"ძილის წინ ვლოცულობდი, რომ ჩემი თავი მეპოვა... სიმღერის სურვილით მივატოვე პარიზი, არქიტექტურა და დავბრუნდი ჩემს თბილისში" - ქართველი მოდელის გზა მსოფლიო საოპერო სცენამდე
"ხშირად ამომიკითხავს ორკესტრანტების სახეებზე კითხვის ნიშანი, როცა ახალგაზრდა, ლამაზი გოგო როლების დებიუტს ვქმნი... თუმცა პირს რომ ვაღებ და სიმღერას ვიწყებ, პირველი ორკესტრი და გუნდი მიკრავს ტაშს, ეს არის ჩემი გამარჯვება!" - ამბობს ელენე საბაშვილი.
ბალერინამ, მოდელმა, მის საქართველოს ფინალისტმა პარიზის არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლა შეწყვიტა და დღეს საოპერო ხელოვნებაში მწვერვალებს იპყრობს... უმშვენიერესი Elena Sabas (ელენე საბაშვილი) ვრცლად გვესაუბრა...
- თბილისში დავიბადე, ხელოვანების ოჯახში. დედა პიანისტია - მანანა გოგოლაშვილი, ოპერის თეატრში მუშაობდა კონცერტმაისტერად... ოპერის თეატრი ბავშვობიდან ჩემი სახლია, სულ პატარა ვიყავი რეპეტიციებზე რომ მივყავდი, ბალერინების უკან ვდგებოდი და მათ მოძრაობებს ვიმეორებდი. ასე დაიბადა ბალეტის სიყვარული. შემდგომ ათი წელი ოპერის თეატრთან არსებულ საბალეტო სტუდიაში წამყვან პარტიებს ოპერის სცენაზე ვცეკვავდი.
საოპერო ნიჭი ხუთი წლის ასაკში აღმოვაჩინე, როდესაც დედამ ფრანკო ძეფირელის ფილმი ოპერა “ტრავიატას” ვიდეოფირი მომიტანა. მუსიკა ისეთი რამეა, სიტყვები არ ჭირდება, ისე იგრძნობა ემოცია.. მულტფილმები ამ ფირმა შემიცვალა, დილიდან საღამომდე ვუყურებდი, ვტიროდი, მერე ისევ თავიდან და ასე პლასიდო დომინგოსთან და ტერეზა სტრატასთან ერთად დავიწყე სიმღერა (ისინი ეკრანზე მე ლაივში:)
სხვათა შორის სიმღერის ნაცვლად ფორტეპიანოზე მიმიყვანეს მუსიკალურ სასწავლებელში, “ნიჭიერთა ათწლედში”. ამასობაში აღმოჩნდა რომ ბალეტისთვის ძალიან მაღალი გავიზარდე და ასე 13 წლის ასაკში ოცნება დავკარგე. ძალიან განვიცადე და აგრესია გამიჩნდა ბალეტის, ოპერის და ყველაფერი იმის მიმართ, რაც ადრე ჩემი სამყაროს ნაწილი იყო.
ოპერა მხოლოდ ბევრი წლის მერე დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა პარიზში ვცხოვრობდი და არქიტექტურულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი... ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი საქმიანობით ბედნიერი არ ვიყავი. მახსოვს, ძილის წინ ვლოცულობდი, ღმერთო მაპოვნინე ჩემი თავი, ისეთი საქმე, რომლის გამოც დილის გათენება გამიხარდება და რომელიც არასდროს არ იქნება სამუშაო-თქო. და ასე ერთ დღესაც თვალს ვახელ და თავში მაქვს ოპერა ( იმ დროს წლები აღარ ვუსმენდი ოპერას და კლასიკურ მუსიკას) ცოტა შოკში ჩავვარდი, ფიქრს ვერ ვახერხებდი, აზრებისთვის თავის მოყრა მიჭირდა, იმდენად ხმამაღალი იყო ოპერა ჩემს თავში... სიმღერა საშინლად მომინდა, არც კი ვიცოდი მქონდა თუ არა ხმა. მაშინ დავუკავშირდი ქართველ, ცნობილ მეცო სოპრანოს ქ.ნ. - ნონა ჯავახიძეს თხოვნით, რომ ხმა გაესინჯა. ის დამთანხმდა და გაკვეთილის მერე მითხრა, რომ სამი ოქტავის დიაპაზონი მქონდა. ყველა რეგისტრი ერთნაირად ჟღერდა და ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა თუ არ ვიმღერებდი...აქვე დააყოლა, რომ ეს პროფესია არის ძალიან რთული, მარტოობის პროფესიაა, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი ერთ ყურში შევუშვი, მეორიდან გამოვუშვი. გადავწყვიტე მიმეტოვებინა, არქიტექტურა მალევე წამოვედი თბილისში და აქედან ორ თვეში უკვე კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი... (გააგრძელეთ კითხვა)