ქრისტე იშვა ბეთლემსაო... - კვირის პალიტრა

ქრისტე იშვა ბეთლემსაო...

მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ იგი მესიის დედა გახდებოდა, ცხრა თვე გასულიყო. სწორედ ამ დროს, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს ბრძანებით, რომის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო, პალესტინა კი რომის იმპერიის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა. ებრაელების თითოეულ ტომსა და გვარს საკუთარი ქალაქი და მამამთავრებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდათ. მარიამი და იოსები დავითის შთამომავლები იყვნენ, ამიტომაც ბეთლემში გაემგზავრნენ აღწერისათვის (ბეთლემი ქართულად გამოითარგმანება, როგორც "პურის სახლი" - აკი სწორედ აქ იშვა პური ჩვენი არსობისა, ქრისტე). ბეთლემის ყველა სასტუმრო გადავსებული იყო და წმინდა ოჯახს კარი არავინ გაუღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგად ხედავდა - იოსებს თან თვეში მდგარი ქალი ახლდა. იმდროინდელი ადამიანები ისე იყვნენ ამაობაში ჩაფლულები, რომ, მათი გულების მსგავსად, არც მათ სახლებში მოინახა ადგილი უფლისათვის.

იოსებმა, ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, გამოქვაბულს შეაფარა თავი - ამ ადგილს ბეთლემელი მწყემსები უამინდობის ჟამს საქონლის სადგომად იყენებდნენ.

გამოქვაბულის კედლები ისეთივე ცივი იყო, როგორც სიყვარულისა და მოწყალებისაგან დაცლილი ადამიანების გულები, კარი რომ მშვიდად მოუხურეს გაჭირვებულ მგზავრებს...  სწორედ აქ, ამ გამოქვაბულში, შვა უმტკივნეულოდ ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა მხსნელი და მეუფე ყოველივე ქმნილისა.

დედამ ახალშობილი ყრმა სახვევებში შეახვია და ბაგაში ჩაფენილ თივაზე მიაწვინა, რომ გაეთბო. ზეიმობდა მთელი სამყარო - ანგელოზები დასტრიალებდნენ თავს ყრმას და გალობდნენ: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!.." ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც აღუსრულა დანაპირები ადამის შვილთ და მოუვლინა მხსნელი, სიკვდილით რომ დათრგუნავდა სიკვდილსა და ცოდვას; რომელიც განაღმრთობდა უფლის ხატად და მსგავსად შექმნილი არსების ბუნებას და ცოდვისაგან დაცემულს კვლავ ზეცად აღიყვანდა...  გამოქვაბულში ხომ ის იწვა, ვისაც ჭეშმარიტი მშვიდობა უნდა მოეტანა, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული უნდა ესწავლებინა ხალხისათვის.

ამ უდიდესი სასწაულის გამო ზეიმობდა მთელი სამყარო, მაგრამ ცოდვით დაბრმავებულ და ცოდვებსა და ამაო საზრუნავში ჩაფლულ ადამიანებს არაფერი გაუგიათ... ანგელოზების გალობა მხოლოდ მწყემსებმა გაიგეს, მივიდნენ და თაყვანი სცეს ყრმას... ამობრწყინდა კაშკაშა ვარსკვლავი, მაგრამ ვერც ის დაინახა ვერავინ, აღმოსავლელი მოგვების გარდა - ისინიც გამოჰყვნენ ზეციურ მაცნეს, მიეახლნენ ახალშობილს და მიართვეს მას ოქრო, გუნდრუკი და მური: ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც ადამიანს.

წმინდა მამათა განმარტებით, ეს კაშკაშა ვარსკვლავი  მიქაელ მთავარანგელოზი იყო, რომელიც საუკუნეებით ადრე უდაბნოში ნათლის სვეტად მიუძღოდა  ეგვიპტის მონებიდან გამოსულ ებრაელებს აღთქმული ქვეყნისაკენ. ახლაც მან გაუნათა აღთქმული მხსნელისაკენ მიმავალი გზა მოგვებს და თავს დაადგა გამოქვაბულს. და იხილეს მოგვებმა უბრალო სახვევებში გახვეული ყრმა, რომელიც ბაგაში მიეწვინა დედას მისას. იცოდნენ, რომ სამყაროს მეუფეს სცემდნენ თაყვანს - მეუფეს, რომელიც სრა-სასახლეში კი არ იშვა, ოქროთი მოვარაყებულ კედლებში, დიდებითა და პატივით გარშემორტყმული, არამედ საქონლის უწმინდურებით დასვრილ გამოქვაბულში, რადგან სწორედ ასეთ, პირუტყვული ვნებებისა და ცოდვებისაგან შებილწულ სადგომად ქცეულიყო ადამიანთა გულები...

და რადგან თავისი მიწიერი ცხოვრების პირველივე წუთებიდანვე მოგვცა მაგალითი თავმდაბლობისა და იმედი ხსნისა - თუკი იმ სადგომში არ იუკადრისა შობა, მაშ, არც ჩვენს გულებში იუკადრისებს შემოსვლას და დავანებას - მთავარია, კარი არ მივუხუროთ სამყაროს შემოქმედს, რომელიც ჩვენი გულის კართან დგას და აკაკუნებს...

ახალშობილ ყრმას პირველებმა მწყემსებმა სცეს თაყვანი, ხოლო შემდეგ - მოგვებმა. გულის უბრალოებას და შეჭმარიტ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ღმერთამდე, მაგრამ პირველი გზა უფრო მოკლეა და პირდაპირი, რადგანაც უფალი გულს ხედავს და გულში ივანებს.

დაე, ჩვენს გულებშიც იშვას ქრისტე...

 

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)

იხილეთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სრული ვიდეოჩანაწერი