ტუჩებდაბერილი პატარძალი და გაქცეული სასიძო - კვირის პალიტრა

ტუჩებდაბერილი პატარძალი და გაქცეული სასიძო

ქორწინების საკითხი ცაში წყდებაო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. არავინ იცის, ეს საკითხი სად ან როგორ წყდება, მაგრამ ადამიანები ოჯახს ყველა ეპოქაში ქმნიდნენ და ქორწილის დღისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. გამონაკლისი ამ მხრივ არც XXI საუკუნეა. საქორწინო ცერემონიალს ბევრი კურიოზი და უჩვეულო ამბავი ახლავს, რის შესახებაც ქორწილის ორგანიზატორებმა ყველაზე კარგად იციან.

სამჯერ დაქორინებულები

ნატა გოგოლიძე, მთაწმინდის პარკის ქორწინების სახლის ხელმძღვანელი: - მეცამეტე წელია, რაც ქორწინების სახლში ვმუშაობ. თითოეული წყვილი იმდენად მაბედნიერებს, რომ მათი სიხარული ჩემთვისაც დადებითი ენერგიის მომტანია. რაც არ უნდა მიჭირდეს, ქორწილის დღეს მაინც ღიმილიანი ვხვდები.

უჩვეულო წყვილების სტუმრობა ქორწინების სახლში ჩვეულებრივი ამბავია. მეც ბოლოდროინდელ გამორჩეულ ქორწილებზე გიამბობთ. მაგალითად, ივნისში ორჯერ გაყრილი ცოლ-ქმარი მესამედ დავაქორწინეთ. მათ ერთმანეთი სკოლიდან უყვარდათ. პირველად 25 წლის ასაკში შეუღლდნენ და მაშინ დიდი ქორწილი არ ჰქონიათ. მერე შვილებიც გააჩინეს, მაგრამ ხშირად ჩხუბობდნენ და რამდენიმე წელიწადში ერთმანეთს დაშორდნენ. გავიდა ხანი და ისევ შერიგდნენ... მოკლედ, სულ ასე ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ. მესამედ 39 წლის ასაკში იქორწინეს, გრანდიოზული, დაუვიწყარი ქორწილი ჰქონდათ და ორივემ ფიცი დადო, რომ ეს მათთვის ბოლო ქორწინება იქნებოდა. საოცრად ლამაზი ცერემონიალი გამოვიდა, რაც მთავარია, ნეფე-პატარძალი ბედნიერი იყო.

კიდევ ერთ უჩვეულო წყვილზე გიამბობთ: ისინი 55 წლის ასაკში დაქორწინდნენ. ამ წყვილის ამბავი ძალიან ჰგავს სერიალის გმირების ისტორიას: ერთმანეთი სკოლიდან უყვარდათ, გოგონა ცოლად სხვას გაჰყვა, შვილებიც გააჩინა და გაზარდა, მეუღლე რომ გარდაეცვალა, ბავშვობის სიყვარულმა თავი შეახსენა! თურმე იმ კაცს ცოლი არ მოუყვანია, გაიგო, რომ ბავშვობის დროინდელი შეყვარებული დაქვრივებულიყო, იპოვა და დაქორწინდნენ.

ქორწილი ქართულად

- ცოტა ხნის წინ ფილიპინელების ქორწილი გავმართეთ. წყვილმა ერთმანეთი საქართველოში გაიცნო. რამდენიმე წელია, აქ ცხოვრობენ. ქართული ორივემ იმდენად კარგად იცოდა, რომ გაოცებული ვუსმენდი. ისიც თქვეს, რომ საქართველო ძალიან შეუყვარდათ და ცხოვრების გაგრძელებას აქ აპირებენ.

არასდროს დამავიწყდება კიდევ ერთი რიტუალი: გოგონა ქართველი იყო, სამეგრელოს პატარა, ლამაზი ქალაქიდან, ხოლო სიძე მუქკანიანი, შრი-ლანკიდან. აშკარად ჩანდა, რომ გოგოს დედა ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. ყველაზე შთამბეჭდავი ამ ქორწილში სხვა რამ გახლდათ: მომავალი სიძე სიდედრს მეგრულად ელაპარაკებოდა, ეფერებოდა და ამშვიდებდა, ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნებაო. თურმე მეგრული საცოლემ სპეციალურად ასწავლა, რაც ამ სიტუაციაში ნამდვილად გამოადგა.

კიდევ ერთი აფრიკელი ბიჭი და ულამაზესი აზერბაიჯანელი გოგონა დავაქორწინეთ. ერთმანეთი ლონდონში გაიცნეს, დაოჯახებაც იქ გადაწყვიტეს და ქორწილი საქართველოში გადაიხადეს. განსაკუთრებით ნერვიულობდა გოგოს ბებია, რომელიც დარბაზში ვერც შემოვიდა - ისე განიცდიდა, რომ დამამშვიდებლები დავალევინეთ.

ამას წინათ ბრაზილიელი წყვილიც დავაქორწინეთ. მოცეკვავეები იყვნენ. გვითხრეს, მთელი ევროპა შემოვიარეთ, ქორწ­ინებას ჯერ არ ვგეგმავდით, მაგრამ საქართველო იმდენად რომანტიკული ქვეყანაა, სპონტანურად გადავწყვიტეთო.

"საბედისწერო" თაიგული

თეონა ანთაძე, ქორწილის ორგანიზატორი: - 15 წელია, რაც ამ საქმეში ვარ და უკვე კარგად ვიცი: იშვიათია ქორწილი, რომელსაც რაღაც გაუგებრობა არ ახლავს. როგორც წესი, ვცდილობ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს, ქორწილის ორგანიზატორის ფუნქციაც ეს არის - საქორწინო ცერემონიალმა იდეალურად უნდა ჩაიაროს, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი თავდაყირა დგება. ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო: შეიძლება პატარძლის ფეხსაცმელს ქუსლი მოსტყდეს, მოულოდნელად წვიმა წამოვიდეს და მაკიაჟი წაეშალოს, ან ქარმა ვარცხნილობა აუწეწოს... ამ დროს მისი დამშვიდება უნდა შეგეძლოს - მოკლედ, იდეალური ქორწილის დაგეგმვა ადვილია, მაგრამ გამართვა - ძალიან რთული. ასე მოხდა რამდენიმე ქორწილში: დასავლეთ საქართველოში გაიმართა ქორწილი, აგარაკზე, რომლის ეზოში აუზი იყო. მოგეხსენებათ, ქორწილის დროს ყველაზე სახალისო რიტუალი პატარძლის თაიგულის დაჭერაა. თაიგული ყველაზე პუტკუნა, ჯანიანმა გოგომ დაიჭირა, მის გვერდით მდგომმა ხუმრობით წართმევა დაუპირა და ატყდა ერთი გაწევ-გამოწევა, თაიგული არც ერთმა არ დათმო და ბოლოს ორივემ აუზში მოადინა ტყაპანი.

"მახინჯი" პატარძალი

- გაქცეული პატარძლები არა, მაგრამ გაქცეული სასიძოები გვყოლია. ერთ ქორწილში ნეფე-დედოფალი ადღეგრძელეს, ის დრო დადგა, როცა წყვილმა ერთმანეთს უნდა აკოცოს. თოვლივით თეთრ კაბაში გამოწყობილმა ულამაზესმა პატარძალმა გადაწყვიტა, მომავალ ქმარს გავეხუმრებიო და სახეზე მოზრდილი ტორტის ნაჭერი შეაზილა. ახალგამომცხვარი სიძე ისე გაბრაზდა, ქორწილიდან გარბოდა, სტუმრებმა და პატარძალმა ძლივს დააკავეს.

კიდევ ერთი გასაქცევად გამზადებული სასიძო მახსენდება: გოგონამ წინადღეს გადაწყვიტა, თავის ქორწილში ყველაზე ლამაზი ყოფილიყო და სახის გაწმენდით დაწყებული, ბოტოქსით ტუჩის დაბერვით დამთავრებული, ყველა პროცედურა ჩაიტარა. სახეალეწილი და ტუჩებდაბუშტული პატარძალი რომ დავინახე, კინაღამ გული წამივიდა! რა უნდა მექნა? - ხალხი უკვე დაპატიჟებული იყო, დარბაზი დაჯავშნილი... სიძემ გაქცევა დააპირა, ძლივს შევაჩერეთ, თუმცა მთელი ქორწილის განმავლობაში, "მახინჯ" საცოლეს დაბოღმილი უყურებდა.

არ დამავიწყდება კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში მოხდა: ქორწილის სტუმარი ცნობისმოყვარე პატარა ბიჭი ჯერ მაგიდის ქვეშ შეძვრა, მერე კი - პატარძლის ფუშფუშა კაბის ქვეშ მოინდომა შეძრომა... გოგონას ისე შეეშინდა, რომ კივილი მორთო. შეშინებული ბავშვი კარგა ხანს იჯდა მაგიდის ქვეშ და ვერაფრით გამოიყვანეს.

საერთოდ, ბავშვებთან ბევრი მოულოდნელობაა დაკავშირებული: ერთ ქორწილში პატარა გოგონებს საპატარძლო კაბის შლეიფი უნდა დაეჭირათ, ერთმა შლეიფს ფეხი დააბიჯა, პატარძალი წაბორძიკდა და საქმროს რომ არ ეყოჩაღა, წაიქცეოდა... ეს ის წვრილმანებია, რომელთაც წინასწარ ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ ჩვენს პროფესიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ხათუნა ჩიგოგიძე