ვინ არის ქალი, რომლის გარშემოც საუკუნეზე მეტია მოდა ბრუნავს? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქალი, რომლის გარშემოც საუკუნეზე მეტია მოდა ბრუნავს?

ნიუიორკელ მინის ქარხნის მფლობელს 1921 წლის 29 აგვისტოს შეეძინა გოგონა, სახელად აირის ბარელი, რომელიც ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. აირისმა ბავშვობაშივე დაიწყო ანტიკვარული ნივთებისა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი­ სამკაულების შეგროვება. მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ მისი კოლექცია და გემოვნება მოდის სამყაროში გადატრიალებას მოახდენდა. დღეს აირის აპფელი მოდის ინდუსტრიაში იმდენად გავლენიანი ფიგურაა, რომ თეთრი სახლის ინტერიერის მოწყობა მიანდვეს. ვინ არის ქალი, რომლის გარშემოც საუკუნეზე მეტია მოდა ბრუნავს? - ამ კითხვას შევეცადე პასუხი გამეცა სხვადასხვა დროს მედიაში გავრცელებული აირის აპფელის ინტერვიუებიდან.

"12 დოლარად ნაყიდი კაბა"

- სამოსის დამოუკიდებლად ყიდვა 12 წლისამ დავიწყე. დედას ყოველთვის უყვარდა­ ლამაზად ჩაცმა, სამართალს სწავლობდა უნივერსიტეტში, მაგრამ ფეხმძიმობის გამო სწავლას თავი დაანება. როდესაც მე შევეძინე, ცოტა ხანში ბუტიკი გახსნა - ეს იყო "დიდი დეპრესიის" პერიოდი. მახსოვს, 1933 წლის გაზაფხული იყო, აღდგომა მოდიოდა და ახალი კაბა უნდა მცმოდა მეხუთე ავენიუზე სააღდგომო მარშში მონაწილეობისთვის. დედას არ ეცალა საყიდლებზე წამოსასვლელად, ამიტომ 25 დოლარი მომცა და კაბის საყიდლად მარტო გავეშურე. პირველი ხუთი ცენტი ტრანსპორტში დავხარჯე. მანჰეტენზე რომ გავედი, დედას რჩეულ სავაჭრო ცენტრი წავედი. რომ შევედი, დანახვისთანავე შემიყვარდა პირველ რიგში ჩამოკიდებული კაბა. მაშინვე ვიყიდდი, მაგრამ დედის რჩევა გამახსენდა, არასდროს იყიდო ის, რაც პირველივე ჯერზე მოგეწონებაო. ამიტომ სხვადასხვა მაღაზიის ჩამოვლა გადავწყვიტე, მაგრამ უცებ გამიელვა აზრმა, რომ კაბა შეიძლება გაყიდულიყო და ფაცხაფუცხით უკან დავბრუნდი, მადლობა ღმერთს, ის კაბა ვიყიდე 12,95 დოლარად. ფეხსაცმელში 3,95 დოლარი გადავიხადე, გაგიკვირდებათ და, ჭილის ქუდისთვისაც დამრჩა ფული, გზის ფულად 5 ცენტიც მოვიტოვე. დედამ შემიქო გემოვნება, მამამ კი ფინანსური მენეჯმენტი. ეს იყო ჩემი პირველი წარმატება კარიერის დასაწყისში... მე მიყვარს სამოსის ჩაცმა და არა შეგროვება, ყოველთვის მეკითხებიან, საყვარელი სამოსი, ან საყვარელი აქსესუარი თუ გაქვსო და, მძულს ეს კითხვა. როდესაც მომწონს რაღაც, მომწონს და მორჩა. თუ მომწონს სამაჯური და მისი ფასი მხოლოდ 5 დოლარია, მით უმეტეს, გადასარევი, ვიყიდი!

moda2-1694366998.jpg

"გოგონებს არ აცვიათ ჯინსები"

- მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც ჯინსი ჩაიცვა. ძალიან მიყვარს ჯინსი, არასდროს ვიღლები მისი ტარებით. 1940 წელს, როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი, დღევანდელივით არ შეგვეძლო ჯინსის თავისუფლად ყიდვა. მაშინ არც ამდენად მოდური იყო, იყიდებოდა მხოლოდ იმ მაღაზიებში, სადაც სამუშაო სამოსს, უნიფორმებს ყიდდნენ მამაკაცებისთვის. რა თქმა უნდა, ჩემი ზომა არ არსებობდა. როდესაც ჩემისთანა ექსტრავაგანტურად ჩაცმული გოგო ასეთ მაღაზიაში შედიოდა და ჯინსს ითხოვდა, ყველა გაოცებული უყურებდა. არ იცი, რომ გოგონებს­ ჯინსი არ აცვიათო, მეკითხებოდნენ. "არ მადარდებს, რა აცვიათ სხვებს, მე ჯინსის ყიდვა მინდა", - ეს იყო ჩემი პასუხი.K კვირების განმავლობაში მივდიოდი უნიფორმების მაღაზიის მეპატრონესთან და ვთხოვდი პატარა ზომის ჯინსი გადაედოთ ჩემთვის, და სულ უარით მისტუმრებდა. ბოლოს იმდენად შევაწუხე კონსულტანტი, რომ ოღონდ ეს გოგო აღარ დავინახოო, იფიქრა, ალბათ, და ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა, შენთვის პატარა ზომის ბიჭის ჯინსი გადავდეთო. ეს იყო გამარჯვება.

"ამერიკის პირველ ქალბატონებს გამორჩეული სტილი არა აქვთ"

აირისის ერთ-ერთი პირველი სამსახური მოდური ჟურნალის რედაქცია იყო, ის მბეჭდავად მუშაობდა კვირაში 15 დოლარად. 1948 წელს აირისი შეხვდა მომავალ მეუღლე კარლ აპფელს, რომელთანაც 68 წელი, კარლის გარდაცვალებამდე იცხოვრა. მათ ერთად დააარსეს ლეგენდარული კომპანია, რომელიც უნიკალურ ქსოვილებს აწარმოებდა. ცოლ-ქმარი ხშირად მოგზაურობდა და სხვადასხვა ქვეყნიდან ასევე ჩამოჰქონდათ ანტიკვარული ქსოვილები. თანდათან აირისისა და კარლის კომპანია იმდენად პოპულარული გახდა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მათი მუდმივი დამკვეთი გახდა. მათ განაახლეს თეთრი სახლის ინტერიერი მე-9 პრეზიდენტის მმართველობის დროს. მათი კლიენტები იყვნენ ჰარი ტრუმენი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ჯონ კენედი, ლინდონ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი, ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი და ბილ კლინტონი. როგორც აირისი იხსენებს, თეთრი სახლი მათთვის ყველაზე უპრეტენზიო დამკვეთი იყო, მხოლოდ ავეჯის ქსოვილს აახლებდნენ ანალოგით. ერთადერთი ჯეკი კენედი იყო, რომელმაც ინტერიერის ძირეულად შეცვლა მოინდომა. აირისის მეუღლე არც მალავდა, თუ როგორი პრობლემური იყო ჯეკი კენედისთან მუშაობა. ამაზე აირისმა უსაყვედურა, თეთრი სახლის კედლებს იქით რაც ხდება, საჯაროდ არ უნდა მოვყვეთო, თუმცა ჟურნალისტების ინტერესი, რა თქმა უნდა, დღემდე არ განელებულა. ყველას აინტერესებს, როგორი იყო ამერიკის პირველი პირის სახლში ინტერიერზე მუშაობა. "რომელიმე პირველ ლედის თუ ჰქონდა გამორჩეული ჩაცმის სტილი?" - ჰკითხეს ერთხელ აირისს. პასუხი ასეთი იყო: "უმრავლესობას არა. ამერიკის პირველი ქალბატონებიდან ყველაზე ინტენსიური თანამშრომლობა პეტ ნიქსონთან, რიჩარდ ნიქსონის მეუღლესთან გვქონდა. მას არ ჰქონია ჩაცმის განსაკუთრებული სტილი, მაგრამ ძალიან მონდომებული იყო, რომ თეთრი სახლი მაქსიმალურად გაელამაზებინა. ჩაცმის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა ჯეკი კენედის. ასევე გამოვყოფდი ბარბარა ბუშს. ისე კი გამორჩეულად ჩამცმელი პირველი ლედი არ გვყოლია".