ესპანური გარღვე(რ)ვა - კვირის პალიტრა

ესპანური გარღვე(რ)ვა

მთლად რვა გოლი არ გაგვიშვია (ამასაც მამარდაშვილს ვუმადლოდეთ!), მაგრამ გარღვევა კი ნამდვილად ვნახეთ. საქართველოს ნაკრები პირველივე წუთებიდან შეშინებული გავიდა მოედანზე. შეტევას ვინ ჩივის, ქართველებმა ორი პასი ვერ გადააბეს ერთმანეთს, ორი ბურთის გაშვების შემდეგ კი ბოლომდე მოიშალნენ და მალევე დააყენეს... დიდი ანგარიშით წაგების სუნი!

წაგებასაც გააჩნია, ანგარიშში სხვაობასაც, მაგრამ დიდი ხანია, საქართველოს ასეთი უსუსური ნაკრები აღარ გვინახავს. "დინამო არენაზე" გატანილი რვა გოლიდან მასპინძლებისა მხოლოდ ერთია, თუმცა იმ ერთს არც ვიმსახურებდით და არც არაფერი შეუცვლია. ქართველი ფეხბურთელები მატადორის მონუსხული ხარივით გაშტერებული უყურებდნენ ესპანურ "ბოლეროს" და მეტოქის გოლებსა და მამარდაშვილის მოგერიებულ ბურთებს ითვლიდნენ.

ყველაზე გულსატკენი სწორედ ის არის, რომ ჩვენს გუნდს თავმოყვარეობის შელახვისა ვერაფერი შევატყვეთ (ყოველ შემთხვევაში, მოედანზე ყოფნისას!). საქართველოს ნაკრების არც ერთ მოთამაშეს არ ეტყობოდა, რომ გამარჯვება სურდა და ამისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი. ვიცით (თამაშის დაწყებამდეც ვიცოდით), რომ ესპანეთის ნაკრები უძლიერესი გუნდია, შოტლანდიაში წაგების შემდეგ კი ორმაგად იყო მოტივირებული, მაგრამ ჩვენ აღარაფერი გვინდა? სატურნირო ცხრილზე თუ ჩაიქნიე ხელი, ღირსება მაინც ხომ გაქვს? თავსხმა წვიმის მიუხედავად, სტადიონზე დარჩენილ გულშემატკივარს მაინც რას ეუბნები? მოწინააღმდეგემ (ვინც არ უნდა იყოს!) ბურთი თავზე გადაგახია, შვიდი(!) გოლი გაგიტანა, 16 წლის თინეიჯერებს დააწერინა ისტორია და გოლი თუ ვერ გაგაქვს, ფეხი მაინც ჩაარტყი, იბრძოლე, ყვითელი ბარათი მიიღე, გულშემატკივარს აჩვენე, რომ იბრძვი, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს!

თუმცა, რომელი ბრძოლა? 1:7 წაგებულ მატჩში საქართველოს ნაკრები მხოლოდ 10-ჯერ(!) დაჯარიმდა და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი...

sport2-1694375348.jpg

ძნელია, არ დაეთანხმო გურამ კაშიას, დღეს მოედანზე მყოფთაგან არავინ ვიმსახურებდით ნაკრებში ყოფნასო.

ვილი სანიოლმა, რომელიც აქამდე სულ სამ ცენტრალურ მცველს ეყრდნობოდა, მაინცდამაინც ყველაზე ძლიერ მეტოქესთან მოინდომა მორიგი ექსპერიმენტის გამოცდა და დაცვის ცენტრი კაშია-კვირკველიას წყვილს ანდო. რა გამოვიდა ამ საქმიდან, მალევე ვნახეთ _ დაცვაში გაჩენილი სივრცეები მთლიანად წითელმაისურიანმა ფეხბურთელებმა ამოავსეს. ჯერ სივრცე, მერე _ საქართველოს ნაკრების კარი. გიორგი მამარდაშვილის ფანტასტიკურმა რეაქციამ რამდენჯერმე გვიხსნა, ყველა დარტყმა კარის ჩარჩოში ვერც სტუმრებმა მოარტყეს და... საბოლოო ჯამში მადლობელი უნდა ვიყოთ, 10 გოლი რომ არ გავუშვით.

მცველების ნაკლებობისა და სიზანტის უკვე ვთქვით (გაუგებარია, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში საბა საზონოვი, რომელმაც ძალიან საიმედოდ ითამაშა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩში; ანდა 77-ე წუთზე რაღა აზრი ჰქონდა მოედანზე მის შემოყვანას?!) და პირველ ტაიმში არანაკლებ უსუსური იყო ქართული ნახევარდაცვაც. ესპანელთა თამაშის სტილიდან გამომდინარე, მოედნის შუა ხაზს ორმაგი დატვირთვა ენიჭება, მაგრამ "ორმაგს" ვინღა ჩივის? ჩვენი ნახევარდაცვა სავალდებულოს ნახევარსაც ვერ ქაჩავს. სანიოლმა თითქოს გადაწყვიტა კიდეც დაცვას მოკლებული ფეხბურთელის ნახევარდაცვისთვის მიშველება, თუმცა... ჩანაფიქრმა არ გაამართლა: სტუმრები დიდი ძალისხმევის გარეშე ახერხებდნენ ჩვენს საჯარიმოში ბურთიანად შესვლას, თუ არადა, ფლანგიდან აწვდიდნენ ბურთს, რომელიც ან მორატას თავს ხვდებოდა, ან კვირკველიას ფეხს... სანიოლი ჯიუტად ათამაშებს აბურჯანიას, რომლისგანაც კარგა ხანია, ვერც მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლის უნარებს ვხედავთ და ვერც ჩვენის წამოწყებას. გიორგისთან ერთად, ესპანელებმა მოედნიდან გააქრეს გაგნიძე, კიტეიშვილი და ლობჟანიძეც, ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრეს თავი მიქაუტაძემ და კვარაცხელიამაც. ხვიჩამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვითხრა, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარო, მაგრამ... მაღალი კლასი რამდენიმე ეპიზოდში აჩვენა, თითქოს თანაგუნდელების აყოლიებასაც ცდილობდა და გამხნევებასაც, თუმცა... სულ რომ იდეალურ კონდიციაში იყოს, ასე "მოთამაშე" ნაკრებს სამი კვარაც ვერ უშველის.

არ იფიქროთ, სამარცხვინო წაგებას მხოლოდ ცენტრალურ მცველებს, აბურჯანიას ან კვარაცხელიას ვაბრალებდეთ. ასეთი ტაქტიკითა და "ჟინით" ესპანეთთან ნებისმიერი სხვა შემადგენლობაც განადგურდებოდა, თუმცა სწორედ ამაშია საქმე: მწვრთნელს მხოლოდ შედეგიანი შეცვლები კი არა, სწორი შემადგენლობისა და ტაქტიკის არჩევაც უნდა შეეძლოს, ფეხბურთელებს კი არამარტო ძველი დამსახურების ან პირადი სიმპათიის, კონკრეტულ დროს საჭირო კონდიციის მიხედვით უნდა ვირჩევდეთ.

sport3-1694375348.jpg

მატჩამდე ესპანეთის ნაკრებმა ჯერ ქათინაურებით აგვავსო, თქვენს წინააღმდეგ რთული მატჩი გველისო. იქამდე ბუცებს დაეძებდა (ოფიციალური ვერსიით, მგზავრობისას დაკარგეს), საბოლოოდ კი ისე გამოვიდა საქმე, გულშემატკივარმა რომ იხუმრა, "ფეხშიშველებმა" რა დღეში ჩაგვაგდეს და ბუცებით რაღას გვიზამდნენო?! პრინციპში, მეტი რაღა უნდა ექნათ?! საწყის ნახევარ საათში მოგვიმთავრეს საქმე და დე ლა ფუენტემ ორ ახალ მოთამაშეს პირველივე ტაიმში(!) მისცა მოედანზე შესვლის შესაძლებლობა. უილიამსმა და იამალმა სრულად გაამართლეს მწვრთნელის ნდობა და ქართული "ღია კარის" დღით ორივემ ისარგებლა. მეტიც, თინეიჯერი ლამინე იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის და 54 დღის) ფეხბურთელი, ვისაც ესპანეთის ნაკრებში გოლი გაუტანია... "ბარსელონის" და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი იმის ნაცვლად, სკოლის მერხთან იჯდეს (ჩვენდა სამწუხაროდ, სასწავლო პროცესი ესპანეთშიც 15 სექტემბერს იწყება), საქართველოს ნაკრების ასაკოვან მცველებს უტარებს სისწრაფის გაკვეთილებს...

ვიცი, რომ სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. ამიტომაც ისევ ესპანელთა სტატისტიკაზე ვთქვათ: პირველ ტაიმში 4 გოლი "ფურია როხას" 2019 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ გაუტანია, 30 წლის ალვარო მორატამ კი 65-ე მატჩი ითამაშა ნაკრების მაისურით და პირველად შეძლო სამი გოლის გატანა. რატომაც არა?!

8 სექტემბერი სარეკორდო გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვისაც, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, საქმე ანტირეკორდს ეხება: პირველად გავუშვით ერთ მატჩში 7 გოლი! სამარცხვინო ანგარიშით აქამდეც წაგვიგია (0:5 რუმინეთთან, 1996 წელს, 1:6 დანიასთან 2005-ში), მაგრამ საკუთარ მოედანზე შვიდი ბურთი ნამეტანია!

დიდი ტაქტიკოსი და სტრატეგი რომ ვერ არის, ვილი სანიოლს საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე შევატყვეთ, მაგრამ ფრანგი მწვრთნელი გუნდის შეკვრა-მოტივირებას მაინც ახერხებდა ხოლმე. ესპანელებთან მატჩში კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ტაქტიკაც არასწორი შეარჩია, ვერც შემადგენლობის გამოცნობა შეძლო და ვერც შეგირდების საბრძოლველად მომართვა.

განადგურებული ვარ, ახლა, ვერაფერს ვიტყვიო, სანიოლმა ნამატჩევს თქვა. ლაპარაკს აღარც ჰქონდა აზრი და არც ყოფილა საჭირო. თამაში გვჭირდებოდა... მოედანზე უნდა დაგვემტკიცებინა, თუ რამე შეგვეძლო... სამწუხაროდ, მხოლოდ ესპანელებმა ითამაშეს, უფრო სწორად, ისეირნეს. ქართველები კი იდგნენ და უყურებდნენ მეტოქის თამაშსა და ტაბლოს, რომელზეც იმაზე სწრაფად იცვლებოდა ანგარიში, ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები დარბოდნენ.

სიმართლე მწარეაო, უთქვამს ჭკვიან კაცს, მაგრამ კიდევ უფრო მწარე სამარცხვინო ანგარიშით წაგებაა და ამიტომ მწარე სიმართლეს ახლავე უნდა გავუსწოროთ თვალი (აქამდეც უნდა გვექნა!): არც მწვრთნელი გვივარგა და საქართველოს ნაკრების შუა და უკანა ხაზსაც სასწრაფოდ სჭირდება გადახალისება.

ახლა ვერაფერს ვიტყვიო... ადამიანურად გვესმის სანიოლის. სათქმელი არაფერი ჰქონდა, მაგრამ საკუთარ მოედანზე 1:7 წაგების შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელს მშობლიურ ენაზე მაინც უნდა დასცდეს ერთი სიტყვა: აუ რევოირ (ნახვამდის _ ფრ.). თუმცა ვილი სანიოლს არაფერზე ეტყობა, ნორვეგიის გარდა, სადმე მიდიოდეს: "გულწრფელად უნდა ვისაუბროთ სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა, გავარკვიოთ, რატომ მოხდა ასე. თუ არ გავაანალიზეთ და შეცდომები არ გამოვასწორეთ, ნორვეგიაშიც იგივე კატასტროფა გამეორდება"...

"იგივე კატასტროფაო"? რატომ, უარესიც არა? თუ ქართული დაცვა ოსლოშიც სტატისტის როლში იქნება, გოლების სარეკორდო რაოდენობაზე არც ერლინგ ჰოლანდი და კომპანია იტყვიან უარს. ნორვეგიაში გასამართი მატჩი, სატურნირო თვალსაზრისით, ვეღარაფერს მოგვცემს და იქნებ ქართველმა ფეხბურთელებმა "დინამო არენაზე" ნაჭამ სირცხვილს მაინც მოუხერხონ რამე. ეს შესარჩევი ეტაპი უკვე "ჩაბარდა პატრონს", "გავიდა გაღმა"... ამიტომაც მდგომარეობა (პირველ რიგში _ მენტალური) გაზაფხულამდე, უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფამდე მაინც უნდა გამოვასწოროთ.

12 სექტემბერს ნორვეგიაში ვთამაშობთ­... რთული გამოსაცნობია, კატასტროფული მარცხის შემდეგ რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ნაკრების განწყობასა და თამაშში. იმედი დავიტოვოთ, რომ გუნდი მეტ-ნაკლებად მაინც მოახერხებს მობილიზებას და ნორვეგიაში მხოლოდ ფიორდების სანახავად არ მიდის. ესპანური გარღვე(რ)ვის შემდეგ საქართველოს ნაკრებს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება, პირველ რიგში იმ 54000 მაყურებლის წინაშე, თავსხმა წვიმაში რომ არ მიატოვა. ასე რომ, ვილი სანიოლს, რომელიც, ჯერჯერობით ისევ საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, ამ სიტყვებში ნამდვილად ვეთანხმებით: "დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით და არც უბურთოდ. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. ბოდიშს ვუხდით ფანტასტიკურ გულშემატკივრებს, რომლებიც, ჩვენი ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე გვიჭერდნენ მხარს. დღეს მხოლოდ ისინი იმსახურებენ ქებას".