"კლიმატის ცვლილება რეალობაა, მას ვერსად გავექცევით, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

"კლიმატის ცვლილება რეალობაა, მას ვერსად გავექცევით, მაგრამ...“

შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა ქვეყანას თავს - 8 სექტემბერს სტიქიამ გურიის რეგიონის არაერთი სოფელი დააზარალა: ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა სოფლები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სავარგულები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოსწყდა რამდენიმე სოფელი. რაც ყველაზე სამწუხაროა, დაიღუპა 3 კაცი, მათგან 2 მოზარდი. ძლიერმა წვიმებმა დააზარალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც. 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე და 79-ე კმ-ებზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. სპეციალისტების თქმით, კვლავაც მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები. რეალობას ვერსად გავექცევით - მსოფლიოში კლიმატის ცვლილება აისახება ჩვენს ქვეყანაზეც, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ ცვლილებებს დიდად მომზადებული ვერ ხვდება. ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორსა და პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- მადლობა, რომ სწორედ ეს საკითხი გამოარჩიეთ მთავარ თემად. უპირველესად დავიწყებ სამძიმრით, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილს. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებებს, ეს რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით, მაგრამ ეს არ ხდება ადამიანის ბუნებაზე გავლენით. რა თქმა უნდა, ამაში აქვს ადამიანის მოქმედებასაც თავისი როლი, მაგრამ ასეთი კატასტროფული მოვლენები დედამიწის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა. ერთ-ერთი პირველი მოხდა მილიარდ შვიდასი მილიონის წინ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში პირველად გაჩნდა ჟანგბადი, დედამიწაზე ნიადაგის შრე წარმოიშვა, რაც ასევე დაჟანგვის პროცესებით იყო განპირობებული. გეოლოგიური მოვლენების გამო უამრავი ძირფესვიანი ცვლილება მოხდა დედამიწაზე ისე, რომ მაშინ ადამიანს ბუნებაზე ზეგავლენის არავითარი საშუალება არ ჰქონდა. გამყინვარების დროს, რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ადამიანს ბუნებაზე?! მაშ, რასთან გვაქვს ამჟამად საქმე? - 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მოხდა ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრა, ამან გამოიწვია უდიდესი ტალღები ინდონეზიის სანაპიროზე, რამაც 230 000 კაცი შეიწირა, ზოგი ინფორმაციით 300 000-ც კი. მაშინ დაიწყო დედამიწის წარმოსახვითი ღერძის გადახარა და საბოლოოდ 22 მილიმეტრი ანუ სულ რაღაც 2 სანტიმეტრით გადაიხარა, რაც თითქოს არაფერია, მაგრამ ამან განაპირობა ის, რომ პასატები აიწია 10 გრადუსით ჩრდილოეთით და დაიწყო კლიმატის შესამჩნევი ცვლილებები - ფაქტობრივად, თითქმის ყველა სეზონმა გადაიწია ერთი თვით. დედამიწა ასეთ უწონასწორო პირობებს ვერ ეგუება და ახლა სწორედ დედამიწისა და ახალი პირობების ერთმანეთთან შეგუება მიმდინარეობს. რასაკვირველია, ასეთი ცვლილებები გეოდინამიკურ პროცესებს ააქტიურებს. რა თქმა უნდა, ამას ადამიანიც უწყობს ხელს გაუაზრებელი მოქმედებით, მაგრამ ამ პროცესში ადამიანური ფაქტორი მაინც მთავარი არ არის.

ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს და შეიმუშაოს შემარბილებელ-პრევენციული პოლიტიკა, რაზეც მე დიდი ხანია ვლაპარაკობ. ბატონ ღარიბაშვილს, როდესაც ის პირველ ჯერზე იყო პრემიერი, დევდორაკის ღვარცოფის შემდგომ წერილი მივწერე, რომელშიც ვუხსნიდი, რომ საქართველო პრევენციულ-შემარბილებელი ღონისძიებებით ჩამორჩება თანამედროვე მიდგომებს და სულ სხვა მეთოდები გვაქვს დასანერგი-მეთქი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. ახლა მაინც დავიწყოთ სასწრაფოდ მუშაობა და ჩვენც შევუერთდეთ ცივილიზებულ სამყაროს. ასეთი ბუნებრივი მოვლენები არ ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში? - რა თქმა უნდა, ხდება, მაგრამ ისინი ტორნადოს, მეწყრის, ღვარცოფისა და ა.შ. თაობაზე საკმაოდ ადრე ახერხებენ მოსახლეობის გაფრთხილებას და ზომების მიღებას. ამაზე პასუხისმგებელია აშშ-ის გეოლოგიური სამსახური, რომელსაც ნასა-სთან ერთად შემუშავებული აქვს კოსმოსური მონიტორინგის სპეციალური პროგრამა. ისინი ახერხებენ ადამიანური მსხვერპლის მაქსიმალურად შემცირებას. ეს დურბინდით დაკვირვებას არ მოაქვს, ამისთვის შესაბამისი პროგრამა დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად აკვირდება სახიფათო უბნებს, მცირე ცვლილებასაც აფიქსირებს და როგორც კი ჩნდება ხიფათი, იძლევა ნიშანს. ამ ყველაფერს აკვირდებიან ოპერატორები მონიტორებზე, სწრაფად მუშავდება მიღებული ინფორმაცია, იგეგმება სასწრაფო ღონისძიებები და იწყება მუშაობა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ დაახლოებით 7500 სახიფათო ადგილია. ამ რაოდენობის ადგილის მონიტორინგი შეუძლებელია ადამიანური რესურსით, ყოველ წამს მოსულ ამდენ ინფორმაციას ადამიანი, უბრალოდ, ვერ დაამუშავებს. ამისთვის არის საჭირო სპეციალური პროგრამა. სწორედ ეს პროგრამაა პრობლემის გადაწყვეტის გასაღები - ის უნდა ვიყიდოთ, სპეციალისტებს კი ტრენინგები ჩავუტაროთ. შესაძენია შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკაც, რაც არც ისე ძვირია, ყოველ შემთხვევაში, ამის დანერგვის შემდეგ შეუდარებლად ნაკლებ ზიანს მივიღებთ - დაახლოებით 90%-ით ნაკლები ადამიანი დაგვეღუპება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სრულად მსხვერპლის აცილება შეუძლებელია, მაგრამ ახალი მეთოდების დანერგვა მაქსიმალურად შეამცირებს. ხანდახან საკუთარი თავის მეშინია, მაგრამ, ფაქტია, ერთ-ერთ ინტერვიუში შოვის ტრაგედიაზე საუბრისას ვთქვი, რომ ამგვარი სტიქიური მოვლენები გურიაშიც მოსალოდნელია-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი ნათქვამი ახდა. მონიტორინგის სისტემის დანერგვა აუცილებელია, რაც გვიან გავაკეთებთ ამას, მით მეტი იქნება მსხვერპლი.

ჩვენში სიხარბე ისევ ჯაბნის ჭკუას. ხომ გახსოვთ 2015 წლის ვერეს ტრაგედია? მას შემდეგ სულ ვიმეორებ, რომ მდინარის კალაპოტში მშენებლობა არ შეიძლება! მაგრამ ესმის ვინმეს? გაიარეთ დღეს ვერეს ხეობაში და ნახავთ, რომ ისევ კალაპოტშია აშენებული ახალი სახლები. როგორ გაიცა ამაზე ნებართვები, ვინ გასცა? ეს დანაშაულია, რადგან რამდენიმე წლის შემდგომ იგივე შეიძლება განმეორდეს და დაიღუპოს ხალხი.…

- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიაში მომხდარს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და სამძიმართან ერთად, დაწერა: "ამ დროს, როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად მიეკუთვნება შემთხვევითობას ეს ტრაგიკული მოვლენები, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენს საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია, ვაგრძელებთ ძველებურად - ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!". სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთთან დაპირისპირებამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ მნიშვნელოვან თემებზე დაფიქრებისა და ლაპარაკის დროც არ რჩებათ ჩვენს პოლიტიკოსებს. გარდა ამისა, ხელისუფლებაც არაფერს ამბობს, თუ რას აპირებს მსგავსი მოვლენების პრევენციისთვის.

- იმიტომ, რომ ქვეყანაში, მათ შორის მთავრობაშიც, პროფესიონალიზმის დიდი პრობლემაა, ბევრი რამ არ იციან. ძალიან დიდი დანაშაული იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სახელმწიფო გეოლოგიური სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის, მოსპობა. ბოლოს, როდესაც ამ სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, იქ 700 კაცი მუშაობდა, მერე ნელ-ნელა შეამცირეს, ახლა სადღაც 20 კაცი მუშაობს, მათი უმეტესობა უვიცია, თავის დღეში არ ყოფილან გეოლოგიურ ექსპედიციაშიც კი. შეიძლება გეოლოგიურ სამსახურში ორი გეოლოგი მუშაობდეს, დანარჩენები კი იურისტები იყვნენ?.. ამგვარი მოქმედებით თავს ვიღუპავთ. ბოლოს და ბოლოს, მოვახერხეთ, რომ გეოლოგიურად ყველაზე კარგად შესწავლილი ადგილიდან სიერა-ლეონეს დონეზე დავედით.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათ არ ევალებათ გეოლოგიური პროცესების შესწავლა და სტრატეგიის განსაზღვრა, ეს მთავრობის საქმეა. პოლიტიკოსებმა შეიძლება პროგრამა შეიმუშაონ, რომლის ერთი ნაწილიც იქნება გეოსტრატეგიული უსაფრთხოება და როცა ხელისუფლებაში მოვლენ, მაშინ განახორციელონ. კარგად იცით, როგორ ვერ ვიტან ჩვენს პოლიტიკოსებს, მაგრამ მათი საქმე არ არის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ეს მთავრობის ამოცანაა! მკითხეთ, რატომ არ არის ჩვენში მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკური დებატებიო. იმიტომ, რომ ამისთვის კომპეტენცია არ ჰყოფნით.

პოლიტიკური კინკლაობა ყველა ქვეყანაშია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სიცხარე და პოლიტიკური ეთიკა, რაც საზოგადოების განათლებისა და სამოქალაქო განვითარების დონეზეა დამოკიდებული. უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი არც ერთი მთავრობა პროფესიონალებით არ ყოფილა დაკომპლექტებული. ჩვენში ხელისუფლების, მეტიც, მინისტრის შეცვლაც კი ნიშნავს, რომ სამსახურებიდან უნდა დაითხოვონ ადამიანები და თავისი კადრები მოიყვანონ, დიდწილად უვიცები, რომელთა შერჩევაც, ძირითადად, საარჩევნო პროცესში ოპონენტის ლანძღვისა და ყვირილის ხარისხით ხდება. ჩვენ უნდა შევქმნათ ე.წ. თეთრი საყელოების კლასი, ანუ კლასი, რომელიც შეკრებს პროფესიონალებს, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ორიენტირებული იქნებიან საქმეზე, შეინარჩუნებენ სამსახურს და არ აჰყვებიან პოლიტიკურ დაკვეთას. ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. უნდა შეიქმნას სახელმწიფო მართვის ერთიანი სისტემა, რომელსაც უნდა ჰქონდეს სტრატეგია და ტაქტიკა.

- გასულ კვირას საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სტუმრობდა, რომელიც, ერთი შეხედვით, იმედისმომცემი გზავნილით ჩამოვიდა, განა თქვენ გვემუდარებით, ევროკავშირში მიგვიღეთო, ჩვენ გვინდა შემოგვიერთდეთო. ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ჯერაც ბევრი გაქვთ სამუშაო და ეს 12 რეკომენდაციის შესრულებით უნდა დაიწყოთო. თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იყო რამდენიმე უხერხული მომენტი. კიდევ ერთხელ ცხადი შეიქნა, რომ ოფიციალურ თბილისსა და ბრიუსელს საკვანძო საკითხებზე საპირისპირო ხედვები აქვთ. "ჩვენი მხრიდან მაქსიმუმია გაკეთებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დარჩენილ დიდ სამუშაოზე მიუთითა და თქვა, რომ 12-დან 9 პუნქტი კვლავ შესასრულებელია. ასევე გამოჩნდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. თქვენი აზრით, რა განწყობით დაბრუნდა ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში და მივიღებთ თუ არა, ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირის წევრობის სტატუსს?

- გამიჭირდება ბატონი ბორელის განწყობაზე საუბარი. ვფიქრობ, ევროკავშირმა, საზოგადოდ, დასავლეთმა, შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორებასაც ახლა ცდილობენ. მათ ეგონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში მოხერხდებოდა ხელისუფლების შეცვლა, თუმცა დღეს ეს უკვე საეჭვოდ ჩანს. მათ ვერ გათვალეს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს ძალა, რომელსაც შეუძლია "ქართული ოცნების" შეცვლა, რომლის მთავარ ოპონენტად დღემდე რჩება რევანშისტული "ნაციონალური მოძრაობა". ამბობენ, რომ დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემაა ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი. დავუშვათ გაიმარჯვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". თქვენი აზრით, მის დღევანდელ თავმჯდომარეს შესწევს ქვეყნის მართვის ძალა და უნარი? - დარწმუნებული ვარ, არა. შესაბამისად, კვლავ არაფორმალური მმართველობა გაგრძელდება, თუმცა ამჯერად არაფორმალურ მმართველად ციხიდან გამოსული სააკაშვილი მოგვევლინება.

მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად არ მოგვცა ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ამით მართლაც უბიძგა "ქართულ ოცნებას" რუსეთისკენ. სხვათა შორის, მათი რიტორიკა ამ გადაწყვეტილების მერე მნიშვნელოვნად შეიცვალა. სწორედ ამის მერე შექმნეს ის ოდიოზური პარტია "ხალხის ძალა". თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რეალურად სურთ ცვლილებები, უნდა მოახერხონ და გააჩინონ საქართველოში არჩევანის შესაძლებლობა.

ხომ ნახეთ ბოლო გამოკითხვები? ამომრჩევლის ძალიან მაღალ პროცენტს არც "ქართული ოცნების" ატანა აქვს და არც "ნაციონალური მოძრაობის", მაგრამ არ ჩანს ძალა, რომელიც შეძლებს ამ ხმების თავის ყულაბაში მობილიზებას. ვფიქრობ, ევროპელები ნელ-ნელა ხვდებიან, რა ვითარებაც არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ბორელის განცხადებებისა, საქართველოს მაინც მისცემენ სტატუსს.

- რას ფიქრობთ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცედურაზე? როგორც ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, იძულებული ვიყავით ეს ფორმალური პროცესი წამოგვეწყოო. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხზე პირველად ილაპარაკა და განაცხადა, არსად ვაპირებ წასვლას და გადადგომასო. როგორ ფიქრობთ, შეიძლება "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობდეს ზურაბიშვილზე ზეწოლას, რათა მან საკუთარი სურვილით დატოვოს პოსტი? ''

- სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი, ხისტი დიპლომატია, მაგრამ სიხისტე პოლიტიკაში სულ უშლის ხელს. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე საფრანგეთის მთავრობას ეჩხუბა, მერე კონფლიქტით წამოვიდა სააკაშვილის ხელისუფლებიდან, შემდგომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი და ბოლო ხანს ამ ხელისუფლებასთან სულ პრობლემები აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ბრალია, მაგრამ არც მთლად უბრალოა. მოკლედ, თავისი სიხისტის გამო პრეზიდენტს პოლიტიკური დასაყრდენი არ ჰყავს. შეიძლება ითქვას, როგორც პოლიტიკური ფიგურა ჰაერშია გამოკიდებული და თავის ჭიას ახარებს. მან პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა დაკარგა - "ქართული ოცნება" აბრალებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს და ამის გამო აგინებს. არადა, თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" აგინებს, სააკაშვილს რატომ არ იწყალებსო.

მის ადგილას მეც წავიდოდი ევროპულ ტურნეში, ოღონდ შვებულებას ავიღებდი და ისე. როგორც ამბობს, მან ამ ვიზიტებისთვის თავად გასწია ხარჯი, მაგრამ გამოიყენა პრეზიდენტის დრო. ვფიქრობ, ამისგანაც უნდა დაეზღვია თავი, რათა წამოსაძახებელი არაფერი ჰქონოდა. სხვა შემთხვევაში, მან მართლაც დაარღვია კონსტიტუცია, რადგან უცხოური ვიზიტებისთვის მართლაც სჭირდება მთავრობის თანხმობა.

- თქვენი აზრით, რატომ არ მისცეს თანხმობა?

- იმიტომ, რომ ერთმანეთს უდგანან კრიჭაში - როცა სალომე ამბობს თანხმობას, ისინი გაიძახიან არას და ა.შ. ეს არის მხოლოდ პირადი შუღლით გამოწვეული, ძველბიჭურად რომ ვთქვათ, "აბაროტს უღებენ" და სახელმწიფო ინტერესები სულ არ ახსოვთ. ჩვენში ხომ სახელმწიფო აზროვნება არ არსებობს, ყველა თავის თავზე ფიქრობს. რაც შეეხება გადადგომას, არ ვიცი, შეიძლება ცდილობდნენ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება.