ქართველ ჰალკს სიმაღლისაც ეშინია, წყლისაც და კალიისაც... - კვირის პალიტრა

ქართველ ჰალკს სიმაღლისაც ეშინია, წყლისაც და კალიისაც...

ქართველებს ჩვენი ჰალკი გვყავს - დიდი, კეთილი და მხიარული მკლავჭიდელი. ცოტა ხნის წინ მან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა - დაინიშნა. როგორ განვითარდა ლევან საგინაშვილის კარიერა, ვინ არის მისი რჩეული და როდის გეგმავს ქორწილს, ამაზე სპორტსმენი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრებს:

- თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, წარმოშობით კი საგარეჯოს რაიონის, სოფელ ნინოწმინდიდან.

- ჰალკი ვინ დაგარქვათ?

- ვარჯიში რომ დავიწყე, მალევე შემარქვეს, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მეზრდებოდა ხელები, კუნთები... ზუსტად ვინ დამიძახა პირველად, არ მახსოვს, მაგრამ სავარჯიშო დარბაზში რომ იყო ეს, 2010 წელს, კარგად მახსოვს.

- დიდი ბავშვი იყავით?

- არა. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მაღალიც კი არ ვყოფილვარ, თუმცა მტევანი და მაჯა ყოველთვის მსხვილი მქონდა. 15-16 წლის ასაკში 1,93 სანტიმეტრამდე გავიზარდე, თუმცა გამხდარი ვიყავი, 80 კილოგრამამდე. 19 წლისამ დავიწყე ვარჯიში, მას შემდეგ ყოველწლიურად 5-10 კილოგრამს ვიმატებდი და ახლა 173 კილოგრამს ვიწონი. ფეხი 48,5 ზომა მაქვს. ტანსაცმლის ყიდვა დიდი პრობლემაა. სადმე თუ გადავაწყდები ჩემს ზომას, მაშინვე ვყიდულობ. არჩევის საშუალება არ მაქვს. სხვათა შორის, ევროპაშიც არაა ჩემი ზომის სამოსი.

- ბავშვობაში რა ინტერესები გქონდათ?­

- სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა, თითქმის ყველა სახეობა მაინტერესებდა, განსაკუთრებით ფეხბურთი და ავტოსპორტი. ერთხანს ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ ბოლოს მკლავჭიდში აღმოვჩნდი. კორპუსში, სადაც ვცხოვრობდი, ფიტნესდარბაზი გაიხსნა. იქ გავიცანი მკლავჭიდელი და მკლავჭიდის მწვრთნელი ლადო ხუციშვილი. დამინახა თუ არა, მაშინვე მითხრა, თუ სპორტის ამ სახეობაში დაიწყებ ვარჯიშს, 5 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდებიო. ლადოს დახმარებით გადავდგი პირველი ნაბიჯები - მიმიყვანა ნაკრების დარბაზში, დამაწყებინა ვარჯიში, რომ იტყვიან, გზაზე დამაყენა. ეს 2009 წელს მოხდა და 5 წელიწადში მართლაც გავხდი მსოფლიო ჩემპიონი.

- ბეჭდისთვის თითი 28 ზომა მაქვსო,­ თქვით, დაოჯახებას გეგმავთ?

- კი, ახლახან დავინიშნე. ჩემი რჩეული ლელა ჯამასპიშვილია. ჰოდა, ჩემი ნიშნობის ბეჭდის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ლელას მშობლები. რაც ოქრო აქვთ ოჯახში, სულ უნდა გადაადნონ, რომ ჩემთვის ბეჭედი დაამზადებინონ. ლელა 32 წლისაა, რუსთაველია. ერთმანეთს უნივერსიტეტიდან ვიცნობდით.

- ალბათ, ჰალკის გვერდით ქარიშხლისაც არ შეეშინდება ცხოვრებაში.

- თვითონაც ისეთია, არც მანამდე ეშინოდა დიდად.

- რაში გიშლით ხელს გარეგნული მონაცემები?

- ამხელა წონით ცხოვრება ცოტა რთულია. ცოტა განსხვავებული ცხოვრება გვაქვს. მაგალითად, ყველა მანქანაში ვერ ვეტევი.

- ახლა რომელი გყავთ?

- ახლა "მერსედესი" და "ჰამერი" მყავს და ორივეში ვეტევი.

- ვიდეო, სადაც მღერით, "მე ვარ ერთი ციდაო", ძალიან პოპულარულია. სინამდვილეში,­ ოჯახში ყველაზე "ერთი ციდა" ვინაა?

- მარტო ოჯახში კი არა, სანათესავოსა და საგვარეულოშიც ყველაზე დიდი ზომის­ ვარ. რატომ გამოვედი­ ასეთი, არ ვიცი. გენეტიკურად ამხელა არავინ მყავს. მაგალითად, მამაჩემი 1,75 სანტიმეტრია, ჩემი ძმაც.

- რა არ არის თქვენი საქმე?

- ვიოლინოს დაკვრა, ვერც მეზღვაური ვიქნებოდი, ძალიან ცუდად ვხდები გემზე. ჩემი ხელების პატრონი კონდიტერიც ვერ იქნებოდა.

- თქვენს გარეგნობას რომ შეხედავს ადამიანი, აუცილებლად გურმანი უნდა იყოთ, ასეა?

- მიყვარს ქართული სამზარეულო, იაპონურიც, ძალიან მომეწონა ლიბანური სამზარეულოც. მიყვარს ახალ-ახალი გემოების გასინჯვა. ჩინეთში რომ ვიყავი, იქაური საკვები არ მომეწონა, თუმცა თბილისში ჩინურ რესტორანში მოვიხიბლე ჩინური გემოებით.

- რისი გეშინიათ?

- სიმაღლისაც მეშინია, წყლისაც, დიდი კალიისაც...

- უცნობები რომ გხედავენ ხოლმე ქუჩაში, რა რეაქცია აქვთ?

- ამბობენ, ვახ ჩემიო... მერე გამომელაპარაკებიან. ეცინებათ ან მიღიმიან. მეჩვენება, რომ ყველას ვუყვარვარ...

- რომ არა სპორტსმენი, ვინ იქნებოდით?

- შეიძლება სამხედრო საქმეს გავყოლოდი. უნივერსიტეტში 1 წელი ვისწავლე კომპიუტერულ პროგრამებს უნდა დავუფლებოდი, მამაჩემმა მოინდომა, თუმცა უსახსრობის გამო თავი დავანებე.

- ამ დროისთვის რამდენ ფილმში ხართ გადაღებული?

- რამდენიმე ქართული ფილმის ეპიზოდში. ბრიტანულ-არაბულ ფილმში "სამოთხის ქალბატონში" გადამიღეს და შემდგომ იყო "ნეტფლიქსის" ფილმში, რომელშიც ბევრი ქართველი ვმონაწილეობთ.

- "ნეტფლიქსის" ყურადღება როგორ მიიქციეთ?

- ჩემი მეგობრის, ვაკო აგლაძის დახმარებით. მან მოიპოვა კასტინგმენეჯერის მონაცემები და მას გავუგზავნეთ ჩემი სივი, ვინაიდან ვიცოდით, რომ ქართველებს ეძებ­დნენ ფილმისთვის. ეგრევე დამამტკიცეს. ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, რომ მითხრეს, გადაღებაზე უნდა ჩამოხვიდეო. სხვათა შორის, როცა ჩავედი, იმან გამაკვირვა რომ მკლავჭიდში ყველა კარგად ერკვეოდა. კამერის წინ მუშაობა არ გამჭირვებია. გადაღების პროცესი ძალიან საინტერესო იყო, დიდი გამოცდილება მივიღე, გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები.

- ქორწილს როდის გეგმავთ?

- 17 სექტემბერს ამერიკაში მივფრინავ და, ალბათ, რომ ჩამოვალ, მერე. წვეულებების მოყვარული არ ვარ, დაბადების­ დღეც არასდროს გადამიხდია, მაგრამ ქორწილს, ალბათ, მაინც გადავიხდი, ვიწრო წრეში. ახლა იმის ფიქრში ვარ, ვინ იქნება ჩემი მეჯვარე.