არის თუ არა კავკასიის რეგიონში ახალი ომის საფრთხე?! - კვირის პალიტრა

არის თუ არა კავკასიის რეგიონში ახალი ომის საფრთხე?!

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 7 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ჯარების განთავსება დაიწყო, რის გამოც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ფაშინიანმა ახსენა 1-ელ სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკება, რა დროსაც სომხეთის სამი სამხედრო დაიღუპა. ასევე გაიხსენა აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის, ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის შემთხვევები, ჰუმანიტარული კრიზისი მთიან ყარაბაღში და განაცხადა, რომ აზერბაიჯანს განზრახული აქვს ახალი სამხედრო პროვოკაციის დაწყება.

აგვისტოს დამდეგიდან სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ვითარება დაძაბულია, იყო შეტაკებები. პარალელურად, კრიზისული სიტუაციაა სეპარატისტულ ყარაბაღში, რომლის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, ლაჩინის დერეფანი, აზერბაიჯანელ სამხედროებს აქვთ გადაკეტილი. რეგიონში საკვები პროდუქტის დეფიციტია, 30 აგვისტოდან კი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ყოველდღე შეტაკებებია.

ამის პარალელურად კი ცნობილი გახდა, რომ დღეს, 11 სექტემბერს, სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები "არწივი პარტნიორი 2023" სომხეთში დაიწყება. ამ ინფორმაციის გავრცელებას მოსკოვის შეშფოთება მოჰყვა. "ეს არის შეშფოთების მიზეზი, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში. ამიტომ ჩვენ ღრმად გავაანალიზებთ ამ სიახლეს და დავაკვირდებით სიტუაციას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

გარდა ამისა, 6 სექტემბერს კიევში ჩავიდა ფაშინიანის მეუღლე, ანა აკობიანი, რომელიც მონაწილეობდა ზელენსკის მეუღლის ორგანიზებულ სამიტში. სამიტის მიზანია გააერთიანოს მსოფლიოს მაღალი რანგის ჩინოვნიკების მეუღლეები გამოცდილების, მოსაზრებების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. სამიტზე ანა აკობიანი იყო ერთ-ერთი მომხსენებელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ავსტრიის პრეზიდენტის მეუღლეებთან, ალბანეთის, კვიპროსისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ლედებთან ერთად. მედიის ყურადღება მიიპყრო იმანაც, რომ ის უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთით ჩავიდა.

სომხეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. რამდენიმე დღის წინ კი ფაშინიანმა "სტრატეგიული შეცდომა" უწოდა რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა წყარომ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "მოსკოვი უკიდურესად უკმაყოფილოა სომხეთის ხელმძღვანელობის განცხადებებით", რადგან ამას დასავლეთის ინტერვენციის მცდელობად განიხილავს. მათი თქმით, "რუსეთის ფედერაცია არ აპირებს რეგიონის დატოვებას".

რამდენად რეალურია რუსეთის ეს შიში და რა შანსია ყარაბაღში ახალი ომის დაწყების და ეს როგორ იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე და მათ შორის, აღმოჩნდება თუ არა საქართველო ორ ცეცხლს შორის, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარ გიორგი ბილანიშვილს ვესაუბრეთ:

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რუსეთისთვის გამაღიზიანებელია, რადგან ერთმანეთს ბევრი ფაქტი დაემთხვა და მხოლოდ ის არა, რომ სომხეთი ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნას ატარებს. როგორც იტალიურ გამოცემა "ლა რეპუბლიკასთან" ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რუსეთზე დაყრდნობა სტრატეგიული შეცდომა იყო სომხეთის უსაფრთხოებისთვის, რომ კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაცია არ არის ეფექტიანი და არ იცავს სომხეთის ინტერესებს. სომხეთის პრემიერმა ისაუბრა ასევე ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაზე, რაც ძალზე სერიოზული პრობლემაა. მთავარი ის არის, რომ რუსეთის შესახებ პრემიერის ბევრი შეფასება კრიტიკული იყო. საერთო ჯამში ეს ყველაფერი და ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადრინდელი კრიტიკული განცხადებები ცხადყოფს, რომ სომხეთი უკმაყოფილოა რუსეთით, რადგან ის სათანადოდ არ დაეხმარა არც ყარაბაღის მეორე ომის დროს და არც შემდგომ პერიოდში. რამდენად არის ეს დასავლეთისკენ ტოტალური შებრუნება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ ფაშინიანი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას ნამდვილად ცდილობს, რათა ქვეყანა აღარ იყოს რუსეთზე დამოკიდებული.

- დასავლეთი იქნება გარანტი, რომ სომხეთი რუსეთის გავლენას ჩამოშორდეს? ამისთვის რა იქნება საჭირო და ეს რეალობას როგორ შეცვლის?

- ალბათ, საჭიროა საბოლოოდ დაიხუროს ყარაბაღის საკითხი და დასრულდეს მტრობა. ამის შემდეგ, ჩემი აზრით, სომხეთს უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა საგარეო პოლიტიკაში. თუ ეს მოგვარდება, ალბათ, სომხეთი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დასავლეთთან ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, როგორ დასრულდება რუსეთის სამხედრო აგრესია. ამ ომის შედეგი ძალიან დრამატულ გავლენას მოახდენს როგორც მთლიანად ჩვენს რეგიონზე, ასევე სომხეთზე და მათ შორის მის საგარეო პოლიტიკურ კურსზე.

- სომხეთისთვის რუსული ბაზის არსებობაც დიდი პრობლემაა.

- რუსული ბაზა, სამშვიდობოების ყოფნა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ მანამდე, სანამ სომხეთს მიაჩნია, რომ რუსეთის დახმარება მისთვის მეტ-ნაკლებად მაინც მნიშვნელოვანია. ეს კი უპირველესად დაკავშირებულია ყარაბაღთან და თუკი ეს საკითხიც მოიხსნება, რუსეთის სამხედრო კომპონენტის ყოფნას სომხეთში აღარ ექნება ისეთი დიდი მნიშვნელობა.

- საზღვართან აზერბაიჯანის სამხედრო კონტინგენტის მობილიზება რას მოასწავებს? შესაძლებელია ალიევს გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს კონფლიქტი საბოლოოდ ძალით მოაგვაროს?

- 2020 წლის მეორე ომის მერე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხშირად გამწვავებულა ვითარება. აზერბაიჯანი ახლა ცდილობს როგორმე გადაწყვიტოს ყარაბაღის საკითხი საკუთარი ინტერესების შესაბამისად. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახალ ომში გადაიზრდება. ეს მაინც ზეწოლის ტაქტიკა მგონია. რაც არ უნდა იყოს, ახლა იქ განლაგებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი და გამოდის, აზერბაიჯანი უნდა წავიდეს არა მარტო სომხეთის და ყარაბაღის ადგილობრივი ფორმირებების წინააღმდეგ, არამედ უნდა დაუპირისპირდეს რუსეთს. ამიტომ არა მგონია, ასეთ რისკზე წასვლა აზერბაიჯანს უღირდეს.

- აზერბაიჯანის უკან დგას თურქეთი და მას შემდეგ, რაც რუსეთმა თუნდაც ხორბლის შეთანხმებიდან გასვლით თურქეთის იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ აზერბაიჯანს თურქეთის უფრო ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდეს და ყარაბაღის პრობლემის აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოგვარებასთან ერთად, მიზანი აქ თურქეთის გავლენის გაძლიერებაც იყოს, რუსეთის სანაცვლოდ?

- შესაძლებელია ამაზე ვიფიქროთ, მაგრამ, ვფიქრობ, ახალი საომარი მოქმედებები მაინც დიდი რისკია მაშინ, როცა იქ რუსეთის სამშვიდობო ძალები არიან. რუსეთი ასეთ შეურაცხყოფას რამდენად შეეგუება, ძნელი სათქმელია. ალბათ, ორივე მხარე აცნობიერებს ამ რისკს და ვითარების გამწვავებას მოერიდება. რას გადაწყვეტენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ნამდვილად ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, აზერბაიჯანი ხშირად აკეთებს მილიტარისტული შინაარსის განცხადებებს და არ არის გამორიცხული, პრობლემა მართლაც სამხედრო ძალით გადაწყვიტოს.

- თუ დავუშვებთ, რომ აზერბაიჯანი ამ სცენარით წავა, მაშინ საქართველო ორმაგ ხაფანგში ექცევა და უსაფრთხოების რისკებს, ცხადია, ძალიან ზრდის. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში საქართველო?

- უკრაინისგან ომისგან განსხვავებით, სადაც, ჩემი აზრით, ნეიტრალური პოზიცია არ უნდა გვქონოდა და უფრო აქტიური მხარდაჭერა გამოგვეხატა, სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ომის შემთხვევაში საქართველომ ნამდვილად ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას. ჩვენ სამივე ამ რეგიონში ვცხოვრობთ და მომავალში სომხეთსა და აზერბაიჯანს რა ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეთ, ჩვენი მეზობლები იქნებიან. როდესაც ერთ ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემა, არ შეიძლება საქართველომ რამე საწინააღმდეგო მოიმოქმედოს.

რუსა მაჩაიძე