„გიჟი არა ვარ, წამალი არ მჭირდება“ - კვირის პალიტრა

„გიჟი არა ვარ, წამალი არ მჭირდება“

ნარკომანიაზე არაერთხელ დაწერილა, თუმცა "ტკბილი სიკვდილის" წინააღმდეგ, ალბათ, იმაზე მეტი ბრძოლა და დროა საჭირო, ვიდრე ჩვენ გვგონია. ის მეტისმეტად მაცდურია. ადამიანებს ისე იზიდავს, რომ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ერთიმეორის მიყოლებით გვართმევს. თუმცა,­ ალბათ, სიკვდილზე არანაკლები უბედურება ნარკომანიის კიდევ ერთი სენია: ნარკოდამოკიდებულ ახალგაზრდობაში მასობრივად გავრცელებული ფსიქიკური დაავადება. ამ ზაფხულს იმერეთის ჩემს პატარა სოფელში, სადაც 25 კომლი ცხოვრობს, 3 ახალგაზრდა დაავადდა ფსიქიკურად. მათ შორის ორმა უმაღლესი სასწავლებელი მიატოვა და უცხოეთში წავიდა ე.წ. დასაქმებისათვის. თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ რამდენიმე თვე უსაქმურად იყვნენ და ძირითადად ნარკოტიკებთან "ურთიერთობდნენ". საქმე იქამდე მივიდა, რომ უცხოეთიდან დამოუკიდებლად ვეღარ ჩამოვიდნენ. აქ კი ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამის შემსწრე თავად გავხდი: სახლის კარი ჩაკეტა, ყველაფერს ლეწავდა და ყვიროდა, მახრჩობენო. კლინიკაში წასვლამდე მასთან გასაუბრება შევძელი.

- შეგიძლია გამაგებინო, უნივერსიტეტში სწავლა რატომ მიატოვე და პოლონეთში სამუშაოდ რატომ წახვედი, მით უფრო, რომ შენს ოჯახს არ უჭირს?

- არ ვიცი, ყველა ჩემი ძმაკაცი წავიდა­ და მეც წავედი. მინდოდა ცოტა ფული მქონოდა, მანქანა მეყიდა, მაგრამ პოლონეთში ჩასულმა დიდხანს ვერ ვიშოვე სამსახური, - ტაქსისტობა ვერ დავიწყე, მანქანის მართვა კარგად არ ვიცი, მშენებლობაზე მუშაობა კი არ მინდოდა, მძიმეა.

- ამ დროს ვისთან ერთად ცხოვრობდი, რომ ნარკოტიკს შეეჩვიე?

- ქართველებთან ერთად, ოთხი ვიყავით,­ ორი მუშაობდა. სახლში ორი ვიყავით და "არჯკოტიკს" ის ყიდულობდა.

- როგორ მიგაჩვია?

- უბრალოდ, მითხრა, თუ გინდა, გასინჯეო და მეც გავსინჯე.

- სამუშაო როდის იშოვე?

- 5 თვის შემდეგ, მუყაოს დამჭრელად ვიმუშავე, მაგრამ მიხვდნენ, რომ ნარკომომხმარებელი ვიყავი და გამომიშვეს.

- ჰალუცინაციები იმ დროს დაგეწყო?

- არა, უფრო გვიან. მარტო რომ დავრჩი, ჩემი სახელი გავიგონე. ვიფიქრე, ვიღაც მეძახის-მეთქი. გავედი, მთელი ქუჩა მოვათვალიერე, მაგრამ არავინ მეძახდა. ბინაში რომ დავბრუნდი, ისევ დამიძახა ვიღაცამ. ყვიროდა, გარეთ გამოდი, სახლს ცეცხლი ეკიდებაო. მეც გავედი, მაგრამ ცეცხლი არ იყო, ამიტომ გავცოფდი და ყვირილი დავუწყე იმ ვიღაცას, რატომ მატყუებ-მეთქი. ძმაკაცმა მითხრა მერე, რომ არ მოვსულიყავი, პოლიცია აგიყვანდაო.

- ამის შემდეგ გადაწყდა შენი სამშობლოში გამომგზავრება?

- არა, ცოტა დრო გავიდა და კიდევ რომ მომესმა ხმები, მამაჩემს დაურეკეს, ჩამოვიდა და წამომიყვანა.

- რომელ ნარკოტიკს მოიხმარდი?

- რომელსაც ვიშოვიდი, ეგ აქაც ასეა. უბრალოდ, პოლონეთში ნარკოტიკის შოვნის შესაძლებლობა უფრო მქონდა, ვიდრე აქ არის. აქ ხანდახან მარიხუანაც ძნელი საშოვნელია.

- ანუ შენსავით კიდევ ბევრი ქართველი ზის ნარკოტიკზე უცხოეთში?

- კი, გოგოებიც და ბიჭებიც, ოღონდ მარიხუანაც ჭირს, იმიტომ, რომ მოვლა უნდა. ზოგი სახლში ზრდის ქოთნებში. ჩემსავით ბევრს დაემართა რაღაცები.

- გაოცებული ვარ, ყველაფერს საუკეთესოდ აცნობიერებ და მაშინ იმ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებაზე რატომ ამბობ უარს, რომელიც ექიმებმა დაგინიშნეს?

- გიჟი არა ვარ, წამალი არაფერში მჭირდება, თანაც ვიცი, რომ წამალი აქეთ მომწამლავს. დედაჩემი ვერც კი ხვდება, რომ წამლები მომწამვლელია. ამიტომ არაფრით არ დავლევ...

ამ სიტყვებით დამემშვიდობა ჩემი მოსაუბრე, რომელსაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის კიდევ ერთი კურსის გავლა დასჭირდა. თუმცა ამანაც ვერ დაარწმუნა, რომ მისთვის ფსიქოტროპული­ წამლების მიღება აუცილებელია. მისი ჯანმრთელობა, ისევე როგორც ორი ჩემი თანასოფლელის, დღითი დღე უარესდება...

"ნარკომანის ტვინის უჯრედები იმდენად ზიანდება, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია"

ამ თემაზე საუბრისათვის ბავშვთა და ზრდასრულთა ექიმ-ფსიქიატრს, ნარკოლოგ სალომე ვაშალომიძეს მივმართე:

- ქალბატონო სალომე, სამი საღ-სალამათი­ ახალგაზრდა უცხოეთიდან ფსიქიკურად დაავადებული დაბრუნდა. ეს ნარკოტიკზე ხელმისაწვდომობის გამო მოხდა, თუ ეს პროცესი ჩვენთანაც დაჩქარებულია? მაგალითად, მარიხუანა ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს?

- უცხოეთში შესაძლოა უფრო მეტი ხელმისაწვდომობაა, ამდენად დოზის გადაჭარბებაც და ეს სიტუაციას ართულებს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც იგივე პროცესებია. მარიხუანას ჩვენთან სიგარეტის მოწევასთან აიგივებენ, არადა, მასში ათი ფსიქოტროპული ნივთიერება შედის. ყველა ბოლთან ერთად ფილტვებში გადადის, იქიდან სისხლში, მერე კი ტვინში. მარიხუანას ქრონიკული მოხმარებით ტვინის უჯრედები იმდენად ზიანდება, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი ხდება. ის სხვა ნარკოტიკებივით მოქმედებს მეხსიერებაზე. ადამიანი კარგავს განსჯის უნარს, ეწყება ჰალუცინაციები, უფრო მოზრდილობის ასაკში, როდესაც ტვინი ჯერ კარგად არ არის ჩამოყალიბებული.

- მაგალითად?

- მაგალითად, ხშირად ვლინდება ფერთა მძაფრი, გამღიზიანებელი აღქმით. მყოლია პაციენტი, რომელმაც წითელი ქურთუკის გახდა მთხოვა. მითხრა, თქვენი ქურთუკის ფერი ცუდად მხდის, ათჯერ მძაფრად ანათებს, ამიტომ თქვენი შეხედვა არ შემიძლია, გთხოვთ გაიხადეთო. იგივე გამოვლინება აქვს სხვა ნარკოტიკებსაც. უმეტესობა ტვინის უჯრედებს აზიანებს, ზოგიერთი კი ჰალუცინაციებსა და პარანოიას იწვევს, მით უფრო ზედოზირებისას. ერთი პაციენტი ქმარმა მოიყვანა, მეუბნება, ფეხმძიმედ სხვა კაცისაგან ვარო. არადა, ასე არ იყო. მყოლია პაციენტი, რომელიც დედის გაკეთებულ კერძს არ ჭამდა, საწამლავს მიყრის, ჩემი მოკვლა უნდაო.ბევრს სიცოცხლის ბოლომდე მკურნალობა სჭირდება. თუმცა მქონია შემთხვევა, როდესაც ერთი კურსის გავლის შემდეგ მედიკამენტები მომიხსნია.

- როდესაც პაციენტი ფსიქოტროპულ წამლებს არ იღებს, ამის გამო ოჯახის წევრებს აზიანებს, გამოსავალი რა არის?

- კლინიკაში მკურნალობა, რის შემდეგაც პაციენტი შინ დამშვიდებული ბრუნდება და მედიკამენტის მიღებასაც თავისით იწყებს.