პუტინი ფაშინიანის ლიკვიდაციას ან მისთვის სამხედრო გადატრიალების მოწყობას შეეცდება?! - რატომ აღარ ენდობა სომხეთის პრემიერი პირად დაცვას
Eagle Partner 2023-ამ სახელწოდებით, დღეს 11 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო ერთობლივი სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება, რომელიც სასწავლო ცენტრ "ზარში" 20 სექტემბრამდე გასტანს.
ეს ერთობლივი სწავლება ნატოს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში იმართება და მასში 175 სომეხ სამხედროსთან ერთად, 85 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც აშშ-ის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის პირველი ბრიგადისა და კანზასის შტატის ეროვნულ გვარდიას წარმოადგენენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს, მოკრძალებული მასშტაბის ერთობლივი სწავლება დიდად არაფრით გამოირჩევა და ის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ტაქტიკის დახვეწაზეა გათვლილი, მან წარმოუდგენელი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთის ხელისუფლებაში და რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში - სომხები რა უმადურები ყოფილან, ჩვენ რუსები ვარჩენთ, ყველანაირად ვეხმარებით და ისინი ამერიკელ სამხედროებს იწვევენ თავისთან?! - ასეთია რუსეთის ოფიციალური წრეებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მწვავე რეაქცია...
სინამდვილეში კი, სასწავლო ცენტრი "ზარი“ სწორედ ამერიკული მხარის ფინანსური დახარებით გაიხსნა 2022 წლის 17 ნოემბერს და გათვლილია სომხეთის არმიის სამშვიდობო ბრიგადის გასაწვრთნელად, მათ შორის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების სამშვიდობო დანაყოფების სტუმრობის გათვალისწინებით.
ასე რომ, რაიმე მოულოდნელი იმაში,რომ სწორედ წელს, 11 სექტემბერს დაიწყებოდა სომხურ-ამერიკული ერთობლივი სწავლება, არაფერი ყოფილა, მაგრამ ის დაემთხვა რუსეთ-სომხეთის შორის სერიოზული დიპლომატიური "წაკინკლავების" მომენტს და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახალი დიდი ომის დაწყების მოლოდინს...
ის, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას, ფაშინიანის ხელისუფლებას სულზე მოუსწრო, რადგან ამ პერიოდში აზერბაიჯანმა შეიძლება თავი შეიკავოს აქტიური სამხედრო მოქმედებების წამოწყებიდან და ფაშინიანს მეტი დრო მიეცეს პრეზიდენტ ალიევთან პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთს რამენაირად თავიდან ააცილოს ფართომასშტაბიანი ომი ბევრად უფრო ძლიერ აზერბაიჯანის არმიასთან...
სამაგიეროდ, ამერიკელი სამხედროების მიწვევა სომხეთში და გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან შორი-ახლოს გამართული წვრთნები, ძალზე უშლით ნერვებს მოსკოვში, სადაც თვლიან, რომ სომხეთი რუსეთის „ყურმოჭრილ მონად“ უნდა დარჩეს და კრემლის ნებართვის გარეშე ერთი ნაბიჯიც კი არ უნდა გადადგას დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებისას.
კრემლის დამატებით გაღიზიანებას ისიც იწვევს, რომ ოფიციალურმა ერევანმა უარი განაცხადა 2023 წლის დასაწყისში სომხეთის ტერიტორიაზე „ო-დე-კა-ბე“-ს ეგიდით "Нерушимое братство-2023" სამხედრო სწავლების გამართვაზე, რომელშიც მონაწილება სომხეთთან ერთად რუსეთის, ბელარუსის,ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის არმიების წარმომადგენლებსაც უნდა მიეღოთ. ამით ფაშინიანის მთავრობამ აგრძნობინა "ო-დე-კა-ბე"-ს წევრ ქვეყნებს და პირველ რიგში რუსეთს, რომ სომხეთი ნაწყენი გახლდათ, რადგან ეს ორგანიზაცია არანაირად არ დაეხმარა მას აზერბაიჯანთან მიმდინარე სასაზღვრო შეიარაღებული ინციდენტების დროს.
სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება იმართება იმის ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა დასავლურ მედიას დაუფარავად განუცხადა - სომხეთმა დაუშვა ისტორიული სტრატეგიული შეცდომა, როდესაც სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების სტრატეგია მთლიანად რუსეთის ფედერაციას დაუკავშირა-შედეგად,2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთი წაგებული გამოვიდა, რადგან რუსეთიდან ვერ მიიღო ის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა, რის იმედზეც ათწლეულების განმავლობაში იყო, პირიქით, სწორედ რუსეთმა მიყიდა ის საბრძოლო ტექნიკა ბაქოს, რომლითაც აზერბაიჯანის არმიამ ამ ომში წარმატებას მიაღწია...
პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი გამალებული ეძებს უსაფრთხოების ახალ გარანტებს უკვე ევროპასა და აშშ-ებში, მაგრამ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლის განმავლობაში თავად კრემლი ეცდება სამხედრო გადატრიალებისა ან სულაც ფიზიკური ლიკვიდაციის შედეგად დაამხოს ფაშინიანის ხელისუფლება - გუშინ ფაშინიანმა დაითხოვა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი აღარ ენდობა პირად დაცვასაც და თვლის, რომ მათზე ფარული გავლენა აქვს სხვა ქვეყნის,კონკრეტულად კი რუსეთის სპეცსამსახურებს...