„წამო, ხანში ვიგრიალოთ...“
სოციალურ ქსელში ყურადღება ფოტოებმა მიიქცია. შავ-თეთრ კადრებში, ე.წ. სამაკატკებზე ამხედრებული, ღიმილიანი გოგო-ბიჭები ხელების ქნევით, აშკარად, სადღაც, თავქვეზე დასაშვებად ემზადებიან. კადრებიდან უზომო სილაღე და ბედნიერება გამოსჭვივის. ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ბავშვების უმრავლესობა გაჯეტების ტყვეობაშია და ფიზიკური აქტივობა ეზარებათ, ასე, თვითნაკეთი "ტრანსპორტით" სადღაც კვლავაც ერთობიან.
გიორგი ცაავას გადაღებულმა ფოტოებმა წუთით წარსულში დამაბრუნა, იქ, სადაც არც მობილური ტელეფონი არსებობდა, არც პლანშეტი, საკუთარი ფოტოაპარატიც თითზე ჩამოსათვლელს ჰქონდა და ფოტოს გადაღება დიდი ზეიმი იყო, "სამაკატკებით" გრიალში მუხლებგადატყავებული კი ტკივილს ვერ ვგრძნობდით და დღეებიც ერთმანეთს არ ჰგავდნენ.
ფოტოების ანოტაცია იუწყება, რომ ძალიან მალე, ოქტომბრის ბოლოს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანში, საქართველოში პირველად, "იმერული ტურიზმის კლუბის" ახალი პროექტი "ხანის დრიფტი" გაიმართება. ვისაც სურვილი აქვს, ხელნაკეთი "სამაკატკებით" სოფელ ხანის დაღმართში დაეშვება და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. "სამაკატკას" ქართული დასახელება საგრიალო შეურჩიეს და ხანში გრიალის მსურველთა რეგისტრაციის დაწყებამდე ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, იდეის ავტორი, ორგანიზატორები, მონაწილეები და პოტენციური მაყურებლებიც ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ყველაზე სახალისო, სათავგადასავლო და დაუვიწყარი ამბავი. 50 წელს გადაცილებული მსურველები კითხულობენ, მონაწილეობის უფლება გვაქვსო? ხომ არ გიკვირთ? ჩვენს დროში, როდესაც სევდა და ტკივილი სჭარბობს სიხარულს და ბედნიერებას, ადამიანებს შეეძლებათ აიხდინონ ოცნება და ცოტა ხნით დაბრუნდნენ ყველაზე ბედნიერ დროში, ბავშვობაში.
იდეის ავტორი და როგორც ამბობენ, სულისჩამდგმელი, ცოტა ხნის წინ, თბილისიდან ბაღდათის რაიონში გადასახლებული მწერალი ალექსანდრე პაიკიძეა.
ალექსანდრე პაიკიძე: - "იმერული ტურიზმის კლუბი" იმერეთის რეგიონში სათავგადასავლო ტურიზმის კუთხით მუშაობს. ამჯერად 11 პროექტს ახორციელებს. ცოტა ხნის წინ, სამდღიანი ველოფესტივალი გავმართეთ ბაღდათში, ზეკარი დავლაშქრეთ, ერთი ღამეც ხანში, ბანაკში გავათიეთ. საღამოს ადგილობრივი ბავშვები თვითნაკეთი "სამაკატკებით" რომ მოგვადგნენ, ვიხუმრე, ბავშვებმა დრიფტი მოაწყვეს-მეთქი. ყველამ რომ მიიძინა, მე კი საორგანიზაციო საკითხებს ჩავკირკიტებდი, უცებ ხანის დრიფტის იდეა გამიჩნდა. სამაკატკისთვის შესაბამისი, ქართული სახელიც მოვიფიქრე, საგრიალო. ვისაც ბავშვობაში ერთხელ მაინც უქროლია თვითნაკეთი ტრანსპორტით, დამეთანხმება, რომ გრიალი ყველაზე უკეთ აღწერს იმ სასიამოვნო პროცესს. იდეა მეგობარს გავუზიარე და უცებ ხორციც შეისხა.
- ლაზეთში იმართება მსგავსი სანახაობა.
- მსგავსი, მაგრამ არა ასეთი. ხანის დრიფტის მოთხოვნაა, მონაწილეებმა მხოლოდ ხელნაკეთი საგრიალოები გამოიყენონ, ის, რითაც ყოველდღიურად ერთობიან ბავშვები. ლაზეთში ზოგადი ფორმატიც სხვანაირია. მოკლედ, არაფერი არ დაგვიკოპირებია. ჩვენთან, ხანში, გაიმართება საქართველოში პირველი, თვითნაკეთი საგრიალოების დრიფტი.
- ვის შეეძლება მონაწილეობა, ასაკობრივი ზღვარი გაქვთ?
- მონაწილეთა ასაკი 18 წლიდან იწყება, ზედა ზღვარი არ იქნება. პირველ წელს ბავშვების მონაწილეობას ვერ ვრისკავ. კარგად უნდა დავაკვირდე უსაფრთხოების რა ფაქტორები გავითვალისწინო. ცხადია, მაყურებელი დაიშვება და თავისი ადგილიც ექნება მთელი ტრასის მანძილზე, რომელიც დაღმართზეა და სულ ერთი კილომეტრია.
ჩვენი ყველა პროექტი იმერეთის ლანდშაფტის და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით მზადდება. გათვლილია სოციალური ინტერესებიც. ვცდილობ, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაინახოს რა მრავალფეროვანია ადგილი, სადაც ცხოვრობს და ყოველდღიურობაში ვეღარ გრძნობს რისი პატრონია. მინდა მნიშვნელოვანი ამბები მათ სახლთან ხდებოდეს და ვინც აქ ჩამოვა, აღმოაჩინოს, როგორი დიდებულია ეს მხარე, რა საოცარი ხალხი და უფრო საოცარი ბავშვები ცხოვრობენ, რაღაცნაირი, პატარა დიდები.
ბაღდათის ველოფესტზე ასე მოვიფიქრეთ: გამარჯვებული ის კი არ იქნებოდა, ვინც ფინიშზე პირველი მივიდოდა, არამედ ის, ვინც ბევრ ქულებს დააგროვებდა მინიშნებულ პუნქტებზე, სადაც საგანგებო თამაშებს ვახვედრებდით. ბევრმა არ იცის, რომ ბაღდათში ეიფელის ხიდი გვაქვს და კიდევ ძალიან ღირსშესანიშნავი ადგილები და ძეგლები. ასეთი ფორმატით ვაკეთებთ რამდენიმე ფესტივალს. თუმცა, ხანს ეს ფორმატი არ მოუხდება. თავის მხრივ, სოფელი უძველესი და ისტორიულია, უნიკალური ქვის საწნახლითა და უძველესი, ულამაზესი ტაძრით. შემორჩენილი აქვს შორეული ტრადიციები. მათ შორის, მგონი, ერთადერთი სოფელია, სადაც დღემდე ქვევრში ავარგებენ ყველს, სულგუნს კი ინდივიდუალური წესით ამზადებენ.
- მონაწილეებმა რა პირობები უნდა გაითვალისწინონ და როგორი დღის წესრიგს სთავაზობთ?
- წელს საგრიალოებს ადგილზე დავახვედრებთ. მომავალ წელს, ნებისმიერს მის მიერ დამზადებულის ჩამოტანა შეეძლება. პირველ დღეს საკვალიფიკაციო დაშვებას შეასრულებენ, მეორე დღეს ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. მონაწილეები დარჩებიან კემპინგში და საოჯახო სასტუმროებში, სურვილის მიხედვით. ასპარეზობისას სავალდებულოა ჩაფხუტების, საიდაყვეების და სამუხლეების ქონა. გამარჯვებულებს გადაეცემათ როგორც ფულადი პრემიები, ისე სხვადასხვა ჯილდო. უკვე უამრავი კერძო კომპანია გამოგვეხმაურა. ბევრს სურს ხანში ჩვენთან ერთად იგრიალოს და არის ყიჟინა, წამო, ხანში ვიგრიალოთო.
რეგისტრაციის ლინკი 15 სექტემბრამდე არ იხსნება და უკვე ისეთი ამბავია, მსურველებს ვერ ავუდივართ.
P.S. დრიფტში მონაწილეობის მსურველთა შორის ბაღდათელი ფოტოგრაფი გიორგი ცაავაც არის, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთი პროექტები ძალიან ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით მსგავსი შეჯიბრების და ფესტივალების მონაწილეებს სხვანაირად შეაყვარებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. ამასთან, ადგილობრივებიც იგრძნობენ, მათ კუთხეს რამდენად დიდი პოტენციალი აქვს სტუმარს მუდმივად რომ თავი დაამახსოვროს.
მწერალი, გიდი და უკვე მევენახეც
მწერალი ალექსანდრე პაიკიძე კოვიდპანდემიის დროს ხანში გადასახლდა, მიწა იყიდა, ოდა გამართა, ვაზი ჩაყარა, მოზარდების მორაგბეთა გუნდი "დიმნა" შეკრა და წვრთნის, ტურისტულ ღონისძიებებს მართავს. ხანში მარტო ცხოვრობს, ძაღლ მარგოსთან, კატა ჰარი პოტერთან და მუზებთან ერთად, რომლებიც ხელოვნების მსახურთ ყველაზე უკეთ იქ სტუმრობენ, სადაც თვითრეალიზაციისთვის სრული თავისუფლებაა და დრო სატრანსპორტო საცობებში არ გადის. სადაც მწერლებს მეტი დრო აქვთ ფიქრისა და შემოქმედებისთვის. ამასთან, ალექსანდრე მიიჩნევს, რომ სოფლის გარეშე ქვეყანა არ არსებობს და ვისაც სურს და შეუძლია, წვლილი უნდა შეიტანოს სოფლის შენარჩუნებაში.
სოფელი ხანი
მდინარე ხანისწყლის და ლაიშურას შუაში მდებარე სოფელი ხანი ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ბაღდათიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. აქ დღესაც მოქმედებს უძველესი, ისტორიული ძეგლი, დაახლოებით მეექვსე საუკუნეში აშენებული, 12 მოციქულის სახელობის ეკლესია, რომელიც სამწუხაროდ, მოუვლელობის გამო იშლება. ხანი ულამაზესი ბუნებით და მრავალრიცხოვანი ჩანჩქერებით გამოირჩევა. ასევე ცნობილია ქვის, უძველესი, გიგანტური საწნახლით. ეს არის შუა საუკუნეებში დამზადებული, სამგანყოფილებიანი სტრუქტურა, რომელიც ბუნებრივად არსებულ ერთ-ერთ უზარმაზარ ლოდშია გამოკვეთილი. ლოდის გარშემო შეინიშნება ქვის დამუშავების კვალიც. ლოდი დაახლოებით 1,8-2,0 მეტრი სიმაღლის და 3,5 მეტრი სიგრძისაა, სიგანე 4 მეტრს აღწევს. ქვის საწნახელში ამოკვეთილია ხვრელი, საიდანაც სავარაუდოდ დაწურული ღვინო გადმოედინებოდა. იქვე დუღაბით შემორჩენილია ქვევრის ნაწილი.