"საუბარში ისე გავერთეთ, თითქოს სანაპიროზე ვისხედით სოხუმური ყავით ხელში" - კვირის პალიტრა

"საუბარში ისე გავერთეთ, თითქოს სანაპიროზე ვისხედით სოხუმური ყავით ხელში"

მტრისგან მიტაცებული საქართველო ქართველ კაცს ანადგურებს, თუმცა უამრავი ნეგატივის მიუხედავად, სამშობლოს გაერთიანების იმედს არასოდეს კარგავს. რის საფუძველზე? თუნდაც იმის, რომ ისტორიული სამართლიანობა არ კვდება. ისევე როგორც ცოცხალია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ფესვი. ამის შესახებ ერთი თბილი და უჩვეულო ამბავი ჩვენმა მკითხველმა გაგვიზიარა. მან ეს ამბავი სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის კახა კვაშილავასგან იცის. ჩვენ ბატონ კახას ამბის მოყოლა ვთხოვეთ, ოღონდ, ქართულ-აფხაზური შეხვედრის ადგილიცა და ვინაობაც საიდუმლოდ დავტოვეთ, რადგან ასეთ ამბებს ბევრი ავი თვალით უმზერს.

კახა კვაშილავა:

- საბედნიეროდ, ურთიერთობა არაერთ აფხაზთან მაქვს, ოღონდაც შეხვედრის ადგილსაც და ვინაობასაც საიდუმლოდ დავტოვებ. მოკლედ, რამდენიმე წლის წინ ერთ ქვეყანაში კონფლიქტოლოგთა საერთაშორისო ფორუმზე გახლდით. მონაწილეთა შორის აფხაზური მხარეც იყო. ცხადია, ძალიან ვღელავდი, ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო სოხუმის დაცემის შემდეგ. ის აფხაზი პირველად ფოიეში დავინახე რუს კოლეგასთან ერთად. ხომ ასე ვღელავდი, მაგრამ მაინც მივედი და ვკითხე, თქვენ ხომ არ ბრძანდებით სოხუმიდან-მეთქი. კი, მე ვარო. ერთმანეთის არაფერი ვიცოდით, არც ვინაობა და არც პროფესიული საქმიანობა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, სოხუმის ადგილები გავიხსენეთ და ვიგრძენი, რომ მასთან ურთიერთობის ბარიერები მომეხსნა.

მალე ოფიციალური შეხვედრაც დაიწყო. არაერთი კონფლიქტოლოგი, სოციოლოგი თუ ფსიქოლოგი ხმის ჩახლეჩამდე გვესაუბრებოდა კონფლიქტების "შვილებს" კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებზე, მათ განვითარებასა და გადაწყვეტის შესაძლო გზებზე. ჩვენ კი ვისხედით და მხოლოდ დროდადრო ვუსმენდით ჩვენზე "მოდარდე" ორატორებს. ისე გავერთეთ საუბარში, თითქოს სანაპიროზე ვისხედით სოხუმური ყავით ხელში. საერთო ნაცნობებიც აღმოგვაჩნდა. მე იქ დარჩენილები მოვიკითხე და სალამი შევუთვალე, მან დევნილებად ქცეული ნაცნობები და თბილისელი მეგობრები მოიკითხა. მოკლედ, სულ მალე თითქოს ნაცნობობის ორიოდე საათი კი არა, მთელი წლები გვაკავშირებდა.

მალე ორატორმა, კონფლიქტოლოგიის პროფესორმა, პირადად მოგვმართა სახელებით და ცოტა ხნით მოსმენა გვთხოვა. ჩვენც დავდუმდით და პატივცემულ მომხსენებელს ყური დავუგდეთ: მან კი აი, ეს თქვა: არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და შემისწავლია კონფლიქტები, მათ შორის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსაც ვიცნობ, მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებსა და აფხაზებს ვერაფერი გავუგე. აგერ, ორი ახალგაზრდა ზის და რაც ღონისძიება დაიწყო, ვაკვირდები და სულ საუბრობენ (არ დავმალავ და, მგონი, ორივენი ძალიან გავწითლდით - კ.კ.). თითქოს მათ შორის ომი არ ყოფილიყოს. ჩვენ გვერდით არიან სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, მაგრამ ისინი ერთმანეთის გვერდით არ სხედან და როგორც კი ორგანიზატორებმა მითხრეს, ერთმანეთს არც მისალმებიან ოფიციალური გაცნობის ცერემონიალზე. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთის მიმართო. ჩვენ კი ცოტა ხანში ისევ გავაგრძელეთ სოხუმის გახსენება და ახალი ამბების ერთმანეთისთვის გაზიარება. დღესაც ვმეგობრობთ ერთმანეთთან.

ერთსაც ვიტყვი: აფხაზები "მშვიდობისმყოფელ" "დასავლურ" ენჯეოებსაც იყენებენ. ვის არ უნდა დამატებითი დოლარები და ევროები? იყენებენ და მეტიც - სხვათა შორის, ასეთი "ფონდები" არა იმდენად კონფლიქტის მოგვარებას უწყობენ ხელს, არამედ კონფლიქტის გახანგრძლივებას. ჩვენ, ვინც აფხაზებს ვიცნობთ და ერთად გვიცხოვრია, შეგვიძლია პირდაპირ საუბარი. ჩვენ შეგვიძლია მორყეული ხიდის ბურჯების გამტკიცება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად გვრიყავენ ამ პროცესიდან. თურმე ჩვენ ომით ვართ დამძიმებული და კონტაქტი არ შეგვიძლია, ასე ფიქრობენ "მშვიდობისმყოფელნი". ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.