"უმძიმესად ვართ, ხალხი დაკრძალვაზეც ვერ მიდის, ისეა დანგრეული აქაურობა... მეწყერმა ელექტრობოძებიც დათხარა და ტელეფონებს მოხალისეების ავტომანქანებში ვმუხტავთ. ბევრს საკვების მარაგიც ამოეწურა"
"გამთენიისას, ამ დელგმაში, მიწის ისეთი გუგუნი დაიწყო, მძინარე ხალხი ამ ხმაზე წამოვარდა, ზოგმა მაშინ აღმოაჩინა, რომ მეწყერს სახლ-კარიანად წამოეღო"
გურიაში სტიქიამ იმაზე რთული ვითარება შექმნა, ვიდრე შორიდან ჩანს ან წარმოვიდგენთ: მიწისგან შთანთქმული სოფლები, ნანგრევებად ქცეული სახლები, წყლისგან წაღებული ხიდები, ფუძიდან აყრილი ოჯახები და ყველაზე შემზარავი: სიკვდილი… აქ სტიქიამ ორი ბავშვი და ერთი ხანდაზმული იმსხვერპლა: 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილი, 12 წლის იური გუჯაბიძე და 82 წლის თინათინ რუსაძე.
11 წლის თორნიკე ადიდებულმა წყალმა მამას ხელიდან გამოგლიჯა. ბავშვი სახლიდან 5 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. 12 წლის იურის და 82 წლის თინათინს სახლთან ახლოს, მიწის ქვეშ მიაგნეს - მცოცავმა მიწამ ისინი სახლებიანად წაიღო. დამეწყრილ მასაში ლანჩხუთის 8 სოფელი და ოზურგეთის 3 სოფელი მოყვა.
სამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის დახმარებას ხელისუფლებასთან ერთად მოხალისეებიც ცდილობენ, მაგრამ უგზოობის გამო, ყველგან ვერ მიდიან. სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე სახლ-კარი 122 ადამიანმა დატოვა. ზოგიერთი მეზობელთან, შედარებით უსაფრთხო სახლში ათევს ღამეს და გათენებას იმ შიშით ელოდება, რომ სახლ-კარი აღარ დახვდება. გურიაში დღეს გამოიდარა. თუმცა, მეწყრის შედეგებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი იცვლება.
დაზარალებულებიდან ჩვენ არაერთს დავუკავშირდით. ყველა მათგანი მომხდარის დაახლოებით ერთსა და იმავე შემზარავ სურათს აღწერს.
გვანცა ოდილაური, ლანჩხუთის სოფელი ოდილაური:
- საბედნიეროდ, სოფელში ყველანი ცოცხლები გადავრჩით, მაგრამ ირგვლივ ბევრი შუაში გახლეჩილი ეზო და ადგილს მოწყვეტილი სახლია. ჩემს ერთ-ერთ მეზობელს მეწყერმა საერთოდ ეზოს მესამედი წაართვა. საბედნიეროდ, თავად გადარჩა, მაგრამ შოკირებული ჰყვება, - გამთენიისას მიწის გუგუნმა გამაღვიძა, ფანჯრიდან რომ გავიხედე, ჩვენი ეზოს ნაძვი დავინახე, რომელიც ეზოს ზემო ნაწილიდან ქვემო ნაწილისაკენ "მოდიოდა", გათენებისას კი უკვე სახლიდან დიდი დაშორებით იდგაო.
- ესე იგი, მეწყრის დაძვრას წინ მიწის გუგუნი უძღოდა… ასე ხომ მიწისძვრის დროს ხდება ხოლმე,..
- კი, ასეა. გეოლოგებმაც ეს თქვეს, როცა ჩვენს სოფელში ამოვიდნენ, ალბათ კოკისპირულ წვიმას მიწის ბიძგებიც დაემთხვა და იმიტომ ამოძრავდა ყველაფერიო… არ ვიცი…. ვერაფერს ვიტყვი, მიწისძვრა რომ ყოფილიყო, ნუთუ ბიძგები არ უნდა დაფიქსირებულიყო?! თუმცა, ფაქტი ის არის, რომ მომხდარმა ყველა გაგვანადგურა. დაღუპულებიც და ცოცხლად დარჩენილებიც. ვისაც სახლ-კარის დატოვება მოუხდა, მისთვის ეს უზარმაზარი ტრაგედიაა. ამ ხალხს თავისი მიწიდან აყრა რომ ნდომოდა, აქამდე წავიდოდა სადმე. თურმე უბედურება სულ ჩვენ გვერდით დგას და ამას ვერ ვგრძნობთ. წინა დღეს ამინდს კატასტროფის არაფერი ეტყობოდა. საღამოს 7 საათამდე მშვიდი და მზიანი ამინდი იყო, სრული სიმშვიდე იდგა. წვიმა საღამოს 7 საათიდან დაიწყო და თანდათან მოიმატა. საშინელება იყო… ისეთი ნაკადით მოდიოდა, ჭურჭლიდან რომ წყალს გადმოაქცევ. გამთენიისას, ამ დელგმაში ისეთი გუგუნი დაიწყო, რომ ხალხი გააღვიძა. ამ ხმაზე რომ წამოვარდა, ზოგმა მაშინ აღმოაჩინა, რომ მეწყერს სახლ-კარიანად წამოეღო. ზოგთან მეწყერი ნაწილობრივ იყო შევარდნილი, კედლები ჰქონდა შენგრეული. ჩვენი 12 წლის ბიჭი ასე დაიღუპა, ის სახლი წაიღო წყალმა, სადაც ეძინა. ბავშვმა ალბათ გაღვიძებაც ვერ მოასწრო.
- ამის მოსმენაზე ნებისმიერს გული გაეგლიჯება, ადვილი წარმოსადგენია, გარდაცვლილების ახლობლების მდგომარეობა….
- უმძიმესად არიან. ყველა უმძიმესად ვართ. გზები დანგრეულია, ხიდები წაღებული… ხალხი დაკრძალვაზეც ვერ მიდის მისასამძიმრებლად. თითქმის ყველა დამეწყრილ სოფელში შუქია გათიშული. ამას არავის ვსაყვედურობთ. მათ შორის, არც ხელისუფლებას, იმიტომ რომ ამ წუთას რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ. ასეთი უბედურება არავის ბრალი არ არის.
უბრალოდ, ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრს მწარედ გაახსენდა, რატომ და რის გამო ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს, როცა სიკვდილი თურმე წამია…
- გეთანხმებით, ალბათ მოწყვეტილ სოფლებში ზოგან საკვების მარაგიც ამოიწურა. ყველას ხომ არ აქვს ტომრებით მომარაგებული ფქვილი.
- კი, ბევრს ამოეწურა. მაშველები და მოხალისეები გვეხმარებიან. მოხალისეები ასე სწრაფად რანაირად შეგროვდნენ, არც კი ვიცი, სოფლები მიმოწერაში ჩართეს და ვისაც გაუჭირდება, ეხმარებიან. ტელეფონებსაც მოხალისეების ავტომანქანებში ვმუხტავთ, შუქის მოსვლის იმედი ხომ ჯერჯერობით არ არსებობს, მეწყერმა ელექტრობოძებიც დათხარა. ყველაზე მეტად ის ხალხია ცოდვა, ვინც საკუთარ სახლში ვერ შედის და მეწყრის მორიგ შემოტევას ელოდება….
(სპეციალურად საიტისთვის)