„ქურის გახსნა“ - კვირის პალიტრა

„ქურის გახსნა“

"მექვევრე არ ვარ, მაგრამ მექვევრეობით განთქმულ ჭიათურის სოფელ ტყემლოვანაში ხშირად ვიმყოფები. Aაქა­ურობის შემხედვარეს დიდი ხანია მინდა მოგწეროთ, ამ შრომის ერთ, დიდი განცდებით დამუხტულ ნაწილზე, რომელიც თავადაც უცნაური ფიქრებით მავსებს. ამ ნაწილს ქვევრის ქურის გახსნა ჰქვია. და იცით, როგორ შეჰყურებს ჭიათურელი მექვევრე ამ პროცესს? როგორც კახელი მევენახე შავი ღრუბლებით დატენილ ცას, რომ სეტყვა არ წამოვიდეს და მთელი წლის ნაშრომი წყალში არ ჩაეყაროს! მექვევრეც ზუსტად ასე, თვეობით ემზადება ქვევრების ქურის გახსნისათვის. ეს ნიშნავს, რომ ის ტონობით ტევადობის ქვევრებს უზარმაზარ ღუმელში აწყობს, დაახლოებით 1000-ცელსიუსიან ცეცხლს შეუნთებს და გამოწვას იწყებს, რის შემდეგაც ქვევრების ნაწილს ქურიდან ან უვნებელს გამოიღებს, ან არა. თუმცა, თუ ამ პროცესის უფრო ზუსტად გაცნობა გსურთ, ჯობს თავად ტყემლოვანელ მექვევრეებს დაუკავშირდეთ. პატივისცემით, შაქრო კვიჟინაძე"

ჩვენ დავუკავშირდით ტყემლოვანელ მექვევრე ნოდარ ბურჯანაძეს, რომელმაც, აი, რა გვიამბო:

- ქურის გახსნისთვის ყველა მექვევრე თვეობით დიდი ჯაფით ემზადება. ქურა მართლაც 1000 ცელსიუსამდე ხურდება. ცხადია, ასეთ ცეცხლს სათითაო ქვევრისთვის ვერ გააჩაღებ. Aამიტომაც რამდენიმე ქვევრი თვეობით უნდა გამოძერწო, დააგროვო და მერე ერთად შეაწყო ღუმელში. თითოეულ ღუმელში დაახლოებით 10 ტონა ტევადობის ქვევრი ლაგდება, მათ შორის არის 2-ტონიანი ქვევრებიც.

ჩვენს ქვევრს და თიხას განსაკუთრებული "არომატი" აქვს, რასაც ჩვენ გარდა ვერავინ შექმნის, რადგან თიხაც ქართული გვაქვს. თუმცა ათასწლეულებში ქვევრებს მხოლოდ ჩვენთვის ვამზადებდით, ახლა კი ტყემლოვანიდან ქვევრები მსოფლიოში გადის, სადაც პატარა შეცდომებსაც არავინ მოითმენს. ამიტომ ახლა ქვევრებს ხელით კი არა, ახალი ტექნოლოგიებით ვამზადებდეთ. ჩვენ მხოლოდ თიხას ვზელთ ელექტროენერგიით, დანარჩენს ისევ ხელით ვაკეთებთ. ჰოდა, როდესაც იმდენ ქვევრს გამოვძერწავთ და გამოვაშრობთ, რომ ქურა შევავსოთ, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ "ქურის გახსნას".

- ეს რამდენი ქვევრია?

- რამდენიმე, დაახლოებით 8-10 ტონა ტევადობამდე უნდა მივიდეს. მერეA ყველას აგურის ღუმელში შევაწყობთ და რამდენიმე დღით განუწყვეტელ ცეცხლს შევუნთებთ.

რაც ჩვენი ქვევრის საზღვრებს გარეთ გატანა დაიწყო, მას შემდეგ სოფლის 70%-ს მაინც აქვს ქურები. სწორედ ამ ქურებთან არის დაკავშირებული ჩვენი ნერვიულობა და გულის ხეთქა, თორემ ქვევრს, რაც არ უნდა დიდი იყოს, გავაკეთებთ, ხელს რა შეგვიშლის. ჰოდა, ქურას ქვევრების გამოწვამდე ორი ღამე უნდა ვუთიოთ, ცეცხლი რომ განუწყვეტლივ იყოს და ძლიერდებოდეს. მთავარი სანერვიულო და სადარდებელი ბოლოსაკენ ექცევა, როცა ცეცხლი უნდა გამოვაქროთ, ქურები გამოვხსნათ და ქვევრები გამოვიღოთ. ამ დროს გულში ლოცულობ და ღმერთს გამართლებას ეხვეწები, დაძაბულ მოლოდინად ხარ ქცეული.

- რატომ?

- იმიტომ, რომ გამოწვისას შეიძლება ქვევრების 30%-მდე ისე დაზიანდეს, რომ ამდენი ნაშრომი წყალში ჩაიყაროს. შეიძლება ღუმელში ძლიერმა ქარმაც შეაღწიოს და 2-ტონიანი ქვევრი ისე დაიბზაროს, აღარაფერი ეშველოს.მერე ქვევრს ვამტვრევთ, პირველი ელდის შემდეგ კი ზარალსაც ვეგუებით და ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. მთავარია, რაც დარჩება, გაამართლოს და ჩვენს ქვევრს გასავალი, ღვინო ჰქონდეს, და კიდევ ის სიყვარული, რაც ათადან-ბაბადან მოგვდევს.