ტურისტების თქმით, ბათუმს თამამად შეიძლება უწოდო გრაფიტების ქალაქი
ბათუმი სექტემბრის ხავერდოვან სეზონს მასპინძლობს. საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული დამსვენებლები, სომხები, ირანელები, ებრაელები, ინდოელები, ჩეხები, პოლონელები, უკრაინელები და, რა თქმა უნდა, რუსები იმ ტურისტების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ზღვისპირა ქალაქში შეხვდებით.
სანაპიროზე უამრავ ენაზე საუბარს გაიგონებთ. თუმცა სიმინდის, ხაჭაპურის, ტკბილეულის დამტარებლებს ყველა უცხოელი რუსი ჰგონიათ და მაშინვე რუსულად იწყებენ საუბარს. რამდენიმემ ღიმილით აუხსნა, რუსი არა ვარო, რაზეც ქალები არ დაიბნენ: "ძალიან კაი, შვილო, თუ რუსი არ ხარ. რა ვიცი, იგენი ლამის ჩვენზე მეტნი არიენ, ხაჭაპურის გაყიდვის წილშიც ჩაგვისხდნენ და საით გევიქცე, არ ვიცი, აწი მე ვის ვუნდივარ, თორემ წავიდოდი ევროპაში", - ენად გაკრეფილ სიმინდის დამტარებელს უცხოელმა ფული ღიმილით მიაწოდა და მადლობა ქართულად გადაუხადა...
ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტები, ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსების საღამოები, ბოლო ხმაზე ჩართული ელექტრონული მუსიკა, ევროპელი შემსრულებლები და აქა-იქ რუსული "პაპსა" ერთიან გიჟურ, ხმაურიან მრავალფეროვან ფონს ქმნის.
ტურისტების თქმით, ბათუმს თამამად შეიძლება უწოდო გრაფიტების ქალაქი. ცნობილი ძაღლის, კუპატას, ანიმეების, ქართველი ფეხბურთის ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვადასხვა პერსონაჟის გამოსახულებების წინ მუდმივად პოზირებენ ტურისტები.
პოლონელი მერიენი მეუბნება, რომ ბათუმი თავისი სიჭრელით იმდენად საინტერესო ქალაქია, მზად არის ყოველ წელს ჩამოვიდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ცვლილებებს დააკვირდეს.
"ბათუმს და მთლიანად საქართველოს, აქვს რაღაც განსაკუთრებული. მხოლოდ ბუნება, ზღვა და მთები კი არა, ხალხი, ტრადიციები... ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად. ბევრმა რუსები აიძულა ინგლისურად ეპასუხა. თუმცა უფროსი თაობისთვის რუსული მაინც კომფორტულია. როდესაც ხალხი ამბობს, რუსების რაოდენობა შემცირდაო, სინამდვილეში თავიანთი სივრცეები გახსნეს, სადაც ჩემდა გასაკვირად, უკრაინელებიც სტუმრობენ. როდესაც ერთ უკრაინელს ვუთხარი, თქვენს მტერთან ერთად გართობას როგორ ახერხებთ-მეთქი, მიპასუხა, ისინიც ჩვენსავით ომს გამოექცნენო. არ მჯერა ორმაგი სტანდარტების. შენს ქვეყანაში ომია, გარბიხარ, სხვა, ნაომარ, პრობლემებით სავსე ქვეყანას აფარებ თავს, რომლის შეღავათებითაც სარგებლობ, და პარალელურად შენი ქვეყნის მტრებთან ერთობი. მესმის, რომ ომი ყველას არ შეუძლია, მაგრამ ხომ შეიძლება ღირსება შეინარჩუნო, სანგრებში მსხდომ ბიჭებს გაუწიო ანგარიში, ან მათ სცე პატივი, ვინც სარაკეტო იერიშებში ცხოვრობს. ხვალ-ზეგ ხომ უნდა დაბრუნდნენ უკრაინაში, ცხოვრებას როგორ გააგრძელებენ?".
პარკებში შეკრებილი დომინოსა და ნარდის მოყვარული უფროსი თაობისთვის პოლიტიკა საყვარელი განხილვის თემაა: რუსეთი, უკრაინა, ამერიკა, ზელენსკი, პუტინი, ბაიდენი, მაკრონი, ჩინეთი...
ბიზნესგარემო რომ რუს მომხმარებელზე გადაეწყო, ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა - ბათუმში, ისევე როგორც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში რუსული წარწერები გაჩნდა ქუჩებზე, კვების ობიექტებზე, მაღაზიებზე... გარე მოვაჭრეებს მაგიდებზე დადებულ აბრებზე სასმლის, საკვების თუ სხვა ნივთების ჩამონათვალში რუსულიც დაუმატებიათ.
ბათუმელი მასწავლებლის თქმით, რუსები ბიზნესის წილში ჩაუსხდნენ. ფართობები იყიდეს ან იგირავეს და თავად გააქირავეს, კვების ობიექტები გახსნეს და ტურისტებსაც იღებენ, ექსკურსიებსაც აწყობენ.
- როდესაც აქაურებს ვსაყვედურობ, ბიზნესისთვის როგორ შეიძლება ყველაფერი დათმოთ-მეთქი, ეღიმებათ, ჩვენ თითქმის იმავე რაოდენობის ტურისტს ვიღებთ, როგორც წინა წლებში, არაფერი შეცვლილაო. მთლად ასე არ არის, თავად ვარ შემსწრე, როგორც უთქვამთ ქართველი დამსვენებლისთვის უარი იმ იმედით, რომ რუსს შემოიყვანდნენ, ისინი უფრო თავდაჭერილი არიან, ქართველების პრეტენზიების თავი არა გვაქვსო, მაგრამ ახლა ესეც შეიცვალა - რუსები აქამდე თუ მორიდებულად იქცეოდნენ, ახლა გათამამდნენ.
გაზაფხული-ზაფხულის დასაწყისში მხოლოდ ახალგაზრდები ჩამოდიოდნენ. ამბობდნენ, აქედან ევროპაში მივდივართო, მაგრამ მალე მოხუცები და შინაური ცხოველებიც ჩამოიყვანეს და არსად წასვლას არ აპირებენ. თავიანთ ხალხსაც კი გაუძვირეს ქირა და საკვები.
თბილისში რომ წამოვედი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში ორი-სამი ქართველი ვიყავით, უმეტესობა რუსი იყო. ერთ ქალს ძაღლი მოჰყავდა, მეორეს - კატა, გამცილებლის კატეგორიული უარის მიუხედავად, ორივემ თავისი გაიტანა და ცხოველები ავტობუსის სალონში ამოიყვანეს. გზაში ცხოველებმა ისეთი ამბავი ატეხეს, გაუსაძლისი იყო. ყველანი შევწუხდით. ისევ რუსები აუჯანყდნენ და მოითხოვეს, ცხოველები გალიაში ჩაესვათ და საბარგულში გადაეყვანათ.
რუსებმა ბათუმში სასურსათო მაღაზიებიც გახსნეს, რაზეც ასეთი პასუხი აქვთ, თქვენმა სახელმწიფომ თავად გაგვიღო კარი, ფული შემოგვაქვს, არაფერს ვაშავებთ და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვეცითო. ერთი ის მახარებს, რომ ახალგაზრდები მათ გათამამებას ვერ ეგუებიან.
ბათუმელი მურმან შელია წლებია ბათუმის სკვერში სუვენირებს ყიდის, ქართული სახელმწიფოს სიმბოლიკებს ყოველთვის ჰყავდა კლიენტი და ახლაც ასეა, მაგრამ რადგან ყველაფერი გაძვირდა, მასაც უწევს ფასის მომატება, რის გამოც მომხმარებელი უკმაყოფილოა.
"დროშა და სამაჯური რატომ ღირს ძვირიო, მეუბნებიან. შარშან ექიმთან ვიზიტში 30 ლარს ვიხდიდით, წელს 40-50 ლარია, შარშან ბინას დღეში 50 ლარად აქირავებდნენ, წელს 70-80 ლარად, თან საერთო სამზარეულოთი და თვითკვებით. 5 ლარზე ნაკლებად ხაჭაპურს ვერ იყიდით და მე ერთი ლარის მომატებას მსაყვედურობენ. ჰოდა, დიახ, მეც შემეხო ომი, იმას თუ გაუძვირდა პური, ჩემთვის არ გაძვირდა?.. ჩემი ცოლ-შვილი ჰაერით კი არ იკვებება", - ამბობს ის.
ზაფხულში სასტუმროს ფასები რეკორდულ ფასს აღწევს. თუმცა გააჩნია ნომერს, აივნიანია თუ არა, ასევე ზღვის ხედს, კვებას...
"პირველი თვეების სიგიჟემ გადაიარა, სლავებიც შემცირდნენ ან თავიანთ სივრცეში შეიყუჟნენ და ქალაქი თანდათან თავის თავს უბრუნდება. თუმცა, ბათუმი მშვიდი არასდროს ყოფილა - საპორტო ქალაქია და ხმაური სულ იქნება", - მითხრა ერთმა ბათუმელმა, რომელიც ნურიგელის ტბასთან პატარა შვილიშვილს ასეირნებდა.
ცხელ დღეებში აქ ხალხმრავლობაა, მათ ლამის ფეხდაფეხ დაჰყვებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, თუმცა დროდადრო მაინც ნახავთ სკვერებსა და პარკებში ნაგვით გადავსებულ ურნებს, მიმოფანტულ ნაყინის ქაღალდებს, ერთჯერად პარკებსა და ცხვირსახოცებს.
უცხოელი დამსვენებლების თქმით, ქუჩებში ნაგავი ყველა ხალხმრავალი ქალაქისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა არის სხვა რამეებიც, რაც თვალში ხვდებათ - მაგალითად, მაღალი ფასები და შედარებით დაბალი ხარისხის მომსახურება, ლამის ტროტუარზე გამოტანილი კვების ობიექტების გამო ქუჩაში გავლა ხშირად ჭირს, ბათუმელები და ქალაქის სტუმრები უდიერად იქცევიან, შინაური ცხოველების ფეკალიებს ქუჩაშივე ტოვებენ.
თუმცა ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისთვის გაკეთებული სახლებიც ხშირია, გვერდით წყლით სავსე თასითა და საკვებით.
"სიცხეში ყველას უჭირს, ცხოველსაც და ადამიანსაც. ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მათზე. ბავშვები თამაშს წყვეტენ და ძაღლისთვის წყალი ან საკვები მოაქვთ. მე აქვე ვცხოვრობ და რამდენიმე ტურისტმა მკითხა, ეს სახლი თუ მიუსაფარი ძაღლებისთვის არის, ბავშვების გარეთ გამოყვანის ხომ არ უნდა მეშინოდესო. სტამბოლში ყველა ნაბიჯზე კატები არიან, მათ კაფე-ბარებში, საჩაიეებში და თქვენ წარმოიდგინეთ, აფთიაქებშიც კი, მაგრამ არავინ დაშავებულა-მეთქი, ვუპასუხე. თუმცა რამდენიმემ დარჩენისგან მაინც შეიკავა თავი", - ამბობს თათია ფარტენაძე.