„ღმერთმა ნუ ქნას, კანდიდატის სტატუსი­ არ მოგვცენ“ - კვირის პალიტრა

„ღმერთმა ნუ ქნას, კანდიდატის სტატუსი­ არ მოგვცენ“

"ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას ბევრი საინტერესო რამ თქვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო იყო მისი განაცხადი იმის შესახებ, რომ ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია და არც მიატოვებს", - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა ერთიანად გაანულა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის რიტორიკა. "მან თქვა, რომ შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, თითქოს საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ - ეს რუსული ნარატივია"­ და ცივი წყალი გადაასხა ხელისუფლებას. მან თქვა, რომ "ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს, რაც არ უნდა მოხდეს" და გააქარწყლა ოპოზიციის მოსაზრება, რომ თუ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს არ შევასრულებთ და კანდიდატის სტატუსს ვერ დავიმსახურებთ, დასავლეთი რუსეთის პირისპირ მარტო დაგვტოვებს. რა გვითხრა ბორელმა, რა გაიგო ხელისუფლებამ, როგორ პოზიციონირებს ამ რთულ, საპასუხისმგებლო მომენტში ოპოზიცია, რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძე ვრცლად გვესაუბრება.

- ოპოზიცია მუდმივად გვაშინებდა, თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ და ამის გამო ხელისუფლებას თუ არ შევცვლით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა სამუდამოდ ჩაიკეტებაო. ბორელმა კი გვითხრა, რომ ასე არ იქნება. სინამდვილეში, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს, იმისდა მიუხედავად, შევასრულებთ თუ არა რეკომენდაციებს და მოგვანიჭებენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა ევროკავშირში შესვლა, მაგ­რამ რას ვიზამთ, "ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს".

- ღარიბაშვილმა თქვა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი გააკეთა...

- არადა, უთხრეს, რომ მხოლოდ სამი პუნქტი შეასრულა, ცხრა დარჩა. გასაგებია­, რომ პოლარიზაცია მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ოპოზიციასთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების პრობლემაც არის. ამასთან, პოლარიზაცია კონკურენციაში რომ გადაიზარდოს, ამისთვის დრო და რეფორმებია საჭირო. თუმცა არის პრობლემები, რომელთა მოგვარებას პოლიტიკური ნება და ცოტა დრო სჭირდება. არ არის სწორი იმის თქმა, მე გავატარე რეფორმები, შენ ან ამას აღიარებ, ან ჩემს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაზე აგებ პასუხსო. ბორელს დიდი გამოცდილება აქვს, ცოტა ემოციური კაცი რომ ყოფილიყო, გვეტყოდა, კისერიც გიტეხიათო! მმართველ გუნდს კი სურს ევროკავშირში საკუთარი პირობებით შევიდეს, მაგრამ არ გამოვა ასე.

- თქვენი აზრით, ვის მისცა ბორელმა­ იმის გარანტია, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებდა?

- ჩემი აზრით, ბორელის მიმართვა ზეპარტიული იყო. მან გასაგებად გვითხრა, ევროკავშირს საქართველო აინტერესებს და თქვენც თუ გაინტერესებთ ევროკავშირი,­ ყველაფერი რიგზე ყოფილაო. ამასთან, გასაგებად განმარტა, თქვენს შიდა საქმეებში­ არ ვერევით და თავად უნდა განსაზღვროთ, რა და როგორ გინდათო. ბორელი ვერ მოგვცემს ჩვენი ქვეყნის დალაგების რეცეპტს.

- ბორელი არა, მაგრამ თქვენ ხშირად აძლევთ რეცეპტს ოპოზიციას. ამ შემთხვევაში­ რას ურჩევთ, როგორი უნდა იყოს მათი სტრატეგია, რომ ქვეყნის დაზარალების გარეშე 2024 წლის არჩევნებში მშვიდობიანად შეცვალონ ხელისუფლება?

- ყველაზე მთავარია, ცრუმოლოდინი არ შექმნას. ოპოზიციურმა ძალებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ერთპარტიული მმართველობა დაასრულონ. "ოცნებას" რეალურად ჰყავს ამომრჩეველი და დარჩება კიდეც პოლიტიკაში. ეს არ არის პრობლემა, მთავარია, ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს. ერთპარტიული მმართველი ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც არის, მაგრამ ზოგან კონგრესი აბალანსებს, ზოგან სასამართლო და ა.შ. ჩვენი პრობლემა­ ის არის, როდესაც პოლიტიკური ძალა ოპოზიციაშია, მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს­ დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობაზე, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვა, მაშინვე იცვლის აზრს. ღმერთმა ნუ ქნას, კანდიდატის სტატუსი­ არ მოგვცენ, ხალხი ამას გააპროტესტებს, თუმცა რევოლუცია არ იქნება. ოპოზიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს უკეთესად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკას შეეშვას. კარგი იქნება, ამას ჟურნალისტებიც თუ გაითვალისწინებენ. ოპოზიციურ მედიაში ზოგჯერ ისეთ აბსურდულ ბრალდებებს­ უყენებენ ხელისუფლებას, საბოლოოდ სწორედ მათ წისქვილზე ასხამენ წყალს და საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ.

- უცნაური ამბები ხდება "ნაცმოძრაობაში",­ გარდა იმისა, რომ პარტია ორადაა გაყოფილი და ერთმანეთს ზოგჯერ იმაზე მწვავედაც კი აკრიტიკებენ, ვიდრე ხელისუფლებას, ახლა ამ ორივე დაპირისპირებული ფრთის კრიტიკას უკვე "მთავარი არხის" ეკრანებიდანაც ვისმენთ.

- "ნაცმოძრაობაში" მართლაც ძალიან რთული ვითარებაა. ასე რომ იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ მაშინ ვივარაუდე, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ლევან­ ხაბეიშვილი, რომელსაც შლეიფად დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი მოჰყვა.­ ახლა გიგი უგულავა­ გამოგვეცხადა და "გაგვახარა", მე 2021 წელს დავბრუნდი­ "ნაცმოძრაობაში" და არსად­ წასვლას არ ვაპირებო. ამ პარტიაში ყველა­ ის პირი წამოვიდა წინა პლანზე, ვის მიმართაც საზოგადოება ნეგატიურად არის განწყობილი. პარტიაში სიტუაცია გაართ­ულა იმანაც, რომ ხაბეიშვილმა პარტიულ ვერტიკალში­ მელიას ხალხი საკუთარი გუნდით ჩაანა­ცვლა. ამან შეუძლებელი გახადა­ ორივე ლიდერის დარჩენა პარტიაში. დღეს მელიასა­ და მის გუნდს დეკორაციული ფუნქცია აქვს. არადა, სააკაშვილი პარტიის ერთიანობის შენარჩუნებაზე საუბრობს. ფაქტია, რაღაც ისევ უნდა შეიცვალოს, ცვლილებას კი ისევ დიდი ამბები მოჰყვება.

- ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც "ნაცმოძრაობაში" ერთიანობას შეინარჩუნებს?

- ნიკა გვარამია. მოდი, სიმართლე ვთქვათ, თუ გვარამიას პოლიტიკაში წასვლა­ სურს, არჩევანი არა აქვს - ის ახალ პარტიას ვერ შექმნის. სხვათა­ შორის, მელიაც არჩევანის წინაშე დგას, მას ახალ ვადამდელ­ არჩევნებში აღარავინ გაამარჯვებინებს. თუ პოლიტიკაში ლიდერის სტატუსით დარჩენა­ სურს, "ნაცმოძრაობა" უნდა დატოვოს და ახალი პარტია შექმნას.

- ამისთვის რა რესურსი აქვს?

- თუ შიდაპარტიულ არჩევნებში მის მხარდაჭერას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავს. კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას - სააკაშვილმა, როდესაც "ნაცმოძრაობაში" ერთიანობის შენარჩუნებაზე საუბრობდა, ასეთი­ რამ თქვა, ვინც ბოკერიას გზას დაადგება, განულდებაო. "ევროპულ საქართველოს" სერიოზული შეცდომები რომ არ დაეშვა (ვგულისხმობ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში თავიდან ფეხებამდე გადაშვებას და ჰელსინსკიში სააკაშვილთან შესახვედრად უგულავას გაშვებას) საინტერესო პერსპექტივა ჰქონდა. ბოკერია განულდა იმიტომ, რომ შეცდომები დაუშვა. მელიაც განულდება, თუ ბოკერიას მსგავს შეცდომას დაუშვებს, მაგრამ თუ მოქმედების სწორ სტრატეგიას აირჩევს, პირიქით, თავს გადაირჩენს.

- ე.ი. "ნაცმოძრაობის" ლიდერად - ნიკა გვარამია, ნიკა მელია კი ახალი პარტიით...

- რატომაც არა? მელიას, გვარამიასგან განსხვავებით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შანსი ნამდვილად აქვს.

- რატომ ფიქრობთ, რომ გვარამიას ამის შესაძლებლობა არა აქვს?

- პარტიის შექმნა კი შეუძლია, მაგრამ ისეთის ვერა, 5%-იანი ბარიერი რომ გადალახოს. გვარამია "ნაცმოძრაობის" გარდა, ვერც ერთ სხვა სექტორში მხარდამჭერს ვერ ნახავს. შესაბამისად, ისევ "ნაცმოძრაობას" უნდა გაუყოს ამომრჩეველი, ამ პარტიაში კი ელექტორატი ისედაც ორად არის გაყოფილი, იქ უკვე ყველას აქვს არჩევანი გაკეთებული. რამე რომ იყოს, ვიღაცა გვარამიასთანაც წავა, მაგრამ ეს ვერ იქნება ანგარიშგასაწევი რაოდენობა.

- მელია "ნაცმოძრაობის" მიღმაც შეძლებს ელექტორატის მოზიდვას?

- ასეც შეიძლება ითქვას, მაგრამ "ნაცმოძრაობაშიც" ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

- სწორედ ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ გიორგი გაბუნიამ "მთავარი არხის" ეთერში მელიას ვაი უწოდა, ხაბეიშვილს­ ვუი, "ნაცმოძრაობას" ვაი-ვუი და ამით გვარამიას ველი მოუსუფთავა? ნიკა გვარამიამ კი უარყო გაბუნიასთან შეთანხმება, მაგრამ მისი შეფასებისას არც ისეთი მკაცრი არ იყო.

- ეჭვი მეც მაქვს... საინტერესო ის არის, რომ გაბუნიამ და გვარამიამ კი მოილაპარაკეს, რომ "მთავარი არხი" პარტიული გავლენებისგან თავისუფალი იქნება,­ მაგრამ ამ არხს ასეთი ჯერ არაფერი ეტყობა­. მართალია, გვარამიას ხშირად გაურბის სიტყვა, მაგრამ დღეის მდგომარეობით "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის პოსტისთვის ყველაზე შესაფერისი ნიკა გვარამიაა, იმიტომ, რომ ხაბეიშვილი ორად გაყოფილი ელექტორატის გაერთიანებას ვეღარ შეძლებს, აღარც მელიას აქვს უკან დაბრუნების რესურსი, სააკაშვილი კი პარტი­ას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ისე, შეიძლება სააკაშვილი "ნაცმოძრაობისთვის" ყველაზე დიდ საფრთხედ იქცეს.

- რა თვალსაზრისით?

- მან ყველაფერი სცადა იმისათვის, რომ ციხისთვის თავი დაეღწია - ხან ქართულ პოლიტიკაზე თქვა უარი, ხან უკრაინელად გამოაცხადა თავი, ხან იშიმშილა და ა.შ. ისე ძალიან უნდა ციხიდან გამოსვლა, რომ არ გამოვრიცხავ, გათავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლებას გაურიგდეს.

- რა შეიძლება გახდეს გარიგების საგანი?

- ამის თქმა ჯერ მიჭირს, მაგრამ სააკაშვილი გარიგებაზე უარს არ იტყვის.

- კი მაგრამ "ქართულ ოცნებას" რაში შეიძლება დასჭირდეს სააკაშვილთან გარიგება?

- ამ ეტაპზე არც არაფერში, მაგრამ­ არჩევნების მოახლოებისას შეიძლება დას­ჭირდეს. ეს სექტემბრის ბოლოს გამოიკ­ვეთება. თუ გახსოვთ, ადრე გითხარით, რომ ხელისუფლება სააკაშვილს მანამდე არ გაათავისუფლებს, ვიდრე თავად არ დასჭირდება-მეთქი. ჰოდა, შეიძლება ეს მომენტი­ წინასაარჩევნოდ დადგეს.

- მანამდე ზურაბიშვილმა რომ შეიწყალოს?­

- არ შეიწყალებს.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- მივყვეთ მოვლენების თანამიმდევრობას­ - ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ოპოზიციას თემა არა აქვს, არადა, აგერ იყო, ზურაბიშვილის საკითხი და შეეძლო მხარდაჭერა უფრო აქტიურად გამოეცხადებინა მისთვის. როდესაც ხელისუფლებამ სალომე­ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, ოპოზიციას კონსტიტუციის დარღვევაში იქით კი არ უნდა დაედანაშაულებინა ხელისუფლება და ის კი არ უნდა ეთქვა, "ქართული ოცნება" ხელს უშლის ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის გზაზე რუსეთის სასარგებლოდო, იმაზე უნდა მოეხდინა აპელირება, რომ ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია... ოპოზიციას უკეთ უნდა გამოეყენებინა ის თემა, რომ "ოცნების" წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტს ჰქონდა კერძო, ძალიან მაღალი დონის ვიზიტები. მას პირადად შეხვდნენ გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები. ეს ხუმრობა არ არის. ამასთან, იმის დასტურია, რომ ეს ქვეყნები საქართველოს ევროინტეგრაციით ძალიან არიან დაინტერესებული. ფაქტია, ხელისუფლებას ეშინია, ზურაბიშვილმა ხვალ-ზეგ პოლიტიკაში დარჩენა რომ მოინდომოს, შეიძლება გახდეს მესამე ძალის ლიდერი, რომელსაც დასავლეთის სრული მხარდაჭერა ექნება.

ხათუნა ბახტურიძე