უნუგეშოდ დარჩენილები - კვირის პალიტრა

უნუგეშოდ დარჩენილები

დალხინებულ ქვეყანაში რომ არ ვცხოვრობთ, ყველამ ვიცით. თუმცა პრობლემაც არის და პრობლემაც, როდესაც ადამიანს წყალს თვეობით არ მიაწვდი და იძულებულს გახდი, ცისტერნებით ზიდოს, მას ადამიანური ცხოვრების შანსს არ უტოვებ. ასე ხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თოხლიაურში, - ბარაქითა და სხვათა შორის, წყლითაც მდიდარ სოფელში.

"ჩვენს სოფელში ახალი წყალგაყვანილობა დაახლოებით ერთი წლის წინ გაიყვანეს, საკმაოდ დიდი თანხაც დახარჯეს, მაგრამ სოფლის მოსახლეობის ნაწილი, ათეული ოჯახი, მაინც სრულიად უწყლოდ დავრჩით. მათიანთ უბანში დღეები კი არა, თვეები გადის და ჩვენი ონკანები დამშრალია. ჩვენი გონება მხოლოდ იმ ფიქრით არის მოცული, როგორ შევაგროვოთ ჭურჭელი და როგორ მოვზიდოთ წყალი სადილის მომზადებისა თუ დაბანა-დასუფთავებისათვის. ვისაც ავტომანქანები ჰყავს, მათთვის ეს შედარებით იოლია, მაგრამ ვინც ხელით დაათრევს ამოდენა ტვირთს, მათთვის ეს საქმე მართლაც ჯოჯოხეთია. ისე არ იფიქროთ, თითქოს გულხელდაკრეფილი ვეგუებოდეთ მდგომარეობას. რაიონის თანამდებობის პირებსაც მივმართეთ, რომლებიც დახმარებასაც დაგვპირდნენ, საგარეჯოს წყლის ლაბორატორიის საავარიო სამსახურსაც დაავალეს პრობლემის მოგვარება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოკლედ, მოვიდა ეს ლაბორატორია, მიწა ამოჩიჩქნა, წყალგაყვანილობის წყლის შედარებით დიდი მილი მომცრო მილით შეგვიცვალა, მერე კი ქუდი დაიხურა და წავიდა. ალბათ, გაგიკვირდათ, მილის გამოცვლა რა შუაში იყოო და მართალიც იქნებით - არაფერში. მანამდე წყალი იშვიათად წვეთობით მაინც მოგვდიოდა ონკანებში, ლაბორატორიის საქმიანობის შემდეგ კი ეს წვეთებიც შეწყდა. მას შემდეგ ლაბორატორიას თვეებია ვეხვეწებით პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ამაოდ.

ამას წინათ ათი ოჯახი დავირაზმეთ, ისევ წავედით მერიის თანამდებობის პირებთან დახმარების სათხოვნელად. მათაც პირობა დაგვიდეს, რომ პრობლემას მიხედავენ, მაგრამ არც ამის იმედი გვაქვს - ჩვენს ქვეყანაში ისე აეწყო საქმე, რომ სახელმწიფოებრივი საქმის კეთების პასუხისმგებლობა დავკარგეთ. თუ ადამიანს პირადი ინტერესების გარდა არაფერი აინტერესებს, ის არავის დავალებას არ შეასრულებს. არც კანონი მოქმედებს, რომ მის წინაშე მაინც აგონ პასუხი. აბა, რაზეა საუბარი, როდესაც ჩვენი სოფლის მიდამოებში ტყე უმოწყალოდ იჩეხება! თუმცა ერთიც არის, ხალხმა თუ მოინდომა, ვერაფერი დაუდგება წინ, თავად აღასრულებს სამართალს. ამიტომ ჯერ თქვენ მოგმართეთ დახმარებისათვის - დარწმუნებული ვართ, გაზეთში გამოქვეყნებულ ჩვენს წერილს რეაგირება მოჰყვება, თუ არადა, არ ვაპირებთ გაჩერებას, წყალი სიცოცხლეა და თავად გამოვნახავთ სამართალს. გივი ხიდაშელი, თოხლიაურის მკვიდრი"

ჩვენ დავუკავშირდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წყლის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ოთო ბუზარიაშვილს:

- სოფელ თოხლიაურის მოსახლეობის ნაწილი ჩივის, რომ თვეობით სასმელი წყალი არ მიეწოდება და ცისტერნებით ეზიდებიან. მათივე თქმით, თქვენი სამსახური მხოლოდ წყლის მილის ნაწილის გამოცვლით შემოიფარგლა, მერე კი დაიკარგა.

- ამ ხალხს უკანონოდ ჰქონდა წყალი დაერთებული, რათა სხვებს ნაკლები შეხვედროდათ.

- ცუდია, თუ ასე იყო, მაგრამ ლოგიკა არ არის: ამ შემთხვევაში წყალი უნდა ჰქონოდათ. შესაბამისად, არც თქვენი სამსახური უნდა დასჭირვებოდათ.

- არ ვიცი, საგარეჯოში 24 სოფელია, ყველას ამბავი ხომ არ მეცოდინება. ეთქვათ სოფელში მერიის წარმომადგენლისთვის, ის მე მეტყოდა და პრობლემა მოგვარდებოდა.

- ესეც არალოგიკურია, ბატონო ოთარ, თუ არავის არაფერი უთქვამს, მათ წყალგაყვანილობაში მილი რატომ შეცვალეთ, თანაც, არაეფექტურად?

- ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, რაც შეეხება წყლის მიწოდებას, რამდენიმე დღეში წყლის სათავე ნაგებობის გაწმენდას ვაპირებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

P.S. სამწუხაროა, რომ წყლის სათავე ნაგებობის გაწმენდის საკითხი მხოლოდ ახლა დადგა დღის წესრიგში. შევეცდებით ამ ძირძველი სოფლის მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ და ამ პრობლემას მოგვარებამდე მივადევნოთ თვალი.