სტატუსის ფასი ანუ რა დაგვიბარა ძია ჯოზეფმა - კვირის პალიტრა

სტატუსის ფასი ანუ რა დაგვიბარა ძია ჯოზეფმა

ქვეყანამ კიდევ ერთი უბედურება გადაიტანა გურიის სტიქიის სახით. მანამდე იყო შოვის საზარელი ტრაგედია. შესაბამისად, ამ სტატიის ავტორი ისურვებდა, რომ პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმოთ ამ თემისთვის. პოლიტიკოსმა რა უნდა ქნასო, ალბათ, იკითხავს ზოგიერთი. ჩვენ კონსტიტუციით ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში, თავის უმრავლესობიან-ოპოზიციანად, ეს თემა წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. კერძოდ, პარლამენტში უნდა განიხილებოდეს, ხომ არ არის შესაცვლელი სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლის პროტოკოლი?! ან ბიუჯეტიდან უფრო მეტი სახსრები ხომ არ უნდა იყოს გამოყოფილი ნაპირსამაგრითი, არხების გაწმენდისა და სხვა მსგავსი სამუშაოებისთვის?! პარლამენტარების მთავარი ფუნქცია კონტროლია და მერე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება...იმედია, ამ თემას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ დეპუტატები (საზოგადოების დაკვეთაა). ქართულ პოლიტიკაში კი გასულ კვირას ორი მთავარი მოვლენა იყო: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ვიზიტი და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხი "ოცნებას".

რა შთაბეჭდილებებით წავიდა ჯოზეფ ბორელი საქართველოდან

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაახ­ლოებით იმას ჰგავდა, ბანკის კრედიტ­ოფიცერი რომ მოდის შენთან სახლში, ათვალიერებს შენობას და უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, მოგცენ თუ არა კრედიტი. წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ბორელის აზრი ერთ-ერთი გადამწყვეტია.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს 12-იდან 9 პუნქტი შესასრულებელი აქვს. ასე აქამდე ევროკავშირის არც ერთი მაღალჩინოსანი არ დაკონკრეტებულა. თუ ასეა, ცუდია. წინა ზაფხულიდან მოყოლებული (მოლდოვასა და უკრაინას სტატუსი 2022 წლის ივნისში მიანიჭეს, საქართველოს კი „ევროპერსპექტივა") თუ 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 შევასრულეთ, დარჩენილ რამდენიმე თვეში 9 პუნქტის მოთხოვნებს შევასრულებთ კი?!

თუმცა, მეორე მხრივ, ბორელთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ „ევროკავშირი დეკემბერში საქართველოს სტატუსზე საბოლოო უარს არ ეტყვის, ეს ნიშნავს, რომ დეკემბერში ავანსად მოგვცემენ სტატუსს? თუ გვეტყვიან, ევროპერსპექტივაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით და სულ ცოტა გრჩებათ სტატუსამდეო?!

სხვათა შორის, როდესაც საუბრობდა 12 პუნქტის შესრულებაზე, ბორელმა სტუდენტისა და პროფესორის მაგალითი მოიყვანა - სტუდენტმა გამოცდა რომ ვერ ჩააბაროს, ეს პროფესორის ბრალი ხომ არ იქნებაო? თუმცა, მეორე მხრივ, თუ პროფესორი სტუდენტს ჯიბრში ჩაუდგა, მშვენივრად შეუძლია გამოცდაში ჩაჭრას. იმედია, ასეთი "პროფესორები" ევროპაში არ არიან.

ამ 12 პუნქტიდან ყველაზე რთული დეპოლარიზაციაა და შესაბამისად, ამ პუნქტზე გამახვილდა ყურადღება. ბორელის ფორმულირება ასეთი იყო - მმართველმა გუნდმა და ხელისუფლებამ უნდა შექმნან გარემო, რომ მასთან ითანამშრომლონ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ. ოპოზიციასთან შეხვედრისას კი ბორელმა მათაც მოუწოდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ. არადა, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა (ნახევრად ხუმრობით ვამბობთ, რა თქმა უნდა), დეპოლარიზაციის პუნქტი საერთოდ ამოღებული ყოფილიყო ვალდებულებებიდან. კერძოდ, "თანამშრომლობისთვის გარემოს შექმნა" კარგად ჟღერს, მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა შეიქმნას ეს გარემო, კაციშვილმა არ იცის ქართულ პოლიტიკაში, გინდ ექსპერტი იყოს და გინდ მკითხავი. ვინც მოახერხებს "თანამშრომლობის გარემოს შექმნას" სააკაშვილის პარტიასა და "ოცნებას" შორის, პირდაპირ შეგვიძლია მივანიჭოთ ნობელის პრემიის ლაურეატობა.

არ ვიცი, ევროპელებს წარმოედგინათ, რომ სტატუსის მიღების გამო ქართული პოლიტელიტა გაერთიანდებოდა?! პირიქით მოხდა, ერთმანეთს აბრალებენ, თუ ვინ უთხრის ძირს სტატუსის მიღებას, და რჩება შთაბეჭდილება, რომ მხარეებს იმდენად სტატუსი კი არ აღელვებთ, არამედ ამა თუ იმ ვარიანტებისთვის სვლების მოფიქრება. თუ ქვეყანამ სტატუსი მიიღო, ოპოზიცია იტყვის, რომ ხალხმა მიიღო ეს "პრიზი" და არა „"ოცნებამ", და ოპოზიციამ უდიდესი როლი შეასრულა ამაში, რადგან ევროპარტნიორებს არწმუნებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ამ ჟესტს ევროკავშირის მხრიდან. თავის მხრივ, სტატუსის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად იტყვის, რომ მისმა "ევროტურმა" გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ მიღწევაში. თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, ოპოზიცია იტყვის, რომ ხელისუფლებამ კრემლის დავალებით შეგნებულად ჩააგდო ევროპერსპექტივა და... ისევ ქუჩაში (სააკაშვილს კოჭებში ეტყობა, რომ ამას ელოდება)!

სვლები მოფიქრებული აქვს "ოცნებასაც" - თუ ქვეყანამ სტატუსი მიიღო, ჩაირთვება პროპაგანდა, რომ მიუხედავად ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ძირგამომთხრელი მუშაობისა, მმართველმა გუნდმა მაინც მოიპოვა ეს ისტორიული გამარჯვება. დარწმუნებული იყავით, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება კონცერტებსაც გამართავს და მთავარ შენობებს ფუნიკულიორის ანძიანად, ევროკავშირის დროშის ფერებშიც გაანათებს. თუ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო, „"ოცნება" იტყვის - აი, ხალხო, ტყუილად კი არ ვამბობდით, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი იბრძოდნენ ევროპერსპექტივის კრახისთვის, რომ მათ არეულობა, რევოლუცია უნდათო და ა.შ.

შესაბამისად, თუ საქართველომ სტატუსი მიიღო, ყველა თავის თავზე დაიბრალებს და ცალ-ცალკე იზეიმებს. ჯანდაბას, იზეიმონ, სამაგიეროდ, ქვეყანა გადაურჩება რყევებს. სტატუსის არმიღების შემთხვევაში კი დაიწყება ჩვეული ქართული ორომტრიალი და, რა თქმა უნდა, გამოცოცხლდებიან რუსული სპეცსამსახურები და საქართველოში არსებული "მეხუთე კოლონა" ერთადერთი მიზნით - ისეთი ქაოსი გამოიწვიონ ქვეყანაში, რომ ევროპერსპექტივა კი არა, ქუჩაში გასვლა საშიში იყოს. რა თქმა უნდა, პარალელურად რუსული სპეცსამსახურები შეეცდებიან კიდევ უფრო გააღრმაონ ქვეყანაში ევროსკეპტიციზმი და ნიჰილიზმი შემდეგი სოუსით: "აი, ეგეც თქვენი ევროპა, ხომ ხედავთ, არავის სჭირდებით იქ, ჩვენს იქით გზა არა გაქვთ. მობრძანდით დედარუსეთში, სანამ ჯერ კიდევ კარი ღიაა".

მარტო შიდა პოლიტიკაში არ არის საქმე. აგერ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნებისმიერ მომენტში შეიძლება ატყდეს ახალი დიდი ომი. კავკასიაში უფრო მკვეთრად შეეჯახება ერთმანეთს პუტინისა და ერდოღანის ინტერესები. იქით რუსეთ-უკრაინის ომს დასასრული არ უჩანს. საქართველო შესაძლოა კვლავ აღმოჩნდეს ორ ცეცხლს შუა და არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ თითქოს ეს ქვეყანა პარტნიორების გარეშეა დარჩენილი და იოლი ლუკმაა. მეორე მხრივ, საქართველოს დაკარგვით ევროკავშირი დაკარგავს ახალი ენერგეტიკული დერეფნის ამუშავების შესაძლებლობას, რაც დასავლეთისთვის, აგრესიული და არაადეკვატური კრემლის ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასე რომ, თუ ევროკავშირს ჩვენთვის კარგი სურს (და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ასეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ დროს და ფულს ჩვენზე არ დაკარგავდა. აგერ ბორელმა დაადასტურა კიდეც, რომ ევროკავშირი საქართველოში 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების განხორციელებას აპირებს), მოგვცენ ავანსად სტატუსი და ყველა მხარე კმაყოფილი იქნება, გარდა მათისა, ვისაც ნამდვილად რევოლუციები და არეულობა სურს ქვეყნისთვის.

„სადაც მინდა, იქ წავალ" ანუ სალომე ზურაბიშვილის პასუხი „ოცნებას"

სანამ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში იყო, ხმა არ ამოუღია მის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესზე. თუმცა საქართველოში დაბრუნებულმა, ბოლოს და ბოლოს, უპასუხა მმართველ გუნდს. პასუხი მოკლედ ასეთი იყო - ყველამ უნდა დაივიწყოს ოცნება ჩემი გადადგომის შესახებ და სადაც ჩავთვლი საჭიროდ, იქ წავალო.

მოკლედ შეგახსენებთ, რას ედავება "ოცნება" ზურაბიშვილს. საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ვალდებულია უცხოეთში ვიზიტი შეათანხმოს მთავრობასთან. თუ მთავრობისგან თანხმობა არ ექნება, ის ვიზიტად არ უნდა წავიდეს. "ოცნება" ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. პრეზიდენტის პოზიცია კი ასეთია - ევროპაში კერძო ვიზიტით ვიყავი და შესაბამისად, კონსტიტუცია არ დამირღვევიაო.

პრეზიდენტის პასუხისგან, სავარაუდოდ, უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სალომე ზურაბიშვილი მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ სიარულს, ოღონდ კერძო ვიზიტების ეგიდით. რას ნიშნავს პრეზიდენტის კერძო ვიზიტი - სალომე ზურაბიშვილმა თვითონ უნდა დაფაროს თვითმფრინავის ბილეთების, სასტუმროების, კვების, მანქანების ხარჯები, ოღონდ მხოლოდ თავისთვის არა - დაცვისთვის, პრესმდივნისთვის, თანაშემწისთვის და ა.შ. ეს კი სერიოზული ხარჯია და „გაქაჩავს” კი ამას ზურაბიშვილი?! არ ვიცი. თუ საქართველოს პრეზიდენტი მარტო, თუნდაც დაცვის გარეშე დაიწყებს საზღვარგარეთ სიარულს, სასაცილოდ აგვიგდებენ და, რა თქმა უნდა, ქვეყნის იმიჯზეც დარტყმა იქნება. ან უცხოური პრესა როგორ გააშუქებს ვიზიტს, კერძო ვიზიტით გვეწვია საქართველოს პრეზიდენტი, რადგან მთავრობა არ უშვებდა "გარეთო"?! პრეზიდენტმა და უმრავლესობამ ის მაინც გააკეთონ, რომ მართლა და მართლა ყველაზე არასერიოზული და უცნაური ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მაგივრად.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ყველამ უნდა დაივიწყოს ოცნება მისი გადადგომის შესახებ. დიახ, ერთ-ერთი ვერსიით, "ოცნების" ლიდერთა ერთი ნაწილი მართლაც მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი უნდა გადადგეს (თუმცა იყო თუ არა კონკრეტული ზეწოლა პრეზიდენტზე, ამის შესახებ ინფორმაცია არა გვაქვს), რადგან სწორედ "ოცნების" დამსახურებაა მისი გაპრეზიდენტება 2018 წელს. ამ ვერსიის მიხედვით, ეს შეუთვალეს კიდეც ზურაბიშვილს.

რაც შეეხება იმპიჩმენტს - 99 პროცენტით ვერანაირი იმპიჩმენტი ვერ შედგება და "ოცნებას" და ზურაბიშვილს არცთუ ისე მოკლე პერიოდის განმავლობაში მოუწევთ ერთმანეთის ატანა. იმედია, ეს ქვეყნის იმიჯის ხარჯზე არ მოხდება.

გიორგი კვიტაშვილი