ისტორიული მუზეუმი, სადაც ქართველი და აფხაზი მეომრების ფოტოები გვერდიგვერდ არის გამოფენილი
1990-იანი წლების აფხაზეთის ომმა, ტერიტორიული პრობლემების გარდა, ადამიანური რესურსის უდიდესი დანაკარგი დაგვიტოვა, როგორც სამხედროების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის. დღემდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული ათასობით ადამიანი. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არის მუზეუმი, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგული როგორც ქართველი, ისე აფხაზი მეომრების ფოტოებს ნახავთ. მუზეუმი გაგრის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირი მებრძოლის, კოტე ანდრიაძის დედის, ნინელი ანდრიაძის ინიციატივით დაარსდა. შენობა განთავსებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში გმირულად დაცემული მეომრების დიღმის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე და დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების მშობლების, ფონდ "მოლოდინისა" და ავთანდილ იოსელიანის თანადგომით შეიქმნა. ეს არის მსოფლიოს კონფლიქტების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კონფლიქტში ორივე მხარეს დაღუპულთა ფოტომასალა ერთ სივრცეშია გამოფენილი, როგორც ისტორიის ნაწილი, საერთო შეცდომა, რომელსაც არასდროს აქვს კარგი დასასრული.სანამ სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სპეციალური კომისია შეიქმნებოდა, მათ იდენტიფიცირებაზე წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაცია მუშაობდა. დაზარალებულები ცდილობდნენ შვილების, ძმებისა და მეუღლეების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, კონფლიქტის ზონაში გადადიოდნენ და იმ აფხაზებს ხვდებოდნენ, ვინც ომში მათსავით ოჯახის წევრები დაკარგა. უამრავი დედა ეძებდა დაკარგულ შვილს. შემდეგ კი მაშინდელი დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ იოსელიანის დახმარებით ძმათა სასაფლაოსთვის ტერიტორია გამოყვეს, სადაც ბაბუშერიდან გადმოსვენებული მებრძოლები დაკრძალეს, აიგო სამლოცველო-სამრეკლო და სამუზეუმო შენობაც. შემდეგ ნაკუწ-ნაკუწ მოაგროვეს მეომრების ფოტომასალა, ისტორიები, ნივთები და მუზეუმში მოუყარეს თავი.
"გაცრეცილი მასალებიდან ვიღებდით ფოტოებს და ფოტოშოპით ვამუშავებდით დაღუპულთა დოკუმენტებსა და სურათებს. დაგვეხმარა აწ გარდაცვლილი გივი მიზანდარი, რომელიც თავადაც იყო ომში და კარგი ფოტოარქივი ჰქონდა. მეომრების ნივთებთან ერთად, მათი ჩანაწერებიც მოვაგროვეთ, ბროშურებად გამოვეცით. "წითელი ჯვრის" დახმარებით მთელი საქართველო შემოვიარეთ და შევადგინეთ უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭების ანკეტები", - იხსენებდა ნინელი ანდრიაძე.
როდესაც აფხაზები იგებდნენ, რომ თბილისში არის მუზეუმი, სადაც ქართველებთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზების ფოტოებიც არის გამოფენილი, უკვირდათ.
დიღმის ძმათა სასაფლაოზე კოტეს მამამ გაგრისა და სოხუმის კვადრატი ცალ-ცალკე გააკეთა და კვიპაროსები დარგო. კოტეს მამის გარდაცვალებიდან მალევე, 2021 წლის 16 ივლისს, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ნეშტებს შორის კოტე ანდრიაძეც ამოიცნეს. ჯერჯერობით ის პირველი და ერთადერთი მებრძოლია დაკრძალული გაგრიდან. შვილის "დაბრუნების" შემდეგ ნინელი ანდრიაძეს დიდხანს არ უცოცხლია, თუმცა მის წამოწყებულ ღირსეულ საქმეს მისი შვილები აგრძელებენ.
"გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებისას დედა, აფხაზებმა მძევლად აიყვანეს და დასახვრეტად გაიყვანეს..."
მარინე ანდრიაძე, კოტეს და: - 1992 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ვერტმფრენით გადმოყვანილ გადარჩენილებში კოტეც იქნებოდა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ დაიწყო ძებნა-მოკვლევა. დედა და მამა უამრავ პოლიტიკოსს, კოტეს სანაცნობოსა და სამეგობროს უკავშირდებოდნენ. ამასობაში 1993 წელს სოხუმის ბრძოლებში დაღუპულთა და დაკარგულთა მშობლებმა ვ. დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით შექმნეს ფონდი "მოლოდინი" და ჩემმა მშობლებმაც მათთან ერთად გააგრძელეს მოძიება. დაღუპულ მებრძოლთა გადმოსვენების საკითხებზე ერთ-ერთი პირველი მოლაპარაკებისას ქართული დელეგაცია, მათ შორის დედაჩემიც, მძევლად აიყვანეს და დასახვრეტად გაიყვანეს. ჯაბა იოსელიანმა იმარჯვა და მძევლები გადაარჩინა. თუმცა დედა ამას არ შეუშინებია. მისმა სიმტკიცემ აფხაზებში დიდი პატივისცემა დაიმსახურა. აფხაზეთში ფეხით ჰქონდა შემოვლილი ის ადგილები, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. თავად აკეთებდა ნახაზებს, სადაც, სავარაუდოდ, დაღუპული მებრძოლების საფლავები შეიძლებოდა ყოფილიყო. აფხაზებიც ითხოვდნენ თავიანთ ახლობლებზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე ინფორმაციას. მაშინ გათავისუფლდა ერთი აფხაზი, ზურაბ ტარია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გავლენიანი ოჯახიშვილი იყო და რამდენიმე ქართველში გაცვალეს. აფხაზეთში წასვლამდე ერთი ღამით ჩვენს სახლში დარჩა. შიშით გვიყურებდა. არც ჩვენ ვიყავით მშვიდად - მაგრამ თბილად მივიღეთ, გაქათქათებულ ქვეშაგებში ჩავაწვინეთ, კარგად დავანაყრეთ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებაში მამაც აქტიურად იყო ჩართული როგორც სამაჩაბლოში, ისე აფხაზეთში. ბაბუშერაში დაღუპული ბიჭების პირველი ეტაპის გადმოსვენებაშიც მონაწილეობდა. იქ ყოფნისას თურმე შიშველი ხელებით თხრიდნენ საფლავებს ფონდისა და კომისიის წევრები. დაღლილებს წახემსება გადაუწყვეტიათ. იქვე აფხაზები ყოფილან. მამას ჩვენი ბიჭების სამარხებთან ქართველებისა და აფხაზების შესანდობარი შეუსვამს, ორივე მხარე თავისი რწმენით სამშობლოს იცავდაო. ამის შემდეგ აფხაზები თავიანთი პურმარილით შეერთებიან, ერთად დაულევიათ მებრძოლთა შესანდობარი. ასე თბებოდა ურთიერთობა სახალხო დიპლომატიის წყალობით. თუმცა გადმოსვენების მესამე ეტაპის შემდეგ მავანთა დამსახურებით მამას ინფარქტი დაემართა, თუმცა ძმათა სასაფლაოს გალამაზება და მუზეუმის მოწყობა არ შეუწყვეტია.
დედას დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების პატრონები (აფხაზეთიდანაც) ხშირად ეხმიანებოდნენ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ნაკლებად გვეკონტაქტებიან. დედას სამსახურებრივი ტელეფონი გათიშეს, მიუხედავად იმისა, რომ საფასურს ჩემი ძმა, კობა იხდიდა. იმ ნომერს ჩვენთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. აფხაზებსაც ჩაწერილი ჰქონდათ, ბევრი გვირეკავდა.
"გაგრიდან მხოლოდ ჩემი ძმაა გადმოსვენებული"
კობა ანდრიაძე: - ძალიან მინდა მუზეუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადაეცეს. კომპანია "ჰერმესი", რომელიც იქაურობის მფლობელია, ტერიტორიას უვლის, მისი თანამშრომლები ცდილობენ დახმარებას, მაგრამ ამ ნაკვეთის საქმე ჩახლართულია - რაღაცები შეცვალეს, გადააკეთ-გადმოაკეთეს. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძეგლი ვითომ დროებით მოხსნეს, მაგრამ ახალი ადგილი ვერ უპოვეს. ყველაფერი, რაც მუზეუმშია გაკეთებული, ჩვენი ხარჯით გაკეთდა.
ჩვენი ბიჭების ბრძოლების ამსახველი როგორც ფოტო, ისე ვიდეომასალასა და მებრძოლთა მონათხრობს დედამ დიდი შრომით მოუყარა თავი. ჩემი ძმა კოტე, რომელიც გაგრაში იბრძოდა, ბოლოს მისმა მეგობრებმა, დათო ბეჟაშვილმა, გელა დოლიძემ და სანდრო დოღონაძემ ნახეს. როგორც ითქვა, როდესაც მოწინააღმდეგემ მასირებული შეტევა დაიწყო, კოტეს დანარჩენი "ორბელებისგან" 50-60 მეტრზე იყო. მისი თანამებრძოლები იხსენებენ, ისეთი საშინელება ტრიალებდა, დღესაც არ ვიცით, როგორ გადავრჩითო. 18-20 წლის ბიჭები იყვნენ, კოტე მათზე 4-5 წლით უფროსი იყო, თან მათგან განსხვავებით სამხედრო გამოცდილება ჰქონდა (მონღოლეთში ჰქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი). ბიჭებს მისი იმედი ჰქონდათ. თუმცა მას შემდეგ კოტეზე არავინ არაფერი იცის. დედა წლების განმავლობაში დადიოდა იმ ნაწილებში, სადაც დაკარგული მეომრები ირიცხებოდნენ და მათ შესახებ თანამებრძოლებს ეკითხებოდა. მოძიების საქმეში მშობლებთან ერთად მონაწილეობდა ალექსანდრე ჩადუნელი, რომელიც დღესაც ამ საქმეზე მუშაობს. თავდაპირველად აფხაზები აგრესიულად ხვდებოდნენ, შემდეგ ერთმანეთს გაუგეს. ბოლოს ყინული დაიძრა - ენგურს აქეთ დასაფლავებული აფხაზები "დაუბრუნდნენ" თავიანთ ოჯახებს.
თავიდან აფხაზთა კომისიას ჩვენი აგრესიის ეშინოდა, ფრთხილობდნენ. თუმცა დედას მადლობას ადგილობრივი გაზეთიდან უხდიდნენ. მაგალითად, შვილების საფლავები აპოვნინეს ლარისა არძინბასა და დიმიტრი კოგბას, მათ კი მადლობა საჯაროდ გადაუხადეს. მეომრების ცხედრების გადაცემა რთული პროცესი იყო. ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, დედას აფხაზეთში მიჰყვებოდნენ და იმ ადგილებს აჩვენებდნენ, სადაც დაღუპული მეომრები დაასაფლავეს. ჩვენი მებრძოლების უსაფრთხოების გარანტი დედა იყო.
ერთი მეომარი დაღესტნურ გაზეთთან ინტერვიუში ამბობდა, რომ გაგრაში თავად დაასაფლავა ექვსი ქართველი ბიჭი, მიკვირს, რატომ არ ჩამოდიან ქართველები მათი ცხედრებისთვისო. აფხაზი ლუდა სალია და მისი თანამშრომელი ცოლ-ქმარი, რომლებიც მაშინ აგუძერის საავადმყოფოში მუშაობდნენ, იხსენებდნენ, როგორ დაასაფლავეს ქართველი ბიჭები. ასე აგროვებდნენ ინფორმაციას. ასე რომ, დედას და თავის გუნდს დიდი შრომა აქვთ გაწეული და ეს დასაკარგი ისტორია არ არის. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. უამრავი ადამიანი ისევ უგზო-უკვლოდაა დაკარგული. გაგრიდან გადმოსვენებული მხოლოდ ჩემი ძმაა. მისი ნეშტი რომ დავათვალიერე, წამების კვალი ვერ ვიპოვე. დახვრეტილი რომ ყოფილიყო, შუბლში ან კეფაში ექნებოდა კვალი. სავარაუდოდ, მუცლის არეში მოხვდა ტყვია. არ გამოვრიცხავ, რომ ტყვედ იყო. უკვე იმდენი წელი გავიდა, ძნელია სიმართლის დადგენა.
- მუზეუმს მნახველები ჰყავს?
- მუზეუმით დაინტერესება არ შემცირებულა. ახალგაზრდები ამოდიან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რას ეძღვნება. 2003 წლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი თითქოს აღარავის აინტერესებს. უგულავას მერობის დროს ძმათა სასაფლაოს მხოლოდ 3000 კვმეტრი ნაკვეთი დაუტოვეს, შენობები დაუნგრიეს და "ჰერმესის" ოფისი ააშენეს და უკანა მხარეს გამოუყვეს მუზეუმისათვის ნაკვეთი. რომ არა გენერალ გია ყარყარაშვილისა და "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის თანადგომა, მუზეუმის აღდგენა გაგვიჭირდებოდა. ბევრი მასალა უკვე დაიკარგა, სტენდებიდან ფოტოები გაქრა. კარგი იქნება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თუ ითავებს მის მოვლას.
ამდენი წლის შემდეგ ფონდიც გადასახალისებელია. ბევრი მშობელი უკვე გარდაიცვალა, თუმცა ახალგაზრდობა წამოვიდა, შვილები და შვილიშვილები ჰყავთ და მათაც სურთ ოჯახის წევრების ღვაწლი, თავგანწირვა დაფასებული იყოს.