სომხეთის პირველი ლედის გეოპოლიტიკური "თამაშები" ანუ მწვავე გზავნილი ვლადიმირ პუტინისთვის - Le Monde
ფრანგული გაზეთი "ლე მონდი" (Le Monde) აქვეყნებს სტატიას სათაურით "სომხეთი რუსეთს შორდება - იმ მოკავშირეს, რომელიც ერევანს არაფერში არ ეხმარება" (ავტორი - ფაუსტინ ვენსანი), რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში შექმნილი პრობლემები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დაიღალა რა მოსკოვის პასიურობისაგან - შეაჩეროს აზერბაიჯანის [ძალადობრივი] მოქმედება ყარაბაღში მცხოვრებ სომხებთან მიმართებით, ერევანი კიევის მიმართ მიდგომას ცვლის - უარს ამბობს ადრინდელ ნეიტრალურ პოზიციაზე უკრაინის მიმართ. სომხეთმა - ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ - პირველად გამოაცხადა, რომ უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის და მონაწილეობას მიიღებს სამხედრო წრთვნებში აშშ-სთან ერთად.
ერევნის ნაბიჯმა რუსეთთან ურთიერთობაში უპრეცედენტო დაძაბულობა გამოიწვია - ასეთი რამ ადრე ძალზე იშვიათად თუ მომხდარა. არადა, ორივენი ერთმანეთის სტრატეგიული მოკავშირეები არიან, ერთიდაიგივე სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციების წევრებს წარმოადგენენ. ერევანი შეგნებულად წავიდა გამომწვევ ჟესტებზე კრემლთან მიმართებით: სულ ბოლო შემთხვევა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ცოლთან - ანა აკოფიანთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც 6 სექტემბერს კიევში იმყოფებოდა პირველი ლედების სამიტზე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლის - ელენა ზელენსკაიას მიწვევით. უკრაინულ მასმედიაში შესაბამისი ფოტოსურათებიც გამოქვეყნდა.
კიევში თავისი პირველი ვიზიტის დროს ანა აკოფიანმა დაადასტურა, რომ სომხეთი, პირველად ომის დაწყებიდან, მზად არის უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. მართალია, ეს დახმარება საკმაოდ მოკრძალებული და სრულიად სიმბოლური იქნება - ელექტრონული მოწყობილობები სკოლის მოსწავლეებისათვის, მაგრამ მაინც.
რას უნდა მოასწავებდეს მადამ ანა აკოფიანის ხელის ჩამორთმევა პრეზიდენტთან, ამ ფაქტის ამსახველი ფოტოების განთავსება სოციალურ ქსელში და ჰუმანიტარული დახმარების გამოცხადება? ხომ არ ნიშნავს ეს შემობრუნებით მომენტს მოსკოვ-ერევნის ურთიერთობებში? ან იქნებ სომხეთმა უკვე გადაწყვიტა დისტანცირება თავის ტრადიციული მოკავშირისაგან - მოსკოვისაგან და კრემლის მტრის - უკრაინის მხარეზე გადადის? დიახ, როგორც ჩანს, სომხეთი ღიად მიანიშნებს, რომ ერევანი მოსკოვის ორბიტას სცილდება.
რუსეთის უკმაყოფილება
სომხეთს, კავკასიური რესპუბლიკას, რომელიც დღემდე ძალიან არის დამოკიდებული რუსეთზე ყველა სფეროში, არასდროს ღიად არ დაუგმია რუსეთის მოქმედება უკრაინაში, თუმცა მაისში პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გაბედა და ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგა - განაცხადა, რომ "უკრაინასთან კონფლიქტში სომხები რუსეთის მოკავშირეები არ არიანო", მაგრამ დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ერევანი კიევს სოლიდარობას უცხადებს, თანაც იმის მიუხედავად, რომ იცის - ეს მოქმედება ვლადიმერ პუტინის უკმაყოფილებას გამოიწვევს.
კიდევ ერთი მომენტი: ანა აკოფიანის კიევში ჩასვლამდე სომხეთმა რუსეთისათვის გამაღიზიანებელი ნაბიჯი გადადგა და გამოაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-სამშვიდობო ქვედანაყოფებთან ერთად სამხედრო წრთვნებში (კოდური სახელწოდება Eagle Partner 2023) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11-20 სექტემბერს სომხური არმიის სასწავლო ცენტრში უნდა ჩატარდეს. ამასთან დაკავშირებით, რუსეთმა, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, ხუთშაბათს "შეშფოთება" გამოხატა და განაცხადა, რომ ერევნის ნაბიჯი „რეგიონში სიტუაციას ვერ განმუხტავს, პირიქით უფრო მოხდებაო“.
როგორც ერევანში არსებული რეგიონული კვლევის ცენტრის დირექტორი, აშშ-ის მოქალაქე რიჩარდ კირაკოსიანი ამბობს, ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარება "რუსეთისათვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. მსგავსი მანევრები სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ადრეც რამდენჯერმე ჩატარდა საერთაშორისო კოალიციის ჩარჩოებში - ერაყში, კოსოვოში, ავღანეთში. მით უმეტეს, რომ წრთვნების მასშტაბი საკმაოდ მოკრძალებული იქნება - მასში მონაწილეობას მიიღებენ 85 ამერიკელი და 175 სოეხი ჯარისკაცი".
სომხეთის უკმაყოფილება
"და მაინც, ერთობლივი წრთვნები მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულობას, რაც ერევანსა და მოსკოვს შორის არსებობს’, - ამბობს რიჩარდ კირაკოსიანი, - ის ხაზს უსვამს რუსეთის სისუსტეს, რომელიც იმდენად ღრმად არის ჩაფლული უკრაინის ომში, რომ თავის სტრატეგიული მოკავშირის - სომხეთისა და სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. და ეს იმ დროს, როცა მთიან ყარაბაღში, 2000 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ, 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელია განლაგებული.
სწორედ ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაძლიერდა იმედგაცრუება და უკმაყოფილება რუსეთის მიმართ, რომელმაც ოდესღაც აზერბაიჯანელთა პროვოკაციებისგან სომხების დაცვის ვალდებულება აიღო. თავისი უკმაყოფილების გამოხატვის ნიშნად, სომხეთმა უარი თქვა საკუთარ ტერიტორიაზე "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" წევრი ქვეყნების სამხედრო მანევრების ჩატარებაზე. გარდა ამისა, სომხეთის მთავრობამ პარლამენტს სარატიფიკაციოდ გადაუგზავნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. ეს ის სასამართლოა, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა - "ლაჩინის დერეფანი" ჩაკეტა, რის შედეგადაც ყარაბაღში სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტი გაჩნდა. კრიზისი 120 ათასამდე სომეხს შეეხო, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში. აქვე უნდა ითქვას, რომ ყარაბაღი, საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით, აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენს, რუსეთი კი, რომელიც ვალდებული იყო ლაჩინის დერეფანში სტაბილური მოძრაობა უზრუნველყო, უუნარო აღმოჩნდა ეს მისია შეესრულებინა. მოსკოვი რეგულარულად მოუწოდებს ბაქოს, რომ დერეფანი განბლოკოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად უშედეგოდ. მართალია, 9 სექტემბერს აზერბაიჯანი დათანხმდა მოძრაობის აღდგენას, თუმცა მისი რეალიზების მტკიცე გარანტია არ არსებობს.
ფაშინიანი პუტინის წინააღმდეგ
ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ინტერესების დაცვის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კრემლს ამის სურვილი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ "სომხეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", როცა მხოლოდ რუსეთს დაეყრდნო თავისი უსაფრთხოების გარანტორის სახით. არადა, ნიკოლ ფაშინიანს ადრე არასდროს ასე პირდაპირ არ გამოუწვევია ვლადიმერ პუტინი ბოლო თვეების განმავლობაში. ყარაბაღის 2020 წლის ოქტომბრის ომის შემდეგ, როცა მისი მმართველობის დროს სომხეთმა დამამცირებელი მარცხი განიცადა, რუსეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის ბალანსი მნიშვნელოვნად დაირღვა - კრემლი იმ დროს ტრიუმფატორის როლში წარსდგა, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში გავლენა დაიბრუნა, ნიკოლ ფაშინიანი კი სწორედ იმ პერიოდში დამარცხდა და დასუსტდა. უკრაინის ომმა კი ყველაფერი პირიქით შეცვალა. დღეს სწორედ ვლადიმერ პუტინი მოჩანს სუსტ პიროვნებად სომხეთის ძლიერი პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც, აზერბაიჯანთან 2020 წლის ომში დამარცხების მიუხედავად, 2021 წელს ხელახლა აირჩიეს რესპუბლიკის ლიდერად. ახლა ნიკოლ ფაშინიანს შეუძლია გაბედული ნაბიჯები გადადგას ისე, რომ ჩრდილოელ ლიდერს არ "შეუშინდეს" - ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ადრე წარმოუდგენელი იყო.
"დღევანდელ სომხეთს აქვს იმის გაბედულება, რომ მოსკოვს "არა" უთხრას“, - აღნიშნავს რიჩარდ კირაკოსიანი. მისი აზრით, ნიკოლ ფაშინიანი ნელ-ნელა ამზადებს სომხეთის მოსახლეობას რუსეთისაგან დისტანცირებისათვის (რუსული ორბიტისაგან დასაშორებლად), მაგრამ იმავდროულად არ აპირებს მოსკოვის ჩანაცვლებას ნატოთი და დასავლეთით. სომხური სტრატეგია მიმართულია არა მოსკოვთან კავშირების გასაწყვეტად, არამედ "ურთიერთობის პირობების შესაცვლელად". საუბრის დასასრულს რიჩარდ კირაკოსიანი ასკვნის: "ეს არის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბრმა მორჩილების ეპოქის დასასრული. ამიერიდან ყველაფერს, რასაც კი რუსეთი სომხეთისაგან მოითხოვს, თავისი ფასი ექნება".
"ძლიერი ბაქო" და "უღონო მოსკოვი"
თავის მხრივ, ბაქო განწყობილია თავისი უპირატესობა განამტკიცოს, რომელიც 2020 წლის ომის შედეგად მიიღო. ამიტომაც ილჰამ ალიევი აგრძელებს ზეწოლას მთიან ყარაბაღზე, ასევე სომხეთის იმ პროვინციებზე, რომელსაც ბაქოში ზოგიერთები „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებენ. გასულ კვირაში სომხეთის პრემიერმა განგაში ატეხა - „აზერბაიჯანელები მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და სომხეთთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მუდმივ კონცენტრირებას ახდენენო“, რაც, სავარაუდოდ, შეიძლება აზერბაჯანის არმიის შეტევისათვის მზადებას ნიშნავდეს.
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა უარყო სომხეთის კრიტიკა მოსკოვის უმოქმედობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ფუნქციების შესრულებას უსაფრთხოების გარანტის სახით“ თანაც მან გაიმეორა ტრადიციული ფორმულა: „რუსეთი აგრძელებს ყურადღებიან, კონსტრუქციულ და ზედმიწევნულ მუშაობას როგორც ერევანთან, ისე ბაქოსთან“. დაუკვირდით ამ გამონათქვამს, რომელიც უუნარობისა და უღონობის აღიარებასავით ჟღერს.
მოამზადა სიმონ კილაძემ