რატომ რჩება მთავარ ეროვნულ პრობლემებად ისევ უმუშევრობა და სიღარიბე - კვირის პალიტრა

რატომ რჩება მთავარ ეროვნულ პრობლემებად ისევ უმუშევრობა და სიღარიბე

ბოლო წლებში მოსახლეობა მთავარ ეროვნულ პრობლემებად ისეთ ეკონომიკურ საკითხებს ასახელებს, როგორიც არის სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე, თანაც ეს ჩამონათვალი ყოველთვის პრობლემათა სათავეშია. რამდენად მწვავეა ეს პრობლემები, რატომ ვერ ხერხდება ამ საკითხების მოგვარება თუ არა, შემსუბუქება მაინც და არის თუ არა მოსახლეობის აღქმები რეალობის იდენტური, რა ითვლება დღეს ქართული ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად და უახლოეს პერიოდში ამ პრობლემების დაძლევის რა პერსპექტივა გვაქვს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომისტ სოსო არჩვაძეს ესაუბრა:

- უმუშევრობა, რომ იტყვიან, საბაზრო ეკონომიკის თანმდევი პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა სიმწვავით ახასიათებს როგორც განვითარებულ, ასევე შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს. საქართველოსთვის ამან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეგზისტენციალური დატვირთვა შეიძინა, რადგან მოხდა ეროვნული ეკონომიკის დარგობრივი გადაწყობა და ამას, ფაქტობრივად, დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა. პროფილი, რაც საბჭოთა სისტემაში ჰქონდა საქართველოს ეკონომიკას, საერთოდ არამოთხოვნადი გახდა. მაგალითად, ავიღოთ მანქანათმშენებლობა, საჭირო ნაწილების 90% სხვა რესპუბლიკებიდან შემოდიოდა და აქ რაც იწარმოებოდა, გადიოდა - ანუ ქვეყანაში ერთიანი შეკრული სისტემა არ არსებობდა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში საერთოდ უსუსური აღმოჩნდა. ამის გამო მხოლოდ მრეწველობაში 350-380 ათასი სამუშაო ადგილი დაგვეკარგა. ეს იყო ყველაზე მაღალკვალიფიციური, მაღალი დამატებითი ღირებულების შემქმნელი კონტინგენტი. საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემები რომ შევადაროთ იმ პერიოდს, ყოველ ათას კაცზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 1,8-ჯერ ნაკლებია - ანუ ეს პრობლემა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მუდმივად არსებობს, მწვავეა და ეგზისტენციალური დატვირთვაც კი შეიძინა. რომ არა ქვეყნიდან გასული მოსახლეობის დიდი წილი, ჩვენთან უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.

რაც შეეხება ფასებს, ვითარება არც ისე საგანგაშოა. ჩვენ გამოვიარეთ ჰიპერინფლაციის პერიოდი, იყო თვეები, საშუალო ინფლაციის ტემპი 60-70%-ს შორის რომ მერყეობდა. ბოლო მონაცემები რომ ავიღოთ, წინა თვესთან 0,7%-იანი და წლიური 0,9%-იანი ინფლაცია გვაქვს. 2017 წლის სექტემბრის შემდეგ წლიური და ყოველთვიური ინფლაცია ასე ახლოს ერთმანეთთან არ ყოფილა - ანუ ზუსტად 6 წლის განმავლობაში, ეს კი ნიშნავს, რომ ფასები სტაბილურია. თუ სამომხმარებლო კალათას დავაკვირდებით (იქ 305 დასახელების მიხედვით ხდება დაკვირვება და მერე ამის საფუძველზე ინფლაციის გაანგარიშება), ახლა დაახლოებით 3-ჯერ მეტი დასახელების საქონელი გვაქვს, რომლებზეც ფასები წინა წლის აგვისტოსთან უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე შარშან შარშანწინდელთან შედარებით. ასევე, ახლახან გამოქვეყნდა ბიზნესსექტორის მაჩვენებლები, სადაც გაზრდილია საშუალო ანაზღაურება - წინა წლის შესაბამის პერიოდთან 17,8%-იანი ზრდა გვაქვს. გაგვეზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ბიზნესსექტორში და ამ სექტორის წილად მოდის დაქირავებით დასაქმებულთა მატების 90% - ანუ აქაც გვაქვს ხარისხობრივი გაუმჯობესება. მართალია, სახელმწიფო სექტორშიც იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, მაგრამ ეს არ ხდება საჯარო სექტორის ხარჯზე და დიდი წილი სწორედ ბიზნესსექტორზეა. რომ შევაჯამოთ, იზრდება იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ხელფასის მიმღებია და ამავე დროს ხელფასის ფონდის მსყიდველობითუნარიანობაც იმატებს.

- მაშინ საზოგადოება ამ საკითხებს რატომ მიიჩნევს მთავარ პრობლემად.

- იმიტომ, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღწევია ისეთი გაჯერებული მდგომარეობისთვის, რომ პრობლემა საზოგადო არ იყოს - ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით, ოჯახების რაოდენობა აღემატება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას. მართალია, ასეთი ოჯახების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ისეთი ოჯახია, სადაც არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის. ეს კი ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს, მეორე მხრივ კი, ამწვავებს ამ პრობლემების აღქმას. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და პირველ რიგში სწორედ ბიზნესსექტორის ხარჯზე.

- გასაგებია, რომ ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც არც ერთი არ არის დასაქმებული და ეს პრობლემაა, მაგრამ გაიზარდა ისეთი ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთ წევრზე მეტია დასაქმებული და მაშინ რატომ არის აღქმა, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემაა?

- აქ სუბიექტური აღქმაც არის, რადგან ყოველ 100 ოჯახზე 85 დაქირავებით დასაქმებული მოდის, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ოჯახში ორი და მეტი დაქირავებით დასაქმებულია, საკმაოდ გვეზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის. ეს ფონი ქმნის ასეთ განწყობებსა და აღქმებს. მეორე - ხშირად ადამიანი დასაქმებულია, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ სამსახური და ანაზღაურება არ არის მისთვის საკმარისი, არ შეეფერება მის კვალიფიკაციას, უნარს და, ფაქტობრივად, თვლის, რომ უმუშევარია. თუმცა ეს ადამიანი ეკონომიკური შინაარსით, რა თქმა უნდა, დასაქმებულია. კიდევ სხვანაირად შევხედოთ მოვლენებსა და პროცესებს - მართალია, საქართველოდან გავიდა რამდენიმე ათეული ათასი კაცი, მაგრამ შემოვიდნენ სხვები, რომელთაგან დიდი რაოდენობა ეკონომიკურად დაინტერესებულია. საქართველო ეკონომიკურად საინტერესო და სამოტივაციოა ბევრი უცხოელისთვის, რომლებიც თავიანთ ეკონომიკური საქმიანობის გეგმებს საქართველოს უკავშირებენ - ანუ არც ისე ცუდად არის საქმე და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რატომ ჩამოდიან აქ უცხოელები, რატომ არის მათი ბიზნესი საქართველოში წარმატებული და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი სამუშაო ძალა უცხოეთში კი არ გადიოდეს, არამედ იყოს კონკურენტუნარიანი და უფრო ეფექტიანი შიდა შრომის ბაზრის კონკურენციის პირობებში. აქ ბიზნესმაც უნდა ითამაშოს თავისი როლი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც ხელი უნდა შეუწყოს თავისი პოლიტიკით.

- კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს?

- ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს - პროგრამა "აწარმოე საქართველოში", "აწარმოე მომავალი" და სხვა, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის ხაზით სხვადასხვა შეღავათიანი კრედიტი, ბიზნესში მხარდაჭერა და ა.შ. სწორედ ამას ემსახურება ანუ ფაქტობრივად, სახელმწიფო სიგნალებს იძლევა, რა არის ქვეყანაში პერსპექტიული და რა მიმართულებით უნდა მოხდეს ბიზნესისა და შესაბამისად, ამ ბიზნესში დასაქმებული სამუშაო ძალის ორიენტაცია. ამით კი გარკვეულ ფორას უქმნის ადგილობრივ სამუშაო ძალას. ასევე გვაქვს უცხოეთთან ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კავშირები. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მეორე კვარტალის უცხოური ინვესტიციების მონაცემები და მოკლევადიანი პერიოდი რომ ავიღოთ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მეორე კვარტალში გაგვეზარდა 3-ჯერ უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა - ანუ უცხოელი ინვესტორები იჩენდნენ საქართველოში ფულის დაბანდების ინტერესს. დასაქმების აბსოლუტური უპირატესობა აქ ადგილობრივ სამუშაო ძალას აქვს. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. საქართველო არ უნდა იყოს უცხოური ინვესტიციისა და უცხოური სამუშაო ძალის დაკავშირების ადგილი. უპირატესად ეს უნდა იყოს უცხოური კაპიტალისა და ადგილობრივი სამუშაო ძალის კოოპერაციისა და თანამშრომლობის პოლიგონი და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ ერმაც და ბერმაც.

- შეგვიძლია უცხოელ მუშახელს კონკურენცია გავუწიოთ? ხშირად საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას იმ მიზეზით ტოვებენ, რომ აქ სამუშაოს ვერ პოულობენ. მეორე მხრივ, გვესმის, რომ უცხოელები იკავებენ ამ სამუშაო ადგილებს. თუ სამუშაო არ არის, როგორ საქმდებიან უცხოელები და თუ არის, საქართველოს მოქალაქეები რატომ გარბიან?

- აქ მეტი მუშაობა და ახსნა-განმარტებაა საჭირო, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობა დავაჯეროთ, რომ აქაც სათანადოდ დასაქმდებიან და მეორე, უნდა ვიმუშაოთ, რომ მათი კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს დროისა და ბაზრის პერსპექტიულ მოთხოვნებს. ამისთვის საჭიროა მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ამაში სახელმწიფომ თავისი აქტიური როლი უნდა შეასრულოს - როგორც სწავლების, ასევე ხარჯების გაღების თვალსაზრისით. ეს სოციალური პოლიტიკა უნდა გამოიხატებოდეს არა მარტო შრომის უუნარო ადამიანების, მოხუცებისა და ბავშვების დაცვითა და მხარდაჭერით, არამედ შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის უკეთესი სასტარტო პირობების შექმნით, მათი კვალიფიკაციის ამაღლებით, გადამზადებითა და საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებით.

- ანუ გამოდის, მოსახლეობის მიერ პრობლემების აღქმა განსხვავდება რეალობისგან? დასაქმებაზე გასაგებია, მაგრამ სხვა საკითხებზე მოსახლეობის განსხვავებულ აღქმებს რა განაპირობებს და რაც მთავარია, რეალურად რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ ეკონომიკას?

- აღქმაზე სერიოზულ გავლენას ახდენს ის მედიასაშუალებები და სოციალური ქსელები, სადაც გამძაფრებული ნეგატიური პროპაგანდა მიდის. ამიტომ გვჭირდება მეტი პოზიტიური პროპაგანდა, მეტი სურათი პატრიოტიზმზე, სამშობლოს სიყვარულზე, რათა ადამიანებს მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა შეექმნათ რეალობაზე და ეს პათეტიკური ნათქვამი არ არის.

- მაშინ რა არის დღეს ქართული ეკონომიკის მთავარი პრობლემები და რას უნდა ველოდოთ?

- პრობლემების მეტი რა არის, მაგრამ ჩვენ, ფაქტობრივად, ჯერ ამ პრობლემების გაცნობიერებას ვახდენთ, მერე შეჭიდებას და თანდათანობით დაძლევას. ამ პროცესში ვართ ახლა, შესწავლილი გვაქვს და მიდის მუშაობა დასაძლევად. ცუდი ის არის, რომ ყოველი ეპოქა, განვითარების ყოველი ეტაპი ახალ პრობლემებსა და გამოწვევებს იძლევა და მთავარია, დრო ამ პრობლემის წარმოშობასა და მის დაძლევას შორის კი არ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს და ამაში ხელისუფლების, საზოგადოებისა და მედიის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. რაც შეეხება იმას, თუ დღეს რა არის მთავარი პრობლემები, მე ვიტყოდი, რომ უმუშევრობის პრობლემა ძალაში რჩება, აგრეთვე სამუშაო ძალისა და ბიზნესის ასიმეტრიული განფენილობა და ისიც, რომ მთიან ადგილებზე, რასაც ქვეყნის 4/5 უკავია, მოსახლეობის მხოლოდ 7-8% მოდის. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მექანიზმი, რომლითაც მოსახლეობისთვის პრესტიჟულს გავხდიდით დედაქალაქიდან მოშორებით ბიზნესსაქმიანობას.

- დღევანდელი მოცემულობით, რა გველოდება უახლოეს პერიოდში?

- იმდენად პატარა ეკონომიკა გვაქვს, რომ ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ ვართ დაახლოებით იმ სერფინგისტის მდგომარეობაში, რომელმაც ოკეანის ტალღებზე წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს - სწორედ ეს არის გლობალური ეკონომიკა. ჩვენ უნდა შევძლოთ შედარებითი უპირატესობის გამოყენება, საქართველოს რესურსების ათვისება როგორც ტრადიციული, ასევე ახალი ტექნოლოგიებით; საჭიროა მეტი კოორდინირება საერთაშორისო ბიზნესწრეებთან, რათა შევძლოთ ერთეულ დროში ერთეულ დასაქმებულზე მეტი დამატებული ღირებულების წარმოება. ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია არსებითი შედეგის მისაღწევად როგორც ცალკეული დასაქმებულისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩვენც გვჭირდება ნოვატორული და კრეატიული მიდგომა, რაც ახლა მსოფლიო ეკონომიკაში ვითარდება. ამის შესაძლებლობა გვაქვს და ახლა მთავარია ხელების დაკაპიწება და ამ რესურსების დროული გამოყენება.

რუსა მაჩაიძე