„უცებ საშინელი ღვარცოფი მოვარდა და მამას ხელიდან გამოსტაცა ბავშვი“
გურიაში სტიქიის შედეგები უმძიმესია. სამწუხაროდ, ვერც ამჯერად ავიცილეთ მსხვერპლი - ახლა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირში მეშვიდეკლასელ ბიჭს, იურა გუჯაბიძეს გლოვობენ. იმ საბედისწერო ღამეს ღვარცოფმა მთლიანად წაიღო გუჯაბიძეების ეზოდან ის პატარა სახლი, სადაც ბიჭს ეძინა. შვილის შველა ვერ შეძლეს მშობლებმა, რომლებიც იქვე, მეორე სახლში იყვნენ. მაშინვე ატეხა ოჯახმა განგაში, დარეკა 112-ში, შვილის პოვნაში დახმარებას ითხოვდნენ, თვითონაც ცდილობდნენ ბავშვის მოძებნას, მაგრამ უშედეგოდ. შემთხვევის ადგილზე სპეცტექნიკა მეორე დილით ავიდა, მანამდე მაშველებიც ცდილობდნენ ბავშვის პოვნას და გვიან საღამოს მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს.

წინასწარი მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მეწყერმა 26 სახლი, 15 ხიდი და 15 გაბიონი დააზიანა, დაზარალდა დაახლოებით 130 ოჯახი. რამდენიმე სახლი მეწყერმა ჩამარხა.
მძიმე ვითარებაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. მეწყერმა 76 სახლი დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო სილაურში, ნასაკირალში, კონჭკათში, შრომაში, თხინვალში, ნატანებში, ჯუმათში, დაზარალებულია 155-მდე ოჯახი. დაზიანდა დაახლოებით 10 ხიდი და 28 მილხიდი. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, რაშიც მძიმე ტექნიკასთან ერთად ჩართულია ცოცხალი ძალაც. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, "მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს 62 მოქალაქე. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველები. თუ საჭირო იქნება ვერტმფრენი, ამისთვისაც მზად ვართ".
112-ში 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ხალხი დახმარებას ითხოვდა. მობილიზებულ იქნა კინოლოგთა ჯგუფიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მუშაობენ პოლიციის დანაყოფები, მუნიციპალური სამსახურები და ინფრასტრუქტურის ქვეკონტრაქტორი მძიმე ტექნიკა. მდგომარეობას ის ართულებდა, რომ გადაუღებლად წვიმდა. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობდა. მუშაობს ცხელი ხაზი - 577 601 304.

სამწუხაროდ, სტიქიას მსხვერპლი ოზურგეთშიც მოჰყვა. სოფელ სილაურში სახლი მეწყერმა ჩაიტანა, სადაც მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა. მისი ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს. ასევე იპოვეს ოზურგეთის სოფელ ჯუმათში მცხოვრები ბიჭის ცხედარი - ის ჯუმათის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე თორნიკე ჩხარტიშვილია.
"მათ სახლთან ჩამოწვა მეწყერი. გვიან ღამით ოჯახი სახლიდან გამოვიდა მეზობელთან თავის შესაფარებლად. მეზობლის სახლი უფრო მაღლობზე დგას. ამ დროს საშინელი ღვარცოფი მოვარდა და მამას ხელიდან გამოსტაცა ბავშვი. მას მერე ეძებდნენ პატარა თოკას და ძლივს იპოვეს მისი ცხედარი. რატომ გვართმევს ამდენ ანგელოზს სტიქია", - ამბობს ჩხარტიშვილების ოჯახის ახლობელი.
უნდა აღვნიშნოთ მაშველი ბიჭების თავდადება. ამაღელვებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ ამოიყვანეს ნანგრევებიდან ქალი.
გადარჩენილები ახლა ზარალზე დარდობენ, ბევრმა არც იცის, მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაშენებიდან რა გადაურჩა სტიქიას, რადგან სამშვიდობოს კი გამოაღწიეს, მაგრამ უკან შებრუნებას ვეღარ ბედავენ. არც ის იციან, როგორი იქნება მათი ხვალინდელი დღე. შიში და სასოწარკვეთა იკითხება მათ თვალებში, მაგრამ დღეს მთავარი ის არის, რომ ისინი სიკვდილს გადაურჩნენ.
ისევ ბევრი კითხვა იბადება ამ სტიქიის გამო და მთავარი კითხვაა, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება.
ზურაბ ჯავახიშვილი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, სეისმოლოგი:
- რაც მოხდა, მოულოდნელობა არ არის. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ დოკუმენტებს რომ დავეყრდნოთ, სწორედ ეს სოფლები, სადაც ტრაგედია მოხდა, აღნიშნულია როგორც საშიში უბნები, რუკებზე პირდაპირ შემოხაზულია. უამრავი ანგარიში, უამრავი პროექტი შესრულდა იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აცილებულიყო, მაგრამ ამას ყურადღების მიქცევა უნდა. ყველა კვლევა გვეუბნება, რომ გაიზრდება ბუნებრივი საფრთხეები: წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები... საბედნიეროდ, გურიაში მყინვარები არ არის, მაგრამ არის საფრთხეები - ძალიან ბევრი მეწყერსაშიში უბანი, მთაგორიანი რელიეფი, დიდი ტენიანობა, რასაც მოჰყვება ეს პროცესები.

- შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან ასეთ მოკლე დროში უბედურება ისევ მოხდა. შესაბამის სამსახურებს ხომ უნდა მიეღოთ ზომები, შეიძლებოდა ამის აცილება?
- ყველაფერს გაცილებით ადრე უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ მსჯელობა მიდის მხოლოდ ფაქტის შემდეგ. გახსოვთ დევდორაკის ტრაგედია? იქაც დაიღუპა ხალხი, ჩახერგილი იყო გზა. მერე, 2015 წელს, თბილისშიც დატრიალდა ტრაგედია. გაიხსენეთ 13 ივნისის ამბები. მას შემდეგ 8-9 წელი გავიდა და უნდა გვეფიქრა და გვემოქმედა, სანამ რამე მოხდებოდა. მთაგორიანი ქვეყანა გვაქვს. საბედნიეროდ, აქ ძლიერი მიწისძვრები იშვიათია, მაგრამ მეწყერი ხშირად ჩამოდის. საფრთხე რომ არის, ვიცით, გვაქვს რუკები, სადაც ეს ყველაფერი დატანილია, მაგრამ რუკები რუკებად რჩება. ვერც მოსახლეობამდე მიგვაქვს ინფორმაცია. სოფელ სილაურში მოხუცი ქალი რომ დაიღუპა, საინტერესოა, იცოდნენ თუ არა, რომ იქ გააქტიურებული იყო ეს პროცესი. ეს ყველაფერი დეტალურად უნდა შევისწავლოთ, ისევე როგორც შოვის ტრაგედიის მიზეზებიც, რათა აღარ განმეორდეს, მით უმეტეს, როცა ვიცით ღვარცოფსაშიში ტერიტორიები. ისინი კარგა ხანია ანგარიშებშია შეტანილი. ანგარიშების გარდა, უამრავ პროექტში მილიონები დაიხარჯა. რისთვის? ბუნებრივი საფრთხეები მომატებულია, ეს გასაგებია, მაგრამ აცილება შეგვიძლია. შეგვიძლია ზარალი მაინც შევამციროთ და რაც მთავარია, მსხვერპლი ავიცილოთ. როდის მოვა ძლიერი წვიმა, რამდენიმე დღით ადრე შეიძლება ზუსტად პროგნოზირება. ბუნებრივ მოვლენას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ კონტროლით მსხვერპლს ავიცილებთ. შოვში რატომ იყო კატასტროფული შედეგი? იმიტომ, რომ ძალიან პატარა სახიფათო ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული კაცი იყო.
- გამოდის, სულ უნდა გვეშინოდეს გაზაფხულის და შემოდგომის მოსვლის?
- ადრე მაისი იყო წვიმიანი, ახლა ამან გადაიწია ივნისისკენ. ადრე სექტემბერი არ იყო წვიმიანი, მაგრამ წელს აგვისტო და სექტემბერი ნალექიანი გამოდგა. კლიმატის ცვლილების გამო ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები გახშირდება. ძლიერი წვიმა ადრეც ყოფილა, მაგრამ ახლა წვიმიანი დღეების რაოდენობა გაიზრდება, მეორე მხრივ ზოგ ადგილას გვალვა და უნალექობაა, მაგრამ იქაც იზრდება უკვე სხვა საფრთხე. ამ პრობლემებისთვის მზად უნდა ვიყოთ. შეტყობინების ხელსაწყოებს ყველგან ვერ დავამონტაჟებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია პრევენციაზე მუშაობა. ის ადგილები, შემოხაზული უბნები, დეტალურად უნდა შევისწავლოთ. სადაც მეწყერია, იქ სახლი არ უნდა იდგეს. მეორე პრობლემაცაა - გეოლოგიურო სამსახურები თავად საფრთხის შემცველ რეგიონებში უნდა იყოს. მოსახლეობა იქნება თუ ადგილობრივი ხელისუფლება ყველამ უნდა ვიმოქმედოთ. ბიზნესმენებმაც, რომლებიც ასეთ ადგილებში რამეს აშენებენ, უნდა გაითვალისწინონ მოსალოდნელი საფრთხეები.
- ასეთ დროს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?
- კარგა ხანია დეტალურად არ შემისწავლია საკანონმდებლო ბაზა და არ ვიცი, ასეთ დროს ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი. თუ მორალურ პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ, ყველა პასუხისმგებელია, მათ შორის ჩვენც, რომ მოსახლეობამდე ვერ მივიტანეთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც მეტად პასუხისმგებელია, მაგრამ ყველანი რომ ვიყოთ მობილიზებული, ასეთი ტრაგედიები არ მოხდებოდა. სადაც ინფორმირებულია მოსახლეობა და იცის, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში, იქ 5-ჯერ მეტი შანსი აქვთ გადარჩენის, ვიდრე მათ, ვინც არ გაუფრთხილებიათ. სამაშველო სამსახური ბოლო ეტაპია, პრევენციაა მთავარი. გარემოს ეროვნული სააგენტო უნდა ხელმძღვანელობდეს კვლევებს, რაშიც უნდა ჩაერთონ კვლევითი ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები.