გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში?!
მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება და მიმდინარე წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. კერძოდ, 11 სექტემბერს Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 90.2 აშშ დოლარს აღწევს ბარელზე, 1 ბარელი WTI-ის ნედლი ნავთობი კი 86.9 აშშ დოლარი ღირს.
აღსანიშნია, რომ რამდნიმე თვის წინ, ივნისში Brent-ის ღირებულება წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, 71 დოლარის ფარგლებში იყო, მაგრამ გაძვირება მიწოდებასთან დაკავშირებულმა რისკებმა განაპირობა. 12 ივნისის შემდეგ მისმა ფასმა 25.6%-ით მოიმატა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი თითქმის 10%-ით.
როგორია მდგომარეობა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით?
კვლევები ადასტურებს, რომ ნავთობის გაძვირებას გავლენა საწვავის ფასზე აქვს, მაგრამ შედარებით ასიმეტრიული - საწვავის ფასი უფრო მკვეთრად რეაგირებს ნედლი ნავთობის გაძვირებაზე, ვიდრე მის კლებაზე.
ამასთან, როგორც ქართული ნავთობიმპორტიორების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ნავთობის გაიაფება კლება მაშინვე ვერ აისახება შიდა ფასებზე, რადგან მარაგები სხვა ფასებშია შევსებული.
რადგანაც ქართველები ყველაზე მეტად ევრო რეგულარს მოიხმარენ, გადავავლოთ თვალი როგორ შეიცვალა ამ ტიპის ბენზინის ფასი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საქართველოში წლის დასაწყისიდან დღემდე.
პირველი კომპანია "გალფია", რომლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ წელს ევრო რეგულარი იანვრიდან სექტემბრამდე, დაახლოებით, 10 თეთრითაა გაძვირებული და 2.79 ლარი ღირს 1 ლიტრი.
თუმცა აქ ერთი დეტალი იმალება, იანვარი-მარტის შუალედში ღირებულება 2.25 ლარამდე იყო ჩამოსული და თუ ამ ნიშნულთან შევადარებთ ახლანდელ ფასს, ზრდა 64 თეთრი გამოვა.