„ბორელის ეს ვიზიტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“
ბორელის ვიზიტის შემდეგ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების და რა როლს ითამაშებს ამ პროცესში პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის აგრესია, ამ საკითხებზე "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრეთ.
- ბორელის მისია, ვფიქრობ, ის იყო, რომ დარწმუნებულიყო, რა მდგომარეობაა საქართველოში, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ. გარდა ამისა, გარკვეულწილად ეს იყო გზავნილი საქართველოსთვის. საერთო ჯამში, ბორელის ვიზიტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. როგორც ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოს შანსი რომ არ ჰქონდეს, ის არ ჩამოვიდოდა - ანუ ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას, როგორც თავად განაცხადა. მე სამი თვე ვიყავი ბრიუსელში და პირადადაც ვიცი, რომ ევროკავშირს ნამდვილად სურს, მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, როგორც ბევრჯერ აღნიშნა ბორელმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი 12 რეკომენდაციის შესრულებაში... მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გეოპოლიტიკურად თავად ევროკავშირს არ აწყობს საქართველოს ამოგდება ასოცირებული ტრიოდან, რადგან ეს ძალიან არასწორი სიგნალი იქნება რუსეთისთვისაც, ჩვენთვისაც... ასე რომ, ბორელის ვიზიტის მიზანი ის იყო, რომ დარწმუნებულიყვნენ, არის თუ არა საფუძველი ჩვენს საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.
- თქვენი შეფასებით, ბორელი დარწმუნდა, რომ დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ?
- ხელისუფლების კატეგორიული ტონი, ჩვენ სტატუსს აქამდეც ვიმსახურებდით და ახლაც ვიმსახურებთ, გვეკუთვნის და უნდა მივიღოთო, ბუნებრივია, არ უწყობს ხელს კეთილგანწყობას საქართველოს საკითხის მიმართ. პრაქტიკა, რაც ხელისუფლებამ შეარჩია, რასაც შეიძლება აგრესიული და შანტაჟის პრაქტიკა დავარქვათ, კონტრპროდუქტიულია და თითქმის არასოდეს ამართლებს. რამდენიმე წლის წინ მოლდოვა დაახლოებით მსგავს სიტუაციაში იყო და ძალიან ბევრმა ევროპელმა ჩინოსანმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, განსხვავება ის იყო, იქ რომ ჩავდიოდით და პრობლემებზე ველაპარაკებოდით, ისინი გვისმენდნენ, შეტევაზე კი არ გადმოდიოდნენო. აქ კი პირიქით ხდება. იმის ნაცვლად, საფუძვლიანი არგუმენტები მოიყვანონ ან რაღაც გააკეთონ, ზეწოლის ტაქტიკით ცდილობენ რაღაცის მიღწევას.
- ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტთან დაკავშირებული ამბებიც, ჯერ არგაშვება და მერე იმპიჩმენტის ანონსი, რომელიც ბორელმაც კი ახსენა და თქვა, რომ ნეგატიურად აისახება სტატუსის მიღებაზე. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას რა მიზანი აქვს?
- არა მგონია, იმპიჩმენტის საკითხი რეალური იყოს, რადგან საჭირო ხმებს ვერ აგროვებენ, მაგრამ მიზანი რეპუტაციული ზიანის მიყენებაა. შესაძლოა სამართლებრივად რაღაც სადავო იყოს, მაგრამ აქ რაღაც სხვა პრობლემაა... ამათ სურთ ეს ყველაფერი სამართლებრივ საკითხზე გადაიტანონ და პოლიტიკური საკითხი მიჩქმალონ. მთავარია ზურაბიშვილი "გააშავონ", რომელმაც არჩევნების წინ შესაძლოა მათ პრობლემები შეუქმნას...
- ანუ არ სურდათ, რომ ევროინტეგრაციის მხრივ რაღაც ზურაბიშვილს გაეკეთებინა და არა ის, რომ "ოცნებას" სტატუსის მიღება არ უნდა?
- დიახ, მათ ეშინიათ ზურაბიშვილის. "ოცნების" ლიდერების განცხადებებში გამოჩნდა, რომ ძალიან ეშინიათ იმის, რომ სტატუსს მისცემენ ხალხს და არა ხელისულებას. ეშინიათ, არჩევნების წინ ან ზურაბიშვილს, ან თუნდაც სამოქალაქო საზოგადოებას არ მიეწეროს სტატუსის მიღება და თვითონ განზე დარჩნენ...
- მარტივად რომ ვთქვათ, იეჭვიანეს ზურაბიშვილზე და არა ის, რომ მიზანმიმართულად შეუშალეს ხელი სტატუსის მიღებისთვის რაღაცის გაკეთებას?
- არც ეს არის გამორიცხული. იმპიჩმენტი, ცხადია, კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის, რადგან როგორც ბორელმა განაცხადა, ევროკავშირი დაინტერესებულია კანდიდატ ქვეყანაში პირველ რიგში იყოს სტაბილურობა და მდგრადი პოლიტიკური სისტემა. ჩვენ ისედაც ცუდი ისტორია გვაქვს ყოფილი პრეზიდენტების მიმართ დამოკიდებულებისა და თუ ახლა იმპიჩმენტს დავიწყებთ, ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება. ევროპული დემოკრატიის მთავარი არსი ის არის, რომ კონსენსუსისკენ უნდა იყოს მიდრეკილი პოლიტიკური სისტემა, სადაც ხელისუფლების შტოები ერთმანეთს დააბალანსებენ, "ქართული ოცნება" კი სპობს ყველას, ვინც მას არ ემორჩილება. დარჩა ერთადერთი პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც ისედაც ძლიერი არ არის.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით სტატუსის მიღების რა პერსპექტივა გვაქვს? მით უმეტეს, რომ 9 ვალდებულება შესასრულებელია და მოესწრება დარჩენილ სამ კვირაში?
- პერსპექტივა ცუდი არა გვაქვს. თავად ბორელის ჩამოსვლაც პოზიტიურია, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება დარჩენილი თვეების განმავლობაში. მთავარია, ევროკავშირს დაანახონ პროგრესი, რომ რაღაცის გაკეთება სურთ, რომ არსებობს პოლიტიკური ნება და დაიწყეს მუშაობა, თორემ რეფორმები რომ სამ კვირაში ვერ მოესწრება, ცხადია... ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება ჩვენი პარტნიორების დასარწმუნებლად, რადგან წევრი ქვეყნებიდან ბევრი ყოყმანობს.
რუსა მაჩაიძე