„ჩვენ ძაფით, კბილებით გვიჭირავს ჩვენი ქართველობა“
რამდენიმე დღის წინ ლაზურ ქალაქ ვიწესა (ფინდიკლი) და მესტიას შორის დამეგობრების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ეს დიდ ლაზურ ფესტივალზე მოხდა, სადაც სვანეთის ფოლკლორული ანსამბლი "რიჰოც" მონაწილეობდა. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქების მერებთან ერთად ტრაპიზონში საქართველოს გენკონსულმა გელა ჯაფარიძემ, ლაზმა საზოგადო მოღვაწემ ემრე გურქანმა და გიორგი ანდრიაძემ.
"ლაზები გარეგნულად მუსლიმანები იყვნენ, ხოლო ფარულად ყველა ქრისტიანულ წესს ასრულებდა"
გიორგი ანდრიაძე, მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი:
- ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართულ-თურქულ მეგობრობას, ამიტომ ვამეგობრებთ ქალაქებს. მაგალითად, ლაზური ქალაქი ვიწე, რომელსაც დღეს ფინდიკლი ჰქვია, დამეგობრებულია მცხეთასთან. ეს 2007 წელს პატრიარქის ხელშეწყობით მოხდა. წელს ხელი მოეწერა ქალაქ მესტიისა და ვიწეს დამეგობრების ხელშეკრულებას. გამზადებულია დასამეგობრებლად ქალაქი ფოთი და ქალაქი ფაზარი (ძველი სახელი ათინა). დასანანია, რომ ჩვენს საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს ლაზების შესახებ და დიდი მადლობა თქვენს გაზეთს, რომ დაინტერესდით ამ თემას.
ლაზებზე ზრუნვა უწმინდესმა 2000 წლის დამდეგს დაიწყო. ის იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით კონსტანტინოპოლის პატრიარქთან კაპადოკიაში, შემდეგ ტაო-კლარჯეთში. პარალელურად ჩემი ხელმძღვანელობით სამეცნიერო ექსპედიცია იკვლევდა ლაზეთს. ეს იყო იქ ჩვენი პირველი გადასვლა. წყაროებს შევუსაბამეთ ტოპონიმები, კათედრები, ქალაქები და მოვამზადეთ საკითხი ლაზეთის ეპარქიის აღდგენისა, ისე როგორც ტაო-კლარჯეთის ეპარქია და საზღვარგარეთ სხვა საქართველოს ეპარქიები აღდგა. 2002 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღადგინა ლაზეთის ეპარქია, რომელიც ჯერ ახალციხის ეპარქიას ექვემდებარებოდა, ხოლო დღეს ბათუმის მიტროპოლიტის კანონიკურ საზღვრებშია მოქცეული. იმ პერიოდიდან დაიწყო პატრიარქმა აქტიური ზრუნვა ჩვენს ლაზ ძმებზე, ისევე როგორც ფერეიდნელებზე, ჰერებზე... ლაზურ პროექტში ჩვენი საქმიანობა არ ითვალისწინებდა რელიგიურ აქტივობას, მხოლოდ ლაზური ენის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, ლაზური სიმღერების ჩაწერაზე, საზოგადოდ, ლაზური კულტურის აღორძინებაზე. შეიძლება ითქვას, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები სხვადასხვა დიასპორისგან განსხვავებით, ლაზური თემი სეკულარულია - ანუ არარელიგიური, მაგრამ ბოლო ხანს ევროპაში მცხოვრები ლაზების დიდ ნაწილში ნელ-ნელა ვითარდება ქრისტიანობისადმი სიმპათია. ბევრმა უკვე დაიწყო მონათვლა. ასე გაჩნდა მათში პატარა ქრისტიანული თემი. ისტორიულად ლაზების დიდი ნაწილი მუსლიმანი იყო, მცირე ნაწილი კი ქრისტიანი. ისინი გარეგნულად მუსლიმანები იყვნენ, ხოლო ფარულად ყველა ქრისტიანულ წესს ასრულებდა: ნათლობას, ქორწინებას, ჯვრისწერას, წესის აგებას. ამაზე ფილმიც გადაიღეს, სახელწოდებით "შენს გულს ჰკითხე". ჩვენ კი ასე ვთარგმნეთ: "ლაზები, ფარული ქრისტიანები". სხვათა შორის, ლაზებმა მიწა იყიდეს ლისის ტბის მიდამოებში და ლაზური ტიპის სახლების აშენებასა და საცხოვრებლად აქ ჩამოსვლას აპირებენ...
"იყო დრო, ლაზურად ლაპარაკიც გვეკრძალებოდა"
მეჰმედ მელექი, ბიზნესმენი: - ჩვენ ქალაქ ართვინის დაბა ქემალ-ფაშაში ვცხოვრობთ. პირველად აქ ბაბუის მამა დასახლდა. ბევრი ლაზია ართვინში. მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ საქართველოს მხარეს, სარფში, ცხოვრობდნენ ჩვენი ნათესავები, მაგრამ საბჭოთა პერიოდში გადასვლა-გადმოსვლა კი არა, თითით ჩვენებაც კი არ შეიძლებოდა. 1989 წლამდე არანაირი კავშირი არ გვქონდა, დღეს კი საქართველოში ლაზ ნათესავებთან ხშირი მისვლა-მოსვლა და თბილი ურთიერთობა მაქვს. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე ია ქართველია. გვყავს გოგონები: მერიემი და ნილაი. თურქეთშიც ხშირად მიწევს ყოფნა. რაც შეეხება თურქეთში მცხოვრებ ლაზებს, საკმაოდ ძლიერები არიან როგორც ფინანსურად, ასევე კარიერული თვალსაზრისით. მათი სიტყვა ყველგან ჭრის. დიდ თანამდებობებზე არიან და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობენ. ერთმანეთს გვერდში უდგანან და ამაყობენ, რომ ლაზები არიან. ადრეულ წლებში მათ თავიანთი არაფერი არ ჰქონდათ, არც გაზეთი, არც ჟურნალი, ლაზურად ლაპარაკიც ეკრძალებოდათ. ახლა კი ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები აქვთ. მაგრამ აქამდე მოსასვლელად მტკივნეული პერიოდი გავიარეთ. მხოლოდ თურქულად გვეძლეოდა სწავლის საშუალება. ახლა უკვე ლაზურად სწავლობენ სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც. ჩემს ქართველებს მინდა მოვეფერო. აქ უამრავი მეგობარი მყავს. ვამაყობ, რომ აქ ვცხოვრობ.
"ჩვენი ბაზალეთის ტბაში ჩაძირული აკვანი ჭანეთ-ლაზეთში დევს. ვეძებთ გმირს, რომელიც მას ამოიღებს"
იაშა თანდილავა, ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, პროფესორი:
- ლაზები კვარიათსა და გონიოშიც ცხოვრობენ. რამდენიმე ოჯახი ფესვებით სუფთა ლაზია. ძირითადად, ასაკოვანი, ჩემხელა ხალხია. თურქეთში 5 რაიონი სულ ლაზებითაა დასახლებული. ყველამ კარგად იცის ლაზური ენა. იბეჭდება წიგნები, სკოლებშიც ისწავლება ლაზური ენა. ჩვენთან ჯერ ვერ იქნა ამის სწავლება, რაღაც შიში აქვთ თუ რა, ვერ გავიგე. რომ დაინახავს ბავშვი ქართულ ფესვს, ძირს, უკვე სხვა წარმოდგენა ექნება სრულიად საქართველოზე. მე ზემო აჭარაში, შუახევში, მეუფე სპირიდონთან, ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტში ვკითხულობდი ქართული ენის ისტორიას, მაგრამ ამოიღეს ეს საგანი. მეუფეც ვერაფერს გახდა. განათლების სამინისტრო ებრძვის იმას, რაც შეიძლება ქართულთან მივიდეს. ლაზეთი მარტო კუთხე კი არ არის, ის არის ხიდი წარსულსა და დღევანდელ საქართველოს შორის.
ჩვენ კოლხეთის სამეფოს შთამომავლები ვართ. ჩვენ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს, ცეკვები, მუსიკა, ზღაპრები და ხელნაკეთობა. თურქეთისა და საქართველოს მთავრობებმა უნდა გამოყონ ბიუჯეტი ჩვენი კულტურის განვითარებისთვის. აგერ უკვე 44 წელია, კოლხობის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ჩვენ ძაფით, კბილებით გვიჭირავს ჩვენი ქართველობა, ლაზობა, კოლხობა. ჩვენი ბაზალეთის ტბაში ჩაძირული აკვანი ჭანეთ-ლაზეთში დევს. ვეძებთ გმირს, რომელიც მას ამოიღებს.
"ბავშვობაში ხშირად ვიყურებოდი საქართველოს მხარეს, ნეტავ როგორი ხალხია, როგორ საუბრობენ-მეთქი"
ვალერი ბაქრაძე, იურისტი: - სარფში ვცხოვრობ. ჩემს ბავშვობაში სოფელი კომუნისტებს ჩაკეტილი ჰქონდათ. სულ ორი-სამი პოსტი იყო, სადაც ავტობუსი ჩერდებოდა და ხალხს ჩხრეკდნენ. შემოსასვლელად სპეციალური საშვი იყო საჭირო. ბავშვობაში ხშირად ვიყურებოდი საქართველოს მხარეს, ნეტავ როგორი ხალხია, როგორ საუბრობენ? ვინ არიან-მეთქი. დღესაც მახსოვს, 1989 წელს, როცა საზღვარი გაიხსნა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ქართულ მიწას აკოცა. იცით, რა ხდებოდა? ნათესავებმა მაშინვე იცნეს ერთმანეთი, დისშვილებმა, ძმისშვილებმა. იმ დღეს იმხელა ნაკადი წამოვიდა, ვერ დააკავეს ხალხი. გასაოცარი ის იყო, მაშინვე ლაზურად დავიწყეთ საუბარი ერთმანეთთან. ყველა ტიროდა, დიდი თუ პატარა... მე მართლმადიდებელი ლაზი ვარ და ეკლესიაში დავდივარ, ვცდილობ დავიცვა წესები. ბოლო დროს დაინტერესდნენ თურქი ლაზები ჩვენი რელიგიით. ჩემი ოთხი მეგობარი მოინათლა სვეტიცხოველში. ამ ოთხიდან ორი მამისტოლა კაცია და დღეს უკვე მე თვითონ ვსწავლობ ქრისტიანობას მათგან. თურქეთში მცხოვრები ლაზები რომ იგებენ ქართველი ხარ, სასწაული სითბოთი გხვდებიან. მთელი ზღვისპირა რეგიონი, ფაზარიდან, რომელსაც ათინას ვეძახით, რიზემდე სულ ლაზებითაა დასახლებული.
მაწუხებს, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა შეზღუდულია. ამ დროს უცხოელი ამას თავისუფლად ახერხებს. ფერეიდნელმა ქართველებმა, ინგილოებმა, ჰერებმა რა დააშავეს? ჩვენს ნათესავ ხალხს საკანონმდებლო დონეზე უნდა მიენიჭოს ინტეგრაცია, თორემ მერე გვიან იქნება, უცხოტომელები ისე დაგვიპყრობენ, საქართველო ქართველის არისო, ამის თქმასაც კი აგვიკრძალავენ. ბათუმში მეჩეთთან რესტორნების, კაფეტერიების მეპატრონეების უმრავლესობა ლაზია. რამდენჯერმე ჩხუბი მოუვიდათ ქართველებთან, თურქებს რატომ გვეძახითო. როცა ინტეგრაცია მოხდება სახელმწიფო დონეზე, აქეთ ფინანსების გადმოსროლა დაიწყება, ეკონომიკურად გვერდში დაგიდგებით. ბევრი რამის გაკეთება უნდათ ლაზებს და კანონი არ აძლევს საშუალებას. საქართველოს მოქალაქეობის აღება ბევრ ლაზს უნდა. რამე რომ მოხდეს, თქვენ გვერდით ისევ ჩვენ, ლაზები უნდა ვიყოთ. თურქეთიდან რომც მოინდომონ რამე, ჩემი მიწა უნდა გამოიარონ, ლაზეთი, და იქ უნდა გავაჩერო, ჩემს მამულში. თურქულ სკოლაში ლაზური ენის სწავლება დაიწყო, საქართველოში ასწავლიან ლაზურს?
"ლაზებს, ძირძველ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, უარს გვეუბნებიან"
მურად ჩორბაჯიოღლუ, საფეხბურთო კლუბის დირექტორი: - მე ართვინელი ლაზი ვარ. ჩემი ძველი გვარი გურამიშვილია. საქართველოში ხშირად გადმოვდივარ. გული მტკივა, რომ ტრაპიზონიდან, სტამბოლიდან და ასე შემდეგ ჩამოსულებს მოქალაქეობას ანიჭებენ, ჩვენ კი, ლაზებს, ძირძველ ქართველებს, უარს გვეუბნებიან. ჩვენი პატრიარქი სულ ცდილობს სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას, გვკრებენ დიდ დღესასწაულებზე, მაგრამ ეს ცოტაა. პატრიარქი რასაც აკეთებს, იმის ნახევარი ხელისუფლებამაც რომ გააკეთოს, კარგი იქნებოდა.
მარიამობასაც ვიყავით ჩამოსული. იცით, რა იყო ეს ჩვენთვის? ახლაც მეტირება. მიყვარხარ, ჩემო ხალხო, ძმებო და დებო. ვინმე ქართველი თუ შემხვდება თურქეთში, ქართულად ვესალმები და რაც კი შემიძლია, ვეხმარები. აქეთ რომ მოვდივარ, უცხოდ თავს არ ვგრძნობ, მაგრამ როგორც მოქალაქე რატომ არ უნდა შემოვიდე საქართველოში? ბევრი არ ვართ, მაგრამ ვინც ვართ, ნამდვილი ლაზები ვართ...
რუსუდან შაიშმელაშვილი