„ჩვენი თავი ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ლაფიდან და ჭაობიდან“ - კვირის პალიტრა

„ჩვენი თავი ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ლაფიდან და ჭაობიდან“

"ახალი საქართველოს, თანამედროვე, გახსნილი ქართული საზოგადოების იდეა - ეს არის ილიას იდეა. ის რაღაც წარსულის რესტავრაციას კი არ აკეთებს, სრულიად ახალს ქმნის, თანამედროვე ევროპულ გაგებას ქმნის და ეს არის სწორედ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაგება, რომელიც არ არსებობს ილიას, ევროპის და ევროპული ინტეგრაციის გარეშე. იცოდე ილია, გიყვარდეს ილია, გესმოდეს ილიასი - ნიშნავს იარო სწორედ ამ გზით და აღასრულებდე იმ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელსაც დღეს ხელისუფლება გაურბის. ეს ღირებულებები - საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავის ბუნებრივ გარემოში, ევროპულ ოჯახში დაბრუნება ადამიანებს აქ საკუთარ სიცოცხლედ უჯდებათ და ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ილია მნიშვნელოვანი ფიგურაა", - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი და ჩვენთან საქართველოს აწმყოს სწორად განსაზღვრაზე საუბრობს, რომელიც ასევე ილიას კონტექსტში, ნათელი მომავლის მშობელი უნდა გახდეს.

- ორიოდ თვეში საქართველოს ბედი წყდება - მოგვეცა ისტორიული შანსი და ევროპის კარი გაიხსნა. ვართ კი მზად ამ კარში შესასვლელად, ვართ საუკეთესო ფორმაში ასეთი ისტორიული შესაძლებლობის დროს, რომელიც შეიძლება კარგა ხანს აღარ გამოჩნდეს?

- დღეს დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. დარწმუნებით გვეუბნება ევროპა, რომ მარტივია ამ კარში შესვლა - არის სულ 12 პუნქტი, რომელთა შესრულებას მაშინაც სჭირდებოდა დაახლოებით 1 კვირა და ახლაც ამდენივე სჭირდება. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ნებას, ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, ძალიან გაწერილს, გაზომილსა და მარტივ გადასადგმელს. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ დროში გაწელილად, ვხედავთ ვაჭრობას, ხელისუფლების ხშირად გასაგებ და მოღალატეობრივ, ზოგჯერ სრულიად გაუგებარ პოზიციას, რომლის შედეგიც არის საქართველოს ისტორიული შანსის დაკარგვა. არ ვიცი, ეს ადამიანები როგორ ხედავენ საკუთარ თავს ისტორიაში, ამ მნიშვნელოვანი ისტორიული შანსის გამოუყენებლობაში თუ მიზანმიმართული საბოტაჟის შემთხვევაში, თუ უფიქრიათ, ეს არის საინტერესო. მე არ ვარქმევ სახელს, თვითონ თუ დაფიქრებულან ამაზე, საინტერესოა. მგონი, დასაფიქრებელია, როგორია მათი მზაობა, როგორია მათი პასუხი ამ კითხვაზე. ყველაფერი მართლა ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. თუ ამაზე დაფიქრებულან, საინტერესოა, მზად არიან, რომ ღირსეულად შევიდნენ ისტორიაში, თუ ასე, სერგო ორჯონიკიძეებივით აპირებენ შესვლას? ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, რამდენიმე დღის საკითხია, ევროპულ სამყაროს აჩვენო, რომ მიუხედავად დიდი და ბევრი გაუგებრობისა, ხარ პარტნიორი, ან აჩვენო, რომ შენ ამ თამაშიდან გამოსული ხარ და ხარ რუსეთის რაღაცა ნაწილი, ქვემო ტულა თუ ზემო მაგადანი.

- პრემიერმა ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს თითქოს დათქმა დაუწესა, თუ გინდათ საქართველოში პოლარიზაცია დასრულდეს, წლის ბოლოს სტატუსი უნდა მოგვცეთო. ფიქრობთ, რომ სტატუსის მოცემა-არმოცემაა პოლარიზაციის, ყველაზე მტკივნეული მოვლენის განმსაზღვრელი?

- "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ისე გაიძახიან პოლარიზაციას, რუსეთის ზურგისა და ივანიშვილის გარეშე რომ აიღო, ვისთან შევლენ ეგენი პოლარიზაციაში? რისი იმედით იქნებიან პოლარიზებული საქართველოს ისტორიასა და ქართველ ხალხთან? რისი თავი აქვთ, თუ არა რუსეთის კა-გე-ბე და რაც არის მათ ზურგს უკან? ასე რომ, ეს პოლარიზაცია აბსოლუტურად ხელოვნური, კრემლისგან მართულია. როდესაც საქართველოს ეძლევა შანსი, იქვე აუცილებლად ჩნდება პოლარიზაცია. პოლარიზაციას დაასრულებს ქართველი ხალხის ნება, სხვა ვერაფერი.

ამ წლების განმავლობაში ყველა კვლევა და გამოკითხვა ამბობს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნება, მაგრამ მარტო ეს არ კმარა, ეს ნება უნდა ითარგმნოს და აღსრულდეს. ამ ნებას სჭირდება ხელი, ფეხი, კიდურები, თავი, მოძრაობა ანუ აღსრულება და ამ ისტორიული ნების აღსასრულებლად, ვფიქრობ, მთლიანად ქართველმა საზოგადოებამ უნდა შეცვალოს რაღაც, პირველ რიგში - ხელისუფლება.

- პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებაზე რას იტყვით? სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უგულებელყოფა ედება ბრალად. ხომ არ არის ეს ხელისუფლების მიერ ჩანასახშივე წაგებული თამაში?

- ძალიან წამგებიანი პოზიციაა. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის გამო დადის მსოფლიოში, შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა კონსტიტუციის დარღვევად აღიქვას. კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და ისტორიის უმთავრესი გამოწვევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა. ესენი სრულიად წაგებულ თამაშში არიან, ვფიქრობ, ეს ესმით, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ იმიტომ, რომ სურთ აჩვენონ თავიანთ შეფებსა და პატრონებს ჩრდილოეთით - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ მოგვცენ სტატუსი, არ ვიყოთ თავისუფალი, საქართველო არ წავიდეს წინო და ა.შ.

- რას ემსახურება თეა წულუკიანის უცნაური პოლიტიკა იმ სფეროში, რომლის წარმომადგენლებიც ყველაზე თავისუფალი უნდა იყვნენ - ლიტერატურა, ხელოვნება, ზოგადად, შემოქმედის წნეხში, ჩარჩოებში მოქცევა, ალბათ, წარმოუდგენელია. თქვენ მინისტრს ქართველი ჰეროსტრატე უწოდეთ, რომელიც "აჩანაგებს ყველაფერ ცოცხალს და თვითკმარს კულტურაში".

- წულუკიანი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი წარმატებული ინსტიტუტების ნგრევის ნამდვილი დიდოსტატია. ალბათ, როდესაც სრულიად შემთხვევით მოხვდები ხელოვნებისა და კულტურის სფეროში, თუ არ გაითვალისწინე ამ სფეროს, ამ სამყაროს თავისებურებანი, განსხვავებულობანი, ამის ცოდნა არა გაქვს, უნდა იკითხო მაინც რაღაც. ჩვენ აქ ვხედავთ, რომ კულტურის ყველა სფეროში - იქნება მუზეუმები, თეატრი, კინო, ლიტერატურა თუ თეატრი (არ მინდა რაღაც გამომრჩეს), ვინც ამ სფეროში რამე მნიშვნელოვანს ქმნის, ყველა თითქმის ბოიკოტის და არათანამშრომლობის რეჟიმშია ამ სამინისტროსთან. ასე არაა, რომ ვთქვათ, წულუკიანი ცუდია, წულუკიანმა თავი ვერ გაართვაო, კარგებიც არიან და იმათ უნდა ვუთხრათ, რომ წულუკიანი მოხსნან. ვერ იტყვი, რომ მინისტრთა კაბინეტში ან პარლამენტში უმრავლესობიდან ვიღაც არის კეთილი, ვისაც რაიმე ტიპის ნება აქვს, ვინც შეისმენს ქართველ ხელოვანთა ხმას - ანუ ამ თვალსაზრისითაც აბსურდული სიტუაციაა. დასაფიქრებელია - ადამიანი ხელმძღვანელობს სფეროს, რომელიც სრულიად განდგომილია მისგან. მინისტრი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას და განავითაროს თავისი სფერო, რომელიც სრულიად განდგომილია მისგან. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ რადგან ფულს უხდიდა ძველ, დამსახურებულ ხალხს, ამიტომ ქართული კულტურის წინაშე მას ვალი მოხდილი აქვს. ესეც ქვეყნის უბედობის გამო, თორემ ნორმალური ქვეყანა რომ ყოფილიყო, რაში სჭირდებოდათ მათ სხვისი ფული და დახმარება? ევროპულ სამყაროში ისინი ტოპდაფასებული ადამიანები იქნებოდნენ დიდი შემოსავლებით. ქვეყნის უკუღმართობას რა ვუთხარი, თორემ პირიქით, ისინი გასცემდნენ ფულს, მეცენატები და ქველმოქმედები იქნებოდნენ. ამ მართლა დამსახურებულ ხალხს წამოაყვედრა წამლის და საჭმლის ფული, თვლის, რომ კულტურა უკვე მისია, ყველაფრის გაკეთება შეუძლია ამ სფეროში, უნდა დაიმორჩილოს ბოლომდე - პირადი დამოკიდებულება ასეთია, რაც ძალიან სუბიექტური და არარეალისტურია. ბოლო-ბოლო, სტალინი მოინელა ქართულმა კულტურამ და ხელოვნებამ და წულუკიანი რა გახდება? ეს დროის ამბავია.

- ქართველმა მწერლებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეთ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას და პროტესტი გამოთქვით ახალი დირექტორის დანიშვნის გამო. ასევე, მოითხოვთ კომისიის შექმნას, რომელიც მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს შეარჩევს. რატომ შიშობთ, რომ მწერალთა სახლის მუშაობაში ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით ჩაერევა ქეთი დუმბაძე, რომელიც პირობას იძლევა, რომ ასე არ იქნება?

- აქ არა პერსონალიებზე, არამედ წესზეა საუბარი, იმაზე, თუ როგორ ხდება 21-ე საუკუნის საქართველოში ლიტერატურული პოლიტიკის წარმოება - მოთვინიერებით, პირდაპირ დანიშვნით თუ რაღაც ტიპის კონსენსუსით ამ სფეროსთან. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ნატაშა ლომოური მოხსნეს ამ თანამდებობიდან, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა და სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაბრუნდა ის თანამდებობაზე, ის აღარ იყო დანიშნული. იურიდიულად შეიძლება დანიშნული იყო, მაგრამ ამ დანიშვნის უკან იდგა სწორედ კონსენსუსი სფეროსთან, მწერლებთან, გამომცემლებსა და სხვა. წულუკიანი, რომელიც ასე დაპირისპირებულია კინოსთან, ლიტერატურასთან, ყველასთან, მისი ბრძანებით რომ მოდიხარ ამ სფეროში, ამ საქმისთვის ყველა - ჩემი ძმაც, მეგობარიც, ახლობელიც დამენანებოდა და ზუსტად იმავე პოზიციას დავიკავებდი, რაც ახლა მაქვს. წულუკიანის ლეგიტიმურობაშია საქმე, აქეთ დგას ქართული ხელოვნება, ლიტერატურა და იქით არის ეს რაღაც ცენტრალიზებული, საბჭოთა, ტოტალიტარული მართვის სისტემა. ამიტომ ამ შემთხვევაში პიროვნებებზე ვერა, მართვის სტილზე ვილაპარაკებთ, ვის პოლიტიკას ატარებ, რომელ მართვის სტილს წარმოადგენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთი თანამდებობები, რომლებიც დაკავშირებულია კინოცენტრთან, მწერალთა სახლთან და ა.შ. უნდა იყოს ამ სფეროსთან ფართო კონსენსუსის შედეგი, ანუ გვყავდეს კონსულტაციებისა და არჩევნების პროცედურებით არჩეული თანამდებობის პირი.

- როგორი და სად გესახებათ საქართველო 2024-ში? რა სურს ხელისუფლებას და რა - ოპოზიციას, რომელიც იქადნება, რომ "ოცნებას" დაასრულებს და მას ოპოზიციაში ვიხილავთ. ამ მდარე და პასიურ პოლიტიკურ ვითარებაში რას ელით ახლო მომავლისგან? ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რა შედეგით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი.

- ქართველ ხალხს, ქართველ საზოგადოებას აქვს დიდი სურვილი და წყურვილი, ეძებს გამოსავალს, ეძებს ადამიანებს, ახალ პოლიტიკურ ძალებს. ფიქრობს, იქნებ ესენი მოვიდნენ პოლიტიკაში, იქნებ ასე მოხდეს, იქნებ რაღაც ძალები დაუკავშირდნენ ერთმანეთს... ახალი ძალების გარეშე ძალიან რთული იქნება არსებულ სიტუაციაში რაიმე ტიპის პროგრესული გარღვევა, ამიტომ, პირველ ყოვლისა, ეს მზაობა და მოლოდინი არის თავად საზოგადოებაში. მთავარია, როგორ უპასუხებს ამ მოლოდინს ის ხალხი, ვინც საკუთარ თავს ხედავს ქართული პოლიტიკის მომავალში. 2024-იც ასე იქნება - რასაც დღეს გავაკეთებთ, ის აისახება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია უკრაინის პოზიცია რუსეთთან ომში. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ნელა და მძიმედ მიდის, მაინც ვფიქრობ, კარგის მოლოდინია - უკრაინა აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვან ნაწილს მაინც, და ძლიერი პოზიციიდან დაელაპარაკება რუსეთს. ძალიან მნიშვნელოვანია, ომის დამთავრებისას რუსეთი რა მდგომარეობაში მიუჯდება უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდას. დიდი ფსონებია დადებული, უკრაინას დიდი ქვეყნების დიდი მხარდაჭერა აქვს და არა მგონია, დაიკლოს. მთავარია, უკრაინამ გონივრულ ვადებსა და პერსპექტივაში შეძლოს დასახული ამოცანების შესრულება. ეს მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის, საქართველოსთვის და, ბუნებრივია, საქართველოში ევროპული ძალებისთვისაც.

- მაინც რა გაგვიყვანს ფონს და როგორც თქვენ წერდით, რა ამოგვიყვანს "ლაფიდან და ჭაობიდან"?

- იცით, როგორ იქცევა ჩვენი ხელისუფლება? დაახლოებით ასე: ვთქვათ, პოლარული ექსპედიცია რომ დავგეგმოთ, წავიდეთ ანტარქტიდაზე ან გრენლანდიაში და რომ გამოვაცხადოთ, ჯერ ვერაფერს წავიღებთ, იქ მივიდეთ და ადგილზე ვნახოთ, რა დაგვჭირდებაო. არადა, იქ შეიძლება გაიყინო და განადგურდე, ნაპრალში ან სადმე ჩავარდე. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეკოლოგიური, სამეცნიერო, ეკონომიკური თუ ა.შ., არის დაახლოებით ამგვარი, აი, მოვა 2024 და მერე ვნახოთო. ის არ ან ვერ აგვარებს პრობლემებს, წარსული იწვის, არქივი იწვის, აწმყოში ნიაღვარია და ყოველდღიურად წყალს მიაქვს ყველაფერი. მომავალი სრულიად გაურკვეველია მათ ხელში, შესაძლოა ისიც დაწვან და გაანადგურონ. ასეთი რეალობაა, ასეთი განცდაა. ეს არავის გვიხარია, ამას არავის სიძულვილით არ ვამბობ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ. ამიტომ შეუძლებელია ეს არ დასრულდეს. ვიღაცები ამბობენ, როდემდეო? როდისაა შესაძლებელი ფსკერს ფეხით შეეხო და მერე დაიწყო უკუსვლა ზემოთ? როგორც ჩანს, ეს ფსკერი უძიროა. ჩვენი თავი ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ლაფიდან და ჭაობიდან, ნებისმიერი "ექსპედიცია" უნდა დავგეგმოთ სწორად, რაც არ ვიცით, ვინმეს მაინც შევეკითხოთ. ჩემი შვილი როცა მყინვარწვერზე წავიდა (ბევრჯერ ვარ იქ ასული), დავისვი და მოვუყევი, დაახლოებით რა დასჭირდება, რა არ წაიღოს, რა წაიღოს, რა წონის ზურგჩანთა ჰქონდეს, როგორ გაანაწილოს დრო, რა როდის ჭამოს და ის გულისყურით მისმენდა. ევროპული რეკომენდაციებიც ეს არის - შენ გინდა ევროპულ სამყაროში დაბრუნება, დიდი ხანია, იქ არ ყოფილხარ. ისინი გეუბნებიან, აქ ასე ხდებაო, შენ კი დგახარ და იჯგიმები. ვის ეჯგიმები, საკუთარ მომავალს და პერსპექტივას?!