სომხეთი დიდი დილემის წინაშე - ან „ივიწყებს“ ყარაბაღს, ან აზერბაიჯანი ახალ ომს იწყებს ყარაბაღის დასაბრუნებლად... - კვირის პალიტრა

სომხეთი დიდი დილემის წინაშე - ან „ივიწყებს“ ყარაბაღს, ან აზერბაიჯანი ახალ ომს იწყებს ყარაბაღის დასაბრუნებლად...

სამი წლის წინ, 2020 წლის 27 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ბრძოლა 44 დღე-ღამეს გაგრძელდა და აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებით დამთავრდა, რადგან ბაქომ შეძლო აზერბაიჯანის იმ ხუთი რაიონის დაბრუნება, რომლებსაც 1994 წლიდან სომხეთი აკონტროლებდა. ასევე გათავისუფლდა ყარაბაღის ნაწილი, ძალზე მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა, თუმცა სომხები კვლავ აკონტროლებენ ყარაბაღის მეორე ნაწილს სტეფანაკერტის (ჰანკენდის) ჩათვლით... და ახლა, ყარაბაღის ბოლო ომიდან მესამე წლისთავზე, აზერბაიჯანი ეცდება სრულად აღადგინოს თავისი დე ფაქტო გავლენა მთელ ყარაბაღზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოხსნას ეს პრობლემა, რისთვისაც პრეზიდენტი ალიევი უცილობლად გაიმეორებს სამი წლის წინანდელ წარმატებულ ძალისმიერ ქმედებებს.

ყარაბაღის სიახლოვეს ბოლო დღეებში თავს იყრის აზერბაიჯანის არტილერია და ჯავშანტექნიკა, მაგრამ 2020 წლის ომისგან განსხვავებით, ამჯერად საბრძოლო მოქმედებების დაწყება გარდაუვალი გახდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ პერიმეტრზეც, რადგან ეს უკვე ამ ორი მეზობელი ქვეყნის დიდი ომი იქნება.

თუკი მოვლენები ასეთი სცენარით წარიმართა, მაშინ საბრძოლო შეტაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის მოსალოდნელია საქართველოს საზღვართანაც, ისევე როგორც შეცდომით საჰაერო დარტყმები ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც სამი წლის წინ მოხდა.

რა გზები არსებობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი დიდი ომი არ დაიწყოს? სომხეთმა შეასრულოს აზერბაიჯანის მოთხოვნა, ყარაბაღელი სომხები განაიარაღოს და ყარაბაღში აზერბაიჯანის კონსტიტუცია ამოქმედდეს, რის შემდეგაც ბაქო ცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას არსებულ საზღვრებში და დადებს სამშვიდობო ხელშეკრულებას - ასეთია პრეზიდენტ ალიევის პოზიცია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი საღად აფასებს მისი ქვეყნისთვის შექმნილ პატურ სიტუაციას - სომხეთს არავითარი შანსი არა აქვს მოსალოდნელ დიდ ომში თანასწორი წინააღმდეგობა გაუწიოს აზერბაიჯანის არმიას, რომელსაც უდიდეს მატერიალურ და შეიძლება სამხედრო დახმარებასაც აღმოუჩენს თურქეთი, ხოლო ერევანი არა მარტო ყარაბაღზე დაკარგავს კონტროლს, არამედ აზერბაიჯანელები ზანგეზურის დერეფნის გაჭრასაც კი შეეცდებიან ნახიჩევანისკენ, უშუალოდ სომხური ტერიტორიის გავლით.

ფაშინიანი ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს სომხეთის მომავლისთვის დამღუპველი ახალი ომი, ის ხავსს ეჭიდება და იძულებულია აღიაროს, რომ მისმა ქვეყანამ უდიდესი ისტორიული შეცდომა დაუშვა, როდესაც სტრატეგიული უსაფრთხოების მექანიზმი მხოლოდ რუსეთის დახმარების იმედზე ააგო, იმ რუსეთის, რომელმაც სამი წლის წინ, ფაქტობრივად, მიატოვა მისი მთავარი სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯან-თურქეთის წინაშე. სომხებისთვის ძნელი შეიძლება იყოს იმის აღიარებაც, რომ ეს პირველად არ მომხდარა - საუკუნით ადრე, პირველი მსოფლიო ომის დროსაც რუსეთის არმიამ, რომელმაც თურქეთის ფრონტიდან უკან დაიხია, მიატოვა სომხები, რომლებიც მანამდე მეფის რუსეთის მხარდამხარ ებრძოდნენ ოსმალეთის იმპერიას და არ ინდობდნენ იქაურებს. ამიტომაც არ იყო მოულოდნელი და გასაკვირი, რომ მაშინ მარტოდ დარჩენილ სომხებზე ოსმალებმა სასტიკად იყარეს ჯავრი, რასაც სომხები მათი ერის გენოციდად აფასებენ.

დღეს კი არის XXI საუკუნე, მაგრამ იმის შემყურე, რა სისასტიკეც სდევს თან რუსეთ-უკრაინის ომს, ან თუნდაც რა გაუკეთეს ქართველ მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გამორიცხული არაფერია - თუკი სომხეთ-აზერბაიჯანის მოსალოდნელი დიდი ომი უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გადავიდა, აზერბაიჯანელები, რომლებსაც კარგად ახსოვთ ხოჯალისა და სხვა ტრაგედიები, რაც მათ ახლობლებს ოცდაათი წლის წინ მოუწყვეს, არავის დაინდობენ.

ეს საფრთხეები ცნობილია ფაშინიანისთვის, რომელიც აშკარად ვა-ბანკზე მიდის და თვით პუტინსაც კი დემარშს უცხადებს. გამძვინვარებული მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს დგამს - სომხეთის ელჩს ვაღარშაკ ჰარუთუნიანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს, რაც ერევნის "არამეგობრულ ნაბიჯებს" უკავშირდება. სამინისტროში აღნიშნეს, რომ "საუბარია სომხეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების დაწყებაზე, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტსა და კიევში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანაზე, ასევე ქვეყანაში სამხედრო წვრთნებზე შეერთებული შტატების მონაწილეობით. ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას და მთლიანად, სამინისტროს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო", - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

კრემლმა ფაშინიანის ხელისუფლებას ყველაფერი ის წამოაძახა, რამაც ძალზე გააბრაზა, მაგრამ ფაშინიანის ცოლის ჰუმანიტარული ტვირთით კიევში სტუმრობამ და ამერიკელი სამხედროების ერთობლივ წვრთნებზე მიწვევამ სომხეთის პოლიგონზე აავსო პუტინის რეჟიმის მოთმინების ფიალა, მაგრამ რა საპასუხო სვლა ექნება მოსკოვს? ნუთუ როგორც სამი წლის წინ პუტინი ალიევს კვლავ "მწვანეს" აუნთებს საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად ან რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ერდოღანი რამდენიმე დღის წინ სოჭში შეხვედრისას?

ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა, მაგრამ თუკი საქმე მაინც ომის დაწყებამდე მივიდა და აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ყარაბაღი, რა მოგებაში დარჩება კრემლი, მაშინ ხომ მას მოუწევს იქიდან რუსი ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის გამოყვანა. 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად კონფლიქტის ზონაში რუსი "სამშვიდობოების" ჩაყენებას რუსი გენერლები და დიპლომატები დიდ გამარჯვებად მიიჩნევდნენ, რუსული ჩექმა ოცდაათი წლის შემდეგ ისევ დავაბრუნეთ ყარაბაღშიო.

ყარაბაღის პრობლების ძალისმიერად გადაჭრის სრულიად "გაქრობის" შემდეგ რუსეთი დაკარგავს ფიქციური მომრიგებლის მანტიასაც. თუმცა შეიძლება ახალ, უფრო ფართომასშტაბიან "მომრიგებლად" გადაიქცეს უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის შესაძლო ახალი ომის ზონაში, რომელიც, დიდი ალბათობით, ახლა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გაჩნდება - ანუ სომხეთი და აზერბაიჯანი როლებს შეცვლიან - თუკი სომხეთი სამი ათეული წელი სამხედრო ძალით აკონტროლებდა აზერბაიჯანის ხუთ რაიონსა და ყარაბაღს, ახლა შეიძლება აზერბაიჯანის არმია ჩადგეს ზანგეზურისკენ გაჭრილი სატრანსპორტო დერეფნის დაცვაში უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე.

რა რეაქცია ექნება დასავლეთს სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში? სომხური ლობი ისტორიულად ძლიერია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და საფრანგეთში, მაგრამ ნიშნავს კი ეს, რომ საფრანგეთი სომხეთის არმიას საარტილერიო "ცეზარებს" გაუგზავნის სომხეთის არმიას აზერბაიჯანელების წინააღმდეგ საბრძოლველად ან რა გზით ჩაუტანენ სამხედრო დახმარებას სომხეთს ირანიდან თუ საქართველოს სახმელეთო და საჰაერო გზის გავლით? ეს და სხვა ბევრი კითხვა იბადება, მაგრამ თუკი ომი მაინც დაიწყო, სომხეთს, დიდი ალბათობით, არ ეყოფა საიმისო სამხედრო და ეკონომიკური რესურსი, რომ უკრაინასავით საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს.

ოღონდ არის ერთი საინტერესო ნიუანსიც - ირანმა შეიძლება თავისი საბრძოლო შენაერთები და სამხედრო ტექნიკა დაახმაროს სომხეთის არმიას, რადგან თეირანში წინააღმდეგი არიან ზანგეზურის დერეფნის გაჭრის, რომელიც, ერთი მხრივ, ირანს სახმელეთო გზას გადაუჭრის ერევნისა და თბილისისკენ, მეორე მხრივ კი უკიდურესად გააძლიერებს ერდოღანს, რომელსაც თურქეთიდან ნახიჩევანისა და აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვისა და შუა აზიის თურქულეროვანი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისკენ უფრო მოკლე გზა გაეხსნება. ეს ოფიციალური ანკარის ახალი "ოსმალეთის იმპერიის" აღდგენის გეგმაშია, მაგრამ სრულიად მიუღებელია სპარსეთის იმპერიის შთამომავლებისთვის.

სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულ გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაში 3 500-მდე რუსეთის მოქალაქე სამხედრო მსახურობს (მათი ნაწილი სომეხია) და ამ ბაზის შეიარაღებაშია 74 ტანკი, 160 ჯავშანმანქანა, 24 საარტილერიო დანადგარი. ბაზის ერევნის საჰაერო ჯგუფში ირიცხება 18 МиГ-29 გამანადგურებელი თვითმფრინავი, დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენები, ასევე С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

რუსეთს სომხეთთან დადებული აქვს კოლექტიური თავდაცვის ჩარჩო-ხელშეკრულება, რომლითაც აღებული აქვს ვალდებულება, რომ სომხეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემთხვევაში ერევანს სამხედრო ძალით უნდა დაეხმაროს. მაგრამ როგორ უნდა ჰქონდეს ფაშინიანს პუტინის იმედი, როდესაც კრემლმა სამი წლის წინ სომხეთი "გადააგდო". უფრო მეტიც, ის 44-დღიანი ომი აზერბაიჯანის არმიამ სწორედ რუსეთში ნაყიდი ახალი შეიარაღების გამოყენებითაც მოიგო.

ან მთელი მსოფლიოს დასანახავად ფაშინიანის დემარშის შემდეგ კრემლი სომხეთის დასაცავად გაანძრევს ხელს თუ პირიქით, აზერბაიჯანს "უბიძგებს" ფაშინიანის ხელისუფლება სამაგალითოდ "დასაჯე", რომ ახალ ომში წაგების გამო თავად სომეხმა მოსახლეობამ დაამხოსო. ამით კრემლი გაანეიტრალებს ფაშინიანის დასავლეთთან დიპლომატიური და მით უმეტეს, ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობისკენ სწრაფვას. ასეა თუ ისე, პრეზიდენტი ალიევი ეცდება ხელიდან არ გაუშვას შექმნილი სიტუაცია, სადაც სრულ ინიციტივას ფლობს და ერთხელ და სამუდამოდ აღადგინოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღის პრობლემის სრულიად "გაქრობით", რისთვისაც ის ახალ ომზეც წარბშეუხრელად წავა.

ჩვენი დოსიე: სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიების ძალთა თანაფარდობა

სომხეთი

სომხეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 42 900 კაცს შეადგენს, რომელთაგან 40 ათასი სახმელეთო ძალებში, 1 100 საჰაერო ძალებში, ხოლო 1 800 კი საჰაერო თავდაცვის ძალებში მსახურობს. გარდა ამისა, 4 300 კაცი პარამილიტარულ სტრუქტურებშია (შინაგანი და სასაზღვრო ჯარები) გაერთიანებული. სომხეთის სამობილიზაციო რეზერვი 210 ათასი კაცითაა განსაზღვრული. სომხეთის სახმელეთო ჯარების სტრუქტურაში შედის ოთხი საარმიო კორპუსი და ცალკეული ბრიგადები და ბატალიონები, რომელთა შეიარაღებაშია 109 ტანკი, 262 ჯავშანმანქანა, 225 საარტილერიო სისტემა და რაც მთავარია, 14 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო დანადგარი, მათ შორის 7 "სკადი", 3 "ტოჩკა-უ" და ოთხი თვით "ისკანდერ-მ"-იც... სახმელეთო ჯარების საჯარისო საჰაერო თავდაცვის არსენალშია "კრუგის", "კუბის", "ბუკის", "ოსასა" და "ტორის" მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. სომხეთის საჰაერო ძალების განკარგულებაშია 13 Су-25 მოიერიშე, 4 მრავალფუნქციური Су-30 СМ, 3 სატრანსპორტო Ил-76, 4 სასწავლო-საბრძოლო Л-39, 11 დამრტყმელი Ми- 24, 16 სატრანსპორტო Ми-8”, ასევე С-300 ტიპის შორსმოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემები. ამ მონაცემების, განსაკუთრებით კი ტანკებისა და ჯავშანმანქანების შესახებ, სანდოობა დიდ ეჭვს ბადებს, რადგან სომხეთს ბევრად მეტი მძიმე შეიარაღება აქვს (2020 წლის ყარაბაღის ომამდე კიდევ მეტი ჰქონდა), ოღონდ ნაწილი ყარაბაღშია განთავსებული, რომელთა აღრიცხვა ღია წყაროებით ურთულესია.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობას ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსები 64 500 კაცით განსაზღვრავენ, საიდანაც 44 500 სახმელეთო ჯარებში მსახურობს, 8 650 - საჰაერო ძალებში, 1 750 - საზღვაო ძალებში, პარამილიტარულ სტრუქტურებში კი 15 ათასამდე კაცია გაერთიანებული. აზერბაიჯანის სამობილიზაციო რეზერვი 300 ათასი კაცითაა შეფასებული. სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ხუთი საარმიო კორპუსი და სპეციალური ძალების ხუთი ცალკეული ბრიგადა შედის, რომელთა შეიარაღებაშია 497 ტანკი, 900-მდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 1 251 ერთეული 100 მმ-ზე მსხვილი კალიბრის ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო სისტემა, ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები-3 "ტოჩკა-უ" და ისრაელის წარმოების "ლორას" ოთხი სარაკეტო დანადგარი. აზერბაიჯანის საზღვაო ძალების განკარგულებაშია 11 ერთეული სხვადასხვა კლასისა და ტიპის მცურავი საშუალება, მათ შორის საპატრულო ხომალდები, რომლებიც ისრაელიდან კასპიის ზღვაში საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩაიტანეს. აზერბაიჯანის საჰაერო ძალების არსენალშია 52 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 14 გამანადგურებელი Миг-29 და 38 მოიერიშე Су-25, 44 დამრტმელი Ми-24 და 33 სატრანსპორტო შვეულმფრენი. საჰაერო თავდაცვა აღჭურვილია როგორც საბჭოთა/რუსული წარმოების С-300-ებით, ისე ისრაელის საზენიტო-სარაკეტო "ბარაკებით".