„ნაცმოძრაობა“ გახლეჩილია და ამის გაფორმება ტექნიკური საკითხია“
"პარტია დღეს, ფაქტობრივად, დაშლილია", - ამბობს "ნაციონალურ მოძრაობაზე" პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ეს მდგომარეობა რა გავლენას ახდენს ოპოზიციურ ფლანგზე და თუნდაც ჯაფარიძე-ხოშტარიას ახალი გაერთიანება არის თუ არა იმის ნიშანი, რომ ოპოზიციაში წინასაარჩევნოდ გადაჯგუფებები დაიწყო, ამ საკითხებზე გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:
- "ნაცმოძრაობაში" კრიზისი დიდწილად განპირობებულია მუდმივი მოლოდინითა და მერე იმედგაცრუებით. ამას დაემატა სააკაშვილის პატიმრობა, მასთან დაკავშირებითაც იქმნებოდა ზემოლოდინი და ამაშიც იმედი გაუცრუვდათ. მაგრამ რაც ამ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნებზე მოხდა და შეუქცევადი ხასიათი შესძინა პარტიის დაშლას, იყო შეტაკება პარტიის ემოციურ და პოლიტიკურ რაციოს შორის. კარგად ვიცით, რომ ეს პარტია უფრო რელიგიური მიმდინარეობის ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური. აქ ბელადის რწმენაზეა აშენებული ბევრი რამ, თუნდაც მიშა სააკაშვილის სიყვარულზე. ეს კი ცხადია, უპირისპირდება პოლიტიკურ რაციოს და მოხდა კონფლიქტი, რადგან პოლიტიკურ რაციოს, რომელიც პარტიის მენეჯმენტში იყო, ემოციური ნაწილი ადანაშაულებს იმაში, რომ მიშა ციხიდან ვერ გამოიყვანეს, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ, რომ ყოველდღე რევოლუციას არ აწყობენ და ა.შ. ამ კონფლიქტის ნიადაგზე კი, რადგან ემოცია უფრო ძლიერია, ვიდრე რაციო, პარტიის თავმჯდომარე გახდა პირი, რომელსაც არანაირი შესაბამისი თვისებები არა აქვს. ამან კი უკვე შეუქცევადი ხასიათი შესძინა ყველაფერს და დღეს პარტია, ფაქტობრივად, დაშლილია. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ გამთლიანება მოხდება. პარტია უკვე გახლეჩილია და ამის გაფორმება წმინდა ტექნიკური საკითხია. უკვე არის ისეთი მძიმე პრობლემები, რომელთა გადალახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამის გადალახვა არც მიშა სააკაშვილს შეუძლია, მათ შორის თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ამ ვითარებიდან გამოსავალს ვხედავდი, რომ პარტია ჩაებარებინათ ნიკა გვარამიას და სოფო ჯაფარიძეს. სოფო ჯაფარიძე საღად მოაზროვნე ადამიანია, ნიკა გვარამიამ კი გარკვეული კაპიტალი დააგროვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა და რაც მთავარია, აქვს კომუნიკაციის საშუალება ორივე დაპირისპირებულ მხარესთან, რადგან ხიდები არა აქვს დამწვარი. ამ ორ ადამიანს ტანდემში თეორიული შანსი ჰქონდა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს თუ ვერ შეარიგებდნენ, პოლიტიკური მორიგება მაინც მომხდარიყო და პარტიული მონოლითი შეენარჩუნებინათ. მაგრამ აქაც იმავე სისტემურ პრობლემას ვაწყდებით - მიშა სააკაშვილის ბუნებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი შეუძლებელია, რადგან მისთვის ნიკა გვარამია არაკომფორტულია. იმ ტიპის ლიდერები, როგორიც სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილია, თავის ორბიტაზე ვერ იტანენ ავტორიტეტებს, ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი აქვთ, შეუძლიათ ეკამათონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ან კიდევ უარესი, საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ შეუთანხმებლად.
- არის რამე შანსი, რომ გვარამია ოპოზიციის სხვა ნაწილს ჩაუდგეს სათავეში, ვთქვათ, ჯაფარიძე-ხოშტარიას გაერთიანებას და რა შანსია, რომ მათთან გაერთიანდეს "ლელოც"?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბევრი რამ დამოკიდებულია ევროკავშირთან ჩვენს დამოკიდებულებაზე, იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები.
- ის, რაც ხდება ახლა "ნაცმოძრაობაში", დანარჩენ ოპოზიციას რამე შანსს აძლევს თუ პირიქით, პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს?
- მგონი, შანსს აძლევს, რადგან ეს ორპოლუსიანობა დიდი მანკიერებაა. "ოცნება" ყველას, ვინც აკრიტიკებს, "ნაცს" ეძახის, ისევე როგორც "ნაცმოძრაობა" თუ გააკრიტიკე, "ქოცი" ხარ. მათ შექმნეს ეს ორპოლუსიანი სიმბიოზი და ცდილობენ პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში ახალი არავინ შეუშვან. ეს ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ბაზარზე ელექტორალური თვალსაზრისით უზარმაზარი მოთხოვნაა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტს არ უნდა არც ერთი და არც მეორე. ეს ორი პარტია ამიტომ ცდილობს შეუქმნას ადამიანებს განცდა, თითქოს მათ გარდა არავინ და არაფერი არ არსებობს და სამყაროს მხოლოდ ისინი ავსებენ და მოქმედებენ მხოლოდ ამ მეთოდებით - ან თავისკენ ქაჩავენ, ან მეორე ბანაკში ყოფნას აბრალებენ. ამ მეთოდებით ცდილობენ ჩაახშონ ალტერნატიული შეთავაზება და ელექტორატიც ამიტომ არის დაბნეული. "ოცნებას" საზოგადოებაში მხარდაჭერა არა აქვს, მაგრამ რადგან ოპოზიცია უფრო სუსტია, ხელისუფლება ინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს ორპოლუსიანობა საბოლოოდ ხელისუფლებაზე მუშაობს, მაგრამ ამ თამაშიდან "ნაცმოძრაობასაც" აქვს ბონუსი, ამით ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. ასე რომ, ეს არის სიმბიოზი, ორ ხელში ერთგვარი შულერული თამაში, რომელიც კეტავს პოლიტიკურ ველს და არ აძლევს გამოსავალს.
რუსა მაჩაიძე