს ეკუთვნის. 1920-იან წლებში მასობრივი თეატრალური წარმოდგენების დადგმაზე ოცნებობდნენ თურმე ხელოვნების კორიფეები მეიერჰოლდი და ეიზენშტეინი. ეს ამბავი სტალინს მარტივად გადაუწყვეტია - ფიზკულტურელთა საკავშირო პარადები დაუარსებია, რომლის პირველი ჩვენებაც 1936 წელს წითელ მოედანზე გამართულა. მწყობრში ჩამდგარი ადამიანები, თანმიმდევრულად იმეორებდნენ დადგმულ სცენარს. სწორედ ამ წელს და აღნიშნულ პარადზე პირველად გამოჩენილა, შემდგომში საყოველთაოდ ცნობილი ტრანსპარანტი: "მადლობა ამხანაგ სტალინს - ჩვენი ბედნიერი ბავშვობისთვის!"
ასი ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით იქმნებოდა მრავალპლასტიანი კომპოზიციები, ცოცხალი ემბლემები და კალეიდოსკოპები. სხვადასხვა სპორტული საზოგადოებები მსვლელობის დროს ურთულეს ნომრებს ასრულებდნენ... აღნიშნულ პარადებს აფორმებდნენ გამოჩენილი საბჭოთა ქორეოგრაფები და რეჟისორები... პარალელურად, გამოდიოდა ჟურნალი: „გიმნასტიკა“, სადაც ფიზკულტურელთა მასობრივი სანახაობების დადგმის ქორეოგრაფია და ცალკეული ნომრების ტექნიკა იყო მოცემული. ამასთანავე, სტალინის პერიოდის პარკებს სპორტსმენების მონუმენტური ფიგურები ამშვენებდა...
მწერალი აქვე ამბობს, რომ ფიზკულტურელთა პარადების განუმეორებლობა პირდაპირ კავშირშია საბჭოთა ცირკის გამორჩეულ ხასიათთან და საერთოდაც მის დაარსებასთან. აღნიშნულმა პარადებმა საფუძველი დაუდო 1919 წელს საბჭოთა ცირკის დაარსებას. ოდნავ მოგვიანებით, ხელოვნების დანარჩენ დარგებს შორის ცირკს უნდა დაეკავებინა უმაღლესი საფეხური.
ჩვენი ცირკი (აქ, უკვე ქართულ ცირკზეა საუბარი) სარისკო ტრიუკებით მაყურებლის დაზაფვრას როდი ისახავდა მიზნად, პირიქით, მას ასეთი რთული ილეთებით ადამიანის სულიერი აღმაფრენისთვის უნდა შეეწყო ხელი. ცირკში ცხოველებს კი არ ათვინიერებდნენ, არამედ, წვრთნიდნენ. სტალინის ხელმძღვანელობით 1926 წელს მოსკოვში ცირკის არტისტების მოსამზადებელი სახელოსნო გაიხსნა, რომელიც 1938 წელს მსოფლიოში პირველ საცირკო სასწავლებლად გადაკეთდა. აიგო ცირკის საზამთრო შენობები. მათ შორის, თბილისის 2000 ადგილიანი ცირკი, რომელიც მსოფლიო ცირკის შენობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური ნაგებობაა (დაპროექტებულია არქიტექტორების ნიკოლოზ ნეპრინცევის, ვლადიმერ ურუშაძის და სტეფან საგუნცის მიერ, ხოლო მის მშენებლობას საქართველოსა და რუსეთში საცირკო საქმის ორგანიზატორი - რომან გამსახურდია ხელმძღვანელობდა).
ამ სახით, რა სახითაც შემორჩენილია დღეს თბილისის სახელმწიფო ცირკი 1938 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს, თბილისში ყოფილი „ზარია ვოსტოკას“ შენობის ადგილას, ნიკიტინების ცირკი ფუნქციონირებდა, რომელსაც მე-20 საუკუნის ათიან წლებში ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. პლეხანოვზე ყოფილი რკინიგზელთა სახლის ადგილას ესიკოვსკების ცირკი იყო, ხოლო ელბაქიძის ხიდთან, ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ეფიმოვების ცირკი მოქმედებდა, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ახერხებდა წარმოდგენების გამართვას, ვიდრე თბილისში ცირკის ახალი ნაგებობა აშენდებოდა. ეფიმოვების ცირკსაც რომან გამსახურდია ხელმძღვანელობდა 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 1938 წლამდე.
ყოფილი კამოს ქუჩაზე, მიხაილოვის საავადმყოფოს გვერდით მოქმედებდა ცირკი „შაპიტო“, რევოლუციამდე თბილისში კიდევ ორი ცირკი არსებობდა - დიდუბის ეკლესიის გვერდით, გრიშუას ბაღში იყო ცინცაძეების ცირკი, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს - ჩიხლაძეების ცირკი. მაშინ რომან გამსახურდიას ქალიშვილები - ვალენტინა, კლარა და თამარა მოჯირითეები, ცხენზე მოცეკვავეები და ბალერინები იყვნენ. ისინი რამდენიმე საბჭოთა ფილმში არიან გადაღებულები.
შემდგომ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოშიც, ცირკი ნამდვილ კულტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვს ცირკის მიმართ გამოხატული დიდი სიმპათიები არ ახასიათებდა, მისი მმართველობის დროსაც კი, სპეციალური ჟურნალი დაარსდა - „საბჭოთა ესტრადა და ცირკი“.
1953 წელს, საბჭოთა აკრობატი და ილუზიონისტი - ანატოლი სოკოლი ორიგინალურ საცირკო ნომერს ქმნის, სადაც ტელემექანიკას, მაღალი ძაბვის დენს და რადიო ტექნიკას იყენებს. ამით წარმოადგინა „მექანიკური რობოტი“, რომელიც დამოუკიდებლად მოძრაობდა არენაზე და რამდენიმე ქმედებას სთავაზობდა მაყურებელს... სოკოლმა ამით კიდევ ერთხელ გაახსენა ხალხს სტალინის შესახებ, რომლის დავიწყებასაც ხალხისთვის იმდროინდელი ხელისუფლება ცდილობდა...
აი, ამ მონაცემებით, თბილისის ცირკის მთავარი შენობა 1938 წლიდან ფუნქციონირებს და ისტორიის სხვა კუთხით საინტერესო დეტალებსაც შეიცავს.