რატომ გაჩნდა ხანძარი უახლესი ტექნოლოგიებით დაცულ ეროვნულ არქივში?! - კვირის პალიტრა

რატომ გაჩნდა ხანძარი უახლესი ტექნოლოგიებით დაცულ ეროვნულ არქივში?!

ეროვნულ არქივში გაჩენილმა ხანძარმა საზოგადოება შეაშფოთა, რადგან არქივი არ არის მხოლოდ ძველი დოკუმენტაციის საცავი, ის ეროვნული მეხსიერების საგანძ­ურია. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განცხადება ეროვნული არქივის ხელმძღვანელობას ხანძრის შესახებ არ გაუკეთებია. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით კი "შენობაში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, განთავსებული იყო ყველა საჭირო სისტემა, რომელიც აუცილებელია თვითაალებადი კინოფირების დასაცავად".ვინაიდან ამ თემაზე არქივის გენერალურ დირექტორთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ჩვენ შევეცადეთ არქივის­ თანამშრომლებს დავკავშირებოდით და გაგვეგო ხანძრის შედეგების ამბავი. ჩვენ ქალბატონ ლია სონღულაშვილს ვესაუბრეთ:

- ქალბატონო ლია, ვინაიდან ჯერ არ არის ოფიციალური ინფორმაცია ხანძრის გაჩენისა და შედეგების შესახებ, ვცდილობთ ზოგადი ინფორმაცია მოვიპოვოთ. რას შეეხო ხანძარი, მათ შორის დაიწვა თუ არა "კვირის პალიტრის" პროექტი "წერილი მომავალში", რომელიც ეროვნულ არქივში ინახებოდა.

- არქივის კოლექტივი საკუთარ სიცოცხლესავით ვუვლით ყველა რელიკვიას. ასე რომ, ჩვენთვის ეს ხანძარი პირადი ტრაგედიის ტოლფასია. ბევრი თანამშრომელი ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოვიდა არქივთან, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში არავის უშვებდნენ და ვერც ვერაფერს ვუშველიდით. თუმცა დაბეჯითებით და სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ ხანძარი გაჩნდა მხოლოდ ერთ ერთსართულიან შენობაში, ძველი კინოფირების საცავში, ცეცხლი სხვას არაფერს შეხებია, მათ შორის არც საისტორიო არქივის საცავს,­ არც კოშკს, სადაც დოკუმენტაციაა და არც "კვირის პალიტრის" პროექტის საცავს, წერილების დალუქულ სკივრებს. ცეცხლი გაუჩნდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შენობას,­ სადაც ინახება 1960 წლამდე გადაღებული ე.წ. ნიტროფუძიანი კინოფირები.

- ანუ ცეცხლი გაუჩნდა ქართული კინოკულტურის ძირითად საგანძურს, რომელსაც ქართული კინოს ფენომენად მოიხსენიებენ.

- ამ პერიოდში ფილმებს თვითა­ალებად­ ფირებზე იღებდნენ. ეს ფირები მოითხოვს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს, მათ შორის ტემპერატურულსაც. ვინაიდან ნიტროფუძიანი ფირები თვითაალებით ხასიათდება, მათ მაღალ ტემპერატურაზე შესაძლოა ცეცხლი თვითაალებითაც გაუჩნდეს. ეს რომ არ მომხდარიყო და ფირები არ დაზიანებულიყო, სწორედ ამიტომ ჩატარდა მაღალხარისხოვანი რემონტი, მათ შორის ხსენებულ შენობაშიც და ცეცხლის გაჩენის საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, საბედნიეროდ, არქივმა მოასწრო და ქართული კინოს ყველა ფილმი, მათ შორის ნიტროფირზე გადაღებულიც, არაალებად ფირებზე გადაიტანა, რაც ნიშნავს, რომ ხანძრის შედეგების მიუხედავად, ჩვენ ყველა ქართული ფილმი შევინარჩუნეთ, არც ერთი არ დაიკარგება. თუმცა უდიდესი დანაკარგია ქართული კინოს თავად ნიტროფირები. თავისთავად ეს ტექნოლოგიაც ხომ უნიკალურია, ჩვენი ისტორიაა და არასოდეს განმეორდება.

- გაუგებარია, თუ შენახვის ყველა პირობა დაცული იყო და, ბუნებრივია, არქივის დაცვაც არსებობს, ხანძარი რანაირად უნდა გაჩენილიყო?

- ეროვნულ არქივს დაცვის უძლიერესი საშუალებები აქვს როგორც ტექნოლოგიებით, ისე კოლექტივითაც - როგორც კი სამუშაო დღე დამთავრდება და თანამშრომლები შინ მივდივართ, არქივის ყველა შენობას დაცვის გუნდი იბარებს, მათ შორის იმ შენობასაც, სადაც კინოფირები ინახება. ცხადია, ხანძრის შესახებ არქივის დაცვის სამსახურმა მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს.

- ასეთ შემთხვევაში ხომ არ არის ვერსია, რომ არქივში ხანძარი დივერსიაა, ანუ ვიღაცამ სპეციალურად გააჩინა.

- ამას მე ვერ ვიტყვი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე იმის თქმა შემიძლია, რასაც პირადად ვხედავდი, გარდა იმ ტექნოლოგიებისა, რომელიც ფირსაცავში იყო დამონტაჟებული, შენობის სახურავსაც ძალიან ხშირად აგრილებდნენ, რომ არ გადახურებულიყო და ფირები არ დაზიანებულიყო, მაგრამ ალბათ, შეიძლება ვიღაცამ ახლომახლო ფეიერვერკები მოაწყოს და ხანძარი ამიტომ გაჩნდეს.

შს სამინისტროს განცხადებით, საქმე 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ხანძრის გაჩენასა და მისი საშუალებით მიყენებულ ზიანს გულისხმობს.

„პალიტრამედიის“ უნიკალური პროექტი - „გზავნილი მომავალში“ გადარჩა!!!

arqivi2-1694374201.jpg

ეროვნულ არქივში ინახებოდა "პალიტრამედიის" უნიკალური სახალხო პროექტი - "გზავნილი მომავალში". ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიერ 2000 წელს შთამომავლობისთვის გაგზავნილი წერილები. წერილები შენახულია დალუქულ სკივრებში და პერიოდულად იხსნება იმ წელს, რომელიც პროექტით არის გათვალისწინებული. ეროვნულ არქივში პროექტის პირველი სკივრები 2001, 2005 და 2010 წლებში გაიხსნა. ერთ-ერთი უახლოეს მომავალში, 2025 წელს გაიხსნება, შემდეგ - 2050 წელს, ბოლო კი 2100 წელს - 77 წლის შემდეგ ანუ დაწერიდან 100 წლის შემდეგ. ე.ი. იმ დროს, როცა სულ სხვა თაობა იქნება, სულ სხვა სურვილებით, წინაპრის პატივისცემითა და ქვეყნის სიყვარულით.

გაზეთ "კვირის პალიტრის" რედაქციას კარგად ახსოვს ის წლები, როდესაც არქივში შენახული "კვირის პალიტრის" სკივრები გაიხსნა და ადრესატებმა მათ სახელზე დაწერილი წერილები გახსნეს: მეუღლეების, მშობლების, ბებია-ბაბუების, ახლობლების თუ შეყვარებულების, მათ შორის უკვე გარდაცვლილთა. გვახსოვს მათი ცრემლიანი თვალები,­ როდესაც­ უკვე გარდაცვლილი ახლობლების წერილებს ხსნიდნენ. გვახსოვს­ მათი მადლიერება იმის გამო, რომ ამ წერილებმა საყვარელი ადამიანები გაუცოცხლა. ამიტომ, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია "კვირის პალიტრის" შეშფოთება ეროვნულ არქივში გაჩენილი ხანძრის და მასთან ერთად ჩვენი პროექტის ბედის გამო.